„ბათუმის სამედიცინო აკადემია“ რეგიონში წამყვანი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც 32 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში.
აკადემიის ისტორია დიდი იდეითა და ადამიანით – რევაზ უზუნაძით იწყება, რომელმაც მეგობრებთან, გრიგოლ (გივი) გოგუაძესა და შოთა თურმანიძესთან ერთად, საფუძველი ჩაუყარა სივრცეს, სადაც განათლება, პროფესიონალიზმი და ადამიანური ღირებულებები გაერთიანდა. ეს არ იყო მხოლოდ პროფესიული სტარტაპი, არამედ ოჯახის ტრადიცია, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცა. აკადემია დღემდე ინარჩუნებს ამ ღირებულებებზე დაფუძნებულ სულს – სიყვარულით შექმნილი ადგილი, სადაც თითოეული სტუდენტი, მასწავლებელი და თანამშრომელი ამ ისტორიის ნაწილი ხდება. ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით უფრო ვრცლად აკადემიის დირექტორი, შორენა უზუნაძე და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, ელენე კურტანიძე გვიამბობენ.
რა არის კომპანიის მთავარი მისია?
(შორენა უზუნაძე): ჩვენი მთავარი მისიაა, მოვამზადოთ მაღალკვალიფიციური ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და ხელი შევუწყოთ მათ უწყვეტ პროფესიულ განვითარებას. მიზნად ვისახავთ, მოვამზადოთ კადრები, რომლებიც კონკურენტუნარიანები იქნებიან როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო შრომის ბაზარზე. ჩვენი საქმიანობა ფოკუსირებულია ინოვაციური სწავლების მეთოდების დანერგვასა და პროფესიული განათლების პოლიტიკაში ეფექტურ ჩართულობაზე, რათა სტუდენტებს მივცეთ არა მხოლოდ თეორიული ცოდნა, არამედ პრაქტიკული უნარებიც.
რა სახის მომსახურებებს სთავაზობთ საზოგადოებას?
(შორენა უზუნაძე): „ბათუმის სამედიცინო აკადემია“ საზოგადოებას სთავაზობს საერთაშორისო სტანდარტების ავტორიზებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ პარტნიორ სამედიცინო დაწესებულებებთან, სადაც ჩვენი სტუდენტები პრაქტიკულ კომპონენტს გადიან. ჩვენთან შეგიძლიათ შეისწავლოთ ჯანდაცვის მიმართულების მოთხოვნადი პროფესიული პროგრამები: საექთნო განათლება, ფარმაცია (სააფთიაქო) და კბილის სატექნიკო საქმე. განსაკუთრებული სიამაყით გვინდა აღვნიშნოთ, რომ კბილის სატექნიკო საქმე დასავლეთ საქართველოში მხოლოდ ჩვენს აკადემიაში ისწავლება. ჩვენ ვცდილობთ, მივყვეთ ბაზრის ტემპს და მოკლე დროში მოვამზადოთ კვალიფიციური კადრები ამ მზარდი სფეროებისთვის.
აკადემია აღჭურვილია თანამედროვე ლაბორატორიებით, სასწავლო აუდიტორიებითა და ბიბლიოთეკით, რაც ხელს უწყობს სწავლის ხარისხსა და ეფექტურობას. „ბათუმის სამედიცინო აკადემიას“ ასევე აქვს საკუთარი სტომატოლოგიური კლინიკა.
სად მდებარეობს აკადემია?
(შორენა უზუნაძე): „ბათუმის სამედიცინო აკადემია“ მდებარეობს ბათუმში, თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილ კამპუსში, შემდეგ მისამართზე: ტბეთის ქუჩა #4.
უპირატესობების შესახებ გვიამბეთ.
(შორენა უზუნაძე): ჩვენი მთავარი უპირატესობაა პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლება, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს, თეორიული ცოდნა რეალურ კლინიკურ გარემოში დანერგონ. ამას ხელს უწყობს ჩვენი კარიერული გზამკვლევი, რომელიც ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით შეიქმნა და სტუდენტებს აძლევს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ რჩევებს. სწავლის პარალელურად, ჩვენი სტუდენტები გადიან ანაზღაურებად სტაჟირებას პარტნიორ დაწესებულებებში, სადაც უმეტესწილად შემდეგ რჩებიან კიდეც სამუშაოდ. ჩვენი დევიზია „ისწავლე და დასაქმდი“, რაც ნიშნავს, რომ აკადემიის ყველა კურსდამთავრებულს ვთავაზობთ 100%-ით დასაქმებას რეგიონის წამყვან სამედიცინო დაწესებულებაში.
ჩვენ ასევე აქტიურად დავიწყეთ საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავება. 2025 წელს აკადემიის წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ გერმანიასა და პოლონეთში, პარტნიორობისა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარების მიზნით. ჩვენი ვიზიტები ამით არ სრულდება და ასევე, აქტიურად ველოდებით უცხოელი პარტნიორების ვიზიტს ჩვენთან. აკადემია აქტიურად მუშაობს ერასმუსის + გაცვლით პროგრამებში ჩართვაზე, რათა ჩვენს სტუდენტებს, პროფესიულ მასწავლებლებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, ისარგებლონ გაცვლითი პროგრამებით და აიმაღლონ კვალიფიკაცია.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გზამკვლევი შეიქმნა აშშ-ის საელჩოს საქართველოში მიერ დაფინანსებული გრანტის ფარგლებში. აღნიშნული გზამკვლევი განკუთვნილია არა მხოლოდ ჩვენი აკადემიის სტუდენტებისთვის, არამედ ყველა იმ დაინტერესებული პირისთვის, ვისაც სურს მეტი გაიგოს შესაბამის თემებზე. გრანტის ფარგლებში, პარტნიორ ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, შეიქმნა ახალი 60-საათიანი საგანმანათლებლო მომზადების პროგრამა – „სამედიცინო რეინჯერი“. პროგრამა დაფუძნებულია შრომის ბაზრის მოთხოვნებზე და მიზნად ისახავს პრაქტიკული ცოდნისა და უნარების გადაცემას მათთვის, ვინც დაინტერესებულია ჯანდაცვის სფეროში დასაქმებით.
გუნდზეც გვიამბეთ.
(შორენა უზუნაძე): აკადემიაში გვყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს სტუდენტების განვითარებაზე. ჩვენ ვქმნით სტუდენტზე მორგებულ გარემოს, სადაც თითოეულ სტუდენტს აქვს საშუალება, მაქსიმალურად გამოავლინოს საკუთარი პოტენციალი. სწორედ ამიტომ, აკადემიაში აქტიურად ფუნქციონირებს სტუდენტური თვითმმართველობა, რომლის ინიციატივითაც შეიქმნა ხელოვანთა კლუბი, ლიტერატურული კლუბი და ეკოკლუბი. ეს სივრცეები ხელს უწყობს სტუდენტების შემოქმედებით, კრიტიკულ და მოქალაქეობრივ განვითარებას. აკადემია ასევე ოფიციალურად შეუერთდა ცირკულარული ეკონომიკის დიალოგის პლატფორმას და გახდა მისი სრულფასოვანი წევრი.
როგორია აკადემიის სამომავლო გეგმები?
(ელენე კურტანიძე): ჩვენი სამომავლო გეგმები საკმაოდ ამბიციურია. ვგეგმავთ საერთაშორისო პარტნიორობის გაფართოებას, ასევე, ვმუშაობთ ახალი საგანმანათლებლო პროგრამების -კერძოდ „სტომატოლოგის ასისტენტი“ და „მასაჟის თერაპია“ – დამატებაზე, რათა პასუხი გავცეთ ჯანდაცვის სფეროში არსებულ მზარდ მოთხოვნებს.
მიმდინარე წლიდან ჩვენს აკადემიაში დაინერგება „რევაზ უზუნაძის სახელობის სტიპენდია“, რომელიც საუკეთესო აკადემიური შედეგების მქონე სტუდენტებს დააჯილდოებს. ეს სტიპენდია იქნება არა მხოლოდ მატერიალური მხარდაჭერა, არამედ ღირსების სიმბოლო მათთვის, ვინც აკადემიური წარმატების პარალელურად აქტიურადაა ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში.
ბოლო თვეების განმავლობაში, ჩვენი სტუდენტების ინიციატივით, გაიმართა მრავალი საინტერესო ღონისძიება, მათ შორის: მონაწილეობა მივიღეთ „მხიარულ სტარტებში“. მათი ინიციატივითა და აკადემიის მხარდაჭერით გაიარეს ფოტოგრაფიის ექსპრესკურსი, რომელიც მოიცავდა როგორც თეორიულ სწავლებას, ასევე პრაქტიკულ გადაღებებს. სტუდენტებმა მოინახულეს სათნოების სახლი, ჩაუტარეს კონსულტაციები ჯანდაცვის მიმართულებით, მოუწყვეს ფოტოსესია ბენეფიციარებს და მოაწყვეს ფოტოების გამოფენა, ფოტოები კი საჩუქრად გადასცეს მოხუცებს. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ იზრდება ჩვენს აკადემიაში არა მხოლოდ მომავალი პროფესიონალი, არამედ ღირებულებებზე დაფუძნებული პიროვნება, რომელიც მზად არის, ხელი შეუწყოს საზოგადოების განვითარებას.
გარდა ამისა, ყოველ ოთხშაბათს გვაქვს ღია აკადემიის დღე და ნებისმიერ მსურველს შეუძლია წინასწარ ჩაეწეროს ვიზიტზე და აირჩიოს სამი სხვადასხვა მიმართულების აქტივობა პროგრამის მიხედვით.
ტექსტი: ციაკო ღამბაშიძე
ფოტო: გიორგი კალანდაძე