დღეს გიამბობთ ერთ-ერთი გამორჩეული სამოდელო სააგენტოს შესახებ, რომელიც ხშირად გვანებივრებს საერთაშორისო მიღწევებით. „კატრინი“ 20 წელზე მეტია წარმატებით პოზიციონირებს სამოდელო სფეროში. სააგენტო ფლობს სხვადასხვა საერთაშორისო სამოდელო, სილამაზის კონკურსის, ფესტივალის და მოდის კვირეულის ლიცენზიას, როგორიცაა: ,MISS MODEL OF THE WORLD-ი, MISS TOURISM WORLD-ი, TOP MODEL OF UNIVERSE-ი, BEST MODEL OF UNIVERSE-ი, LITTLE MISS & MISTER PLANT-ი, FUTURE FASHION FACES WORLD-ი, GOLDEN STAR KIDS INTERNATIONAL-ი, LITTLE MISS & MISTER UNITED WORLD-ი და ა.შ. „კატრინის“ დამფუძნებელი ეკატერინე მგალობლიშვილია, რომელსაც სააგენტოს მოდელების წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის. სწორედ ის გახლავთ კონკურსების ეროვნული დირექტორი და საერთაშორისო ჟიურის წევრი. მისი ხელმძღვანელობით საქართველოში იმართება საერთაშორისო სილამაზის, მოდის, ტალანტის კონკურსები და ფესტივალები, როგორიცაა: MISS PLANET/MISTER PLANET-ი, WORLD RISING STARS-ი, TOP TEEN&CHILD MODEL OF THE PLANET-ი. ჟურნალი OK! გაგაცნობთ „კატრინის“ დამფუძნებელსა და მის მოდელებს.
ეკა მგალობლიშვილი: ამ პროექტების მიზანი არ არის მხოლოდ სილამაზისა და მოდის კონკურსების ჩატარება. 50-მდე ქვეყნის ეროვნული დირექტორები წლების განმავლობაში მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებთ – ჩვენი კონკურსები, ფესტივალები და პროექტები ემსახურება ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობების განვითარებას, ტრადიციების, კულტურისა და ღირშესანიშნაობების გაცნობას, შთაბეჭდილებებისა და შეხედულებების გაზიარებას.
ძალიან ამაყი ვარ, როდესაც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები აღნიშნავენ, „საქართველო ჩემი მეორე სახლია“ და ეს ყველაფერი არა მარტო ჩემი, არამედ ყველა იმ ადამიანის დამსახურებაა, ვინც ამ წლების განმავლობაში თუნდაც პატარა წვლილი შეიტანა პროექტების განვითარებისთვის.
„კატრინის“ მოდელები აქტიურად მონაწილეობენ საერთაშორისო მოდის სხვადასხვა კვირეულში: პარიზში, მილანში, მონაკოში, დუბაიში, ტაილანდსა და სხვ. ასევე, მეოთხე წელია ვსტუმრობთ კანის კინოფესტივალს, სადაც წითელ ხალიჩაზე უამრავ ცნობილ სახესთან ერთად ამაყად დააბიჯებენ კატრინელები.
გოგონებს, ვისაც სურთ თქვენს სააგენტოში მოსვლა, რას ეტყოდით?
უპირველესად, სამოდელ სააგენტო „კატრინი“ ერთი დიდი და ლამაზი ოჯახია. თითოეული მოსწავლე დედას მეძახის და ეს უფრო მეტ პასუხისმგებლობას და მათდამი დიდ სიყვარულს მმატებს. 5 წლიდან ზემოთ (ასაკი არ არის შეზღუდული ჩვენთან) საქართველოს და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აქტიურად მოღვაწეობენ ჩვენი მოდელები ნებისმიერ საერთაშორისო კონკურსსა თუ ფესტივალზე, ამაყად ვაფრიალებთ საქართველოს დროშას და სულ გამარჯვებულები ვბრუნდებით. თამამად შეიძლება ითქვას, რომ „კატრინი“ წარმატების გარანტია, ჩვენ ვქმნით ხარისხს და გვიცნობს მსოფლიო.
სამომავლო გეგმები
თითქმის 15 წელია თვეში ერთხელ, სხვადასხვა საერთაშორისო პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა ქვეყანაში გვიწევს გამგზავრება. სამი წელია ჩემს შვილთან ერთად (პატარა ასაკიდან ხატავს სამოსს) დავაარსე ბრენდი „ანასტასია“, რომელიც აქტიურად მონაწილეობს პარიზში, მილანში, მონაკოში, თურქეთში, დუბაიში, ტაილანში გამართულ მოდის კვირეულებში.
მარტი და მაისი ძალიან დატვირთული გვაქვს, საქართველოში თითქმის ვერ ვიქნებით. ამასთანავე, ვმუშაობთ კოლექციაზე, რომელიც ამავე ქვეყანაში უნდა წარვადგინოთ, საერთაშორისო და სამოდელო სააგენტი „კატრინის“ მოდელებთან ერთად, პარალელურ რეჟიმში კი სხვადასხვა საერთაშორისო სამოდელო კონკურსებისთვის ვემზადებით. „კატრინს“ საკუთარი თვითმფრინავი სჭირდება (იცინის).
იოანნა შერვაშიძე, 16 წლის, სამოდელო სააგენტო „კატრინის“ მოდელი: ვსწავლობ ქალაქ ბათუმის N20 საჯარო სკოლაში, ასევე ვარ ქ. ბათუმის სახელმწიფო ანსამბლ „ხორუმის“ მოცეკვავე და სამოდელო სააგენტო „კატრინის“ პროფესიონალი მოდელი. ბავშვობიდან შეყვარებული ვარ ტანვარჯიშზე, მიღწევებიც მქონდა, თუმცა დროის უქონლობის გამო, ტანვარჯიში მხოლოდ ჰობად იქცა. ასევე, თავისუფალ დროს მიყვარს წიგნების კითხვა, ფილმების ყურება, შოპინგი და, რა თქმა უნდა მილასთან (ჩემს ძაღლთან) დროის გატარება, რომელიც სხვათა შორის იუბილარი გახლავთ.
რატომ გადაწყვიტეთ მოდელობა და რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში „კატრინში“ მოსვლის შემდეგ?
ძალიან საინტერესო კითხვაა. როგორც უკვე აღვნიშნე, პატარა ასაკიდან დაინტერესებული ვიყავი სხვადასხვა სფეროთი, ამ ყველაფერში აქტიურად დედა – ნინო ურუშაძე მონაწილეობდა, ის გახლავთ ჩემი უფროსი მეგობარი და მთავარი ინსპირაციის მომცემი ადამიანი. სამოდელო სააგენტო „კატრინის“ შესახებ სოციალური ქსელებიდან შევიტყვე, როდესაც 11 წლის ვიყავი, ვხედავდი ულამაზეს გოგონებს ბრჭყვიალა კაბებით და მეც დიდი სურვილი გამიჩნდა, რომ ამ დიდი ჰოლდინგისა და ოჯახის წევრი გავმხდარიყავი. თუ რატომ ავირჩიე სამოდელო სააგენტო „კატრინი“, ამ კითხვაზე პასუხი ძალიან მარტივია – „კატრინი“ წარმატების გარანტია.
სააგენტოში მისვლის შემდეგ ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა, დავიწყე მოგზაურობა სხვადასხვა ქვეყანაში, ვმონაწილეობ სამოდელო თუ სილამაზის კონკურსებში, მოდის კვირეულებსა თუ ფესტივალებში, მოკლედ რომ ვთქვა, ჩემი ცხოვრება ბევრად უფრო ფერადი და საინტერესო გახდა.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
უპირველესად, ვაპირებ აპრილში დედასთან გავემგზავრო ისრაელში, ბრწყინვალე დღესასწაულს, აღდგომას ერთად შევხვდებით. ამ ზაფხულს ვგეგმავ ამერიკის საზაფხულო სკოლაში წასვლას, ასევე ტაილანდისა და დუბაის მოდის კვირეულზე მონაწილეობას, ესპანეთსაც ვესტუმრები ჩემს მეგობრებსა და მილასთან ერთად. ამ ყველაფრისთვის კი დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სამოდელო სააგენტო „კატრინს“ და ქალბატონ ეკა მგალობლიშვილს. ასევე, მომავალი წლიდან ვაპირებ მომზადებას, რომ სწავლა გავაგრძელო საფრანგეთის ერთ-ერთ უნივერსიტეტში, ფაკულტეტთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ვფიქრობ, თუმცა ბუღალტერია, აუდიტი ჩემი სამომავლო პროფესიაა, ასე მგონია.
რა რჩევას მისცემდით იმ გოგონებს, ვისაც მოდელობა სურთ?
თუ ოდესმე მთხოვს ვინმე, მივცე საუკეთესო რჩევა ცხოვრებაში, სამოდელო სააგენტო „კატრინს“ ვურჩევდი. ეს არის გზა, რომელიც წარმატებამდე მიგიყვანთ. აქ როგორც პროფესიონალ მოდელებს, ასევე იმ გოგონებს შეხვდებით, ვისთვისაც უბრალოდ, ჰობია მოდელობა. იმ ეტაპებს, რასაც თითოეული მოდელი ამ საქმიანობაში გავდივართ, არის ძალიან საინტერესო და, ამავდროულად, რთულიც, თუმცა ყველაფერია შესაძლებელია, თუ მიზანს დაისახავთ.
ანასტასია ბაკურაძე, 14 წლის, სამოდელო სააგენტო „კატრინის“ მოდელი: ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლე ვარ, ვცეკვავ სუხიშვილების სტუდიაში, ასევე ვმღერი ქეთი ორჯონიკიძის მუსიკალურ სტუდიაში და ვსწავლობ სამხატვრო აკადემიაში, „არტ სფეის აკადემია“. შეიძლება ითქვას, რომ 2 წლიდან პოდიუმზე ვდგავარ, აქ გავიზარდე (იღიმის). პირველად სამი წლის ვიყავი, როდესაც საერთაშორისო ფესტივალზე გავიმარჯვე და „მსოფლიოს პრინცესის“ ტიტულიც მოვიპოვე. მას შემდეგ არაერთი სამოდელო კონკურსის გამარჯვებული ვარ .
ძალიან აქტიური ცხოვრება მაქვს, თვეში ერთხელ მიწევს სხვადასხვა ქვეყანაში გაფრენა და სხვადასხვა მოდის კვირეულზე თუ საერთაშორისო სამოდელო კონკურსში მონაწილეობა, როგორც მოდელს, ასევე ახალგაზრდა დიზაინერს. მინდა გავიხსენო კანის კინოფესტივალი, სადაც პარიზიდან ერთ-ერთმა მოდის კვირეულის პრეზიდენტმა დაგვპატიჟა მე და დედა (ეკა მგალობლიშვილი) და მას მერე უკვე მესამე წელია ვსტუმრობთ ყოველ მაისს. ეს იყო დაუვიწყარი განცდა, როდესაც მსოფლიო ვარსკვლავების გვერდით აღმოვჩნდი და კანის კონოფესტივალის წითელ ხალიჩაზე გავაირე.
მაქვს საკუთარი სამოსის ბრენდი „ანასტასია“, რომელიც აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო მოდის სხვადასხვა კვირეულში: პარიზი, მილანი, დუბაი, თურქეთი, რუმინეთი, ალბანეთი, მონაკო… ახლახან კი ტაილანდსა და რომში მიგვიწვიეს.
რატომ გადაწყვიტეთ მოდელობა და რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში „კატრინში“ მოსვლის შემდეგ?
შეიძლება ითქვას, დაბადებამდე ვიდექი პოდიუმზე, რადგანაც როგორც დედა და მისი მეგობრები მიყვებიან, ორსული დედაჩემი 9 თვე არ ჩამოსულა სცენიდან (იცინის). „კატრინი“ არის საუკეთესო საშუალება იმისთვის, რომ ამ სფეროში მიაღწიო ბევრს, ყველა საუკეთესო პროექტის მონაწილეები ვხდებით და ეს, რა თქმა უნდა, ეკას დამსახურებაა. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ დედაჩემია, ამის ამსახველი ფაქტებიც არსებობს, ყველა სამოდელო კონკურსიდან თუ ფესტივალიდან წარმატებით ბრუნდებიან ქართველი მონაწილეები.
სამომავლო გეგმები
პირველ რიგში, სწავლა და განათლება, დანარჩენი ყველაფერი კი ჩემთვის მეორადი პროფესია იქნება. დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ პოდიუმზე თავს ისე ვგრძნობ, როგორც თევზი წყალში, მიყვარს როდესაც უამრავი მაყურებელი, ტელევიზია, პრესა, ფოტოგრაფები და ვიდეოოპერატორები გვესწრება, მომწონს საზოგადოების ასეთი ინტერესი.
რა რჩევას მისცემდით იმ გოგონებს, ვისაც მოდელობა სურთ?
როგორც კატრინელები ამბობენ: მობრძანდით სამოდელო სააგენტო „კატრინში“, იმოგზაურეთ ჩვენთან ერთად, გაეცანით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კულტურას, დიზაინერებს, ნაციონალურ სამოსს და შეიძინეთ უამრავი მეგობარი თუ ნაცნობი. ეს ყველაფერი კი უდიდესი გამოცდილებაა.
ნუცა გრიგალაშვილი, 14 წლის: ვსწავლობ სურამის მეორე საჯარო სკოლაში, ვარ საერთაშორისო პროფესიონალი მოდელი. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ბევრ ქვეყანაში ვყოფილვარ, ამასთანავე, მიწვევა მქონდა სხვადასხვა ქვეყანიდან, მაგალითად: კანში – კინოფესტივალზე, მონაკოში – ტიფანის მოდის კვირეულზე, მილანში, პარიზში და სხვ. ძალიან მიყვარს ცეკვა, ხშირად მაქვს გასტროლები ამერიკაში.
რატომ გადაწყვიტეთ მოდელობა და რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში „კატრინში“ მოსვლის შემდეგ?
ჩემს წარმატებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის „კატრინს“ და ქალბატონ ეკას. ჯერ კიდევ პატარაობისას, როცა ლაპარაკი დავიწყე, ვამბობდი, რომ მოდელი უნდა ვყოფილიყავი. დედამ სოციალური ქსელიდან შეიტყო „კატრინის“ შესახებ და გადავწყვიტეთ არჩევანი მასზე შეგვეჩერებინა. ვფიქრობ, ამ სააგენტოს კონკურენტი არ ჰყავს საქართველოში – თვეში მინიმუმ ორი კვირა საზღვარგარეთ გადიან კატრინელები და ყოველთვის წარმატებით ბრუნდებიან სამშობლოში. თბილი და ოჯახური გარემოა, რაზეც ჩვენი „მსოფლიო დედა“ – ქალბატონი ეკა ზრუნავს. გოგონები დედას ვეძახით, ჩვენი ჯადოსნური ფერიაა. მისი დამსახურებაა, რომ ჯერ კიდევ არასრულწლოვანმა კონტრაქტები გავაფორმე ნიუ-იორკის, დუბაისა და რუმინეთის სააგენტოებთან.
სამომავლო გეგმები
სამომავლოდ მინდა ჩემი პროფესია უფრო მაღალ საფეხურზე ავიყვანო და განვავითარო. მოდელობა აუცილებლად იქნება ჩემი ცხოვრების მთავარი გზა. ამასთანავე, ვარ წარმატებული მოსწავლე და მინდა განათლება საზღვარგარეთ მივიღო. ძალიან მომწონს დიპლომატია და მინდა საერთაშორისო ურთიერთობებზე ჩავაბარო.
რა რჩევას მისცემდით იმ გოგონებს, ვისაც მოდელობა სურთ?
გოგონებს, რომლებსაც სურთ მოდელობა, მინდა დიდი წარმატებები ვუსურვო. გოგონებისთვის შეუძლებელი არაფერია, მთავარია გულით გინდოდეთ და ძალიან ბევრი იშრომოთ. დაბოლოს, მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ქალბატონ ეკას, თქვენ და „კატრინი“ რომ არა, ბევრ ბავშვს ოცნებები არ აუხდებოდა. ასევე, მადლობა ჩემს მშობლებს და ოჯახს გვერდში დგომისთვის. ჩემი წარმატება დედაჩემისა და ქალბატონი ეკას დაუღალავი შრომის შედეგია.
ტექსტი: სოფიო მალანია
ფოტო: ალექსეი სეროვი