„Ok! ბათუმის“ სტუმარი მხატვარი, არაერთი საერთაშორისო გამოფენის მონაწილე, ბათუმელი ლიანა ნაკაშიძეა, რომელიც 20 წელია ბერლინში ცხოვრობს და იქაურ მოსახლეობას მთელი გულწრფელობით აცნობს ქართულ კულტურას, ხელოვნებას, ყველაფერს, რაც გამოარჩევს და განსაკუთრებულს ხდის ჩვენს ქვეყანას. ბავშვობიდანვე უყვარდა ხატვა, ფერადი ცარცებით ქვაფენილების გაფერადება, მერე კი ბათუმური წვიმის თქეში, რომელიც საოცრად ფერად აბსტრაქციებს ხატავდა და მის აღქმებს სამყაროსადმი უფრო საინტერესოსა და მრავალფეროვანს ხდიდა.
გზა ბათუმიდან ბერლინამდე…
ბათუმში, 1968 წელს დავიბადე. სკოლის დამთავრების შემდეგ ვსწავლობდი ბათუმის ნიკოლოზ კანდელაკის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში გრაფიკისა და ვიზუალური ხელოვნების მიმართულებით, ხოლო 1986 წელს სწავლა გავაგრძელე თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო აკადემიაში ფერწერის რესტავრაციის ფაკულტეტზე. 1999 წლიდან დღემდე, მსოფლიო მასშტაბით, ვმონაწილეობ მრავალ საერთაშორისო გამოფენაში. 2003 წლიდან ვცხოვრობ და ვუშაობ ბერლინში.
გერმანიაში გამგზავრება მოხდა საერთოდ შემთხვევით. მე და ჩემი მეგობარი ქალაქ პოტსდამში გალერისტმა ჰელმუტ დუნკემ მიგვიწვია ერთწლიანი ხელშეკრულებით, სადაც ყველა პირობა გვქონდა მუშაობისთვის. ვცხოვრობდი ულამაზეს გარემოში. სახლში ტბის პირას, ფიჭვნარში, ცხოველებისა და ფრინველების გარემოცვაში იდგა. ეს პირველი შთაბეჭდილება დღემდე მაოცებს, თუ როგორ შეიძლება გახდე ამ მატერიალური სამყაროს ყველა ცოცხალი არსების ერთობის განუყოფელი ნაწილი, ამ მთლიანობის გაცნობიერების აღქმა ჰუმანიზმით მავსებს. ერთი წლის შემდეგ დასრულდა ჩემი უდარდელი ცხოვრება. უკვე მომიწია ფიქრმა დამოუკიდებელ ცხოვრებაზე, აქ გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე მირიან ჯაფარიძე. მირიანი რომ არა, ალბათ, არც ვიფიქრებდი გერმანიაში დარჩენაზე. გადავედი მირიანთან საცხოვრებლად, სადაც ქირით ერთოთახიან ბინაში ცხოვრობდა. ეს სივრცე ძალიან პატარა იყო ორი მხატვრისთის და ვთხოვე, დიდი ბინა გვექირავებინა. მიხსნიდა, რომ ჩვენი შემოსავლებით არავინ მოგვაქირავებს ბინასო. ცოტა ხანში კათოლიკურმა ეკლესიამ ჰაიდელბერგში შემოგვთავაზა ხატების რესტავრაცია, საკმად სოლიდური თანხა გადაგვიხადეს. ჩამოვედით თუ არა ბერლინში, მირიანს ვუთხარი, თანხა გვაქვს და გავფართოვდეთ-მეთქი, ის კი მიხსნიდა, რომ აქაური კანონები სულ სხვანაირი იყო და ასე უცებ ვერ მოვახერხებდით. მე ყველაფერს საქართველოს გადმოსახედიდან ვუყურებდი, მეგონა დავივლიდი სამეზობლოს და ვთხოვდი ესწავლებინათ ბინა, სადაც გადასვლა შეგვეძლებოდა. ამას იმიტომ ვყვები, რომ მინდა გითხრათ, გერმანია როგორი კანონების ქვეყანაა.
აქ 3 თვით ადრე აუქმებ ხელშეკრულებას. რთულია ქაოსური მხატვრებისთვის დაგეგმილი ცხოვრება და ამის გამო ორივეს ბევრი სირთულის გადალახვამ მოგვიწია. 2004 წლიდან ვარ დამოუკიდებელი მხატვარი.
როდის მიხვდით, რომ მხატვრობა იყო თქვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი?
ვფიქრობ, ადამიანის ფსიქოლოგიის ფორმულირება ბავშვობიდან იწყება. მიყვარდა ფერადი ცარცით ქვაფენილების მოხატვა. შემეძლო დაუსრულებლად მეხატა, სანამ ცარცები არ დაიცლებოდა. ქუჩაში გამვლელები ხშირად ჩერდებოდნენ და კომპლიმენტებით მამკობდნენ. ყველაზე მეტად მომწონდა, როცა ამბობდნენ „ეს ბავშვი მხატვარია“. მეც შევიფერებდი ხოლმე შექებას და უკვე მხატვარი მეგონა თავი. ბათუმი ხომ წვიმის ქალაქია, ვიდექი და ვუყურებდი საოცარ პროცესს, როგორ ასველებდა წვიმის წვეთები ცარცით მოხატულ ქუჩას და ჩემ წინ როგორ იქმნებოდა ჯადოსნური სამყარო, აბსტრაქცია (მაშინ აღნიშნულის სახელიც კი არ ვიცოდი). დღემდე ეს პროცესი ჩვევაში გადამეზარდა, ხატვას ყოველთვის აბსტრაქციით ვიწყებ. ფერწერა ბავშვობიდან გახდა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი.
რას მიიჩნევთ თქვენი შემოქმედების მთავარ გზავნილად?
ჩემი შემოქმედების მთავარი გზავნილი არის ის, რომ მუდმივად უნდა ვისწრაფოდეთ სამყაროს შესწავლისკენ. უნდა ვინტერესდებოდეთ არა მხოლოდ საკუთარი, არამედ სხვა ხალხების ისტორიითა და ხელოვნებით. იფანტაზიორეთ და იოცნებეთ, გააცოცხლეთ იდეები და იმოქმედეთ. ცხოვრება ძალიან ბევრ შესაძლებლობას გვაძლევს იმისათვის, რომ ვიპოვოთ საკუთარი თავი, საქმე და ვიყოთ ბედნიერები.
რას მოაქვს ბედნიერება თქვენთვის?
ბედნიერებას მანიჭებს ჩემი შესაძლებლობების გაცნობიერება და დასახული გეგმების მოქმედებად გადაქცევა. საკუთარი თავისა და სხვების მიღება ყველა ნიუანსით და ყველაფერში საუკეთესო მხარის დანახვის უნარი.
მხატვარი და მისი ერთი ტილო, რომელიც განსაკუთრებულ ემოციებს აღძრავს თქვენში…
რთულია ერთი მხატვარი და ერთი ნამუშევარი ამოირჩიო, იმდენად დიდი მემკვიდრეობა დაგვიტოვა ხელოვნების ამ დარგმა.
ახლა, რაც გონებაში ამომიტივტივდა, არის ჰიერონიმუს ბოსხი, რომელიც, ჩემი აზრით, დღესაც მიიჩნევა ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე თავისუფალ და მოაზროვნე მხატვრად. ბოსხის შემოქმედება ეხება დღემდე აქტუალურ თემებს: ხალხის კლასობრივ დაყოფას, ადამიანის გრძნობების ყოვლისმომცველ ისტორიებს, ცხოვრების დამალულ სიამოვნებებს, კაცობრიობის ინტიმურ, ტაბუდადებულ თემებს, სიხარბესა და დაუოკებელ „მინდას“. მისი შემოქმედებიდან გამოვარჩევ ტილოს „თივის გადატანა“ (ტრიპტიქი), რომელიც, ვფიქრობ, გზავნილია წინა საუკუნეების დაგროვებული მეხსიერებიდან, რომელსაც შეუძლია თითოეული ადამიანის ცხოვრება შეცვალოს…
ფერები, როგორც…
ჩემი მოსაზრებით, ფერი სალაპარაკო ენაა. ის ყოვლისმთქმელია მხატვრული შემოქმედების ბევრ დარგში, როგორიცაა: ფერწერა, ქანდაკება, დიზაინი, გამოყენებითი ხელოვნება, მხატვრული ლიტერატურა, თეატრი, კინო, ტელევიზია და ფოტოგრაფია…
ქართული კერძებიდან რომელი გენატრებათ ხოლმე ყველაზე მეტად?
შემწვარი თევზი „ბარაბულკა“ (ხონთქარა) ახალ ტყემალთან ერთად.
გერმანელებს რას უყვებით ყველაზე ხშირად საქართველოზე?
ზოგადად, გერმანელები ცნობისმოყვარე ერია. ვცდილობ მათ გავაცნო საქართველოს ისტორია, დაწყებული ქართული დამწერლობიდან, დამთავრებული ქართულ სამზარეულომდე. ისინი აღფრთოვანებული არიან ქართული კულტურითა და ხელოვნებით.
რა არის ის, რაც ყველაზე მეტად გსურთ…
მშვიდობა! ეს არის ის, რაც ადამიანს არ აყენებს ტკივილს, აძლევს ფიქრისა და განვითარების საშუალებას.ეწინააღმდეგება კონფლიქტს, ძალადობას, ომს.
თქვენს გეგმებზე მოგვიყევით, უკავშირდება თუ არა რომელიმე მათგანი ბათუმს?
ახლა მე და ჩემი მეუღლე, მირიან ჯაფარიძე ვმუშაობთ პროექტზე „Seven Women“, რომელშიც ასახულია მსოფლიოს შვიდი ქალის სახე. ერთ-ერთი მათგანი ქართველია. ამ ქალების ვინაობას სურპრიზად დავტოვებ. მინდა ეს ნამუშევრები პირველად საქართველოში გამოვფინო. გაზაფხულზე ბათუმელი დიზაინერის, თაკო მექვაბიძის კოლექციის ჩვენებაზე იქნება წარმოდგენილი ჩემი შემოქმედების მნიშვნელოვანი ნაწილი, შემდეგ კი ბათუმის სახელმწიფო მუზეუმში. ძალიან მენატრება ბათუმური სურნელი, ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებულ ხიბლს სძენენ ქალაქს.
ფოტო: გიორგი კალანდაძე
ჟურნალისტი: ნანა აბულაძე