მაშინ, როდესაც მინდა ქალაქის ქაოსს გავექცე, ჩემს საყვარელ კაფეს „ლუკა პოლარეს“ ვსტუმრობ. აქ მოსვლა ყველაზე მეტად მიყვარს, რადგან კომფორტული გარემო და გემრიელი გემოები ერთმანეთთან ჰარმონიაშია. ეს არის სივრცე, სადაც მომუშავე პერსონალი, თავისი უშუალობითა და გულწრფელი ღიმილით გიქმნის შეგრძნებას, რომ შენ ხარ იქ, სადაც გელიან და შენი მისვლა უხარიათ. აქ შემიძლია ჩემი ყოველდღიურობა გვერდზე გადავდო და განვიტვირთო.
„ბრენდის მთავარი მისიაც სწორედ ეს არის, ჩვენს სივრცეში შეგიძლია ზუსტად ის იყო, ვინც ხარ და ჩვენი გარემოთი, მომსახურებით თუ ერთი კოვზი სიტკბოებით დიდი ბედნიერება იგრძნო“, – აღნიშნავს საუბრისას Luca Polare-ს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის ხელმძღვანელი ანი ციცქიშვილი.
ასე მგონია, აქ მომუშავე ადამიანებიც განსაკუთრებულად ამ გარემოსთვის ჰყავთ შერჩეული. თანამშრომლებს, მომხმარებლები ქუჩაში ლუკას მიღმაც კი ყოველთვის სიამოვნებით და ღიმილით ესალმებიან. ვფიქრობ, ბრენდის წარმატებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია.
„თუ სერვისის თანამშრომლებზე ვსაუბრობთ, გეტყვით, რომ ძირითადად გვყავს ახალგაზრდები/სტუდენტები, რომლებისთვისაც შესაძლოა „ლუკა პოლარე“ პირველი სამუშაო გამოცდილება იყოს, ამიტომ ყველაზე მეტად ყურადღებას მათ მოტივაციას, შემართებას და ბრენდის მიმართ დამოკიდებულებას ვაქცევთ.
ძალიან გვიმართლებს, რადგან ისეთი ახალგაზრდები მოდიან ჩვენთან, რომლებსაც უყვართ ხალხთან კომუნიკაცია და რაც ყველაზე მეტად გვახარებს, უყვართ ჩვენი ბრენდი. ეს კი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია იმისა, რომ ახალი წევრები შეეწყონ ჩვენი გუნდის კულტურასა და ფასეულობებს, მალევე გახდნენ ლუკაპოლარელები და სწორედ ეს გვეხმარება ჩვენს კაფეებში ის გარემო შეიქმნას, რასაც თქვენ აღნიშნავთ: მეგობრული, უშუალო და ნამდვილი პოლარული“. – მაკა ობოლაშვილი, ლუკა პოლარეს Hr კოორდინატორი.
გარდა ამ მეგობრული ატმოსფეროსი, „ლუკა პოლარე“ ბევრისთვის ხარისხთან ასოცირდება. იტალიური ტექნოლოგიით ნატურალური რძისა და ხილისგან დამზადებულმა ნაყინმა მომხმარებლის გული მალევე მოიგო.
მართალია, გარეთ ჯერ კიდევ ზამთარია, მაგრამ ნაყინის სიყვარულმა სეზონი არ იცის. მით უფრო, როცა სუსხიან დღეებში ცხელი ყავა, გემრიელ დესერტთან ერთად, საუკეთესო გადაწყვეტილებაა. ლუკას განსაკუთრებულ ყავაზე ბევრიც დაწერილა და დარწმუნებული ვარ, ბევრიც გსმენიათ. ეს არის გემო, რომელიც სხვაში ვერ აგერევათ, მოსმენილს გასინჯული სჯობსო. ასე რომ, ვისაც ჯერ კიდევ არ დაგიგემოვნებიათ ლუკას ყავა, მთელი სიამოვნება წინ გელით.
რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, წლების განმავლობაში „ლუკა პოლარე“ უცხოური ბრენდი მეგონა. მართალია ბრენდის მარკეტინგული კონცეფცია წამყვანმა გერმანულმა მარკეტინგულმა კომპანიამ შეიმუშავა, ხოლო ნაყინის რეცეპტები იტალიურმა ექსკლუზიურად „ლუკა პოლარესთვის“ შექმნა, მაგრამ „ლუკა პოლარე“ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ქართული ბრენდია, რომლის პირველი სანაყინეც 2008 წელს გაიხსნა.
„ბრენდი იმდენად განსხვავებული მარკეტინგული სახით შემოვიდა ბაზარზე, დაწყებული ბრენდის დასახელებით და ვიზუალით, დასრულებული პროდუქტითა და მომსახურების ხარისხით, რომ ყველას საერთაშორისო ბრენდთან გაუჩნდა ასოცირება. თუმცა სიამაყით ვამბობთ, რომ „ლუკა პოლარე“ არის ქართული ბრენდი, რომელიც მალე გავა ქვეყნის ფარგლებს გარეთ და საერთაშორისო ბრენდის სტატუსს მიიღებს“, – ანი ციცქიშვილი.
ხშირად გვესმის გარშემო ბრენდის კარგი ამბებისა და სიახლეების შესახებ. მე, როგორც ერთგულ სტუმარსა და გულშემატკივარს, ძალიან მახარებს ლუკას წარმატებები.
„შარშან რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე გვქონდა ბრენდის გაფართოებისა და განვითარების მიმართულებით: 3 ახალი ფილიალი გავხსენით, დავიწყეთ ბიონაყინის წარმოება და არა მხოლოდ ქართულ ბაზარზე, არამედ ჩვენს შემოგარენშიც ბიონაყინის ხელმისაწვდომობის პირველი პრეცედენტი გაჩნდა“.
როგორც ანიმ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ლუკა ახალ საწარმოზე მუშაობს. მისი თქმით, ეს იქნება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ეკომეგობრული და თანამშრომლებზე მორგებული განსხვავებული კონცეფციის სივრცე ოფისით, შოურუმებით, ღონისძიებებისა და სატრენინგო სივრცეებით.
„გარდა ახალი საწარმოსი, დავაანონსებთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან სიახლეს – 2023 წელს „ლუკა პოლარე“ გაიხსნება უზბეკეთსა და აზერბაიჯანში და ეს იქნება ბრენდის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ეტაპი“. – გაგვიმხილა ანიმ.
ტექსტი: სოფიო მალანია
ფოტო: ალექსეი სეროვი