ძალიან საინტერესო და ამაღელვებელი აღმოჩნდა ჩემთვის რედაქტორის როლის მორგება და ჟურნალის შექმნის პროცესში მონაწილეობის მიღება, მით უმეტეს, იმ თემებზე მუშაობა, რომლებიც ჩემი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს. თუმცა, აქამდე, ამ მიმართულებით არასოდეს მიმუშავია, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ სტუდენტობის პერიოდში სტუდენტური გაზეთი გვქონდა და აქტიურად ვიყავი ჩართული.
დღეს, როდესაც ბაზარი გაჯერებულია სხვადასხვა მშენებლობით, ხარისხიანი და კარგი პროექტის პოვნა დიდ სირთულეს წარმოადგენს. ხშირ შემთხვევაში, მარტივი არ არის ოპტიმალური არჩევანი და იმის დადგენა, თუ რამდენად რეალურად ასახავს ფასი შემოთავაზებული ბინის ხარისხს. დამეთანხმებით ალბათ, რომ სახლი ბავშვობიდან ყველაზე დაცული ადგილია ჩვენს წარმოსახვაში და უმნიშვნელოვანესია მომხმარებლის სიმშვიდის შეგრძნება, რომელიც მას მუდმივად თან უნდა სდევდეს. პანდემიამ ყველას დაანახა ახალი საჭიროებები, მოთხოვნები… შეიძლება ითქვას, რომ სახლი უფრო მეტად ფუნქციური გახდა. დღეს კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა მომხმარებლის მაღალი მოთხოვნების დაკმაყოფილებაა. მიმაჩნია, რომ ამ სფეროში ბევრი შეკითხვაა და ჩვენ შევეცადეთ მათზე პასუხი გაგვეცა.
აღნიშნულ ნომერში მკითხველს ვთავაზობთ თემებს, რომელთა ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანი და აქტუალურია. ძირითადად, ადამიანები სტანდარტულად ყურადღებას აქცევენ ბინის ფასს, ადგილმდებარეობას… მაგრამ არის ბევრი დეტალი, რომელთაც არ ეთმობა სათანადო ყურადღება, როგორიცაა უსაფრთხოება, მასალები, კედლების სისქე, ხმის იზოლაცია და სხვა.
ხშირ შემთხვევაში, ადამიანები ბინის შეძენის შემდეგ აწყდებიან პრობლემებს და შემდეგ სვამენ შეკითხვებს. სწორედ ამ პრობლემების თავიდან ასარიდებლად, საჭიროა ცნობიერების ამაღლება. შესაბამისად, ჩვენი მთავარი თემა ეთმობა მნიშვნელოვან ფაქტორებს, რომელთა გათვალისწინება აუცილებელია ბინის შეძენის დროს.
ნომერში შევეცადეთ ზუსტად განგვემარტა ქართულ სამშენებლო-დეველოპერულ ბაზარზე დამკვიდრებული, ეგრეთ წოდებული „შავი“, „თეთრი“ და „მწვანე“ კარკასების პირობითი მახასიათებლები; ყურადღება გავამახვილეთ ეკოლოგიასა და განახლებად ენერგიაზე; მასალებზე, რომლებიც შესაძლოა საშიში იყოს ჩვენი ჯანმრთელობისთვის. რა უნდა გავითვალისწინოთ და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, როდესაც გვინდა, რემონტი ეკოლოგიურად სუფთა მასალებით გავაკეთოთ? რომელი კრიტერიუმებით უნდა შევარჩიოთ ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო მასალები და რას გვთავაზობს დღეს ბაზარი?
ვისაუბრეთ დიზაინზე, ტენდენციებზე, სივრცის სწორად გადანაწილებაზე, ბუნებრივ მასალებზე… გიზიარებთ გამოცდილებას, თუ როგორ უნდა შევარჩიოთ ქსოვილები და ნივთები ინტერიერში, როგორ დავიცვათ ნეიტრალური და თბილი ფერების ბალანსი, შევქმნათ დიზაინები, რომლებიც არასდროს გადადის მოდიდან.
არაერთ მნიშვნელოვან თემასთან ერთად, გაგაცნობთ რამდენიმე საინტერესო არქიტექტურულ პროექტს, ასევე, გიამბობთ ფილმების შესახებ, რომლებიც გამოირჩევა დამახასიათებელი არქიტექტურით.
ვფიქრობ, ბევრ აქტუალურ და სასარგებლო თემას შევეხეთ ჩვენ მიერ მომზადებულ Decor Book-ში და იმედი მაქვს, ისიამოვნებთ!