არსებობს ინგრედიენტები, რომლებიც კანის მოვლის საშუალებებში აქტიურად გამოიყენება, თუმცა მათ სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ: AHA და BHA (ალფა და ბეტა hydroxy-მჟავები) ამქერცლავი საშუალებები, როგორიც არის Glycolic Acid, Lactic Acid მიუხედავად იმისა, რომ მათი გამოყენების ხანმოკლე ეფექტით შეიძლება მივაღწიოთ უფრო ნათელ და ბზინვარე სახის კანს. ხანგრძლივი ეფექტი შესაძლოა იყოს შეუქცევადი, რადგან ეს მჟავები ათხელებს ჩვენს დამცავ ბარიერს, კანის ზედა შრეს, რომელიც მზის სხივებისგან და თავისუფალი რადიკალებისგან კანის დამცავ ფუნქციას ასრულებს. კანის დაცვის გარეშე, კანის დაბერებისა და ნაოჭების გაჩენის პროცესი ბევრად სწრაფად მიმდინარეობს, ამიტომ ამ ნივთიერებების გამოყენება უმჯობესია კვირაში ერთხელ ან ორჯერ. ასევე, მნიშვნელოვანია მათი სარგებლობის შემთხვევაში, გამოვიყენოთ მზისგან დამცავი SPF 50 ყოველ 2 საათში.
ალკოჰოლი, რეტინოლი (ვიტამინი A), ვიტამინ C − ამ ნივთიერებების გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის პერიოდში.
ზოგიერთმა ჩვენგანმა არც კი იცის, რომ თავის მოვლის საშუალებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს ჩვენს ჯანმრთელობას. კანის მეშვეობით ორგანიზმში იმდენივე მავნე ნივთიერება ხვდება, რამდენიც საკვებიდან შეიძლება მოხვდეს. ბევრმა კვლევამ აჩვენა, რომ ეს მავნე ნივთიერებები თანდათან და შეუმჩნევლად აზიანებენ ორგანიზმს, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს ისეთ დაავადებებთან, როგორიცაა კიბო, განვითარებისა და რეპროდუქციული დარღვევები.
სანამ თავის მოვლის საშუალებას შევიძენთ, კარგად უნდა გამოვიკვლიოთ მასში შემავალი ინგრედიენტები. გთავაზობთ იმ მავნე ინგრედიენტების არასრულ ჩამონათვალს, რომელსაც შეიძლება თავის მოვლის საშუალებები შეიცავდეს.
- პარაბენები − პარაბენებს შესაძლოა შეიცავდეს დამატენიანებელი კრემი, თმის მოვლის საშუალება, დეოდორანტი და სხვ. ეს არის ქიმიური ნაერთი, რომელიც გამოიყენება ზოგიერთ პროდუქტში ბაქტერიების მოსაკლავად და პროდუქტის დაშლის თავიდან ასაცილებლად. აღმოჩნდა, რომ პარაბენები, ესტროგენის მიბაძვით, ხელს უშლის ჰორმონების მუშაობას. ესტროგენის გადაჭარბებულმა რაოდენობამ შეიძლება გამოიწვიოს მკერდის (სარძევე ჯირკვლის) უჯრედების გაყოფა და სიმსივნის ზრდა, რის გამო პარაბენის გამოყენება დაკავშირებულია ძუძუს კიბოსთან და რეპროდუქციულ პრობლემებთან. ყველაზე ხშირად გამოყენებული პარაბენებია მეთილპარაბენი, პროპილპარაბენი, ბუტილპარაბენი და ეთილპარაბენი.
- ტრიკლოსანი − ქლორირებული ორგანული ნაერთია, რომელსაც აქვს ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო თვისებები. ის ფართოდ გამოიყენება საყოფაცხოვრებო, სამედიცინო და პირადი მოვლის სხვადასხვა პროდუქტში, როგორიცაა შამპუნი, კბილის პასტა, სარეცხი საშუალებები, ხელის საპონი, დეოდორანტი და მზისგან დამცავი საშუალება. ტრიკლოსანი არის ინგრედიენტი, რომელიც ემატება ბევრ სამომხმარებლო პროდუქტს ბაქტერიული დაბინძურების შესამცირებლად ან თავიდან ასაცილებლად.
2017 წელს სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ (FDA) განაცხადა, რომ ტრიკლოსანი არ არის უსაფრთხო პროდუქტი ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ზოგიერთმა ხანმოკლე კვლევამ კი აჩვენა, რომ ტრიკლოსანმა შესაძლოა გამოიწვიოს ენდოკრინული და ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები.
- PFAS − ქიმიკატები ადვილად ხვდება ჰაერში, მტვერში, საკვებში, ნიადაგსა და წყალში. ისინი არ გამოიყენება მხოლოდ კოსმეტიკაში, მათ შევხვდებით ისეთ პროდუქტებში, როგორიცაა წყალგაუმტარი ტანსაცმელი, ხალიჩა და სწრაფი კვების კონტეინერები. მათ უმატებენ ლოსიონებს, კოსმეტიკასა და თმის პროდუქტებს, უფრო წყალგამძლე რომ იყოს. ზოგიერთმა კვლევამ უჩვენა, რომ PFAS-ი შეიძლება დაკავშირებული იყოს ადამიანისა და ცხოველის ჯანმრთელობის მავნე ზემოქმედებასთან. შესაძლოა ღვიძლის დაზიანების, ფარისებრი ჯირკვლის დაავადების, მაღალი ქოლესტერინისა და კიბოს რისკი გაზარდოს.
- ფორმალდეჰიდი − უფერო, უსუნო, არააალებადი აირი, რომელსაც ბევრი საყოფაცხოვრებო თუ თავის მოვლის საშუალება შეიცავს. ის ფართოდ გამოიყენება ლოსიონების, პუდრებისა და ლაინერების დასამზადებლად. ყველაზე საზიანო ფორმალდეჰიდის ორთქლის ჩასუნთქვაა. კარგი ამბავი კი ის არის, რომ თავის მოვლის საშუალებების გამოყენებით, ამის რისკი საკმაოდ დაბალია, რასაც ვერ ვიტყოდით იმ სილამაზის სალონებზე, სადაც ფორმალდეჰიდის შემცველ თმის გასასწორებელ საშუალებებს იყენებენ. როცა ის თბება, გამოიყოფა ჰაერში, როგორც აირი. სწორედ ამიტომ სალონში უნდა იყოს სათანადო ვენტილაცია. ფორმალდეჰიდის ყველაზე გავრცელებული გვერდითი ეფექტი კონტაქტური დერმატიტია.
- მძიმე მეტალი − ტყვია, ალუმინი, ვერცხლისწყალი, დარიშხანი, აღმოჩენილია სხვადასხვა სახის კოსმეტიკაში, ტანის, თმისა და სახის დასაბან საშუალებებში, დეოდორანტებში, სუნამოებსა და მზისგან დამცავ ლოსიონებში. მძიმე მეტალები მოქმედებს ენდოკრინულ სისტემაზე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჰორმონული დარღვევები, გაზარდოს სიმსივნის, დიაბეტისა და სიმსუქნის წარმოქმნის რისკი.
კონკრეტულად, ტყვიას უმთავრესად დეკორატიულ კოსმეტიკას ამატებენ, რადგან მდგრადობას ანიჭებს ფერს. ორგანიზმში მისი მაღალი შემცველობა იწვევს ძვალსახსროვანი სისტემის დაზიანებას, იმუნიტეტის დაქვეითებას, მუცლის მოშლას, ნერვული სისტემის პრობლემებს და ჰორმონების დარღვევას.
- ეთოქსილირებული ინგრედიენტები − ქიმიური პროცესი, რომელიც გამოიყენება ზედაპირულად, აქტიური ნივთიერებების დასამზადებლად, რომლებიც გვხვდება სარეცხ საშუალებებში, კბილის პასტებში, კანის მოვლისა და თმის მოვლის საშუალებებში. ინგრედიენტები, რომელიც მთავრდება ETH-ით, მიუთითებს იმაზე, რომ ის ეთოქსილირებულია, სავარაუდოდ დაბინძურებულია 1,4 დიოქსანით და ეთილენის ოქსიდით − ორი უაღრესად ტოქსიკური ქიმიკატით. 2016 წლის კვლევაში, ბავშვთა სილამაზის პროდუქტების 28%-ს ეტიკეტზე ეთოქსილირებული ინგრედიენტები ჰქონდა მითითებული. 2018 წელს გამოკითხულ ბავშვთა 82 პროდუქტის 57%-ს ჰქონდა 1,4-დიოქსანის შესამჩნევი რაოდენობა.
- პლასტმასის მიკრომძივები − ეს არის მცირე ზომის პლასტმასის ნაწილაკები, რომლებიც გვხვდება სააბაზანო პროდუქციის უმეტესობაში. მისი პოვნა შესაძლებელია ტანის სკრაბებში, კბილის პასტებსა და თმის სპრეებში. ეს ნაწილაკები იმდენად მცირე ზომისაა, რომ ადვილად გადიან წყლის ფილტრებს და ხვდებიან ზღვაში, რაც ზიანს აყენებს ეკოსისტემას და ადამიანის ჯანმრთელობას.
- ოქსიბენზონი − არის ქიმიური ნაერთი, რომელიც აქტიური ინგრედიენტია მზისგან დამცავ და კანის მოვლის საშუალებებში. ეს არის ულტრაიისფერი სხივების ბლოკატორი, რომელიც ძალზე ეფექტურია ადამიანის კანის მიერ მავნე − UVA და UVB სხივების შეწოვის შენელებისთვის. ზოგიერთი კვლევის თანახმად, ოქსიბენზონის ზემოქმედება იწვევს ტესტოსტერონის დონის შემცირებას მოზარდ ბიჭებში, ასევე, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებს როგორც მამაკაცებში, ისე ქალებში.
როგორც ვხედავთ, თავის, ტანის, თმის მოვლის ის საშუალებები, რომლებსაც ჩვენ ყოველდღიურად ვიყენებთ, შესაძლოა ძალიან საზიანო აღმოჩნდეს ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ჩვენ ვიმსახურებთ ვიცოდეთ, არის თუ არა ტოქსიკური ჩვენი კოსმეტიკა. ამისათვის საჭიროა სიფრთხილე და მეტი ინფორმაცია, რათა დავიცვათ თავი და ჩვენი საყვარელი ადამიანები ამ ქიმიკატებისაგან.