ინტერვიუ „ნიუ ჰოსპიტალსის“ ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელთან
თამამად შეიძლება ითქვას, რომ „ნიუ ჰოსპიტალსის“ ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი ლიდერია თვალის დაავადებების პრევენციის, დიაგნოსტიკის და მკურნალობის დარგში. ის საზოგადოებას სთავაზობს ფართო სპექტრის, უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილ ოფთალმოლოგიურ მომსახურებას. მაღალკვალიფიციური ექიმები, უახლესი თაობის აპარატურა და პაციენტებისადმი გულისხმიერი დამოკიდებულება – ეს ის ფაქტორებია, რომლებიც კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის“ წარმატებას განაპირობებს. უფრო ვრცლად კლინიკის შესახებ ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ექიმი ოფთალმოლოგი, ოფთალმოქირურგი, ლევან მასხარაშვილი გვესაუბრა.
ბატონო ლევან, დავიწყოთ თავიდან, რამ განაპირობა თქვენი პროფესიული არჩევანი?
ჩემს შემთხვევაში არ იყო სტანდარტული სიტუაცია, როდესაც მშობლები ან ბებია-ბაბუა იყვნენ ექიმები და შენც აუცილებლად ექიმი უნდა გამოსულიყავი. ჩემი მშობლები საკმაოდ შორს იყვნენ მედიცინისგან, თუმცა მამას ჰყავდა საოცარი ექიმი მეგობრები, ძირითადად, ქირურგები და მე მათთან ხშირად მიწევდა ურთიერთობა.
მახსოვს, როდესაც მშობლებს ექიმებთან პროფილაქტიკურ გასინჯვებზე დავყავდი, არასოდეს მქონია მათი შიში. პირიქით, ყურადღებით ვაკვირდებოდი მათ მოქმედებებს. მაღალ კლასებში, მამის თხოვნით, მის მეგობრებს ხშირად დავყავდი საავადმყოფოში, ვესწრებოდი შემოვლებს, პატარა ოპერაციებს. შემდეგ ისინი უფლებასაც კი მაძლევდნენ, მათი მეთვალყურეობით ჩამეტარებინა მცირე პროცედურები – ავადმყოფის შეხვევა, ნაოპერაციები ჭრილობების დამუშავება, ნაკერების მოხსნა. ეს იყო ჩემთვის საოცარი ემოცია, სწორედ ამიტომ ერთი წუთით არ მიფიქრია სხვა პროფესიაზე. სკოლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ პირველივე წელს ჩავირიცხე ქ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში. სწავლის პერიოდმა კი დამარწმუნა ჩემს სწორ არჩევანში. ჩემი ოფთალმოლოგიით დაინტერესება კი პროფესორ ტატიანა შატილოვას დამსახურებაა. იგი დღემდე ეტალონია ჩემთვის, თუ როგორი უნდა იყოს ექიმი ოფთალმოლოგი.
იყო ექიმი ნიშნავს…
ექიმობა ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო, ამაღელვებელი და თავდადებული პროფესიაა, რომელიც მოითხოვს არა მხოლოდ ცოდნას და გამოცდილებას, არამედ ადამიანისადმი განსაკუთრებულ თანაგრძნობას, ზრუნვას, ამასთანავე, რთული გადაწყვეტილების მიღების უნარს, რაც გავლენას ახდენს პაციენტების, მათი ოჯახის წევრების და ზოგადად საზოგადოების ცხოვრებაზე. საოცარი განცდაა გამარჯვება უსინათლობაზე.
ხშირად ექიმი საკუთარ ჯანმრთელობასა და პირად ცხოვრებას თმობს სხვების საკეთილდღეოდ, რთულ პირობებში ცდილობს შექმნას კომფორტული გარემო პაციენტებისთვის. საბოლოოდ, იყო ექიმი, ნიშნავს იცხოვრო ადამიანების დასახმარებლად და საკუთარი თავი მიუძღვნა სხვების ჯანმრთელობას, 24-საათიან მუდმივ მზადყოფნას.
გვიამბეთ „ნიუ ჰოსპიტალსის“ ოფთალმოლოგიის დეპარტამენტის შესახებ. რას სთავაზობთ საზოგადოებას?
„ნიუ ჰოსპიტალსის“ ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრს თვალის დაავადებათა მკურნალობის დაახლოებით 132-წლიანი გამოცდილება გააჩნია. ცენტრი აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური აპარატურით და ლიდერია თვალის დაავადებების პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დარგში. ცენტრში არსებული უახლესი თაობის აპარატურა უზრუნველყოფს ზუსტ და სწრაფ სადიაგნოსტიკო და ქირურგიულ მომსახურებას. ჩვენთან არსებული ულტრათანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით ხდება თვალის პარამეტრების განსაზღვრა. მიიღება თვალის უნაკლო ციფრული გამოსახულება, რომლის საშუალებითაც თითოეული პაციენტისთვის განისაზღვრება მასზე მორგებული ოპტიმალური მკურნალობა.
ცენტრში ხელმისაწვდომია ოფთალმოლოგიური მომსახურების სრული სპექტრი და ის ერთადერთია ამიერკავკასიაში, რომელიც აღიარებულია კარლ ცაისისა და გერმანიის ეკონომიკური განვითარების საბჭოს მიერ ამიერკავკასიის რეგიონულ რეფრაქციული ქირურგიის ცენტრად. ჩვენთან მომუშავე მაღალკვალიფიციური, პროფესიონალი ოფთალმოლოგები და ქირურგები მუდმივად ნერგავენ თვალის დაავადებათა მკურნალობის ინოვაციურ მეთოდებს.
ჩვენ ვზრუნავთ პაციენტის კეთილდღეობაზე, უკვე ათასობით ადამიანმა გაიუმჯობესა მხედველობა. ჩვენი გუნდი 24 საათის განმავლობაში ვაწვდით საუკეთესო, ფართო სპექტრის სადიაგნოსტიკო და ქირურგიულ მომსახურებას, მათ შორის კატარაქტის, გლაუკომის, რქოვანასა და ბადურის დაავადებების, სიმსივნეების, თვალის ნევროლოგიური დაავადებების, თვალის ტრავმების და ისეთი დაზიანებების დროს, როდესაც თვალის გარშემო სტრუქტურებია დაზიანებული.
გარდა ამისა, ჩვენ ვთანამშრომლობთ ოფთალმოლოგიური აპარატურის და აღჭურვილობის მოწინავე მწარმოებლებთან, რაც საშუალებას გვაძლევს, უზრუნველვყოთ მკურნალობისა და დიაგნოსტიკის ინოვაციური მეთოდები და მაღალი სტანდარტები.
რომელია ყველაზე გავრცელებული თვალის დაავადებები?
თვალის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადება კატარაქტაა. ეს არის ბროლის შემღვრევა, რომელიც მხედველობის დაქვეითებას იწვევს. თავად ბროლი გამჭვირვალე ლინზაა, რომლის ძირითადი ფუნქციაა სინათლის სხივის გატარება და გარდატეხა, რათა ბადურაზე მკაფიო გამოსახულება იყოს. ასაკთან ერთად ბროლი ელასტიკურობას კარგავს და შემღვრევას იწყებს, მხედველობა თანდათან ქვეითდება და საბოლოოდ თვალი მხოლოდ სინათლეს აღიქვამს. კატარაქტა შეიძლება იყოს თანდაყოლილი და შეძენილი.
მეორე საკმაოდ გავრცელებული დაავადება არის გლაუკომა. ეს თვალის ქრონიკული დაავადებაა, რომლის დროსაც იზრდება თვალის შიდა წნევა და ზიანდება მხედველობის ნერვი. მხედველობა ქვეითდება და შორს წასული გლაუკომის შემთხვევაში შესაძლოა ადამიანი დაბრმავდეს. გლაუკომით გამოწვეული სიბრმავე, სამწუხაროდ, შეუქცევადია, რადგან ზიანდება მხედველობის ნერვი. ის უმეტესად 40 წელს გადაცილებულებს ემართებათ, თუმცა გვხვდება ახალგაზრდებსა და ახალშობილებშიც. გლაუკომის მკურნალობა სამი ძირითადი მიმართულებით მიმდინარეობს. მედიკამენტოზური, ლაზერული და ქირურგიული. საკმაოდ გავრცელებულია რეფრაქციული პათოლოგიები: ახლომხედველობა, შორსმხედველობა და ასტიგმატიზმი. მათი მკურნალობაც სამი მიმართულებით მიმდინარეობს. სათვალის დანიშვნა, კონტაქტური კორექცია და საუკეთესო გამოსავალი ლაზერული კორექცია.
რა არის კატარაქტას მკურნალობის მეთოდი?
ბროლში განვითარებული შემღვრევები შეუქცევადია, ამიტომ ვერავითარი წვეთები, სათვალე, ვიტამინები და ვარჯიში ბროლს გამჭვირვალობას ვერ დაუბრუნებს. კატარაქტის მკურნალობა მხოლოდ ქირურგიულია, ამ დროს შემღვრეული ბროლი ხელოვნური ბროლით იცვლება. ოპტიკური თვისებებით იგი ბუნებრივ ბროლს ჰგავს, ძალიან საიმედოა და მთელი ცხოვრება შეიძლება გაძლოს. ამჟამად კატარაქტის ოპერაციები ულტრაბგერითი ფაკოემულსიფიკაციით სრულდება. ეს მეთოდი საშუალებას იძლევა, მინიმალური განაკვეთიდან ამოვიღოთ დანაწევრებული, შემღვრეული ბროლი, რაც მინიმუმამდე ამცირებს გართულების რისკს.
ოპერაცია შეიძლება ჩატარდეს კატარაქტის განვითარების ნებისმიერ ეტაპზე, მაგრამ სასურველია მისი ჩატარება ადრეულ საფეხურზე. ინტრაოკულარული ლინზების მრავალი მოდელი არსებობს. მათი ზოგიერთი თანამედროვე მოდელი თანდართული პათოლოგიის, მაგალითად, რქოვანას ასტიგმატიზმის გასწორების საშუალებასაც იძლევა. ხელოვნური ბროლის ოპტიკური ძალა ინდივიდუალურად შეირჩევა ყველა პაციენტისთვის. ოპერაციიდან 2-3 საათის შემდეგ პაციენტს უკვე აღენიშნება მაღალი მხედველობა.
აღსანიშნავია, რომ ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი რამდენიმე წელია გამოირჩევა განსაკუთრებული მზრუნველობით პაციენტების მიმართ და სიბრმავის პრევენციის ინიციატივის ფარგლებში, კატარაქტის და გლაუკომის უფასო სკრინინგის შესაძლებლობას ქმნის პენსიონერებისთვის. ცენტრის ძალისხმევით უკვე ათასობით პენსიონერმა გაიარა თვალის დაავადებების უფასო სკრინინგი.
რას ურჩევდით პაციენტებს? გვესაუბრეთ სკრინინგის მნიშვნელობაზე.
კეთილსაიმედო გამოსავლის მთავარი ფუნდამენტი სკრინინგია. რა თქმა უნდა, ყოველ დაავადებასთან გამკლავების ძირითადი პრინციპი მისი დროული აღმოჩენაა. ვისურვებდი, რომ ჩვენს რეალობაში აქტიურად მოიკიდოს ფეხი პროფილაქტიკურმა კვლევებმა, მით უფრო, რომ „ნიუ ჰოსპიტალსის“ ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი სთავაზობს ჩვენს მოსახლეობას უფასო გასინჯვებს, კატარაქტისა და გლაუკომის სკრინინგს მათი დიაგნოსტირების მიზნით. მოსახლეობას კი ვურჩევდი, რომ მხედველობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ პრობლემაზე დროულად მიმართონ ექიმს, რათა ხელი შეგვიწყონ ექიმებს, ჩვენც დროულად და ეფექტიანად ვიზრუნოთ მათ ჯანმრთელობაზე.
ტექსტი: სოფიო მალანია
ფოტო: ალექსეი სეროვი