კატარინა ურთქმელიძე ცხოვრებისეულ გამოცდილებებზე, ღირებულებებსა და ფასეულობებზე
უსმენ მას და ხვდები, ადამიანის შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს. „OK! ბათუმის“ სტუმარი ექიმი დერმატო-კოსმეტოლოგი, თავისი საქმის პროფესიონალი, ნამდვილი ბიზნესლედი, კატარინა ურთქმელიძეა, ძლიერი ქალი, რომელსაც ყოველთვის სჯერა საკუთარი შესაძლებლობების და არასოდეს ნებდება არცერთ ცხოვრებისეულ გამოწვევას. თავი ესთეტიკურ მედიცინას მიუძღვნა, წინ არაერთი საინტერესო მიზანი აქვს, რომლითაც ,დარწმუნებულია, თავის ღირსეულ სიტყვას იტყვის აღნიშნულ სფეროში. კატარინა ურთქმელიძის ერთ-ერთი პროფესიული გეგმა ბათუმსაც უკავშირდება, ქალაქს, რომელიც ძალიან უყვარს და ეძვირფასება. აპირებს ბათუმში გახსნას სასწავლო ცენტრი, რომლის საშუალებითაც აქ მცხოვრებ ექიმ-კოსმეტოლოგებს თავის მრავალწლიან და სხვადასხვა ქვეყანაში მიღებულ გამოცდილებას გაუზიარებს. რომელი გადაწყვეტილება ეამაყება ყველაზე მეტად, როგორია სილამაზის მისეული აღქმა,
რა რეკომენდაციას უწევს ქალბატონებს, რომლებსაც სურთ მუდმივად მშვენიერ ფორმაში იყვნენ – პასუხებს გაეცანით „OK! ბათუმის“ ინტერვიუში.
რას მიიჩნევთ თქვენი წარმატების ფორმულად?
ჩემთვის წარმატება არის ერთგვარი სრულყოფილების ფორმულა, რომელიც მოიაზრებს როგორც ოჯახურ, ასევე კარიერულ იდილიას. იმისათვის, რომ ქალი იყოს შემდგარი, აუცილებელია ჰქონდეს და აკეთებდეს საყვარელ საქმეს. სწორედ ამიტომ, არასოდეს ვკარგავ მადლიერების შეგრძნებას. მადლიერი ვარ ყოველი ახალი დღის, რადგან ჩემთვის ყოველი დილა ახალ შესაძლებლობებთან ასოცირდება. როცა დღე იწყება, ვფიქრობ ყველაფერზე, რისი გაკეთებაც შემიძლია. ცოდნაზე, რომლის მიღების წყურვილი მუდმივად მაქვს და ვემზადები ახალი გამოწვევებისთვის. მაქვს და ყოველთვის მქონდა კონკრეტული ხედვა, თუ როგორ შეიძლება დასახულ მიზნამდე მივიდე. არ ვუშინდები გამოწვევებს. მჯერა, რაც გულით გინდა, იმას აუცილებლად მიაღწევ, მთავარია ირწმუნო საკუთარი თავის და არასდროს დანებდე. სიახლეთა შემეცნებისკენ დაუოკებელი და უწყვეტი სწრაფვის პოტენციალი და უნარი ბავშვობიდან მქონდა. არასოდეს ვკმაყოფილდებოდი საკუთარი ცოდნით. საზოგადოებრივმა სტერეოტიპებმა და ტაბუებმა განაპირობა, ბავშვობიდან ვყოფილიყავი ძლიერი გოგო, ხოლო შემდგომში თავდაჯერებული ქალი. ამ ყველაფერში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა დედამ, რომელიც ყველა ჩემს ახალ წამოწყებას და იდეას უდიდესი ენთუზიაზმით ხვდებოდა, მხარს მიჭერდა და ეჭვი არასდროს შეჰპარვია ჩემს შესაძლებლობებში. ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ და ორგანულად იგებოდა, მხოლოდ საკუთარი შრომითა და მოთმინებით. თუმცა ჯანსაღი ამბიციები და კონკრეტული დიდი მიზნები ყოველთვის მქონდა. ძალიან კარგად მქონდა გააზრებული, რომ ყველა წამოწყება, საქმე თუ პროექტი, ყოველთვის გამარჯვებით ვერ დასრულდებოდა. თითოეული უსიამოვნო სიტუაციიდან თუ მარცხიდან ყოველთვის უდიდესი გამოცდილებითა და წინსვლის უფრო დიდი სურვილით გამოვდიოდი და არასდროს ვნებდებოდი. საკუთარ წარმატებასა თუ წარუმატებლობაზე პასუხისმგებელი ვიყავი მხოლოდ და მხოლოდ მე და არავინ სხვა. როგორ რთულ სიტუაციაშიც არ უნდა აღმოვჩენილიყავი, ენთუზიაზმი არასდროს დამიკარგავს. ყველა მარცხს ვხვდებოდი დადებითად, რადგან ვიცოდი, რომ დიდი გამარჯვების მიღწევა დაბრკოლებების გარეშე წარმოუდგენელია. წარმატების მთავარ ფორმულად ჩემი ორი მნიშვნელოვანი თვისება – მოთმინება და ნებისყოფა მიმაჩნია.ზოგადად, ნებისმიერი ადამიანის წარმატება პირდაპირ დამოკიდებულია ამ ადამიანის შესაძლებლობებზე, მოლოდინებსა და იღბალზე. ჩემს შემთხვევაში ზემოთ ჩამოთვლილთან ერთად თვითდისციპლინა, მიზანდასახულობა, თავდაუზოგავი შრომა და დადებითი განწყობა მიმაჩნია ჩემი წარმატების მთავარ განმსაზღვრელ ფაქტორებად. არ არსებობს სწრაფად მიღწეული წარმატება, მაგრამ პროცესების დაჩქარება შესაძლებელია, ამისთვის კი ბევრ შრომაზე მეტად ჭკვიანური შრომაა საჭირო. რა თქმა უნდა, საკუთარ თავსა და გარშემო მყოფებზე ზრუნვა აუცილებელია, რადგან ჯანსაღი სხეული და გარემო არის ის, რისკენაც ყველა ჩვენგანი უნდა ისწრაფოდეს, რათა საბოლოო მიზანს მიაღწიოს.
მოგვიყევით თქვენს ამჟამინდელ საქმიანობაზე, მიზნებსა და პრიორიტეტებზე…
წლებია ესთეტიკური მედიცინის სფეროში ვარ და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თავიდან ბოლომდე ამ საქმიანობის შესწავლას მივუძღვენი თავი, ვვითარდები და კვლავ ვაგრძელებ. სხვადასხვა ქვეყანაში ათვისებული გამოცდილებით, ცოდნითა და ტექნოლოგიებით დღემდე ვცდილობ ჩემი სიტყვა ვთქვა ამ სფეროში და ვხვდები, რამდენად მნიშვნელოვანია ეს საქმე ჩემთვის. მე მას ჩემს მედიტაციას ვუწოდებ. ცოტა ხნის წინ ჩამოვედი საქართველოში, რათა აქ გამეგრძელებინა და დამემკვიდრებინა ჩემი პრაქტიკა. ჩემი ესთეტიკური ცენტრი ამჟამად King David-ში მდებარეობს. სულ მინდოდა საქართველოში ამ სფეროსთვის რაღაც ღირებული შემექმნა და მიხარია, რომ ჩემი შრომა დაფასებულია. საქართველოშიც ბევრი ვისწავლე ცოდნისა და პრაქტიკის გასაღრმავებლად. ქართველ კოლეგებთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ და ერთმანეთს ვუზიარებთ გამოცდილებას. მიხარია, რომ საქმე, რომელიც ჩემთვის პროფესიაზე ბევრად მეტია, მაძლევს საშუალებას, გაწეული ძალისხმევიდან სასიამოვნო ბონუსად მივიღო ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის უზრუნველყოფილი ცხოვრების სტილი. ეს ყველაფერი იმ ადამიანების დამსახურებაა, ვინც ენდო ჩემს გამოცდილებასა და ცოდნას. ჩემს პრიორიტეტად რჩება დერმოკოსმეტოლოგიის სფეროს განვითარებაში წვლილის შეტანა და ბევრი ადამიანის ცხოვრების გაუმჯობესება, იქნება ეს ამ სფეროს პროფესიონალი თუ პაციენტი.
როგორ ახერხებთ გამოიყურებოდეთ არაჩვეულებრივად, იყოთ წარმატებული ბიზნესლედი, ყურადღებიანი და მოსიყვარულე დედა? რა გაძლევთ ძალასა და მოტივაციას?
დიდი მადლობა ამ სიტყვებისთვის… გქონდეს წარმატებული კარიერა, შეინარჩუნო ახლო ურთიერთობა შვილებთან და ამავდროულად უვლიდე საკუთარ გარეგნობას, დღესდღეობით გამოწვევაცაა, მაგრამ მიღწევა შესაძლებელია და ბევრი წარმატებული ქალი ახერხებს ამას. იმედია, ჩემი შვილებიც დამეთანხმებიან, რომ მაქსიმალურად ვცდილობ მათ საკმარისი დრო დავუთმო. არ არსებობს რაღაც მაგიური ფორმულა იმისთვის, რომ ბალანსი იპოვო სამსახურსა და ოჯახს შორის, ეს, ალბათ, შინაგანი ძალა და დისციპლინაა, რაც ყველაზე ხშირად გვეხმარება წინსვლაში. თუმცა, აქამდე ვერ ვაანალიზებდი, რამდენად აუცილებელია სხვა ადამიანების მხარდაჭერა მაშინ, როდესაც მშობელი ხარ. ყოველთვის მიყვარდა და ახლაც დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ყოველდღიურ სწავლას, რასაც ვიღებ გარშემო მყოფებისგან, მეგობრებისგან. ამისთვის, დამეთანხმებით, დიდი ენერგიაა საჭირო და ვიტყოდი, რომ ჩემი ენერგიის წყარო, რაც მე დღემდე მაძლიერებს, ჩემი შვილები არიან. სწორედ ისინი მაძლევენ ძალას, მუდმივად წინ ვიარო. იმისთვის, რომ ქალი წარმატებული იყოს, სწორად უნდა გაანაწილოს დრო შვილებსა და საკუთარ საქმეზე. ქალის მომხიბვლელობა, პირველ რიგში, საკუთარ თავთან ჰარმონიულობიდან მოდის. შინაგანი ქარიზმა, ინტელექტი და თავდაჯერებულობაა ის თვისებები, რაც ქალს მიმზიდველს ხდის. რაც შეეხება გარეგნულ სილამაზეს, დიდ ყურადღებას ვაქცევ კანის, თმისა და კბილების სიჯანსაღეს. მინდა ჩემი შვილების თვალში ვიყო სამაგალითო დედა, გამოვიყურებოდე კარგად და ვიყო ფორმაში. პროცესში გამოვიმუშავე მოთმინებაც და მადლიერებაც იმ ყველაფრისა და ყველას მიმართ, რაც გამაჩნია და რასაც მივაღწიე. პიროვნული ზრდა გადადის კარიერულ ზრდაში და ვფიქრობ, ამას ჩემს შვილებს უნდა ვუმადლოდე.
სფერო, რომელშიც მოღვაწეობთ, კონკურენტუნარიანია. როგორ ფიქრობთ, რა არის იმისათვის საჭირო, რომ ადამიანების ნდობა მოიპოვო?
გეთანხმებით იმაში, რომ მსოფლიოს მასშტაბით, წლების მანძილზე ბევრი პროფესიონალი შეემატა ამ სფეროს, რაც ძალიან მახარებს. ჩემთვის არსებობს მხოლოდ ჯანსაღი კონკურენცია, რაც მიბიძგებს იმისკენ, რომ გონივრულად ვმართო ჩემი დრო და რესურსები. მაქვს თვითრწმენა და არასდროს ვაჩერებ სწავლისა და განვითარების პროცესს. მსოფლიოს წამყვან კლინიკებში მრავალწლიანმა გამოცდილებამ მასწავლა, რომ ეს ის სფეროა, რომელიც მუდმივად ვითარდება და სპეციალისტების ცოდნაც მუდმივ განახლებას საჭიროებს. ჩვენი საქმიანობის ძირითადი მიზანი პროცედურებით პაციენტების თვითშეფასების ამაღლებაა, რომლებიც შედეგად მათთვის სასურველ ვიზუალს გვაძლევს. სილამაზისა და ახალგაზრდობისკენ სწრაფვა იყო და მუდმივად იქნება ამ სფეროს მამოძრავებელი ძალა. ხოლო ტექნოლოგიები და პრაქტიკა, წლების მანძილზე, გვაძლევს იმის საშუალებას, მივაწოდოთ ხალხს ის, რაც მათ სურთ. მეც, როგორც ყველას, ყოველთვის მაინტერესებდა სილამაზე და თავის მოვლა, ხოლო, როცა დავიწყე ამ სფეროს ღრმად შესწავლა, მივხვდი, რომ ეს არა მხოლოდ საქმე, არამედ ჩემი გატაცებაა. ისევე, როგორც არტისტებისთვის თავიანთი ხელოვნების ნიმუშებია ძვირფასი, ჩემთვისაც თითოეული პაციენტის კანის მოვლა და შემდგომ მიღებული დადებითი შედეგი სრული ეიფორიაა. ალბათ, ის ადამიანები, ვისი ნდობაც ამ წლების მანძილზე დავიმსახურე, ხედავენ, რომ ეს მხოლოდ პროფესია არაა ჩემთვის და მათი კანი საიმედო ხელშია.
გადაწყვეტილება, რომელიც ყველაზე მეტად გეამაყებათ…
ძალიან მეამაყება, რომ ევროპაში 9-წლიანი საქმიანობისა და სწავლის შემდეგ თბილისში დავბრუნდი და ჩემს ინტელექტუალურ რესურსს საქართველოს ვახმარ. მე აქ დავიბადე, ჩემი ოჯახი და საყვარელი ადამიანები აქ არიან, ჩემთვის საამაყო და უსაზღვროდ მდიდარი კულტურის მქონე ქვეყანაში. თბილისში მუშაობის გარდა, ევროპას ხშირად ვსტუმრობ, მომსახურებას ვუწევ იქაურ პაციენტებს. ეს ერთგვარ წვდომას მაძლევს უახლეს ტექნოლოგიებსა და ტენდენციებთან, რომელიც შემდგომ შემიძლია თბილისში გამოვიყენო. შემეძლო ნებისმიერ სხვა ქვეყანაში გამეგრძელებინა საქმიანობა, მაგრამ მთელი გულით მინდა დერმოკოსმეტოლოგიის სფეროს განვითარება საქართველოშიც ისეთივე ფართომასშტაბიანი იყოს, როგორც იმ ქვეყნებში, სადაც ვისწავლე და ვიმუშავე. მინდა ბევრ ახალგაზრდას გაუჩნდეს სურვილი ამ სფეროს დაუფლების და მსურს, რომ ადგილობრივ დერმოკოსმეტოლოგიურ მედიცინას კარგი სპეციალისტები შეემატოს.
როგორია სილამაზის თქვენეული აღქმა?
თუ ადამიანებზე ვსაუბრობთ, ჩემი აზრით, სილამაზე არის ბედნიერება; სილამაზე არის თავდაჯერებულობა; სილამაზე არის ის, როგორადაც შენ აღიქვამ თავს და არა ის, თუ როგორ გხედავენ სხვები. იყო ლამაზი, არ ნიშნავს აკმაყოფილებდე რაღაც სტანდარტებს ან არ ჰგავდე სხვას, არამედ მოგწონდეს შენი თავი. ჩვენი ტვინი მოწყობილია ისე, რომ მოგვწონს და ვაფასებთ ყველაფერ ესთეტიკურს. სილამაზე ასხივებს ბედნიერებას, სიხარულსა და სიმშვიდეს. ეს შეიძლება იყოს ბუნება, ხელოვნების ნიმუში ან მუსიკა. როდესაც რაღაც ლამაზს ვხედავ, მჯერა, ამ რაღაცამ იცის, რომ ის ლამაზია, დარწმუნებულია, რომ მე მომწონს და მისი ყურება მახარებს. ასევეა ადამიანის სილამაზეც ჩემს თვალში – არ იზომება კონკრეტული სტანდარტებით, უბრალოდ, ემოციებს იწვევს, რაც გვამახსოვრდება. როგორც სფეროს სპეციალისტი, ვფიქრობ, ჩემი დანიშნულებაა ადამიანებს დავანახვო თავიანთი სილამაზე, შევმატო მათ თავდაჯერებულობა. ხოლო როცა ისინი შედეგით კმაყოფილები რჩებიან და მოსწონთ საკუთარი თავი სარკეში, დამიჯერეთ, ეს ემოცია ორმაგად ალამაზებთ.
მოგზაურობა და მისგან მიღებული ემოციები…
მოგზაურობა ჩემი ცხოვრებისა და სამსახურის განუყოფელი ნაწილია. არაერთ ქვეყანაში მიმოგზაურია და მიცხოვრია. ვცდილობ საქმიანი ვიზიტების დროსაც მივიღო მაქსიმალური სიამოვნება სამოგზაურო ადგილებში ღირსშესანიშნაობების დათვალიერებით. სხვა ქვეყნების მონახულების სურვილი ბავშვობიდან გამიჩნდა. ინსპირაცია ბებოსგან მივიღე, რომელიც ფრანგულის მეთოდისტი პედაგოგი გახლდათ. იგი ჯერ კიდევ მცირე ასაკიდან მესაუბრებოდა ფრანგულად, მაცნობდა პარიზულ კულტურას, ხელოვნებას. სწორედ ამ დროიდან გამიჩნდა უდიდესი ინტერესი ევროპის ქვეყნების მიმართ. განათლება დერმოკოსმეტოლოგიის მიმართულებით სწორედ სხვადასხვა ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებებში მივიღე – შვეიცარიაში დავეუფლე ამ სფეროს საფუძვლებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ბიძგი გახდა ჩემთვის, რათა ცოდნა გამეღრმავებინა. შემდგომ, საფრანგეთში უფრო გამიძლიერდა ამ სფეროს მიმართ სიყვარული, ეს ქვეყანა ხომ ცნობილია კოსმეტიკური საშუალებების ხარისხითა და უნიკალურობით. დუბაიში შევისწავლე კანის მოვლის აღმოსავლური ტექნიკა და გარკვეული ასპექტები შემოვიტანე ჩემს მეთოდოლოგიაში, კერძოდ, უძველესი რეცეპტები და ტექნიკა. გერმანიაში კანის მოვლის ინოვაციური მეთოდოლოგიის შეცნობის პერიოდი მქონდა. მოკლედ რომ ვთქვათ, მოგზაურობა ისაა, რამაც ამ სფეროს სპეციალისტად ჩამომაყალიბა. ამის გარდა მაქვს სხვა ბიზნესები, რომლებიც ევროპის ქვეყნებთან სისტემატურ კავშირებს მოითხოვს. შესაბამისად, მოგზაურობასთან დაკავშირებული ემოციები ესაა: სწავლის წყურვილი, აღფრთოვანება, თავდაჯერებულობა, შეგრძნება, რომ ჩემს ცხოვრებაში რაღაც ახალი კარი გავხსენი. გაგიკვირდებათ და, მოგზაურობიდან დაბრუნებისთანავე, რაც არ უნდა დაღლილი ვიყო, შემდეგ მოგზაურობაზე ფიქრს ვიწყებ.
გამოცდილება, რომელმაც თქვენს პროფესიულ განვითარებაში დიდი როლი შეასრულა…
გადამწყვეტი ფაქტორი ჩემი პროფესიული განვითარებისთვის, ალბათ, იყო პირველი პრაქტიკა და პირველი კმაყოფილი პაციენტი. ძალიან რთულია ბოლომდე თავდაჯერებული იყო და მცირეოდენ ღელვას არ გრძნობდე მაშინაც კი, როდესაც წლებია ამ სფეროში ხარ. ეს ხომ ვიღაცის მთელი ცხოვრებაა. ამიტომ ძალიან ვნერვიულობდი, თუმცა როდესაც საბოლოო შედეგით პაციენტი კმაყოფილი დარჩა, გავიფიქრე: „ეგ არის! აი, რატომ უნდა ვაკეთებდე ამ საქმეს, აი, რატომ უნდა ვისწავლო მეტი“. ამის შემდეგ გადავწყვიტე რაც შეიძლება მეტი დადებითი ემოცია გამეცა და მიმეღო იმ ადამიანებისგან, ვინც საკუთარი თავი ჩემს პროფესიონალიზმს ანდო.
თქვენი, როგორც დერმატო-კოსმეტოლოგის რეკომენდაცია ქალბატონებს, ვისაც სურთ, რომ ყოველთვის არაჩვეულებრივად გამოიყურებოდნენ…
გარდა იმისა, რომ პიროვნულ ბედნიერებასა და სიმშვიდეზე უნდა იზრუნოთ, არ დაივიწყოთ მზისგან დამცავი საცხი, გაიმარტივეთ თავის მოვლის პროცედურა, არ გაიღიზიანოთ კანი ზედმეტი პროდუქტებით, იპოვეთ ის, რაც თქვენთვის საუკეთესოა და აქციეთ მათი გამოყენება ყოველდღიურ რუტინად. შეამოწმეთ თქვენი კანის სიჯანსაღე რეგულარულად პროფესიონალებთან. რეგულარულად მიიღეთ დიდი ოდენობით წყალი, რათა დაიტენიანოთ ორგანიზმი და კანი, ივარჯიშეთ და იკვებეთ ჯანსაღად. როგორც აქამდე აღვნიშნე, დიდი ყურადღება დაუთმეთ კანის, თმისა და კბილების სიჯანსაღეს. დამიჯერეთ, წლები ვერაფერს დაგაკლებთ, თუ საკუთარ თავზე იზრუნებთ.
ბათუმი უყვარს ყველას, ვინც თუნდაც ერთხელ სტუმრებია მას. როგორია თქვენი წილი ბათუმი, გეგმავთ თუ არა, ბათუმელებსაც გაუზიაროთ თქვენი გამოცდილება?
ბათუმი ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი ქალაქია ჩემთვის. ზღვა, კერძები და ადამიანები არავის არ ტოვებს გულგრილს და არც მე ვარ გამონაკლისი. ძალიან მიყვარს ზღვისპირა ქალაქები და ბათუმს საქმის გარდა ხშირად ვსტუმრობ დასათვალიერებლად და დასასვენებლადაც. ღამის ბათუმი ყველას უყვარს, განათებები, კლუბები, სიცოცხლე ჩქეფს, თუმცა მე პირადად ძალიან მიყვარს დილის ბათუმის ენერგია, როდესაც ხალხი ზღვის სანაპიროსკენ მიემართება. ეს მხოლოდ სანაპირო ქალაქი არაა, არაჩვეულებრივი ძველი და ახალი არქიტექტურით ბათუმი იმდენად მომხიბვლელია, რომ სურვილი გიჩნდება, ყველა კუთხე რამდენჯერმე დაათვალიერო. ასევე, უახლოეს მომავალში ბათუმში სასწავლო ცენტრის გახსნას ვგეგმავ, სადაც იმის შესაძლებლობა მექნება, რომ ჩემი გამოცდილება, განათლება და სხვადასხვა ქვეყანაში მიღებული პრაქტიკა ვასწავლო და გავუზიარო აქაურ ექიმ-კოსმეტოლოგებს. ამასთან შევძლებ ბათუმელ პაციენტებსაც ჩემი ტექნიკებისა და ევროპული გამოცდილების მეშვეობით სასურველი შედეგების მიღწევაში დავეხმარო.
ბედნიერი ვარ, როცა…
ყველაზე ბედნიერი ვარ, როცა ჩემი შვილები ამაყობენ ჩემით. მცირე თუ დიდი მიღწევა მათაც ისევე ახარებთ, როგორც მე. როცა ვხედავ, რომ რაღაც მაგალითის მიცემა შემიძლია მათთვის, ეს ყველაზე მეტად მავსებს ემოციით. მინდა ისინი ძლიერ თავდაჯერებულ და მიზანდასახულ პიროვნებებად აღიზარდონ. თუ ჩემი ნაბიჯები ამაში წვლილს შეიტანს, ყველაზე დიდი მიღწევა ეს იქნება ჩემთვის.
თვისება, რომელიც თქვენს სიძლიერეს უსვამს ხაზს…
ალბათ, ნებისყოფა და მოთმინება. ვფიქრობ, საკმაოდ დიდ შინაგან ძალას მოითხოვს ის, რომ იყო მომთმენი და მობილიზებული ნებისმიერ რთულ სიტუაციაში. ყოველთვის, როდესაც რაღაც სირთულეს ვაწყდები, ხელების ჩამოყრა არასდროს არაა ჩემ მიერ არჩეული ვარიანტი, პირიქით, ვცდილობ ყველაფრიდან გაკვეთილი მივიღო და ვაქციო ის არა წინაღობად, არამედ კიბის საფეხურად უფრო დიდი წარმატებისთვის. ვიცი, რთულია, მაგრამ ყველას ვურჩევდი, მშვიდ და საღ გონებაზე დასხდნენ, თბილი აბაზანა მოიმზადონ და დამიჯერეთ, თქვენც იპოვით ოპტიმიზმის საფუძველს ნებისმიერ სიტუაციაში, თუ თავს ძალას დაატანთ.
იყო ექიმი, ნიშნავს…
იყო ექიმი ნიშნავს, იყო ვიღაცის იმედი. პასუხისმგებლობა, რაც ექიმებს გვაკისრია, ვიღაცისთვის არის მთელი ცხოვრების განმსაზღვრელი. ექიმი და პაციენტი ერთმანეთის დასაყრდენები ვართ. იყო ექიმი, ნიშნავს ასევე იყო კარგი ადამიანი, ერთგვარი ემპათი, რომელსაც შეუძლია ძალა მისცეს პაციენტს, რომ მათ უფრო კარგად იზრუნონ საკუთარ ჯანმრთელობაზე, საკუთარ გარეგნობაზე. გადამწყვეტი ეტაპი ექიმისთვის მაშინ დგება, როცა იაზრებს, რომ ბავშვობიდან არჩეული პროფესია, რომელიც მისი ოცნებაა, სინამდვილეში მთელი იმედია ვიღაცისთვის. მე ძალიან მიყვარს, რასაც ვაკეთებ და ძალიან ადრე მივხვდი, რატომ უნდა მეკეთებინა ეს საქმე. ყველამ უნდა დაუსვას საკუთარ თავს კითხვა რაღაც ეტაპზე, რატომ უნდათ მათ გახდნენ ექიმები. თუ პასუხი აკმაყოფილებს მათი პოტენციური პაციენტის იმედებს, მაშინ სწორ გზაზე დგახართ და გილოცავთ, თქვენ კარგი ექიმი ხართ!
როგორია თქვენი თავისუფალი დრო…
ჩემი თავისუფალი დრო ეთმობა უმეტესად ჩემს შვილებს, ოჯახის წევრებსა და მეგობრებს. სამი არაჩვეულებრივი შვილი მყავს და ვცდილობ მათთან გატარებული დრო სასიამოვნო და ნაყოფიერი იყოს, ერთად ვერთვებით სხვადასხვა სახალისო აქტივობებში. დედაჩემი ჩემი უდიდესი მხარდამჭერი და მოტივატორია. მათთან ყოფნისას ენერგიით ვიმუხტები და თან განტვირთვაცაა. ამასთან, ძალიან დადებითად მოქმედებს ჩემზე სხვადასხვა აქტიური სპორტის სახეობები, როგორებიცაა Ride therapy, რომელსაც სხვანაირად თერაპიულ ცხენოსნობას უწოდებენ. ეს არის სპორტის, რეკრეაცისა და დასვენების იდეალური კომბინაცია, რაც ხელს უწყობს თვითშეფასების ამაღლებას და თავდაჯერებულობას მმატებს. თავისუფალი დროის ნაწილს ვუთმობ Off-road აქტივობასაც. ვინც არ იცით, ესაა ავტომობილის ტარება უსწორმასწორო გაუკვალავ ზედაპირებზე, როგორიცაა: თოვლი, ტალახი, ქვიშა, ქვები და ა.შ. ეს ადრენალინის მიღების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო საშუალებაა ჩემთვის. ასევე ძალიან მომწონს სასროლო სპორტიც. ეს მეხმარება კონცენტრაციის უნარის შენარჩუნებაში და დისციპლინისთვის იდეალური სპორტია. ასე თუ ისე, ვცდილობ ჩემი თავისუფალი დრო საინტერესო და ნაყოფიერი იყოს, ახალი ენერგიით დავიმუხტო.
მუსიკის როლი თქვენს ცხოვრებაში…
მუსიკა გასაოცარ გავლენას ახდენს ჩემზე… დიდი მელომანი ვარ. გიოარსის სიტყვებს მოვიშველიებ: „ჰარმონიულ მუსიკას აქვს ძალა და თვისება, თავისი ფრთებით ზეაიტაცოს და ზეცას აზიაროს დამძიმებული სული“. მუსიკა მაგიურ ზემოქმედებას ახდენს ჩემს სულიერ მდგომარეობაზე, მას როგორც მედიტაციის ერთ-ერთ საშუალებას ვიყენებ. კარგ მუსიკას შეუძლია გაფანტული და დაძაბული გონების კონცენტრაცია და აფორიაქებული შინაგანი სამყაროს დამშვიდება. გავბედავ და ვიტყვი, რომ მუსიკა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.
სამომავლო გეგმები გაგვანდეთ…
ჩემი სამომავლო გეგმები დიდი, მრავლისმომცველი და შორს მიმავალია. დაკონკრეტებას არ დავიწყებ, ვამჯობინებ ძალიან მალე საქმით დავამტკიცო, რომ შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს. მაგრამ ამ გეგმებს შორის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პუნქტს გავამხელ – ესაა საკუთარი ბრენდის შექმნა. დიდი ხანია ვფიქრობ და დავიწყე მუშაობა პროექტზე, რომელიც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის უმაღლესი ხარისხის, კომფორტული და ლამაზი სამუშაო ტანსაცმლის შექმნას გულისხმობს. ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი ნათელი წერტილი იქნება სფეროს განვითარებისთვის, რადგან სამედიცინო მუშაკის ესთეტიკური ვიზუალი და მისი კომფორტი ჯანსაღი სამედიცინო გარემოს შესაქმნელად დადებითი ნაბიჯია. დანარჩენი გეგმების შესახებაც აუცილებლად შეიტყობთ ძალიან მალე.
ამქვეყნად მოვედი, რადგან…
ამქვეყნად მოვედი, რათა შევქმნა რაღაც ღირებული ადამიანებისთვის, ვისაც ვეიმედები; სფეროსთვის, რომელშიც ვმოღვაწეობ და შვილებისთვის, რომლებიც მხარს მიჭერენ. მჯერა, რომ თითოეულ ადამიანს რაღაც მისია გვაკისრია და რაც უფრო მალე მივხვდებით ამას, მით მალე შევასრულებთ მას. არ აქვს მნიშვნელობა, დიდი თუ პატარა საქმე, ყველა საქმე მნიშვნელოვანია, რომელიც ვიღაცის ცხოვრების გაუმჯობესებას ემსახურება. ჩემი პროფესია ამის ნათელი მაგალითია: ადამიანების გალამაზება (რომელსაც მე ვუწოდებ მათი სილამაზის გამოვლენას) მათ თავდაჯერებას ანიჭებს. თავდაჯერებული ადამიანი კი ამქვეყნად ყველაფერს შეძლებს. ძალიან მინდა ჩემი ნაბიჯები თუ სიტყვები გახდეს მოტივატორი ყველა ახალგაზრდასთვის, ვინც ამ სფეროს ეუფლება ან მომავალში გეგმავს შესწავლას. აუცილებლად გადადგით ნაბიჯები, რომლებიც თქვენი კარიერის შორს მიმავალი გეგმების შესრულებაში დაგეხმარებათ, იქონიეთ მოთმინება და ნებისყოფა და სირთულეების ნუ შეგეშინდებათ!
ფოტო: ნათია სიჭინავა
ჟურნალისტი: ნანა აბულაძე