ქართული OK! წარმოგიდგენთ განსხვავებულ, საინტერესო რუბრიკას, სადაც ჩვენი რესპონდენტები, ამავდროულად, ჟურნალისტის ფუნქციასაც ითავსებენ. უნიჭიერესი მსახიობების – ნანა ბუთხუზისა და ტატო ჩახუნაშვილის გულწრფელი ინტერვიუ-დიალოგი ერთდროულად ტკივილიანი და ღიმილიანია, ფილოსოფიური და თან მსუბუქი, თბილი და სევდიანი ემოციებით, ენერგიითა და სიყვარულით სავსე. ნანას და ტატოს, პარტნიორობის გარდა, მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებთ. რა შეკითხვები აქვთ ერთმანეთთან და რა ამბის მოტანა სურთ თქვენამდე – OK!-ის მკითხველებამდე, ამას მათი დიალოგიდან შეიტყობთ.
(ტატო): ნანა, მოდი, შენი ბავშვობა გაიხსენე.
(ნანა): ისეთი კარგი ბავშვობა მქონდა… სირთულეებიც იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ, ალბათ, შინაგანად პოზიტიური ვარ და ყველაზე ცუდ სიტუაციაშიც კი ვპოულობდი დადებითს. ცუდად ყოფნაში ცხოვრება არასოდეს მიყვარდა.
(ტატო): პირველი სუნი რა გახსოვს ბავშვობიდან? მაგალითად, მე მახსოვს საბავშვო ბაღის სუნი. კარადას რომ გამოვაღებდი, როგორი სუნი იყო იქ.
(ნანა): კი, მეც მახსოვს ბაღი, თუმცა მე თბილისში არა, ესტონეთში დავდიოდი ბაღში. იქ ვცხოვრობდით, რადგან მამა სწავლობდა ტალინში. ძალიან მიყვარდა ყავა რძით და მისი სუნი მახსოვს დღემდე, უგემრიელეს ბუტერბროდებს ვაყოლებდი ხოლმე.
(ტატო): შეყვარებული გყავდა ბაღში?
(ნანა): მე არა, მაგრამ ერთ ბავშვს ძალიან ვუყვარდი თურმე, დედაჩემმა მითხრა. იცი, რა გვარი იყო? ჩაპლინი. მისი ბებია მოდიოდა და ეუბნებოდა ჩემს მშობლებს, გიჟდება ჩემი შვილიშვილი თქვენს შვილზეო. შენ გყავდა ბავშვობაში შეყვარებული?
(ტატო): კი, სკოლაში მყავდა.
(ნანა): მითხარი, პირველად როდის გაიგე სექსის შესახებ? რომ არსებობს ურთიერთობის ასეთი ფორმა ადამიანებს შორის. მე, მაგალითად, დიდხანს მჯეროდა კომბოსტოსა და წეროს ამბები. ცხოველები მიყვარდა ძალიან. მყავდა ძაღლები, კატა, ჩიტები, ზაზუნები, თევზები… წიგნი გვქონდა ცხოველების შესახებ და სხვათა შორის, საკმაოდ მოზრდილ ასაკში იმ წიგნში აღმოვაჩინე, როგორ მრავლდებიან ძაღლები. მივხვდი, რომ ადამიანებშიც იგივე ხდებოდა.
(ტატო): მე ზუსტად აღარც მახსოვს, რა ასაკში აღმოვაჩინე. არც ისე დიდი ვიყავი. ნანა, მოდი, მამაზე მოგვიყევი. რატომ გიყვარდა ასე ძალიან?
(ნანა): მამა მოცეკვავე იყო. შემდეგ ცეკვას შეეშვა და გადაწყვიტა მხატვარი გამხდარიყო. ესტონეთში წავიდა და სამხატვრო უნივერსიტეტში ისწავლა. რომ ჩამოვიდა, ძალიან მალე ქვეყანაც დაიქცა. მამაჩემი არანორმალურად მიყვარს, იმდენად, რომ ცრემლებიც მომდის, როცა მასზე ვლაპარაკობ. მამა – ეს მე ვარ, მე ვარ მამაჩემი. ის ახლაც ცოცხალია, იმიტომ, რომ აქ, მუდამ ჩემს გულშია. მამა სხვა ქვეყანაში უნდა დაბადებულიყო, ამ ქვეყანამ თავისი სისტემით და წყობით დაანგრია მისი ფსიქოტიპი. ყველა მხრიდან ბარიერები ხვდებოდა მაშინ, როცა შინაგანად უზომოდ თავისუფალი და ნიჭიერი ადამიანი იყო.
აქ დღემდე ასე ინგრევიან შინაგანად ადამიანები, რადგან არჩევანის თავისუფლება არ აქვთ და თვითრეალიზებას ვერ ახდენენ. ისინი იძულებული არიან აკეთონ ის, რაც არ უნდათ, იმისათვის, რომ იარსებონ… ეს ძალიან ცუდია. მე და შენ ბედნიერი ადამიანები ვართ, რადგან იმას ვაკეთებთ, რაც გვიყვარს, თუმცა ხელშეწყობა არ გვაქვს. საერთოდ, მეჩვენება, რომ ბოლო პერიოდში მუხტი, შემართება დაიკარგა, შემოქმედებითად ჩავქრით, მოტივაცია აღარ გვაქვს და ძალით მივათრევთ საკუთარ თავებს ამ პროფესიაში. ასე არ არის?
(ტატო): კი, ზოგადად, ამ ერთმა წელმაც ბევრი რამ გადააფასა, მინდა ეს თუ არ მინდა, თუმცა ცხოვრება გრძელდება, რაც უნდა მოხდეს. ბევრნი ვართ ალბათ ამ ქვეყანაზე და ვიხშირებით. შეიძლება ვცდები, მაგრამ ასეთი განცდა მაქვს. მითხარი, რა გაწუხებს?
(ნანა): მაწუხებს, როცა ამბობენ, რომ არ უყვართ თეატრი. მივლენ სპექტაკლზე, არ მოეწონებათ და შემდეგ საერთოდ წყვეტენ თეატრში სიარულს. მიზეზი, ალბათ, ისაა, რომ თეატრში თამაშის ძველ ხერხებში ვართ ჯერ კიდევ ჩარჩენილი. ჩემი შვილი 19 წლისაა. როცა ვთამაშობ, მუდამ ვფიქრობ, რომ მისი თაობისთვის აქტუალური ვიყო. ყოველთვის ვიაზრებ, რამდენად სწორ სათქმელს და ემოციას ვუშვებ, რამდენად შეეხებათ ახალგაზრდებს ის, რასაც მე სცენაზე ვაკეთებ. მათთვის უნდა იყოს ეს ყველაფერი და მათ პრობლემებზე ვილაპარაკოთ. ხშირად ვეკითხები ჩემს შვილს, რა აინტერესებს, რა ახდენს მასზე ზეგავლენას. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ახალი თაობა, მათთვის ვმუშაობ. ისინი მე მზრდიან და მეც ყველაფერი უნდა გავაკეთო, რომ მათთვის საინტერესო ვიყო და ისინიც გაიზარდონ. ჩვენ ერთნი ვართ. მე მყავდა ძალიან კარგი მასწავლებელი თეატრალურ ინსტიტუტში – გიზო ჟორდანია, რომელიც სტუდენტებს გვეუბნებოდა: მე თქვენგან ვსწავლობ. რაც დრო გადის, უფრო მძაფრად აღვიქვამ ამ ფრაზის შინაარსს, რადგან მე თვითონ ჩემი 8 წლის შვილისგან, დღევანდელი ახალგაზრდობისგან ვსწავლობ. ისინი მაძლევენ სალაპარაკო თემას. აბა, სხვა რისთვისაა ჩემი პროფესია?.. ალბათ, ამიტომაც უყვართ „ბალიშის კაცუნა“, რაშიც მთელ სულს, გულსა და ემოციებს ვაქსოვ და ყოველი სპექტაკლისას, საერთოდ არ მაქვს შეგრძნება, რომ ვთამაშობ. ტატო, ახლა შენ მითხარი, ჩემზე რას ფიქრობ? დამახასიათე.
(ტატო): როგორი ადამიანია ნანა ბუთხუზი? არა უსამართლობას! ყურებით დაგკიდებს და სამართალს მაინც გაიტანს. თუ იტყუები, არ გაძლევს საშუალებას, რომ მოიტყუო. ამოგატრიალებს. მართალი ადამიანია, ნანა მართალი, რომელიც არასოდეს გაპატიებს ტყუილს. ძალიან მაგარი პარტნიორია. თვალებში გიყურებს და ზუსტად ესმის შენი. შეიძლება არ გინდოდეს რაღაც, მაგრამ მზერით გათამაშებს, მიგახვედრებს. არ დაგაცდის, რომ მუშაობა დაგეზაროს. საოცარია ნანას პარტნიორობა.
(ნანა): მსახიობის მიერ სცენაზე თამაში სიამოვნების აქტია. უნდა ისიამოვნო შენ, პარტნიორმა და, რა თქმა უნდა, მაყურებელმა. ეს ძალიან ინტიმური ურთიერთობაა. ისეთი ურთიერთობები იბადება სცენაზე, რომელსაც ენით ვერ აღწერ − ამას მხოლოდ გრძნობ. ბედნიერი ვარ, რომ ჩემ გვერდით ისეთი არტისტები მუშაობენ, როგორიც ტატოა, და ჩვენი თეატრის სხვა მსახიობები − ფანტასტიკური უნარებით და თვისებებით დაჯილდოებული ადამიანები და ნამდვილი პროფესიონალები.
(ტატო): დიდი მადლობა ამ სიტყვებისთვის. ნანა, როგორ ფიქრობ, დღეს რა სჭირდება მსახიობს იმისათვის, რომ სრულყოფილად იცხოვროს?
(ნანა): ამისთვის მსახიობს სჭირდება, რომ მისი უფლებები იყოს დაცული, რაც არ არსებობს ამ ქვეყანაში. არ გვყავს აგენტები და სრულიად დაუცველები ვართ საქმიან ურთიერთობაში. მხოლოდ სიტყვიერ შეთანხმებაზე ვმუშაობთ.
(ტატო): და მოდი, ვთქვათ, ეს დაუცველობა უპირველესად, ფინანსებზე აისახება.
(ნანა): კი, იმიტომ, რომ არ ფორმდება კონტრაქტები, არ არსებობს კანონი, რომელიც ჩვენ დაგვიცავს. უპატრონოები ვართ ამ ქვეყანაში. საკუთარ თავში შინაგანი ძალის მოძებნა გვიწევს, რომ მორალურად და ფინანსურად გადავრჩეთ, რადგან ძალიან ღარიბები ვართ არტისტები. ღარიბ ქვეყანაში არტისტიც ღარიბია.
(ტატო): როგორ წარმოგიდგენია ხვალინდელი ცხოვრება?
(ნანა): ბრძოლაში, თავის გატანაში, თავისუფლების ხარისხის ამაღლებაში, საკუთარი თავის მუდმივ ძიებაში, ჩემი შვილების უკეთეს ცხოვრებაზე ზრუნვაში. მინდა, მომავალი თაობა ბევრად განათლებული და რეალიზებული იყოს. არ მინდა, აქედან გარბოდნენ. ჩემი შვილები კი გარბიან. ამ ქვეყანაში არის უზარმაზარი ადამიანური რესურსი. ყველაზე დიდი საგანძური, რაც გვაქვს, ადამიანებია. როგორი მრავალფეროვანი ბუნებაც გვაქვს, არაჩვეულებრივი გეოგრაფია, მთა, ბარი, ასეთივე მრავალფეროვანი, საინტერესო და ძალიან ნიჭიერი ადამიანები ვართ და თითქოს ამ მოცემულობას ხელოვნურად ვგუდავთ, ვკლავთ, არ ვაძლევთ საშუალებას, რეალიზდეს და განვითარდეს. წარმოიდგინე, რომ ქვეყანას ჰქონდეს ნავთობი და მას წყალში ღვრიდეს, დაახლოებით ასე ვღვრით ჩვენს ნიჭიერებას და შესაძლებლობებს. ამ ქვეყანას მაშინ ეშველება, როცა ინდივიდუალური ადამიანური რესურსების სრულად გამოყენების შესაძლებლობა იქნება. ყველა ადამიანშია მზე, ერთადერთი რამაა საჭირო − მივცეთ საშუალება, რომ ანათოს. ჩვენ კი არ ვაძლევთ. შური, ბოღმა, აგრესია, ძალადობა ტრიალებს ჩვენ ირგვლივ, რასაც, უპირველეს ყოვლისა, სისტემა და ქვეყანა განაპირობებს.
(ტატო): სადღაც წავიკითხე, რომ თაობების ცვლა აუცილებლად უკეთესობისკენ გარდაქმნის ამ ქვეყანას. ახალი თაობა იქნება ბევრად კარგი, თავისუფალი და ჯანსაღი.
(ნანა): მთავარია, ბავშვები თავისუფლად, ლაღად აღვზარდოთ. უიღბლო ადამიანი არ არსებობს, ყველას თავისი უნიკალური ნიჭი და უნარები აქვს და როცა მას განვავითარებთ, ქვეყანაც და თაობაც რეალიზებული და შემდგარი იქნება. ბავშვებს უნდა მივცეთ მათი ინდივიდუალური ნიჭისა და ინტერესების მიხედვით განვითარების თავისუფლება.
საბოლოოდ, სიყვარულია ყველაფრის მამოძრავებელი ძალა. თუ სიყვარული გამოძრავებს, შენი გადაწყვეტილება თუ სუფთაა, მას მხარს უჭერს და აძლიერებს სამყარო. უნდა იცხოვრო ჩვეულებრივად არაჩვეულებრივი ხერხებით − ეს უმარტივესი ამოცანაა და სწორედ ამ სიმარტივეშია გენიალურობა, ჩვენ კი ახალ-ახალ ველოსიპედებს ვიგონებთ.
ტექსტი: თაკო გვაზავა
ფოტო: მაკა მეგრელიძე