გულნარა დიასამიძის ცხოვრების გზა და მთავარი გამარჯვება
არასოდეს უფიქრია დანებებაზე, მისი ცხოვრების ყოველი დღე არის ბრძოლა, რომელშიც თავს გამარჯვებულად მიიჩნევს. ფიქრობს, რომ ნებისმიერი გამოწვევა საუკეთესო გამოცდილებაა და თუ იბრძვი, თუ გწამს, აუცილებლად მიაღწევ წარმატებას. სწორედ დაუღალავმა შრომამ, ბრძოლისუნარიანობამ, განვითარებასა და ინოვაციაზე მუდმივმა ორიენტირებამ განაპირობა ის, რომ დღეს ბათუმში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად სტომატოლოგიურ კლინიკას ფლობს, რომელიც 2001 წლიდან არ კარგავს საზოგადოების ნდობას. OK!-ს სტუმარი სტომატოლოგი, „დენტა-ლუქსის“ დამფუძნებელი და დირექტორი, გულნარა დიასამიძეა, რომელიც პროფესიაზე, საკუთარ კლინიკაზე, თავის ოჯახსა და სამომავლო გეგმებზე გვესაუბრა.
ქალბატონო გულნარა, მოგვიყევით ბავშვობაზე, პროფესიაზე…
დავიბადე და გავიზარდე ქ. ბათუმში. ოქროს მედალზე დავამთავრე ქ. ბათუმის #2 ფიზიკა-მათემატიკის სკოლა-ინტერნატი. სწავლა გავაგრძელე მოსკოვის სახელმწიფო სამედიცინო სტომატოლოგიურ უნივერსიტეტში, ამავე უნივერსიტეტის ორთოპედიული სტომატოლოგიის კათედრაზე გავიარე ორდინატურა.
მაშინ, როდესაც ფიზიკა-მათემატიკური სკოლა წარმატებით დავამთავრე, რატომ ავირჩიე სტომატოლოგია? მართალია, მშობლებმაც მირჩიეს, მაგრამ, შეიძლება ითქვას, რომ ექიმობა ჩემი ბავშვობის ოცნება გახლდათ. ყოველთვის მინდოდა ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა. სტომატოლოგია მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე ტექნიკურად განვითარებული დარგია, მასში უდიდესი მნიშვნელობა აქვს დეტალებს, სიმეტრიას, პროპორციას, ეს გარკვეულწილად მათემატიკურ და ლოგიკურ აზროვნებას მოითხოვს. სტომატოლოგია ის სფეროა, სადაც მეცნიერება, ტექნოლოგია და ხელოვნება ერთიანდება, გაძლევს შესაძლებლობას, პრაქტიკული ცოდნა გამოიყენო და შენი შრომის შედეგი პაციენტების ღიმილში დაინახო. სტომატოლოგია მხოლოდ კბილების მკურნალობა არ არის, ის ხელოვნებაა, რომელიც უშუალოდ ცვლის ადამიანის ცხოვრებას. ეს ყველაფერი ჩემთვის უდიდესი მოტივაცია გახდა, რამაც საბოლოოდ დამარწმუნა, რომ სტომატოლოგია იყო სწორი არჩევანი და გზა, რომლისთვისაც ბოლომდე უნდა მეერთგულა. რაც შეეხება პროფესიული განვითარების ეტაპებს, 1983-2000 წლებში ვმუშაობდი ბათუმის სტომატოლოგიურ პოლიკლინიკაში, სადაც გავიარე კარიერული გზა ექიმიდან მთავარ ექიმამდე. ამ პერიოდში მივიღე პროფესიული გამოცდილება, ხელმძღვანელობის უნარები და პაციენტებთან ურთიერთობის პრაქტიკა, რამაც მომავალში დამოუკიდებელი საქმიანობისკენ მიბიძგა.
ცხოვრებისეული გამოწვევა…
90-იანი წლების რთულ პერიოდში, ადრეულ ასაკში, ტრაგიკულად გარდაიცვალა მეუღლე. ორ მცირეწლოვან ბავშვსა და დიდ ოჯახთან ერთად მარტო დავრჩი, რაც ურთულესი გამოწვევა იყო ჩემთვის. ეკონომიკური კრიზისისა და არასტაბილური გარემოს მიუხედავად, საკუთარ თავზე ავიღე ოჯახის უზრუნველყოფისა და შვილების აღზრდის მთელი პასუხისმგებლობა.
როგორ დააფუძნეთ კომპანია და განვითარების რა ეტაპები გაიარეთ?
როგორც ზემოთ აღვნიშნე, სტომატოლოგიურ პოლიკლინიკაში, მთავარ ექიმად მუშაობის პერიოდში მივხვდი, რომ სურვილი მქონდა დამოუკიდებლად გამეგრძელებინა საქმიანობა და ახალი სტანდარტები დამენერგა. 2001 წელს დავაფუძნეთ ერთ-ერთი პირველი კერძო სტომატოლოგიური კლინიკა ქალაქ ბათუმში. მომხმარებელზე ორიენტირებულმა, ხარისხიანმა მომსახურებამ, პაციენტების უპირობო ნდობამ მოგვცა საშუალება, გავფართოებულიყავით და დღეისათვის „დენტა-ლუქსი“ აერთიანებს სამ ფილიალსა და დიპლომის შემდგომი განათლების სასწავლო ცენტრს, რომელსაც მინიჭებული აქვს ISO 9001 საერთაშორისო ხარისხის სერტიფიკატი, რაც ადასტურებს ჩვენი მომსახურების მაღალ საერთაშორისო სტანდარტებს. გარდა ამისა, წლების განმავლობაში ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმი სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი ჯილდოებით იქნა აღიარებული, რაც ჩვენთვის უდიდესი მოტივაციაა.
რა სერვისს სთავაზობთ მოხმარებელს და რატომ უნდა გააკეთონ არჩევანი თქვენს კლინიკაზე?
„დენტა-ლუქსი“ მომხმარებელს სთავაზობს სტომატოლოგიური მომსახურების ფართო სპექტრს, მათ შორის: თერაპიულ, ორთოპედიულ, ქირურგიულ, პაროდონტოლოგიურ და ბავშვთა სტომატოლოგიას, იმპლანტოლოგიას და ახალ მიმართულებას – მიკროსკოპულ და ციფრულ სტომატოლოგიას. ჩვენი კლინიკა გამოირჩევა თანამედროვე ტექნოლოგიებით, მაღალკვალიფიციური გუნდითა და მკურნალობის საერთაშორისო სტანდარტებით. პაციენტები ჩვენ გვირჩევენ არა მხოლოდ ხარისხიანი მომსახურების, არამედ უსაფრთხოებისა და სანდოობის გამო.
როგორ ფიქრობთ, რა არის იმის მიზეზი, რის გამოც მომხმარებელი წლებია გიცხადებთ ნდობას?
ჩვენთვის ნდობა ყველაზე მნიშვნელოვანია. ვმუშაობთ ეთიკისა და პროფესიონალიზმის უმაღლესი სტანდარტებით.
პაციენტისთვის მხოლოდ მკურნალობა არ არის საკმარისი – მნიშვნელოვანია ინდივიდუალური მიდგომა, ემოციური კომფორტი და ის განცდა, რომ მათზე ზრუნავენ. ეს პრინციპი ჩვენთვის ყოველთვის პრიორიტეტული იყო და ვფიქრობ, სწორედ ამან განაპირობა ჩვენი ხანგრძლივი წარმატება.
როგორც ვიცით, მთელი ოჯახი ჩართული ხართ სტომატოლოგიურ საქმიანობაში, მოგვიყევით თქვენს გუნდსა და მთავარ პრიორიტეტებზე…
დიახ, სტომატოლოგია ჩვენთვის მხოლოდ პროფესია კი არა, ცხოვრების წესია. ჩემი შვილები და რძალი ასევე ექიმი-სტომატოლოგები და ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი წევრები არიან. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მაღალი ხარისხის მომსახურება, მუდმივი განვითარება და ინოვაციებზე ორიენტირება.
„დენტალუქსის“ გუნდი შედგება გამოცდილი და ახალგაზრდა სპეციალისტებისგან, რომლებიც რეგულარულად გადიან პროფესიულ ტრენინგებს როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში. ეს გვაძლევს საშუალებას, ვიყოთ თანამედროვე სტომატოლოგიის ავანგარდში და შევთავაზოთ პაციენტებს საუკეთესო შედეგები.
გარდა ამისა, კომპანიამ გამოყო ბიუიჯეტიდან თანხები ექიმებისა და ახალგაზრდა სპეციალისტების პროფესიული განვითარებისთვის საქართველოსა და უცხოეთში. მაისში ჩვენი კლინიკის 7 ექიმი მიემგზავრება ვენაში პარადონტოლოგიის საერთაშორისო კონგრესზე, ჩვენი სრული დაფინანსებით. ეს გვაძლევს საშუალებას, ვიყოთ თანამედროვე სტომატოლოგიის ავანგარდში და მივაწოდოთ პაციენტებს საუკეთესო სერვისები.
პედაგოგიური მოღვაწეობა…
ჩემი პროფესიული კარიერის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი პედაგოგიური საქმიანობა იყო. როგორც სტომატოლოგიის სფეროს სპეციალისტი, ყოველთვის ვცდილობდი არა მხოლოდ პრაქტიკაში დამემკვიდრებინა თავი, არამედ ჩემი ცოდნა და გამოცდილება ახალგაზრდა თაობისთვისაც გამეზიარებინა.
პედაგოგიური მოღვაწეობა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დავიწყე, სადაც აქტიურად ვმონაწილეობდი სტომატოლოგიური ფაკულტეტის ჩამოყალიბებაში. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო და საინტერესო პერიოდი ჩემს კარიერაში.
უნივერსიტეტში მუშაობის განმავლობაში ვხელმძღვანელობდი სტუდენტთა თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას, ვატარებდი ლექციებსა და სემინარებს, ვხელმძღვანელობდი კურსის და სადიპლომო ნაშრომებს. ჩემი მიზანი ყოველთვის იყო, რომ სტუდენტებს არა მხოლოდ თეორიული ცოდნა მიეღოთ, არამედ პრაქტიკული უნარებიც განევითარებინათ, რაც მათ მომავალ საქმიანობაში გამოადგებოდათ. დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ პროფესიული განვითარების პროცესი უწყვეტია და სამედიცინო განათლებაში მუდმივი განახლება და დახვეწა აუცილებელია. სწორედ ამ პრინციპით დავაფუძნე დიპლომის შემდგომი უწყვეტი განათლების სასწავლო ცენტრი „დენტალუქსის“ ფარგლებში. ამ ცენტრში ახალგაზრდა სტომატოლოგებს ვთავაზობთ სპეციალიზებულ ტრენინგებს, მასტერკლასებსა და კვალიფიკაციის ამაღლების კურსებს. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ სტომატოლოგთა პროფესიულ განვითარებას და მათ მივცეთ შესაძლებლობა, აითვისონ თანამედროვე ტექნოლოგიები და ინოვაციური მეთოდები.
განსაკუთრებული სიამაყით აღვნიშნავ, რომ ჩემი ყოფილი სტუდენტები და რეზიდენტები დღეს წარმატებული სტომატოლოგები არიან, რომლებიც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საზღვარგარეთაც მოღვაწეობენ. მათი პროფესიული წინსვლა და მიღწევები ჩემთვის უდიდესი სიხარულისა და მოტივაციის წყაროა.
პედაგოგიური საქმიანობა ჩემთვის ყოველთვის იყო არა მხოლოდ პროფესია, არამედ მოწოდებაც. ყოველი ახალი თაობის აღზრდა და მათი წინსვლის ხილვა ჩემთვის უდიდესი ბედნიერებაა. ამიტომ კვლავაც ვაგრძელებ მუშაობას განათლების სფეროში, რათა ქართველ სტომატოლოგებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ მაღალი დონის განათლება და განვითარდნენ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
რას მიიჩნევთ თქვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებად?
სიცოცხლეში არის მომენტები, როცა უნდა აირჩიო – შიში თუ იმედი, ეჭვი თუ რწმენა, ბრძოლა თუ დანებება. ჩემს ცხოვრებაში ასეთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი მაშინ დადგა, როცა ჩემს პატარა შვილიშვილს სიცოცხლის პირველივე თვეებში უმძიმესი დიაგნოზი, ღვიძლის გადანერგვა დასჭირდა. ამ გადაწყვეტილებას ბევრმა სკეპტიკურად შეხედა. მაშინ საქართველოში ასეთი რამ არავის გაუკეთებია, არ არსებობდა პრეცედენტი, არ არსებობდა გამოცდილება. ბევრი მედიკოსიც კი ვერ იჯერებდა, რომ ოპერაცია წარმატებით ჩაივლიდა. მაგრამ, როცა საქმე შენს სისხლსა და ხორცს, შენს საყვარელ ბავშვს ეხება, აღარ არსებობს „შეუძლებელი“ – მხოლოდ ბრძოლა რჩება.
ეს იყო ურთულესი პერიოდი – გადაწყვეტილებების მიღება, გაურკვევლობისა და შიშის დაძლევა, იმედით სავსე ლოდინი… მაგრამ, არცერთი წამით არ დამიშვია, რომ შეიძლებოდა ვერ გამოგვსვლოდა! ეს იყო ერთდროულად მეცნიერებაზე, პროფესიონალიზმსა და უზომო დედობრივ სიყვარულზე დაფუძნებული რწმენა, რომ ჩემმა შვილიშვილმა უნდა იცოცხლოს, უნდა გაიზარდოს, უნდა იყოს ბედნიერი. და ჩვენ ეს შევძელით! ჩემი შვილიშვილი იყო პირველი ღვიძლგადანერგილი პაციენტი საქართველოში. ეს არ იყო მხოლოდ ერთი ოჯახის ისტორია, ეს იყო ახალი იმედის გაჩენა უამრავი ადამიანისთვის, ვინც შეიძლებოდა მსგავს ბრძოლაში აღმოჩენილიყო. დახმარებისთვის ათეულობით პაციენტი გვიკავშირდებოდა, ვისაც მსგავსი პრობლემა ჰქონდა.
რა არის ის, რაც ყველაზე დიდ სიხარულს, ბედნიერებას განიჭებთ?
ბედნიერება ყველასთვის განსხვავებულია, მაგრამ ჩემთვის ყველაზე დიდი სიხარული არის ის, რომ ჩემი ოჯახი, შვილები და შვილიშვილები ჯანმრთელები და წარმატებულები არიან.
განსაკუთრებული ადგილი ჩემს გულში უკავია ჩემს შვილიშვილს, რომლის სიცოცხლეც უდიდეს გამოწვევას დაუპირისპირდა. მაგრამ დღეს, როდესაც ვხედავ, რომ ის სრულიად ჯანმრთელია, ცხოვრობს, ვითარდება და ბედნიერია, ვგრძნობ, რომ ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი და მთავარი გამარჯვება.
ასევე, უდიდესი ბედნიერებაა „დენტალუქსის“ განვითარება, ის, რომ წლების შრომამ შედეგი გამოიღო და დღეს ჩვენს კლინიკას უამრავი ადამიანი ენდობა. მაგრამ ყველაზე ძვირფასი მაინც ოჯახია – ის, რომ ვხედავ ჩემი შვილებისა და შვილიშვილების წარმატებას, მათი ბედნიერი მომავალი ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს.
შრომისა და თავდადების შედეგი – წარმატებული კომპანიის შექმნა – უამრავ სირთულესთან იყო დაკავშირებული. ერთი მთავარი რამ მაძლევდა ძალას – მუშაობის სურვილი, მიზნისკენ სვლა და საკუთარი თავის რწმენა. ამ დაუღალავი შრომის შედეგია არა მხოლოდ ჩემი შვილებისა და ოჯახის კეთილდღეობა, არამედ ისიც, რომ დღეს ჩემ მიერ შექმნილი კომპანია, „დენტალუქსი“, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სტომატოლოგიური ქსელია საქართველოში.
„დენტალუქსი“ უკვე 70-მდე თანამშრომელს აერთიანებს, პროფესიონალებს, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ პაციენტებზე და იზიარებენ იმ ღირებულებებს, რომლებზეც ეს კომპანია დავაფუძნე – ხარისხი, ნდობა, პროფესიონალიზმი და უწყვეტი განვითარება.
ეს წარმატება მხოლოდ ბიზნესის გაფართოება არ არის, ეს არის საერთო ხედვა, შრომა და ერთიანი გუნდის ძალა. მჯერა, რომ შრომა, სირთულეების გადალახვა და სწორი მიმართულებით განვითარება ყოველთვის იძლევა საუკეთესო შედეგს, და სწორედ ეს გზაა, რომელსაც დღესაც ვაგრძელებ!
დღე, რომელიც არასოდეს დაგავიწყდებათ…
ყველაზე დასამახსოვრებელი დღე, – ახალი სიცოცხლის გამარჯვება.
ცხოვრებაში ბევრი ბედნიერი მომენტი მქონია – წარმატებები, მიღწევები, პროფესიული გამარჯვებები, მაგრამ არცერთი მათგანი არ შეედრება იმ ერთ დღეს, როცა გავიგე, რომ ჩემი შვილიშვილის ოპერაცია წარმატებით დასრულდა და მისი სიცოცხლე აღარ იყო საფრთხის წინაშე.
ეს იყო დღე, როდესაც ბედნიერებამ, შვებამ და უსაზღვრო მადლიერებამ ერთად მოიცვა ჩემი გული. ამ დღემ შეცვალა ყველაფერი – არა მარტო ჩემთვის, არამედ ჩვენი ოჯახის, ჩვენი ექიმების, და ალბათ, საქართველოსთვისაც, რადგან ეს იყო პირველი შემთხვევა ქვეყანაში, როცა ღვიძლის ტრანსპლანტაცია ჩვილს ჩაუტარდა.
ოპერაციის თითოეული წუთი უსასრულოდ გრძელი იყო. ათასჯერ გადავამოწმე დრო, ათასჯერ გავიფიქრე – „კიდევ რამდენ ხანს უნდა ველოდო?“ ეს იყო ლოდინი, რომელიც მთელი ჩემი არსებით ვიგრძენი – შიშით, იმედით, ლოცვით… დაბოლოს, როდესაც ექიმმა თქვა: „ყველაფერი კარგად არის“ – ამაზე დიდი ბედნიერება არ განმიცდია!
ეს იყო დღე, როცა დავრწმუნდი, რომ არცერთი ბრძოლა, არცერთი გადაწყვეტილება, რომელსაც სიყვარულით იღებ, არ არის ამაო. ეს იყო დღე, როცა შეუძლებელი შესაძლებელი გახდა.
დღეს ჩემი შვილიშვილი სრულად ჯანმრთელია, ბედნიერია, ცხოვრობს თავისი ცხოვრებით – და ყოველი მისი ღიმილი, ყოველი წარმატება, ყოველი ნაბიჯი ამ ერთი დაუვიწყარი დღის გაგრძელებაა. ეს არის ჩემი ყველაზე დასამახსოვრებელი დღე – დღე, როცა სიცოცხლემ გაიმარჯვა!
როგორია „დენტა-ლუქსის“ სამომავლო გეგმები?
ჩვენი მიზანია, „დენტალუქსი“ კიდევ უფრო განვავითაროთ, დავნერგოთ ინოვაციური მკურნალობის მეთოდები და გავაფართოოთ სასწავლო ცენტრი. ასევე, ვგეგმავთ ახალი მიმართულებების დამატებას, რომლებიც კიდევ უფრო გააუმჯობესებს პაციენტების მკურნალობის ხარისხს.
განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ საერთაშორისო პარტნიორობას. გვსურს, რომ ჩვენი ექიმები უფრო მეტად იყვნენ ჩართული საერთაშორისო კონფერენციებსა და კვლევებში.
ჩვენ არ ვჩერდებით, რადგან სტომატოლოგია მუდმივ განვითარებას მოითხოვს. ჩვენი მისიაა, დავრჩეთ პაციენტებისთვის სანდო და მაღალკვალიფიციურ მომსახურების ცენტრად.
ტექსტი: ნანა აბულაძე
ფოტო: პირადი არქივიდან