ჟურნალ OK!-ის აგვისტოს ნომრის ერთ-ერთი მთავარი გმირი ენერგიული, ლაღი და პოზიტიური მალინა ბერეკაშვილია. წარმატებული და დამოუკიდებელი ქალი, რომელმაც ძალიან კარგად იცის, რომ ყოველი წარმატების უკან მებრძოლი ქალი დგას. ის 2013 წლიდან თურქეთის ერთ-ერთ წამყვან და მაღალტექნოლოგიურ კლინიკა Florence Nightingale-ში მუშაობს. მის კარიერაზე არაერთხელ დაწერილა, დღეს კი შევეცდები გაგაცნოთ სულ სხვანაირი მალინა, როგორც დედა, მეგობარი და საყვარელი ქალი.
როგორია თქვენი ერთი ჩვეულებრივი დღე?
ჩემი ჩვეულებრივი დღე ისეთივე რთულია, როგორიც არაჩვეულებრივი. ვიღვიძებ დილის 7 ან 8 საათზე, აუცილებლად ვსვამ ერთი ჭიქა წყალს. მინიმუმ ნახევარ ლიტრ წყალს ვიღებ, რადგან ორგანიზმისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. შემდეგ ვსვამ ყავას, ნახევარ საათში ვწესრიგდები, რათა სამსახურში წავიდე. არ ვიკეთებ არანაირ მაკიაჟს, ვარ ისეთი, როგორიც ვარ. ერთადერთი, მიყვარს ტუჩსაცხი და თვალის ფანქარი.
მთელი დღის განმავლობაში ვცდილობ ვიყო იმ შემართებითა და განწყობით, რომ ყველა ადამიანს მოვწონდე და ჩემგან დიდი პოზიტივი მოდიოდეს. მივიდივარ სამსახურში, სადაც იწყება ყველაზე რთული საათები, რომელიც გვიან ღამემდე გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი დრო არ მაქვს და ძალიან დაკავებული ვარ, მაინც არასოდეს ვიძახი, რომ არ მცალია, რადგან ვცდილობ დრო სწორად გადავანაწილო. სწორედ ამიტომ ვასწრებ ყველაფერს – სამსახურში ნებისმიერი პრობლემის გადაჭრას, თათბირების ჩატარებას და სხვადასხვა საკითხის გავლას, პაციენტებთან შეხვედრას და ყველანაირი მდგომარეობის მოგვარებას. შემდეგ ირთვება ჩემი შვილის რუტინა, ვცდილობ, მთელი დღის განმავლობაში დრო ყველას დავუთმო.
რამ განაპირობა თქვენი პროფესიული არჩევანი?
პროფესიით ვარ აღმოსავლეთმცოდნე და ბედნიერი ვარ, რომ ეს განხრა დავამთავრე. აღმოსავლეთმცოდნეობა არის ის კულტურა და ცივილიზაცია, რაც ბევრ განხრაში არ არსებობს. მიმაჩნია, რომ ეს არის მსოფლიოს ძალა, მთელი კულტურა და ისტორია. შემდეგ სწავლა გავაგრძელე აღმოსავლეთ ქვეყნების საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. ამ ყველაფრის შემდეგ ბევრი რამ შევცვალე და მოვხვდი სამსახურში, სადაც 11 წელია ვარ. ამ სამსახურში მოხვედრის მიზეზი იყო ენა და ის თავისუფალი დრო, რომელიც ძალიან ბევრი მქონდა. ახლა რომ ვფიქრობ, ნეტავ დამაბრუნა უკან, ბევრ რამეს შევცვლიდი, იმიტომ, რომ ბევრი რამ ახლა ვისწავლე და მივხვდი დროის ფასს. თურმე სად წასულა ამდენი დრო – სიცარიელეში.
11 წელია ვცხოვრობ სასწაული ცხოვრებით, ბევრი ადამიანი გავიცანი, იყო ბევრი სიყვარული, სითბო და ბევრი სიცოცხლის გადარჩენა. აი, ეს ყველაფერი განაპირობა ჩემმა პროფესიულმა არჩევანმა, მაშინ, როდესაც გადავწყვიტე, თავიდან მესწავლა სამედიცინო ტურიზმი, მესწავლა საავადმყოფოს მართვა და მენეჯმენტი. ახლა დოქტორანტურაზე ვსწავლობ, რათა სრულყოფილად ვიყო ამ პროცესში ჩართული, გულით ვაკეთო ის საქმე, რომელიც მიყვარს და ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინო, რაც აქამდე ისედაც გამიკეთებია. იმაზე მაგარი და საოცარი ადრენალინი არ არსებობს, რასაც სიცოცხლის გადარჩენა ჰქვია. ჩემი პროფესია აწყობილია ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაზე.
ალექსანდრა
ალექსანდრა არის ჩემი მზე, მისით იწყება ჩემი ცხოვრება და ასევე გრძელდება. ალექსანდრამდე სულ სხვანაირი იყო ჩემი ცხოვრება და მისი დაბადების შემდეგ სულ სხვანაირი ცხოვრებით ვაგრძელებ სიცოცხლეს. მოკლედ ვიტყვი, ოჯახი დავანგრიე იმისთვის, რომ შვილი მყოლოდა. ალექსანდრა ჩემი ცხოვრების 90%-ია, მის შესახებ ბევრი რამის თქმა შემიძლია. უპირველესად ვიტყვი იმას, რომ ის ყველაზე განსხვავებულია, ეს არის გოგონა, რომელმაც სამყარო და ჩემი ცხოვრება გაალამაზა, მან ყველაფერი შეცვალა ჩემ გარშემო.
ალექსანდრას 2 წლის და 3 თვის ასაკში დაუდგინდა მდგომარეობა, რომელსაც ჰქვია აუტისტური სპექტრი. ეს იყო დამანგრეველი ინფორმაცია ჩემთვის და ამ ყველაფრის წინაშე აღმოვჩნდით მე, დედა და ჩემი შვილი მარტო, რადგან ალექსანდრას მამამ და მისმა ოჯახმა ეს პრობლემა არ აღიარა. მამამ ის მიატოვა. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ალექსანდრა არის მხოლოდ ჩემი შვილი, 18 წლამდე ასე იქნება, შემდეგ კი თვითონ გადაწყვეტს, ექნება თუ არა ურთიერთობა მამასთან.
წარმოუდგენლად რთული პერიოდი გავიარეთ. ჩემი, დედაჩემისა და ჩემი მეგობრების ჩართულობით ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ. რომ არა დედაჩემი, ამ ყველაფერს ვერ მივაღწევდი, მან საოცრებები გააკეთა შვილიშვილის განვითარებისთვის. იმ მდგომარეობიდან, რასაც ჰქვია მძიმე აუტიზმი, დღეს ძალიან წინ ვართ წასულები, ისე წინ, რომ შესაძლოა მალე ალექსანდრას ეს პრობლემა მოეხსნას. ალექსანდრამ, რომელიც სითბოს და სიხარულს აფრქვევს, საოცარ ენერგიას ასხივებს, მოახერხა დაეძლია ეს პრობლემა და დღეს მღერის, ცეკვავს, ცურავს და შეძლებისდაგვარად საუბრობს სხვადასხვა ენაზე.
გარდამტეხ მომენტებში რას გადაურჩენიხართ?
ძალიან რთული ხასიათი მაქვს და გადაწყვეტილებებს მარტივად ვერ ვიღებ. ძალიან ბევრს ვფიქრობ და ისე ვიღებ გადაწყვეტილებას. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ჩემ გვერდით ყოველთვის დგას დედა, რომელიც მზადაა დამეხმაროს.
ძალიან მებრძოლი ვარ, ფარ-ხმალი არასოდეს დამიყრია და ყველა სირთულე გადავიტანე ყველანაირი დეპრესიების გარეშე. ხარის წელში ვარ დაბადებული და, შესაბამისად, ძალიან შრომისმოყვარე ვარ. ზოდიაქოთი კი თევზები ვარ და ვცდილობ, ჩემი ემოციურობა სიმკაცრითა და მიწაზე მყარად დგომით დავაბალანსო. ცხოვრებაში ერთხელ მოვდივართ და დეპრესიისთვის დრო ნამდვილად არ უნდა გვქონდეს, უნდა ვეცადოთ, მაქსიმალურად გავილამაზოთ ჩვენი ცხოვრება, გავიღიმოთ და პოზიტიურად განვეწყოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. სწორედ ასეთი შემართება მაძლიერებს.
ყოველთვის გემოვნებით გაცვიათ, გემოვნებისა და სტილის შერძნების სწავლა რამდენად არის შესაძლებელი?
ადამიანს გემოვნება ან აქვს, ან არა, ანუ გემოვნებით იბადები. ძალიან კარგი თვალი მაქვს. მართალია, ვითვალისწინებ, თუ რა არის ტრენდული, თუმცა ჩემთვის მნიშვნელოვანია მე მიხდებოდეს და იყოს განსხვავებული. არ მომწონს, როდესაც ყველას ერთანირად აცვია. ზოგადადაც, ცხოვრებაში არ მომწონს ვინმეს copy paste ვიყო.
თუ გემოვნება გაქვს ადამიანს, შეიძლება სრულიად განსხვავებულად გეცვას და გამოიყურებოდე ისე, თითქოს ლუქის ღირებულება 50 000$ იყოს.
რა ალამაზებს ქალს ყველაზე მეტად?
ქალი უნდა იყოს ბედნიერი, მოვლილი და წარმატებული. სწორედ ეს ალამაზებს ქალს. ასევე, ქალს ალამაზებს ის ეშხი, რომელიც მას ბუნებრივად აქვს. რა თქმა უნდა, ალამაზებს დედობა, სილაღე და სიძლიერე. ჩემი აზრით, პლასტიკური ქირურგია არ ალამაზებს ქალს, მისი სილამაზე მის შიგნით უნდა იყოს, სულში, რომელიც გარეგნულადაც აისახება.
რა გიბიძგებთ, რომ განვითარდეთ და წინ იაროთ?
21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ და გვაქვს წარმოუდგენელი შესაძლებლობები, რომ განვვითარდეთ და წინ ვიაროთ. ადამიანი არ უნდა გაჩერდეს და დროს უნდა აუწყოს ფეხი. შესაძლებელია ქალის ცხოვრებაში დიდი მნიშვნელობა აქვს მამაკაცს, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ყველაფერი, რაც გამაჩნია, რასაც მივაღწიე, შევქმენი მაშინ, როცა მარტო ვიყავი და არავისზე დამოკიდებული არ ვყოფილვარ, მარტო ყოფნა ქალს უფრო მეტად აძლიერებს.
როცა ქალი ბედნიერი და წარმატებულია, ყოველთვის მყარად დგას ფეხზე და წინ მიდის.
როგორია შეყვარებული მალინა?
თავისუფალია და თვალებში ის სხივი აქვს, რომელსაც ყველა ამჩნევს. ძალიან ერთგული და ყურადღებიანია. დღეს ვარ უზომოდ შეყვარებული და იმედი მაქვს, ამ არჩევანში გამიმართლებს და ვიქნები ისეთი ლაღი და ბედნიერი, როგორიც ახლა ვარ. და თუ არ გამიმართლებს, არც ამაზე არ ვიდარდებ (ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით), რადგან მე ის ქალი ვარ, რომელსაც ბევრი რამის გაკეთება შეუძლია. ქალი ვარ, რომელსაც აქვს ყველანაირი შესაძლებლობები, ვიყო შეყვარებული.
როგორია მეგობრების თვალით დანახული მალინა?
მალინას მეგობრები: მალინა არის უზომოდ მზრუნველი, პოზიტიური და დღესასწაული ადამიანი. მას შეუძლია გული ამოიგლიჯოს და მოგცეს, სიკეთის კეთება ყველაზე მეტად აბედნიერებს და ამას არ აკეთებს იმისთვის, რომ სარგებელი მიიღოს. თავისი საქმის პროფესიონალია, სამსახურში ყველაფერს ერთად აკეთებს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაკავებულია, არ აკლებს ყურადღებას ბავშვს, თამამად შეიძლება ითქვას, რომ გიჟი დედაა.
სამართლიანია და თუ მას არასამართლიანად მოექეცი, ამას არ გაპატიებს. ძალიან პირდაპირია და არასოდეს ზურგს უკან არ ისაუბრებს სხვაზე. მეგობრების წარმატება და კარგი ისევე უხარია, როგორც თავისი. ასეთი დღესასწაული და ლამაზია ჩვენი მალინა, ვამაყობ, რომ ჩვენი მეგობარია. მალინასნაირი მეგობარი რომ გყავს, ეს ნიშნავს, რომ ცხოვრებაში გაგიმართლა.
მალინა, რა გაბედნიერებთ?
სიკეთის კეთება.
ფოტო: ნანო თენოშვილი
ტექსტი: სოფიო მალანია
ვიზაჟი: სოფია საენკო
ლოკაცია: RADISSON RED