სასტუმრო „მუზეუმი“ მე-19 საუკუნის ისტორიული ნაგებობაა, რომელიც საუკუნეების წინ მაიკო ორბელიანის საცხოვრებელს წარმოადგენდა. აქ სალონური შეხვედრები და დარბაზობები იმართებოდა. დღეს კი საინტერესო კონცეფციითა და განსხვავებული დიზაინით გამორჩეული „მუზეუმის“ შენობა სხვადასხვა სივრცეს აერთიანებს – დახვეწილი სტილის სასტუმროს, ქართულ რესტორანს „სირაჯხანას“, ფრანგულ სტილში გადაწყვეტილ კაფე „მუზეუმს“, მეექვსე სართულზე საუცხოო ხედებით წარმოდგენილი ლაუნჯბარს – სივრცეს თქვენი განსაკუთრებული დღის აღსანიშნავად და საკონფერენციო დარბაზს. სასტუმროს საერთაშორისო კომპანია Hotel Collection International მართავს. ეს არის ლიდერი კომპანია, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით, წამყვან სასტუმრო ბრენდებთან თანამშრომლობს და უზრუნველყოფს განსაკუთრებულ მომსახურებას.
ჟურნალ OK!-ში სასტუმრო ,,მუზეუმის’’ შესახებ აქამდეც დაწერილა, თუმცა დღეს სასტუმროს განახლებულ, უნიკალურ და საინტერესო კონცეფციის მენიუზე ვისაუბრებთ, რომელიც ,,მუზეუმის’’ შენობასთან დაკავშირებული ისტორიებითააა შთაგონებული.
სასტუმრო „მუზეუმის“ შენობის ისტორია
(თამარ ახალბედაშვილი, სასტუმრო მუზეუმის გენერალური მენეჯერი): „მუზეუმის“ ისტორიულ შენობაში ადრე დიდგვაროვანი ორბელიანების ოჯახი ცხოვრობდა და ხშირად სალონურ შეხვედრებს მართავდა. სწორედ ამ უნიკალურ შენობაში (საუკუნეების მანძილზე), თბილისისა და საქართველოს ისტორია იწერებოდა. ორბელიანების სახლს სიყვარულის მუზეუმსაც უწოდებდნენ, რადგან აქ ყველაზე მეტი სასიყვარულო ბარათი ინახებოდა. ქართველი და უცხოელი შეყვარებულები ამ სახლში იმიტომ ტოვებდნენ თავიანთ სამიჯნურო წერილებს, რომ მაშინდელ თბილისში, ჯერ კიდევ არ იყო განვითარებული ისეთი საფოსტო მომსახურება, რომელიც ამდენ სატრფიალო საიდუმლოს შეინახავდა. არადა მაშინ, არც ისე ადვილი იყო შეყვარებულთან საჯაროდ შეხვედრა (თუნდაც მოსალოდნელი ჭორების გამო) და მითუმეტეს იმ შემთხვევაში, თუ რომელიმეს ოჯახი (გოგოსი ან ბიჭის), მათი შეუღლების წინააღმდეგი იყო. ამიტომაც მაშინდელი წყვილები, პაემანზე შეხვედრებსა და გასეირნებას, ქალაქგარეთ ამჯობინებდნენ. სამი საუკუნის წინ, როცა ორბელიანებმა, აქ პირველი სახლის მშენებლობა დაიწყეს, ეს ადგილი, ქალაქის გარეთუბანს ეკუთვნოდა. ორბელიანთუბანიც, აქაურობას, მათი გვარის მიხედვით ეწოდა (ჯერ კიდევ მეთვრამეტე საუკუნეში). მანამდე კი ორბელიანები, ქვემო ქართლის მიწებს ფლობდნენ და საუკეთესო ღვინოც ჰქონდათ, რითაც უმასპინძლდებოდნენ კიდეც სტუმრებს, თბილისში დასახლების შემდეგ. სტუმართმოყვარე ქართველები, სოფლად იცხოვრებდნენ თუ ქალაქად, პირველ რიგში, მაინც იმაზე ზრუნავდნენ, რომ კარგი სახლის გარდა, კარგი მარანიც ჰქონოდათ. სწორედ ეს ისტორია იქცა შთაგონების წყაროდ სასტუმრო ,,მუზეუმში’’ განთავსებული რესტორან „სირაჯხანასთვის’’, რათა სრულიად ახალი და საინტერესო კონცეფციის მენიუ შეგვეთავაზებინათ მომხამრებლისთვის.
სასტუმრო ,,მუზეუმის’’ შენობას ძალიან ლამაზი ისტორია აქვს, მოგვიყევით როგორ იქცა ეს ისტორია თქვენს შთაგონების წყაროდ?
ირმა ჯანჯღავა, ,,სირაჯხანას’’ შეფ მზარეული: ,,მუზეუმში’’ პირველად 9 წლის წინ მოვედი, მყუდრო და სასიამოვნო გარემომ მაშინვე მომხიბლა. თავიდანვე სურვილი მქონდა თავი წარმომეჩინა და მეკეთებია ის, რაც ძალიან მიყვარს და ვთვლი, რომ კარგად გამომდის. ყოველი ახალი კერძის შექმნა სიმოვნებას მანიჭებდა, რადგან ყოველი ახალი კერძით სტუმრები ყმაყოფილები რჩებოდნენ.
,,მუზეუმის’’ შენობის ისტორიის მოსმენის შემდეგ, გადავწყვიტეთ, რომ მაიკო ორბელიანის ვახშმების ტრადიცია აღგვედგინა ,,სირაჯხანაში’’. განახლებულ მენიუზე, ჩვენს გუნდთან ერთად, ბევრი ვიმუშავეთ. რთული და საინეტრესო გამოწვევა იყო ძველი კერძების შესახებ ინფორმაციის მოძიება და რეცეპტების აღდგენა, თუმცა საბოლოო შედეგით კმაყოფილები ვართ. შევქმენით მე19 საუკუნის კერძებით შთაგონებული მენიუ ჩემი ვარიაციით – ძველი ქართული სამზარეულო, რომელიც პრინციპულად განსხვავებულია იმ კერძებისგან, რომელსაც ქართულ სამზარეულოში შეჩვეულები ვართ. ამასთან ერთად მსურდა ტრადიციული გემოების შენარჩუმება და კერძის ახლებურად წარმოდგენა, სწორედ ეს იყო ჩემი მიზანი.
ვფიქრობ, ჩვენთან მოსული სტუმარი ახალი მენიუსგან ძალიან დიდ გასტრონომიულ სიამოვნებას მიიღებს და აღმოაჩენს ძველი ქართული სამზარეულოს დავიწყებულ მარგალიტებს, როგორიცაა: პომინდვრის შეჭამანდი, იხვის ყაურმა, გამომცხვარი კურდღელი კარამიზირებულ სტაფილოში და საფერავში კარამიზირებულ ხახვში, პომიდორში ჩაშუშული წიწილი, და ასევე დესერტად დავამატე – ქადა დარიჩინით და ნიგოზით, კამეჩის მაწვნით და თაფლით. თითოეულ ამ ჩამოთვლილ კერძებში არის ის გემოები, რაც ძველ დროში გამოგზაურებთ. მოყოლილს დაგემოვნებული ჯობია, ასე რომ, გვესტუმრეთ და თავად შეგვაფასეთ.
გარდა მენიუსა, კიდევ რა გამოარჩევს თქვენს სასტუმროს ბაზარზე?
თამარ ახალბედაშვილი: სასტუმრო მუზეუმში მეგობრული და სასიამოვნო გარემო სუფევს. ჩვენ გვყავს მუდმივი სტუმრები რომლების წელიწადში რამოდენიმეჯერ ბრუნდებიან ჩვენთან, რაც თავისთავად იმის ნიშანია, რომ თბილისში ამხელა კონკურენციის პირობებში, სადაც ამდენი სასტუმროა ჩვენ შევძელით გვეპოვა ჩვენი ნიშა და შეგვექმა ისეთი გარემო, რომ სტუმრებს ისევ და ისევ უჩნდებათ სურვილი ჩვენთან დაბრუნების თავიანთი ოჯახის წევრებით, კოლეგებით თუ მეგობრებით.
გარდა ამისა, ჩვენთან ხშირია საქორწილო ფოტოსესიები და არაერთი ქართველი თუ უცხოელი პატარძლისთვის გვიმასპინძლია და ჩვენგან პირდაპირ საკურთხეველთან მისულან. მნიშვნელოვანია, რომ მთელი გუნდი მთლიანად ჩართულია ამ პროცესში და ვცდილობთ, რომ ეს დღე პატარძლისთვის იყოს დაუვიწყარი. ასევე, ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ეს წყვილები ჩვენთან უკვე მომავალში ჩვილებით ბრუნდებიან და მათი შვილების ნათლობებსა თუ დაბადებიის დღეებს სასტუმროს ტერასაზე აღნიშნავენ.
ჩვენ ვცდილოთ არა მხოლოდ ექსპერიმენტალური კერძების გემოვნური თვისებებით შთაბეჭდილების შექმნას არამედ დასამახსოვრებელი ღონისძიებებით და უნაკლო მომსახურებით, რისი დასტუროც ჩვენთვის უკან დაბრუნებული არაერთი სტუმარია.
ტექსტი: სოფიო მალანია