26 წლის წინ შედგა ფეხი სკაუტურ სამყაროში და მას შემდეგ ერთი დღეც ვერ წარმოუდგენია ამ საქმიანობის გარეშე. ამბობს, რომ ბავშვობიდან მეამბოხე და მიზანმიმართულია, მისთვის არ არსებობს დაბრკოლება, რომელსაც ვერ გადალახავს და ვერ აღმართავს გამარჯვების დროშას. სიხარულის ცრემლებთან ერთად ბევრჯერ ნახავთ მის თვალებში დიდ სევდას, მაგრამ არასდროს მიუცია თავისთვის უფლება იყოს სუსტი. მიაჩნია, რომ სკაუტინგი აძლევს წარმოუდგენელ შესაძლებლობებს, ძალას, რომლითაც შეუძლია სიხარული მიანიჭოს სხვას, ახალგაზრდებს დაეხმაროს მათში ჯერ კიდევ შეუცნობელი უნარ-ჩვევების აღმოჩენაში, ნიჭის რეალიზებაში და იმ საოცარ ლაბირინთებში მოგზაურობაში, რომელიც სკაუტურ ცხოვრებას ახლავს. OK! ბათუმის სტუმარი საქართველოს სკაუტური მოძრაობის აჭარის ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პრეზიდენტი შორენა ლომაძეა.
ბედნიერი ბავშვობა და ემოციები, რომელიც სულ თან გდევთ…
აჭარის ერთ-ერთ ისტორიულ და ულამაზეს სოფელში დავიბადე, რომელსაც მარადიდი ჰქვია. ჩემი ადგილის დედა გამორჩეული იყო და არის ქართული ყავარით, ქართული ორნამენტებით მოჩუქურთმებული აკვნით, ისტორიულ ქარტეხილებგამოვლილ და დღეისათვის შემორჩენილი ეკლესიის ნანგრევებით, მშრომელი და თბილი ხალხით, გაღმა მარადიდში დარჩენილი ჩვენებურებით. მარადიდში მივიღე საშუალო განათლება, უმაღლესი კი, დედაქალაქში. დრო სწრაფად გარბის და მეც ხშირად მიწევს დაბრუნება ჩემს ბავშვობასთან, რომელიც საოცრად ლაღი და სიყვარულით სავსე იყო… ჩაის კრეფაც მიწევდა, საოჯახო საქმეებში მონაწილეობაც,ზოგჯერ, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ვთევზაობდი კიდეც… ისე, ბავშვობიდან ჯიუტი, მიზანდასახული, მეამბოხე და შრომისმოყვარე ვიყავი. მახსოვს, პირველკლასელმა ახალნაყიდ ჩანთას ისე რუდუნებით მოვუარე, ოჯახში გადაწყვიტეს, რომ მეორე კლასშიც გამომადგებოდა. აღშფოთებულმა იმის გამო, რომ ახალი ჩანთა არ მიყიდეს, დილით ადრე ეზოში, პატარა სიმინდის ყანა და ბოსტნის მოსავალი პირწმინდად ნამგლით მოვჭერი… ეს იყო ჩემი პირველი ბავშვური პროტესტი არსებული „უსამართლობისადმი“… ამ გადმოსახედიდან კი, – რომ არა ჩემი დიდი ოჯახი და საოცარი ოჯახური ჰარმონია, არავინ იცის როგორი იქნებოდა ჩემი მომავალი… კარგად მახსოვს ჩემს ბავშვობაში მარადიდს ხშირად სტუმრობდნენ საქართველოს სასიქადულო მამულიშვილები: მწერლები, პოეტები, შემოქმედებითი ინტელიგენციის წარმომადგენლები. განსაკუთრებით დამამახსოვრდა ფრიდონ ხალვაში, ზურაბ გორგილაძე, ნუგზარ ჯაფარიძე. იმ პერიოდში ასეთი შეხვედრები ტრადიციად იყო ქცეული და იმ პატარა სოფლის კლუბიდან, ახლაც ჩამესმის როგორ ედებოდა ჩვენი სოფლის ორღობეებს ზურაბ გორგილაძის ომახიანი შემოძახილი – „შენი ზეცის სიმართლისთვის, მარადიდში ვრანდავ ყავარს“. ეს ემოციები და ბავშვობის საოცარი ხანა, ჩემი მეკვლეა, ჩემი ცხოვრების გზაზე.
25 წლის წინ დაადექით სკაუტურ გზას, დააფუძნეთ საქართველოს სკაუტური მოძრაობის აჭარის ორგანიზაცია, სადაც 21 წელი თავმჯდომარის პოზიცია გეკავათ, ხოლო, ბოლო ოთხი წელია აღნიშნული ორგანიზაციის პრეზიდენტი ხართ. როგორი იყო გზა დასაწყისიდან, დღემდე…
მოგეხსენებათ, ყოველი დასაწყისი რთულია. მაშინ, როცა სკაუტური ორგანიზაციის დაფუძნება აჭარაში გადავწყვიტეთ, რთული დრო იყო, გაურკვეველი, ბევრი შესაძლებლობა არ იყო, ნამდვილად, ირგვლივ, სკაუტური – მით უმეტეს, თუმცა, კარგი ადამიანების დახმარებით, დიდი ენთუზიაზმით და შრომით შევქმენით და დღემდე მოვაღწიეთ ასე წარმატებულად. მივიღე უამრავი გამოწვევა, მონაწილე გავხდი უამრავი საერთაშორისო ღონისძიების, იყო პრობლემები, ურთიერთობები, რომელიც, მინდა გითხრათ, არ არის მარტივი. ბავშვებთან ურთიერთობა ხომ ერთი ცალკე ფილოსოფიაა. შევისწავლე სკაუტინგი და მივხვდი, რომ ეს არის ის, რაც სჭირდება ჩემს ქვეყანას, ჩვენს მომავალს და სწორედ ეს არის ის საქმე, რომელშიც ვხედავ ჩემს ნამდვილ მეს, იმ დღიდან მოყოლებული უკვე იმდენად დიდი სურვილი გამიჩნდა, ვყოფილიყავი ამ დიდი საქმის და ოჯახის ნაწილი, რომ ნებისმიერი დაბრკოლება ჩემთვის მისაღები და აბსოლუტურად მართებადი აღმოჩნდა. ალბათ, ძლიერი ვიყავი, და სკაუტინგმა, რა თქმა უნდა, მომცა მეტი ღონე და გონება. სურვილი მთავარია, ჩემში იყო და არის ამოუწურავი სურვილი. დღეს სასიამოვნოა ისტორიის გადახედვა, ვამაყობ და მინდა გავაგრძელო.
გვამოგზაურეთ სკაუტურ სამყაროში, მოგვიყევით იმ განცდებზე, რაც ახალგაზრდებთან ურთიერთობას მოაქვს…
მოკლედ, მოგახსენებთ, სკაუტური მოძრაობა (სკაუტინგი) – მსოფლიოში ნებაყოფლობითი არაპოლიტიკური საგანმანათლებლო ახალგაზრდული მოძრაობაა. სკაუტური ორგანიზაციების წევრობა ყველას შეუძლია, განურჩევლად სქესისა, წარმოშობისა, რასისა და რელიგიისა.
სკაუტური მოძრაობის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდებს, რათა მიაღწიონ მათ სრულ ფიზიკურ, ინტელექტუალურ, ემოციურ, სოციალურ და სულიერ პოტენციალს, როგორც პიროვნებებმა, პასუხისმგებელმა მოქალაქეებმა და ადგილობრივი, ეროვნული და საერთაშორისო საზოგადოების წევრებმა.
მსოფლიო სკაუტური მოძრაობა (World Organization of Scout Movement, WOSM) არის უდიდესი საერთაშორისო სკაუტური ორგანიზაცია. მასში გაერთიანებულია 172 წევრი ქვეყანა და 50 მილიონზე მეტი წევრი.
როგორც გითხარით, ურთიერთობა რთულია, მაგრამ სკაუტინგს იმდენად კორექტული პრინციპები და მეთოდები აქვს, ზუსტად ამის საფუძველზე ხდება მარტივი საერთო ენის გამონახვა და ერთად საქმის კეთება.
სკაუტინგი არის კვლევა და გამოცდილება, რომელსაც მე და ახალგაზრდები ერთად ვეძებთ, ვპოულობთ და ყოველთვის მზად ვართ გამოწვევებისთვის. ძალა, რომელიც არსებობს ჯგუფში მუშაობის დროს, მით უმეტეს, როდესაც ჯგუფის წევრები ახალგაზრდები არიან, იძლევა სხვადასხვა წარმოუდგენელ შესაძლებლობას აკეთო კარგი და კეთილი საქმე. სკაუტური სამყარო არის უდავოდ საინტერესო. მოგზაურობა ხომ ბევრს უყვარს, მაგრამ სკაუტური მოგზაურობა, მინდა დაგარწმუნოთ, რომ ყველაზე მრავალფეროვანი და მოულოდნელობებით სავსეა. სკაუტური ბანაკი, მით უმეტეს, საერთაშორისო, ეს არის კულტურების გაზიარების მთავარი ხერხი, იქ გაიცნობ ხალხს, ეცნობი მათ ტრადიციებსა და ხასიათს, მეგობრობ და საკუთარი თავი ნამდვილი მსოფლიო მოქალაქე გგონია.
ის ერთიანობა, რაც ამდენი წლის განმავლობაში სკაუტინგმა შექმნა, უძლიერესია. გეტყვით, რომ სკაუტი, თავისი ყელსახვევით მსოფლიოს არც ერთ წერტილში არ დარჩება მარტო და უყურადღებოდ, ყველა ქვეყნის სკაუტი ერთმანეთის ძმა და მეგობარია. ასეა ჩვენს შემთხვევაშიც. სკაუტინგი ეს არის ჩემი ცხოვრება, რადგან ის მაძლევს შესაძლებლობას ბედნიერება და სიხარული მივანიჭო სხვას, ამით კი მეც ვიყო ბედნიერი, ამას სიკეთის კეთებით, სხვების დახმარებითა და ბავშვების, ახალგაზრდების მხარდაჭერით ვაღწევ. ამ ყველაფერს წლებია უანგაროდ, ჩემი ქვეყნის სიყვარულით ვაკეთებ. როგორც ლორდი ბადენ პაუელი იტყოდა „მდიდარი კაცი სულაც არ არის ფულით სავსე ქოთანი, არამედ – ადამიანი, რომელიც ძალიან ბედნიერია და ეს მე ვარ“.
მსოფლიოს არაერთი ქვეყანა გაქვთ მოვლილი, სამ მსოფლიო ჯემბორში მონაწილეობდით: ჩილე, შვედეთი, ინგლისი, ასევე, საფრანგეთის და კანარის კუნძულებზე გამართულ საერთაშორისო ჯემბორებში. რას ნიშნავს თქვენთვის წარმოადგენდეთ საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე?
აჭარის სკაუტური ორგანიზაცია 26 წელია არა ერთ მნიშვნელოვან და საინტერესო ღონისძიებაში მონაწილეობდა, ადგილობრივი თუ საერთაშორისო დონის ბანაკებში, ფესტივალებში, საქველმოქმედო აქციებში, შემეცნებით-გასართობი აქტივობებსა და სხვა. ორგანიზაცია ჯამში, მონაწილეობდა 320-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო მნიშვნელობის ჯემბორში, მუტში, კონფერენციაში გაცვლით პროგრამაში, ბანაკებში, კონფერენციებსა და ლაშქრობებში, დიპლომატიურ კორპუსებთან შეხვედრაში, ონლაინ ტრენინგებსა თუ ონლაინ ბანაკებში, ანალოგიური აქტივობები განხორციელდა ორგანიზაციის მიერაც. განსაკუთრებით გამოირჩევა მსოფლიო აქტივობები და ჯემბორები, რომლებიც კითხვაში აღნიშნეთ. სწორედ ჩემს მთავარ დანიშნულებად მივიჩნევ ჩვენი ქვეყნის ასპარეზზე საამაყოდ წარმოჩენას. ცხოვრების სამი წელი გავატარე კარავში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც მივიღე უდიდესი გამოცდილება და დღემდე ვცდილობ ეს გამოცდილება გავუზიარო ახალგაზრდებს.
საქართველო და ჩვენი ქვეყნის დროშა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. არ მახსოვს მოგზაურობა, რომელშიც ქართული დროშა და ქართული ყაბალახი არ წამიღია, არც ერთი საერთაშორისო ღონისძიება და ბანაკი, სადაც ქართული დროშა არ ამიწევია. უდიდესი პატივია, განსაკუთრებით ოფიციალურ შეხვედრებზე. სიხარულით სავსე ვარ ამ დროს და ძალიან ამაყი. ქართული ცეკვის და სიმღერის დრო ხომ ჩემი საყვარელი მომენტია ყველა საერთაშორისო ბანაკში. მსოფლიოს ბევრჯერ ვაჩვენეთ ჩვენი კულტურა, რაც ჩემთვის ცხოვრებაში ყველაზე დიდი მიღწევაა.
ამბობთ, რომ თქვენი მიზანია ბედნიერება მიანიჭოთ სხვას და ამით თქვენც იყოთ ბედნიერი. რა გგვრით ბედნიერების განცდას?
უდიდეს ბედნიერებას ვგრძნობ მაშინ, როდესაც ჩემს ირგვლივ მყოფ ადამიანებს გულს ვუხარებ. ვცდილობ არასოდეს გამომრჩეს მათი დაბადების დღე, საიუბილეო თარიღი, ქორწილი, ძეობა, უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება, უბრალოდ, ელემენტარული წინსვლაც ცხოვრებაში. საჩუქრის, მცირედი სუვენირის გადაცემაც კი ბედნიერს მხდის. როდესაც საზღვარგარეთ ვიმყოფები განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობ სუვენირების შერჩევას, რადგან ვიცი, რომ დაბრუნების შემდეგ ჩემი ბევრი მეგობრის გულს გავახარებ. ვცდილობ, რომ სიზუსტით შესრულებული საქმის შეფასებაც არ დამავიწყდეს. ეს ყველაფერი უკვე ჩემი ცხოვრების ყოველდღიურ მოვლენად იქცა. უფალს ვთხოვ, მომცეს ძალა, ენერგია და მცირედი ამ ბედნიერებისათვის.
სკაუტური ორგანიზაციის თანადგომით არაერთი ახალგაზრდა აღზარდეთ, გააძლიერეთ, რა განცდაა, როცა მათ წარმატებებს ისმენთ, ხედავთ..
ჩემი და ორგანიზაციის მეგობრების, თანადამფუძნებლების, ლიდერების, საპატიო წევრების, პარტნიორების, სხვადასხვა საერთაშორისო, მსოფლიო სკაუტური ორგანიზაციის პრეზიდენტებისა და ხელმძღვანელების თანადგომით, შევძელი გამეძლიერებინა და აღმეზარდა 8 000-ზე მეტი ახალგაზრდა, რომელთაგანაც თითოეული მეამაყება. დღეს უამრავი მათგანი საკმაოდ წარმატებულია და თამამად ვიტყვი, მათ განვითარებაში მეც ჩემი მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანე. ისინი ჩემი იმედი არიან. ვიცი, მუდამ ჩემ გვერდით იქნებიან და მეც ასევე, მათი მეგობარი და ოჯახის წევრი ვარ.
კომპლიმენტი, რომელიც არასოდეს დაგავიწყდებათ…
როგორ შეძელით შიშველი ხელებით შეგექმნათ ამხელა სკაუტური ოჯახი.
ს ე ვ დ ა…
ჩემი სევდა ნაცრისფერია, რომელსაც თან ცრემლები ახლავს, რომელიც ტრაგიკულად დაღუპული ჩემი გარდაცვლილი დის ხსოვნას მოაქვს… ყოველთვის მახსენებს თავს. არის მომენტი, როდესაც ძალიან მტკივა გული, მაშინაც სევდა შემოიპარება ხოლმე… არც ეს არის ჩემთვის უცხო… ჩემი ცხოვრების სევდა ახლობელი ადამიანების დაკარგვით არის გამოწვეული: მშობლების, დისშვილის, მეგობრების მონატრებას რომ ახლავს თან… ბავშვობისა და სტუდენტობის ულამაზესი მოგონებები კი მუდამ ნოსტალგიური და სევდისფერია… სევდიანია, რომ მთელმა ჩემმა სტუდენტობამ და ახალგაზრდობამ რევოლუციებში, ომში, მეწყერში, ბარიკადებზე და მიტინგებში ჩაიარა… 9 აპრილის იარა და მეწყერწაღებული ჩემი მშობლიური სახლი ის ტრაგედიაა, რომელთა ტკივილი ჩემს სულში სულ ფეთქავს…
სწორედ ეს სევდა გახლავთ ჩემი მოტივაცია, არაერთი საქველმოქმედო პრექტი განხორციელდა ორგანიზაციის მიერ, მაგალითად – 2000 წელს აჭარის სკაუტურმა ორგანიზაციამ „pro victim foundation“-თან თანამშრომლობის ფარგლებში აჭარის რეგიონში მეწყერით დაზარალებულ 15 უსახლკარო ოჯახს, 120 ადამიანს, კეთილმოწყობილი საცხოვრებელი სახლები და ბინები გადასცა.
თავდავიწყებით გყვარებიათ?..
რა თქმა უნდა, იყო ასეთი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში… ისე, მე სულ ვფიქრობ, რომ მთელი ცხოვრება შეყვარებული ვარ, რადგან ამ გრძნობის გარეშე, ამქვეყნად ვერაფერ ღირებულს ვერ შექმნი…
რა გაძლევთ ძალას გაუმკლავდეთ ცხოვრებისეულ გამოწვევებს, მუდამ იყოთ შემართებით და არაჩვეულებრივად გამოიყურებოდეთ…
მიხარია დილის გათენება, მზის სხივებით მიღებული ენერგია, ვცხოვრობ შურის გარეშე, ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაში არის ბევრი ღიმილი და სიყვარული… ჩემმა მეგობრებმა, წლების წინ, შოუ დამარქვეს, გამომდინარე ჩემი ცხოვრების სტილიდან. ვცდილობ, ყოველი წუთი, საათი და დღე, იმ ადამიანებისათვის ვინც გვერდით მყავს, დღესასწაული იყოს. ამას მეტ-ნაკლებად ვახერხებ და ეს საოცარ სიხარულს მანიჭებს… ჩარლი ჩაპლინი წერდა -„მე არ ვყოფილვარ ანგელოზი, მაგრამ ყოველთვის ვცდილობდი ვყოფილიყავი ადამიანი“. ვამაყობ გაკეთებულით და მადლიერი ვარ, რომ ჩემს გვერდით ყოველთვის იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებთანაც საუკეთესო წლები გავატარე. ასეთი ერთგულებით მინდა გავიარო ცხოვრების შემდგომი პერიოდი, განსაკუთრებული შემართებით და დავრჩე ადამიანად.
ნატვრის თვალი, რომ გქონდეთ…
უპირველესად გაბრწყინებულ და ერთიან საქართველოს ვინატრებდი… დავაბრუნებდი ჩემი ახალგაზრდობის ლაღ, უზრუნველ, ბედნიერ წუთებს და ყურს მივუგდებდი ჩემს გულისთქმას…
თანადგომის ფასი…
თუ რაიმე შევძელი ცხოვრებაში, ჩემი მშობლების, დედმამიშვილების, ჩემი მეგობრების თანადგომით მოხდა, მათ უდიდეს პატივს ვცემ, მე ვიცი მათი ფასი…
წარმატებისთვის აუცილებელია…
თავდაუზოგავი შრომა, პროფესიონალიზმზე ზრუნვა, გამოცდილება,ზოგჯერ რისკი და შეუპოვრობა.
ბუნებასთან სიახლოვე…
ძალიან მიყვარს ჩემი ადგილის დედა, აჭარის ყველა კუთხე და კუნჭული… განსაკუთრებულად ვცდილობ, რომ სკაუტები ვაზიარო ამ განუმეორებელ სილამაზეს, რაც საქართველოს გააჩნია, რომლის ფასი ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით. საბანაკო მუშაობის პერიოდში, ვცდილობ ისე დავგეგმო ღონისძიებათა პროგრამა, რომ მათ ვაჩვენო აჭარისწყლის, კინტრიშის, მაჭახლის ხეობები, მდინარე ჭოროხზე რაფთინგსაც ვმეგობრობთ… აჭარის მაღალმთიანეთის ულამაზესი ადგილები – თავისი ისტორიული ძეგლებით და თამარის ხიდებით, ჩანჩქერებით. ეს ყველაფერი მეც მახარებს და ბავშვებსაც. ამის გარეშე ჩვენი საბანაკო ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. არაერთხელ მოვაწყვეთ აქცია და ბუნებას ჩვენი საჩუქარიც გავუკეთეთ – დავრგეთ მარადმწვანე ხეები, ვცდილობ, ეს ტრადიციად ვაქციო. და საერთოდ, ბუნება არის ჩემი სიმშვიდე. არაერთ ქვეყანაში ვყოფილვარ, მაგრამ საქართველოს ბუნების სიმდიდრე იშვიათია მსოფლიოში… 26 წელია ტრადიციულად ბანაკი ბათუმის ბოტანიკურ ბაღში იმართება, ჩვენი ყველა დაგეგმილი აქტივობა ბუნებასთან სიახლოვეა.
თქვენმა ორგანიზაციამ არაერთხელ უმასპინძლა უკრაინელ ბავშვებს, რას ეტყოდით ჩვენი ჟურნალის ფურცლებიდან მათ…
ჩემთვის ძალიან რთულია ამ თემაზე საუბარი, მაშინ, როცა მთელი ცხოვრება ბავშვებს მივუძღვენი, რთულია მათი ნახვა და გული მეწვის, როცა მათ სევდიან თვალებს ვუყურებ. ვფიქრობ, რომ ყველა ბავშვი იმსახურებს ბედნიერებას, ფერად დღეებს და დაუვიწყარ ბავშვობას. ვუსურვებდი მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრებას, გამძლეობასა და მხნეობას, ნათელ მომავალს და ბევრ ტკბილ მოგონებას.
დაკარგულია დღე…
რომელშიც არ არსებობს შედეგი და იმედის ნაპერწკალი…
ბათუმი არის…
ბათუმი ჩემთვის არის ერთადერთი ქალაქი, რომელიც მშობლიური სახლივით მიყვარს… ასაკი მომემატა, ვცდილობ თანამედროვეობასაც ავუწყო ფეხი, მიხარია, რომ ბათუმს ახალი სიცოცხლე აჩუქა ცათამბჯენებმა, მაგრამ ჩემს მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩა მეოცე საუკუნის 80-90-იანი წლების კოპწია, მყუდრო, მშვიდი, თბილი, მოსიყვარულე, ქათქათა ბათუმი. ჩემს ქალაქს ერთი დიდი საოცრება აქვს, ყველა დროში სრულიად საქართველოს მასპინძლობს. ის ჩემთვის მსოფლიოში ყველაზე დიდი ეროვნული და ქართული ქალაქია. მე, ფრთებგაშლილი, თეთრი ქალაქი მიყვარს, მაგნოლიების სურნელით სავსე. დღესაც თითქოს ყურში ჩამესმის – „ცისფერო და ვარდისფერო ბათუმო“… ბათუმი ჩემთვის ყველაფერია…
მათ, ვინც ჯერ კიდევ არ არის სკაუტი, ეტყვით რომ…
ბედნიერი წუთები აქვთ წინ, დაუვიწყარი დღეები ელოდებათ, საოცარი მეგობრობა და შთამბეჭდავი მოგონებები, ემოციები და ექსტრემი, გუნდურობა და თავგადასავლები, ფერადი დღეები და ნამდვილი „ცხოვრების გემოს“ შეგრძნება. აუცილებელი გამოცდილებაა არაფორმალური განათლება და თქვენთვის, მომავალო სკაუტებო, გპირდებით დაუვიწყარ სიამოვნებასა და გამოცდილებას, რომელიც მთელი ცხოვრება გაგყვებათ და აუცილებლად გამოგადგებათ.
და ბოლოს, რა არის ის, რაც ყველაზე მეტად გსურთ…
ურთულეს პერიოდში ცხოვრობს დღეს ჩემი საქართველო და არამარტო საქართველო. მშვიდობიანი მსოფლიოს გარეშე ბავშვები დაგვეკარგებიან. ყოველთვის ვფიქრობ და ვწუხვარ, როდესაც ბავშვების თვალებზე ცრემლებს ვხედავ. მსოფლიოში არსებული ყველა საერთაშორისო ორგანიზაციები ყველაფერს უნდა აკეთებდნენ ბავშვების მშვიდობიანი მომავლისათვის. ამ საკითხს ყოველთვის ვუსვამ ხაზს ჩემს გამოსვლებში საერთაშორისო კონფერენციებზე… ეს არის ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სურვილი. ამასთან ერთად დღეს არსებული ვითარება მაჩვენებს, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთო, რათა სკაუტები და ახალგაზრდობა, ისინი, ვინც ჩვენი მომავლის იმედები არიან, კარგად იცნობდნენ საქართველოს ისტორიას, მის კულტურას და ხელოვნებას, ქართულ ტრადიციებს, რათა ხვალ ეს ჩვენი სიმდიდრე უცხოეთში მცხოვრებ მათ თანატოლებს გააცნონ. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც გვეყვარება ერთმანეთი, ყველაფრის დაძლევა შეიძლება დედამიწაზე…
ტექსტი: ნანა აბულაძე