90-იან წლებში, როდესაც ჩვენს ნახევრად ჩამქრალ ტელეეკრანებზე პირველი საპნის ოპერები გამოჩნდა, მაშინ მას არაფერი ჰქონდა საერთო კინოხელოვნებასთან. დღესაც არ შეგვიძლია ვუწოდოთ სერიალს კინონაწარმი, თუმცა განვითარების ამ საფეხურზე, სერიალების კულტურა კინოსთან ყველაზე ახლოს არის. დღეს საპნის ოპერისაგან გამიჯნული სერიალის მთავარი მონაპოვარი ურიცხვი მაყურებელი, ცნობილი რეჟისორების ინტერესი და მოთხოვნადი მსახიობების მონაწილეობაა. საპნის ოპერებიდან სერიალებამდე მოგზაურობაში გიდობას კინომცოდნე თეო ხატიაშვილი გაგვიწევს და ყველა იმ ღირშესანიშნაობაზე მოგვითითებს, რაც დღეს სერიალების პოპულარობას განკარგავს.
დავიწყოთ სულ თავიდან. მაშინ, როდესაც ეკრანებზე გამოჩნდა პირველი საპნის ოპერა, რეალურად, შეიქმნა კინოს ისეთი მიმდინარეობა, რომელმაც ადამიანები კვირაში 5 დღე ეკრანებს მიაჯაჭვა. მხატვრული ფილმისგან სრულიად განყენებული კინოჟანრი, თუმცა საოცრად პოპულარული, მიუხედავად მისი დაბალი ხარისხისა. როგორ იწყება სერიალების ისტორია და რა როლი ჰქონდა მას თავდაპირველად?
სხვათა შორის, სერიალი, როგორც წყვეტასა და განგრძობადობაზე აგებული ნარატივი, თავდაპირველად არა ტელევიზიაში, არამედ ამერიკულ რადიოში ჩნდება XX საუკუნის 30-იან წლებში. თუ თხრობის ამ ფორმის ფესვებს უფრო ღრმად გავყვებით, ტელესერიალის ჩანასახს უკვე „ათას ერთი ღამეში“ აღმოვაჩენთ. აღმოსავლური ზღაპარი აგებულია ამბ(ებ)ის უსასრულო წყებაზე, რომელსაც მშვენიერი და ჭკვიანი შეჰერეზადა თავის გადასარჩენად ყოველღამე უყვება მეფე შაჰრიარს, თხრობა წყდება გამთენიისას, ყველაზე კულმინაციურ მომენტში, რის გამოც დაინტრიგებული მეფე შეჰერეზადას სიკვდილით დასჯას დებს და დებს მომდევნო დღისთვის, შეჰერეზადას კი საინტერესო ისტორიები არ ელევა, ამით გადაირჩენს კიდეც თავს. სწორედ ეს წყვეტა ხდება სერიალში მნიშვნელოვანი, რითაც მაყურებლის ცნობისმოყვარეობა გააქტიურებულია და აიძულებს მას მომდევნო სერიის ყურებას. კანონზომიერია, რომ ამგვარი თხრობითი ფორმის განვითარება და ფართოდ გავრცელება მასმედიისა და პოპკულტურის, როგორც მძლავრი ინდუსტრიის, ჩამოყალიბებასა და განვითარებას ემთხვევა და მის წიაღში ხდება. ყველაზე მეტად გავრცელებული და მეინსტრიმში პოპულარული კი მაინც „საპნის ოპერა“ იყო, რომლის სახელწოდებაც ისევ და ისევ წარმოებასა და კომერციასთან არის დაკავშირებული, რადგან პირველი რადიოსერიალის სპონსორი საპნის მწარმოებელი ფირმები Procter&Gamble-ი, Colgate-Palmolive-ი და Lever Brothers-ი იყვნენ, რომელთა რეკლამაც იყო ჩასმული სერიალში. თუმცა ამ სახელწოდებამ უფრო არსებითი მნიშვნელობა შეიძინა, რაც სერიალის თვისობრიობას შეესატყვისება – „საპნის ბუშტი“ და მასში მოთხრობილი ბანალური სენტიმენტალური ისტორიები, რაც ადვილად აღიზიანებს (საპნის მსგავსად) მეინსტრიმის საცრემლე ჯირკვლებს.
თუ სატელევიზიო სერიალზე ვამბობთ, რომ ის შეიქმნა უბრალოდ, ადამიანების ყოველდღიურობის მოსაყოლად, მაშინ ლოგიკურია, რომ მას სოციოლოგიური ღირებულებაც ექნებოდა.
უდავოდ. და ამიტომ არ არის შემთხვევითი, რომ სერიალის მდარე გართობის ინსტრუმენტიდან უფრო სერიოზულად აღქმა და კვლევა სწორედ სოციოლოგებმა დაიწყეს. მთელი თავისი ილუზორულობის, შელამაზებულობისა და გლამურისადმი სწრაფვის მიუხედავად, მკვლევრები ტელესერიალებში სოცრეალიზმის გამოვლინებასაც ხედავენ. ყველაზე ბანალურ სერიალშიც კი ყოველთვის არის „პოპულისტური რეალიზმი“. ტელესერიალი, როგორც პოპკულტურის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი პროდუქტი, რეალობის რეფლექსირებას შედარებით მარტივ/მასობრივ ენაზე ახდენდა და ამდენად, ხშირ შემთხვევაში უფრო უადვილდებოდა საზოგადოებაში არსებული ამა თუ იმ მწვავე პრობლემის რეპრეზენტირება, ვიდრე ეს აკადემიურ კულტურაში იყო შესაძლებელი. ბოლო წლების გახმაურებული სერიალები იდეოლოგიურაც რადიკალურად იცვლება და უაღრესად ლიბერალურ და ემანსიპატორულ ღირებულებებს ეფუძნება, სადაც განსაკუთრებით მწვავედ და უკომპრომისოდ ექცევა ქალთა საკითხები, ოჯახური ძალადობა და გაუპატიურება, მარტოხელა დედობა და ა.შ. როგორიც არის, მაგალითად, „დიდი პატარა ტყუილები“, „ტბის სათავე“/Top of the lake, „მოახლე“/Maid, „მარი ისტთაუნიდან“, „ხიდი“/Broen და სხვა. ქართულ რეალობაში, ალბათ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ „ჩემი ცოლის დაქალები“, რომელმაც ასევე შემოიტანა ბევრი ძალიან პრობლემური და ერთგვარად ტაბუირებული თემაც კი.
რეალურად, სერიალმა დიდი ევოლუცია განიცადა. როდის იწყებს სერიალი უკვე ფორმირებას როგორც მხატვრული კინოს მიმდინარეობა?
როგორც კინოს მიმდინარეობა, ჯერ კიდევ არ განიხილება, თუ არ ჩავთვლით „ტვინ-პიქსის“ მესამე სეზონს, რომელზეც უამრავი რევიუ დაიწერა, სადაც მას არა როგორც სერიალს, არამედ როგორც 24-საათიან ფილმს, ასე მოიხსენიებდნენ. ვფიქრობ, რომ კინოსთან დაახლოებასა და მის მხატვრულ ღირებულებაზე თამამად საუბარი მაინც უფრო ბოლო ათწლეულზე შეგვიძლია, თუმცა გარდამტეხი და სრულიად უნიკალური შემთხვევა სწორედ დევიდ ლინჩის „ტვინ-პიქსია“ და, შესაბამისად, მისი პირველი-მეორე სეზონის გადაღების წლები: 1990-1991. თავისთავად, ის ფაქტი, რომ დამაგვირგვინებელი მესამე სეზონი 25 წლის მერე გამოვიდა, მეტყველებს, თუ რამდენად „არაკანონიკურია“ ეს სერიალი. საერთოდ, შეიძლება ვთქვათ, რომ „ტვინ-პიქსი“ ცალკე მოვლენაა, ავტონომიური, ძალიან ღრმა, კომპლექსური თემებითა და ლინჩიანური სიურრეალისტური, ამავდროულად, ძალიან რეალური, დამზაფვრელი და თან უაღრესად შთამბეჭდავი ფორმით; სერიალი, რომელიც არა „ვარდისფერი“ ჰოლივუდით გაცნობილ ნათელ ამერიკას, არამედ მის დაფარულ და შავბნელ მხარეს გვაჩვენებს თავისი კორუფციით, მკვიდრი მოსახლეობის განადგურება-რეზერვაციით, ძალადობრივი კულტურით და ა.შ. ლინჩმა სერიალის თხრობაც სრულიად რევოლუციურად შეცვალა, როცა ერთ – დეტექტიურ ისტორიას კი არ მიჰყვება თანამიმდევრულად – მითუმეტეს, რომ ჟანრულად ამის აუცილებლობა თითქოს გამოკვეთილია, არამედ უამრავი გადახვევით, მათ შორის, ბევრი სხვა ჟანრული მიმართულების შემოტანით, დროისა და სივრცული განზომილებების აღრევით, რის შედეგადაც პირველი სეზონის მთავარი კითხვა – ვინ მოკლა ლორა პალმერი? – შეიცვლება ეგზისტენციური და ფილოსოფიური კითხვებით: – რა დროში ვართ და ვის სიზმარს ვხედავთ?
ბაზარზე გამოჩნდა არაერთი მძლავრი კომპანია, რომლებმაც აქტიურად დაიწყეს ბაზარზე ამ სეგმენტის დაკავება. მაგალითად, „ნეთფლიქსი“, რომელიც საკმაოდ მაღალი ხარისხის სერიალებს სთავაზობს მაყურებელს. სერიალებს ვხედავთ ყველა ჟანრში და ძალიან წონიანი მსახიობების მონაწილეობითაც. როგორ ფიქრობთ, რამდენად შესაძლებელია სერიალი კინოჟანრების სათავეში მოექცეს?
დავამატებდი, რომ არა მხოლოდ წონიანი მსახიობები, არამედ რეჟისორებიც: უკვე ვახსენე დევიდ ლინჩი, რომელმაც ერთგვარად, „გახსნა სეზონი“, თუმცა მანამდეც შეგვიძლია გავიხსენოთ, მაგალითად, ბერგმანის „სცენები ოჯახური ცხოვრებიდან“ (სხვათა შორის, მისი საკმაოდ კარგი რიმეიკი გადაიღეს ჯესიკა ჩესტეინის მონაწილეობით), ფასბინდერის „ბერლინი, ალექსანდერ-პლატცი“. თანამედროვე სერიალებიდან უკვე ნახსენები „დიდი პატარა ტყუილების“ მეორე სეზონი ანდრეა არნოლდს ეკუთვნის, ან „ტბის სათავე“ – ჯეინ კემპიონს, „ახალგაზრდა პაპი“ – პაოლო სორენტინოს და ა.შ. რაც შეეხება კითხვას – ზოგადად არ მიყვარს (არასავარაუდო) პროგნოზები იმის შესახებ, თუ როგორ განვითარდება კინო, რადგან, როგორც წესი, ეს პროცესი ზიგზაგისებური, არაერთგვაროვანი და სრულიად სხვადასხვა მიმართულებით განტოტვილია. რაც უფრო აქტიურად იჭრება კინოში კომერციალიზაცია და ატრაქციონი ტექნოლოგიებისა თუ ნარატივების სახით – და უნდა ვაღიაროთ, რომ რაც არ უნდა მხატვრულად, სულ უფრო ღირებულ ფორმას იღებდეს სერიალი, ის მაინც არის კომერციული პროექტი – კინო მით უფრო რადიკალური ფორმით პასუხობს, რომ შეინარჩუნოს დამოუკიდებელი, „სუფთა“ სახე. თუმცა ერთი რამ ცხადად იკვეთება, რომ სერიალის ფორმა აუცილებლად მოახერხებს სკეპტიკური მაყურებლის რაოდენობის სულ უფრო და უფრო შემცირებას, რომელთა შორის ჯერ კიდევ მრავლად არიან ჩემი კოლეგებიც.
ტექსტი: თაკო დარახველიძე
ფოტო: ალექსეი სეროვი