ამბობს, რომ სიკეთის კეთება მისი თანდაყოლილი ლტოლვაა, მიზანია, რომლისთვისაც მთელი ცხოვრება მუხლჩაუხრელად შრომობს და სჯერა, სიკეთე ყოველთვის იპოვის ბოროტებაზე გასამარჯვებელ ძალას. უყვარს სიცოცხლე, ადამიანები და ცდილობს მუდმივად იდგეს მათი კეთილდღეობის სადარაჯოზე. „OK! ბათუმის“ სტუმარი სიკეთის სახლის „კეთილსოფელი“ დამფუძნებელი და დასაქმების ხელშეწყობის, მულტიპროფილური კვალიფიკაციის ამაღლებისა და ჯანდაცვის მიმართულებების კოორდინაციის, საერთაშორისო ასოციაცია ,,ერთმანეთისთვის“ ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოდან ჯანდაცვის მიმართულებით თურქეთის რესპუბლიკაში, ნანა სარიშვილია, რომლის ქველმოქმედებაც არაერთ მადლიერ ადამიანს ითვლის.
ამქვეყნად მოსვლა იმისთვის ღირდა, რომ…
დიახ, ღირდა ამქვეყნად მოსვლა და ცხოვრება. ფიქრი დღისა და ღამის გასაყარზე, მზის ნათელი სხივები რომ ფანტავს ბნელს და ზოგჯერ კოშმარულ სიზმრებს. ღირდა სამყაროს დადებითი ენერგეტიკული ველის შეცნობა და ჩემი შესაძლებლობების გააზრება. ღირდა ადამიანად დაბადება იმისათვის, რომ შემეცნო ადამიანი ადამიანში.
თქვენს ცხოვრებას მთავარ ფონად ქველმოქმედება გასდევს, მუდმივად ხართ იმ ადამიანების სამსახურში, ვისაც დახმარება სჭირდება. რა ემოცია მოაქვს სიკეთის კეთებას თქვენთვის, რა გაძლევთ ამ ყველაფრისთვის ძალას…
სიკეთის კეთება ჩემი თანდაყოლილი ლტოლვაა. არასოდეს დავმდგარვარ არჩევანის წინაშე – სიკეთე თუ ბოროტება. სიკეთისთვის დავიბადე და ყველა ასე იბადება, რადგან სიცოცხლეა უპირველესი სიკეთე. მზის სხივის დანახვა, ბუნების სილამაზისა და ჰარმონიის აღქმა, სამყაროს იდუმალი ხმების მოსმენა… სიკეთეს ვერ ისწავლი. ის ადამიანის მდგომარეობაა, შინაგანი ძალა, ბედნიერების საწყისი და ბოლო. ბოროტების არჩევა უბედურებისა და მარადიული ტანჯვისთვის თავის გაწირვაა. მე მიყვარს ჩემი თავი და ადამიანები.
სიკეთის სახლი „კეთილსოფელი“ – უფრო მეტი მოგვიყევით პროექტზე, რომლის დამფუძნებელიც ხართ და რომელიც ბათუმიდან დაიწყეთ…
ქველმოქმედება ორგვარია – გამიზნული და შემთხვევითი. ორივე სასწაულ გრძნობას იწვევს, მაგრამ როცა სრულიად მოულოდნელი მომენტი შენ გაგხდის ღირსს, ადამიანს სიცოცხლე აჩუქო, ეს წყალობაა. სამყარომ გამოგარჩია, რომ ადამიანს ხელი მოჰკიდო და მისი სიცოცხლე იხსნა. ერთხელ ტანსაცმლის მაღაზიაში შევედი, ჩაცმა მიყვარს, ეს ჩემი ქალური სისუსტეა. მაღაზიაში ორი ქალბატონი მუშაობდა, საუბარი გავაბით. აღმოჩნდა, ერთ-ერთს, ლამარა ვასაძეს, ორივე შვილი სმენადაქვეითებული ჰყავდა. სოციალურად დაუცველი ოჯახი იყო. სახლი არა აქვთ. იმ დროს კეთილსოფლის მშენებლობა აქტიურ ფაზაში იყო. ამ პროექტსა და მის ბედზე მოგვიანებით მოგიყვებით. სიმბოლურად გადავეცი ბინის გასაღები. მაღაზიის მფლობელმა მაია შეშაბერიძემ მადლობით ამავსო და მეორე თანამშრომელი გამაცნო. ქეთი ორმოცაძეს მძიმე ფორმის პარკინსონი ჰქონდა. ერთიანად ცახცახებდა და თრთოდა. უკვე გადაადგილება და მეტყველება უჭირდა. მაიას ხელკავით მოჰყავდა მაღაზიაში, ავადმყოფობას სულიერად რომ არ გაეტეხა. ამ პატარა მაღაზიაში ერთმანეთის გვერდში დგომისა და თანაგანცდის მაგალითმა შემძრა. იმ წუთიდანვე ახლობლებად მივიჩნიე, ჩემიანებად. დამშვიდობებისას შევპირდი, რომ ვიბრძოლებდი. მე თურქეთის ქალაქ სამსუნის კლინიკის – MEDICANA-ს წარმომადგენელი ვარ საქართველოში. ლამის ფეხებში ჩავუვარდი კლინიკის წამყვან ნეიროქირურგს, ენის ქურუოღლუს, უფასოდ ჩაეტარებინა ქეთისთვის 25 ათას დოლარად ღირებული ოპერაცია. რამდენიმე დღეში კლინიკამ დაადასტურა ქეთი ორმოცაძის ოპერაციის უფასოდ ჩატარების შესაძლებლობა. ქეთის თან გავყევი, სასთუმალთან ვეჯექი, როცა ნარკოზიდან გამოვიდა. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. ქეთი მალე დაუბრუნდა სრულფასოვან ცხოვრებას. პროფესორ ქურუოღლუს უბის წიგნაკში კი კიდევ ერთი ჩანაწერი გაჩნდა – „თქვენ მე სიცოცხლე მაჩუქეთ“. როცა ქეთის ბათუმის ქუჩებში ვხედავ, ბედნიერებით ვივსები. სიამაყეს ვგრძნობ, რომ იმ კლინიკას წარმოვადგენ, სადაც შემიძლია ადამიანებს ჯანმრთელობა გაუუმჯობესონ და ხშირად ამას ქველმოქმედების სახელით აკეთებენ. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნაკურთხი პროექტია „კეთილსოფელი“. რამდენიმე წელია ნაბიჯ-ნაბიჯ, აგურ-აგურ ვაშენებთ სოციალურად დაუცველ ოჯახთათვის სახლს. ხან სპონსორები შემოგვწირავენ, ხან საქველმოქმედო კონცერტებს ვმართავთ. ოცამდე სხვადასხვა საჭიროების მქონე პირი ელოდება პროექტის დასრულებას. მათი ოჯახებისთვის ეს წარმოუდგენელი სიკეთეა. 4 სართული ავაშენეთ. ძნელი გამოდგა ოცნების კოშკის აგება. დროში გაიწელა, მაგრამ მალე, იმედი მაქვს, საზოგადოება გაიგებს იმ კეთილი ადამიანის სახელს, ვინც უზრუნველყოფს „კეთილსოფლის“ მშენებლობის დასრულებას და ჩვენ ერთად ვიზეიმებთ სიკეთის სახლის გახსნას.
„სიკეთის დღეზე“ მინდა გკითხოთ, რომელსაც თერთმეტი წელია ატარებთ…
თერთმეტი წელია, 11 აგვისტოს შეძლებისდაგვარად ვცდილობთ მოვეფეროთ აჭარაში მცხოვრებ სოციალური სტატუსის მქონე შშმ და სსსმ პირებს, ეკომიგრანტებს, მრავალშვილიანებს, ბავშვთა და მოხუცებულთა სახლების მობინადრეებს, რომლებსაც სიკეთისა და სიყვარულის კრუიზზე ვიწვევთ. 11 წელია იახტკლუბი ათასობით ადამიანს მასპინძლობს 2-საათიან კრუიზზე. ეს არის დღე სიკეთისა, სიყვარულისა და მოფერებისა, რომლითაც ჩვენს წილ ყურადღებას გამოვხატავთ ამ ადამიანების მიმართ.
როგორია თქვენი წილი ბათუმი, ქალაქი, რომელზეც მთელი პასუხისმგებლობით ზრუნავთ და ცდილობთ მნიშვნელოვანი აგური დადოთ მის ყოველდღიურ შენებასა და განვითარებაში…
ბათუმელობა დიდი პატივია და თან, პასუხისმგებლობა. მით უმეტეს, თუ ამ ქალაქის საპატიო მოქალაქე ხარ. მე ამ ქალაქის აისით და დაისით ვცხოვრობ, მისი აწმყოთი და მომავლით. მიყვარს და ვცდილობ, სულ მცირე წვლილი მაინც შევიტანო პრობლემების გადაწყვეტაში. ეს ჩემი ოჯახის მომავლის ქალაქია. აქ უნდა იცხოვრონ და დაბერდნენ ჩემი 2 ვაჟი, 5 შვილიშვილი – მათგან 4 ბიჭი და 1 გოგონა. ვალდებულნი ვართ, შთამომავლობას უკეთესი გარემო დავუტოვოთ.
ყოველთვის აღსანიშნავია თქვენი გარეგნობა, როგორ ახერხებთ ამდენი საქმის მიუხედავად, მუდამ შესაშურ ფორმაში იყოთ…
თავს რომ ვიწესრიგებ, ასე მგონია, ჯარისკაცივით ფორმას ვიცვამ და მისიის შესასრულებლად მზად ვარ! ასე ვთქვათ, ფორმაში ვარ! ეს ჩემთვის საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნების ხერხია, მობილიზების, მიზნის მიღწევის წინაპირობა. თუ მოგწონთ როგორც გამოვიყურები, ეს ძალიან ნიჭიერი დიზაინერის, სოფია ბაკურიძის დამსახურებაა, გოგოსი, რომელიც მუდამ ზრუნავს ადამიანების კომფორტსა და მშვენიერებაზე. თავს ვიწონებ იმით, რომ მის მიერ შექმნილი სამოსით ვიმოსები. ჟურნალ „ოკეის“ გვერდებზეც მისი ნამუშევრით წარვდგები.
ოჯახი თქვენთვის…
ოჯახი ჩემი სტიმულატორია. ისაა საყრდენიც და მამოძრავებელი ძალაც. დიდი შრომაა საოჯახო საქმეების მოგვარება, შვილიშვილების აღზრდაში სრულფასოვანი მონაწილეობის მიღება. ხშირად მხედავენ ქალაქში ბავშვებთან ერთად, ზოგჯერ მათ საქმიან ვიზიტებზე უწევთ სიარული. ერთი სიტყვით, ხშირად ბავშვებს ვუვლი, საქმეებს ვაგვარებ და პარალელურად იმაზე ვფიქრობ, სადილად ან ვახშმად რა მოვამზადო. მხოლოდ სიყვარულს შეუძლია ეს შეგაძლებინოს.
როგორ ფიქრობთ, რა არის თქვენი ძლიერი მხარე, რომელმაც ლიდერ ქალად ჩამოგაყალიბათ…
ცოტა სასაცილო ამბავია, მაგრამ ასეა – პირველკლასელს მომინდა, საახალწლო კარნავალზე თოვლის ბაბუა ვყოფილიყავი. მგონი, იმ დღიდან ვარ ლიდერობის კანდიდატი.
დღე, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ…
დედაშვილობის აღქმა და განცდა, ამას არაფერი შეედრება.
ადამიანი ადამიანისთვის…
ადამიანი ადამიანისთვის საყრდენია, გვერდში მდგომია, ჭირისა და ლხინის გამზიარებელია.
ხართ კლინიკა MEDICANA-ს წარმომადგენელი საქართველოში. მოგვიყევით აღნიშნულ კლინიკაზე, რა სერვისს სთავაზობს მომხმარებელს და რა გამოარჩევს სხვა კლინიკებისგან…
კლინიკა MEDICANA ევროპული სტანდარტის, 21-ე საუკუნის ინოვაციურ კლინიკათა ქსელია თურქეთში. საუკეთესო დიაგნოსტიკური აპარატურით აღჭურვილი, მაღალი კლასის პროფესიონალებით მდიდარი სიცოცხლის სახლია, ასე ვეძახი ამ კლინიკას. აქ თითოეული სიცოცხლე სამყაროს სიცოცხლესავით ძვირფასია. ექიმები პაციენტის დანახვისთანავე იწყებენ სწორ და პროფესიულ მოქმედებას ყოველგვარი დაყოვნების გარეშე. მათზე ზრუნავენ, ეფერებიან, ტკბილი სიტყვითაც კურნავენ. მაბედნიერებს მათთან ურთიერთობა და ვამაყობ, რომ წარმომადგენლის სტატუსი მომანიჭეს. გარდა ამისა, Metro Holding-ში შემავალი კომპანიის Green Insurance Geotgia-ს წარმომადგენელი ვარ აჭარის რეგიონში. Metro Holding-ში მუშაობა დიდი კომფორტია ადამიანისთვის, რომელსაც სხვისი დახმარების გარეშე ცხოვრება არ შეუძლია. „მეტრო“ უზარმაზარი კომპანიაა უამრავი მიმართულებით. მას სამი ათასამდე მაღალანაზღაურებადი თანამშრომელი ჰყავს. მისი მფლობელი გალიფ ოზთურქია, რომელზეც დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოზე უზომოდ შეყვარებული და წარმოუდგენლად ქველმოქმედი ადამიანია. ფილმის გადაღება რომ შემეძლოს, გალიფ ოზთურქის საქველმოქმედო ქეისებს გადავიღებდი. დამიჯერეთ, უამრავი გულის ამაჩუყებელი ეპიზოდი იქნებოდა, მე ვიცი ეს ისტორიები. „მეტრო ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორიც შესანიშნავი ახალგაზრდაა. რაულ კახაძესთან ერთ გუნდში მუშაობა ბედნიერებაა. ეს კომპანია ჩემი მეორე ოჯახია და თავს ბედნიერად მივიჩნევ, რომ მათი გაკეთებული სიკეთეების მოზიარე ვარ.
საზოგადოების ნდობა რომ მოიპოვო…
საკუთარი თავის შეცნობით უნდა დაიწყო, შენი სავალი გზა განსაზღვრო და ამ გზას უერთგულო. სიმართლეს არ უნდა დაემალო, თვალი უნდა გაუსწორო და სვლა განაგრძო, სიკეთის სახედ უნდა იქცე და მადლიერი უნდა იყო, თუ ეს შეძელი.
რა არის ის, რისიც ყველაზე მეტად გჯერათ…
რაც არ უნდა პარადოქსულად მოგეჩვენოთ, საკუთარი თავის სიყვარული, რომელიც სხვის სიყვარულს მასწავლის და ცხოვრებას მიფერადებს.
ვნანობ…
იმ მძიმე წლებს, რომლებმაც ჩემი შესაძლებლობების გამოყენების საშუალება არ მომცა და დრო დამაკარგვინა, ახალგაზრდული ენერგიით მეკეთებინა კეთილი საქმეები. ახლა მინდა ავინაზღაურო ეს დრო.
როგორია თავისუფლების თქვენეული აღქმა…
დიდი პოეტის, მუხრან მაჭავარიანის სიტყვებით გეტყვით:
„მწყურვალისათვის მიმატანინე წყალი,
მევალისათვის მიმატანინე ვალი,
გზააბნეულისთვის მასწავლებინეთ გზები,
შეუწამლავი შემაწამლინე ზვრები,
მომაძებნინეთ სხვაგან დამარხული ძმები,
ამ ჩემს მამულში დამამარხვინეთ ძვლები.
მათქმევინა, ქვეყნად სიცოცხლე ღირდა,
მერე? – წამოვალ, წამოვალ, საცა გინდა!“
თავისუფლება კი ლომთა ხვედრია – ძლიერებისა და უშიშრების.
როგორ ფიქრობთ, რა არის ის თვისება, რაც დღეს აკლია საზოგადოებას…
საზოგადოებრივი პასუხისმგებლობები – „ტყე შეუნახე შვილებსა, მამა ხარ, შენი ვალია“. სიკეთეს უკან არ უნდა მოუხედო. „რასაცა გასცემ, შენია, რაც არა – დაკარგულია“. „მადლი ქენი, ქვაზე დადე, გაივლი და წინ დაგხვდება“. ხალხური სიბრძნე მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნვას არ გვასწავლის, ეს უნდა გავიაზროთ.
დაბოლოს, თქვენი გზავნილი ადამიანებს…
საფინალოდ კი ილიას დავესესხები: „კაცად მაშინ ხარ საქები, თუ ეს წესი წესად დარგე – ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხე, აბა, დღეს მე ვის რა ვარგე!“
სამოსი: სოფი ბაკურიძე
ფოტო: ნანო თენოშვილი
ჟურნალისტი: ნანა აბულაძე