მთელი თავისი ცხოვრება ერთი დიდი და საინტერესო ამბავია, რომელშიც უმთავრესი ადგილი ადამიანების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე ზრუნვას ეთმობა. არასოდეს ნებდება, მეტიც, ყველა დაბრკოლება შეუძლია გადააქციოს ძალად, რომელიც ახალი მწვერვალების დაპყრობაში დაეხმარება. „OK! ბათუმის“ სტუმარი მედიცინის სფეროს მენეჯერი, თურქეთ-საქართველოს ჯანდაცვის მიმართულების წარმომადგენელი, ნანა სარიშვილია, რომელიც ჟურნალის ფურცლებიდან თავისი საქმიანობის მრავალფეროვნებასა და
სამომავლო გეგმებზე გვიყვება.
ქალბატონო ნანა, არაერთ რეგალიასთან ერთად, ხართ თურქეთის რესპუბლიკის წამყვანი კლინიკების ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. მოგვიყევით აღნიშნულ კლინიკებზე და თქვენს როლზე მათთან მიმართებაში…
საქართველოდან პაციენტების თურქეთის რესპუბლიკაში საჭირო სამედიცინო დახმარების მიღებაზე ზრუნვა ორ წელიწადზე მეტია, რაც დავიწყე, თუმცა უკვე ერთი წელია, რაც საერთაშორისო ასოციაცია „ერთმანეთისთვის“ დამფუძნებლის, მედიცინის აკადემიური დოქტორის, პროფესორის, ჩემი დიდი მეგობრის, ქალბატონ მარიამ ბეზარაშვილის არჩევითა და ნდობით, გავხდი ამ ასოციაციის ოფიციალური წარმომადგენელი სამედიცინო მიმართულებით თურქეთის რესპუბლიკაში. ჩვენს ასოციაციას ჰყავს თავისი წარმომადგენლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ჩვენი საერთო მიზანი საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობაზე მაღალკვალიფიციური ზრუნვა, მათთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნა და შეღავათიანი ტარიფებით მკურნალობა გახლავთ. ასოციაცია ასევე ზრუნავს სხვადასხვა ქვეყანაში ჩვენი სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებაზე. მაქსიმალურად ვცდილობთ საქართველოში სამედიცინო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას. ყოველივე ამას, თურქეთის რესპუბლიკის წამყვან კლინიკებთან მჭიდრო მეგობრული ურთიერთობითა და თანამშრომლობით ვახორციელებ.
პირდაპირი მნიშვნელობით, უფლის წყალობად მივიჩნევ, რომ დღეს სწორედ მე წარმოვადგენ თურქეთის რესპუბლიკის წამყვანი კლინიკების ოფიციალურ წარმომადგენელს საქართველოში.
კლინიკა „მედიკანათა“ ქსელიდან, ქალაქ სამსუნიდან დაიწყო ჩემი ურთიერთობა ჯანმრთელობასთან მიმართებაში და ჩემს როლს სიკეთის, სიყვარულისა და სიცოცხლის გადარჩენისთვის ზემაღალი პასუხისმგებლობით ვასრულებ და დღეს უკვე უძლიერეს გუნდს „ლივ ჰოსპიტალს“ წარმოვადგენ საქართველოში, რომელიც ერთ-ერთი პირველია სამედიცინო ტურიზმის მიმართულებით თურქეთის რესპუბლიკაში და არამხოლოდ.
ერთ-ერთი ქართველი ხართ, ვინც ქართველ პაციენტებს მათი საჭიროებების მიხედვით აკვალიანებთ, ერთგვარად უკვალავთ გზას. მაინც, რატომ უნდა გააკეთონ არჩევანი თქვენზე, რა დამატებითი ბონუსი ახლავს თქვენთან თანამშრომლობას?
სიტყვა „გზამკვლევი“ იმ ხიდზე გადის, რომელიც კარგად აწონილ და გათავისებულ საქმეს პოზიტიური შედეგით ამთავრებს. ჩემი მიზანიც ესაა. რაც შეეხება იმას, თუ რატომ უნდა გააკეთონ ქართველმა პაციენტებმა არჩევანი ჩემზე და რა ბონუსი ახლავს ჩემთან თანამშრომლობას, ვიტყვი იმას, რომ, უპირველესად, პაციენტის მომართვიანობის შემდეგ ჩემი გუნდი, ქართველი ექიმების დახმარებით, სწორი მიდგომებით ვახდენთ ჩვენი პაციენტების დაკვალიანებას. სწორად შედგენილი ანამნეზი ხომ პაციენტის გამოჯანმრთელების გარანტიაა. ამის შემდგომ ვუკავშირდები კლინიკის წამყვან სპეციალისტებს, თარჯიმნების ჩართულობით და, პაციენტის დიაგნოზიდან გამომდინარე, ხელახალი გამოკვლევებისთვის ვახდენ მის გადაყვანას ქალაქ სამსუნში. კომფორტული მგზავრობა, ადგილზე დეტალური სამედიცინო გამოკვლევები, უტყუარი დიაგნოზის დასმა, ფსიქოლოგიური მომზადება პაციენტის შემდგომი მკურნალობისა თუ ქირურგიული ჩარევისათვის. ასევე, ამ დროის განმავლობაში პაციენტი თავის მხლებელთან ერთად მოთავსებულია კომფორტულ სასტუმროში და მისი გადაადგილება ხდება კლინიკის მომსახურებით. რაც შეეხება ფინანსურ ხარჯებს, მოქმედებს სხვადასხვა მიმართულების შეღავათები. სრული რეაბილიტაციის შემდეგ, ჩემი ჩართულობით, გამოჯანმრთელებულ პაციენტს ვაბრუნებთ საქართველოში. სწორედ პაციენტების, მათი ჯანმრთელობის მიმართ აღნიშნული მიდგომები გამოგვარჩევს სხვებისგან.
რას ნიშნავს თქვენთვის, იყოთ სამედიცინო სფეროს მენეჯერი, თურქეთის და არამარტო წამყვანი კლინიკები გიცხადებდნენ ნდობას?
სამედიცინო მენეჯერობა დიდი პასუხისმგებლობაა, ამასთან ერთად, შედეგზე ორიენტირებული პოზიტიური ხედვაა. იმედის ზეიმისა და სიცოცხლის საჩუქრისათვის მზადებაა. იმ თვალების მზერაა, რომელიც მადლობას გიხდიან და სიყვარულით შემოგცქერიან.
კლინიკებისა და მედიცინის მუშაკთა ნდობა ალბათ ჩემი სწორი და გააზრებული მენეჯმენტური ხედვით მოვიპოვე. ჩემი პირველი და საწყისი გაჩერება ქალაქ სამსუნის კლინიკა „მედიკანაა“, სადაც ჩამოვყალიბდი და ნათლობა მივიღე გზამკვლევისა, რომელიც კომპასის გარეშე მიდის დანიშნულების ადგილზე და სიცოცხლის დროშით ბრუნდება სამშობლოში.
თქვენს გუნდსა და მის მიღწევებზე გვესაუბრეთ…
ჩვენი გუნდი საქართველოსა და თურქეთის ერთიანი რაზმია, რომლის ჯარისკაცები თეთრხალათიანი, საბრძოლო მზადყოფნასა და გამარჯვებაში დარწმუნებული ქომაგები არიან.
ჩვენი პროფესიონალიზმით, მონდომებითა და პასუხისმგებლობით, სრულიად გამოჯანმრთელებულმა ათეულობით ქართველმა პაციენტმა დატოვა თურქეთის კლინიკა და დღეს აქტიურ ცხოვრებას აგრძელებენ.
ხართ ინ ვიტრო განაყოფიერების ცენტრის დირექტორის მრჩეველი. ამ კუთხით არსებულ სიახლეებზე გვესაუბრეთ.
დიახ, მაქვს პატივი, ვიყო ინ ვიტრო განაყოფიერების ცენტრის „სთორქ აივიეფის“ დირექტორის მრჩეველი, რომელიც ქალაქ ბათუმში მდებარეობს. ამ კუთხით ჯერ კიდევ ძიებასა და სწავლებაში ვარ, თუმცა მომართვიანობა აქაც ზენიტშია. უფლის ნებით, ამ სფეროში ჩემს თურქ მეგობრებთან ერთად პოზიტიურ შედეგს მივიღებთ და ქართველ ქალბატონებს დედობის უიმედობის ბარიერს გადავალახვინებთ. რაც შეეხება ექსტრაკორპორალურ განაყოფიერებას, ანუ ხელოვნურ განაყოფიერებას (IVF /ICSI), იგი უშვილობის მკურნალობის მეთოდია, რომელიც აძლევს წყვილს საშუალებას,
ჰყავდეს შვილი (შვილები) საკუთარი ან დონაცია/ სუროგაციის მეთოდის გამოყენებით, თუ სხვა მკურნალობის მეთოდი უშედეგო აღმოჩნდება. ხელოვნური განაყოფიერების მეთოდებია: ეკო საკუთარი გამეტებით, ეკო დონორის კვერცხუჯრედით, ეკო დონორის სპერმით, დონაცია-სუროგაცია. ყველა პაციენტი არის უნიკალური, ამიტომ, თითოეულ მათგანს სჭირდება ინდივიდუალური მიდგომა და მკურნალობის ოპტიმალური მეთოდის შერჩევა. ექსტრაკორპორალური განაყოფიერება მოიცავს 3 ეტაპს: საკვერცხეების სტიმულაცია, საკვერცხეების ტრანსვაგინალური ფუნქცია და ემბრიონის შექმნა, ემბრიონის გადატანა საშვილოსნოს ღრუში. ემბრიოლოგი ყოველდღიურად აკვირდება ემბრიონების განვითარებას და როცა იგი მიაღწევს ბლასტოცისტის სტადიას, ხდება ემბრიონების გადატანა საშვილოსნოს ღრუში. პროცედურა მთავრდება ემბრიონის იმპლანტაციით მომავალი დედის საშვილოსნოში. ემბრიონის შეყვანა ხდება წვილი კათეტერით აბდომინალური ექოსკოპიის კონტროლით. ხელოვნური განაყოფიერების ჩვენებებია: წარუმატებელი ინსემინაცია, უშვილობა განპირობებული ასაკით, ჩვეული აბორტები, პოლიკუსტოზერი საკვერცხეების სინდრომით, ენდომეტროზი, მამაკაცებში სპერმის პათოლოგია, გენეტიკური პათოლოგია, უშვილობის უცნობი ეტიოლოგია, ფალოპიუსის მილების ოკლუზია, მამაკაცების ვაზექტომიის შემდეგ. იმ შემთხვევაში თუ პაციენტს არ აქვს საკუთარი კვერცხუჯრედების რეზერვი, მაშინ ხდება დონორის კვერცხუჯრედების გამოყენება. თუ თითოეული მცდელობა აღმოჩნდება უშედეგო, ამ შემთხვევაში მართებულია სუროგაცია, როდესაც წყვილის ემბრიონები შეჰყავთ სუროგატი დედის საშვილოსნოში. ამ გზით წყვილს აქვს ბედნიერება ჰყავდეს საკუთარი შვილი.
ქალბატონა ნანა, როგორც ვიცით, ცნობილი ნეიროქირურგის, პროფესორ ენის ქურუოღლუს პირადი წარმომადგენელი ხართ საქართველოში. გვიამბეთ მის ინოვაციურ ოპერაციებზე, კერძოდ, პარკინსონის ოპერაციაზე, რომელიც სიახლეა მედიცინაში…
მოგეხსენებათ, ადამიანები კარგავენ კონტროლს ტვინის იმ უბნების დაზიანების გამო, რომლებიც მონაწილეობენ მოძრაობის კონტროლში, ან ნეიროტრანსმიტერების უკმარისობის გამო, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ამ კონტროლზე. ყველაზე მნიშვნელოვანი ქირურგიული მეთოდი, რომელიც გამოიყენება ამ დაზიანებების გამომწვევი ნევროლოგიური დარღვევების სამკურნალოდ, არის ტვინის კარდიოსტიმულატორი, რომელიც ერთ-ერთი რეგულირებადი და კონტროლირებადი მეთოდია. განსაკუთრებით ეფექტურია ესენციური ტრემორის (უკონტროლო ტრემორი, უნებლიე მოძრაობები) პარკინსონის დაავადებისა და დისტონიის (უნებლიე შეკუმშვა) მქონე პაციენტებისთვის. ტვინის სტიმულაციის ოპერაციის შემდეგ, პაციენტებს შეუძლიათ ძალიან სწრაფად დაუბრუნდნენ ყოველდღიურ ცხოვრებას. ტვინის სტიმულაცია არ აღადგენს დაზიანებულ უბნებს, მაგრამ ეფექტურია ისეთი სიმპტომების შესამსუბუქებლად, როგორიცაა ტრემორი, მოძრაობების შენელება, უუნარობა და უნებლიე მოძრაობა. ოპერაციამდე, მდგომარეობის დასადგენად, პაციენტს უტარდება სხვადასხვა ტესტი, გამოკვლევა, მაგნიტურ-რეზონანსული და კომპიუტერული ტომოგრაფია, რომელთა პასუხების გაცნობის შემდეგ იგი მზად არის ოპერაციისთვის. ოპერაცია მიმდინარეობს ანესთეზიით, დაძინებით. ელექტროდები თავსდება მონიშნულ ზონაში და შემდეგ ხდება ბატარეის განთავსება. ტვინის სტიმულაციის ოპერაციები ტვინის ყველაზე უსაფრთხო ოპერაციებს შორისაა და პაციენტებში განსხვავდება ოპერაციის დროც. საშუალოდ 2-5 საათია. ოპერაციის შემდეგ პაციენტები ოთხი-ხუთი დღე რჩებიან კლინიკაში. ტვინის სტიმულატორით პაციენტს შეუძლია გააგრძელოს ყოველდღიური ცხოვრება, როგორც ჯანმრთელმა ადამიანმა.
მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი ჩართულობით ორი წლის განმავლობაში, პარკისონის არაერთი ოპერაცია ჩატარდა ბატონ ენის ქურუოღლუს მიერ. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ყველა ოპერაცია წარმატებით დასრულდა. ვარ ამაყი, რომ ვეხმარები ჩემს ქართველ მოსახლეობას ამ ვერაგი დაავადების განკურნებაში.
მინდა მოსახლეობამ უფრო მეტი იცოდეს ბოლო ინოვაციის შესახებ, რომელიც პარკისონის ოპერაციას ეხება, ეს მართლაც აღმოჩენაა.
როგორია წარმატებული მენეჯერი ქალის სამომავლო გეგმები…
წარმატებული მენეჯერი ქალი ხმალამოღებული უნდა იდგეს იმ ეკვატორიაში, სადაც სიყვარულის, სიკეთისა და ბედნიერების ნავსაყუდელია. მეც ვდგავარ იქ, სადაც ბრძოლისა და შეტევის ველია, სადაც მოლოდინები და გამარჯვებებია, საფიქრალ-საზრუნავია და ახალი გზების დასალაშქრავად გონებისა და გადაწყვეტილებების მობილიზებაა.
სიკეთისა და სიყვარულის კეთებისთვის ყოველდღე ვეძებ ახალ გზებს, რომლის ბოლო კეთილია!
მოხარული ვართ, რომ ჩვენი ჟურნალი საზოგადოებას აწვდის ამომწურავ ინფორმაციას საინტერესო პიროვნებების შესახებ, რომლებიც მუდმივად მზად არიან ადამიანებს დახმარების ხელი გაუწოდონ. ერთ-ერთი მათგანი ქალბატონი ნანა სარიშვილია, რომელიც წლებია დგას ადამიანების კეთილდღეობის სადარაჯოზე. გიტოვებთ მასთან დასაკავშირებელ საკონტაქტო ინფორმაციას: [email protected]