სიამოვნებით გვინდა მოგითხროთ ყველასთვის საყვარელი და ცნობილი მსახიობების დედაშვილობის ამბავი. ბაია დვალიშვილი დედას, მარინე თბილელს იხსენებს. როგორი დედაშვილობა ჰქონდათ, როგორი ადამიანი იყო მარინე თბილელი, გადმოიტანა თუ არა ბაიამ დედასთან ურთიერთობის მოდელი თავის შვილთან, ამაზე მსახიობთან საინტერესო ინტერვიუში ამოიკითხავთ.
ბაია, მოგვიყევით თქვენსა და დედას ურთიერთობაზე. როგორი დედა იყო მარინე თბილელი?
დედამ მე ბევრად გვიან გამაჩინა, ვიდრე ჩემი ძმა, რომელიც დედას 17 წლის ასაკში შეეძინა. ქუჩაში რომ მოდიოდნენ, ვერც მიხვდებოდით, დედა-შვილი რომ იყვნენ. მთელი ცხოვრება ერთად გაატარეს, ბევრი სიძნელით, ტრაგედიებით, განშორებებით. ბოლო პერიოდშიც, დღე არ გავიდოდა, რომ ჩემს ძმას ერთხელ ან ორჯერ არ შემოერბინა დედასთან, კარს მიკეტავდნენ და საუბრობდნენ ან კამათობდნენ მარტო დარჩენილები. ძირითადად, ეს ჩხუბი და კამათი თეატრს ეხებოდა. მე კი ვიყავი შვილი, რომელიც უნდა აღეზარდა, მიეთითებინა, კონტროლის ქვეშ ჰყოლოდა და სულ შევნატროდი იმ მეგობრულ ურთიერთობას, რომელიც ჩემს ძმასა და დედაჩემს ჰქონდათ. საერთოდ დედის როლი საკმაოდ რთულია. მეც დედა ვარ და ამ გადმოსახედიდან ვამბობ. რატომღაც სულ გინდა, შვილი ისეთი იყოს, როგორიც შენ. ხშირად გვავიწყდება, რომ შვილი ცალკე ინდივიდია, თავისი ხასიათით, ბუნებით, ბედით და ჩვენ ვცდილობთ, დავიმსგავსოთ, ვთხოვთ, რომ ჩვენნაირად იქცეოდნენ. ბავშვი არის დამოუკიდებელი პიროვნება, რომელსაც პატივისცემა და ბევრი რამის გათვალისწინება, დათმობა სჭირდება. ეს, რა თქმა უნდა, არ არის მარტივი. ჩემი შვილი 17 წლისაა, რთულ ასაკშია და სულ ვითვალისწინებ, რომ ჰქონდეს ის, რაც მე მინდოდა მქონოდა. დედასი მომწონდა ის, რომ იყო ძალიან პრინციპული, ლაღი, უზომოდ შეყვარებული თავის პროფესიაზე. ბევრჯერ გაგიგიათ ალბათ, დედებს რომ უთქვამს, შვილს ყველაფერი შევწირეო. ეს არასწორია. არ სჭირდებათ ბავშვებს მშობლის მსხვერპლშეწირვა. ბავშვისთვის უმნიშვნელოვანესია, უყუროს შემდგარ, დაკავებულ, თავისი საქმით ბედნიერ მშობელს. ეს არის სწორი მაგალითი. მეც ასეთ დედას ვუყურებდი, როგორი ბედნიერი იყო, როცა რეპეტიციაზე გარბოდა, როცა სპექტაკლი ჰქონდა. მთხოვდა ხოლმე, ახლა ათი წუთი დამასვენეო. ის ჩემთვის საუკეთესო მაგალითი იყო, ქალი, რომელიც ყველაფერს ასწრებდა, სადილებს, სუფრებს, სტუმრების მიღებას, რეპეტიციებს, ჩემს აღზრდას…
როგორ ფიქრობთ, დედასთან ურთიერთობის მოდელი გადმოიტანეთ თქვენს შვილთან?
არა. შეიძლება ნაწილობრივ. მე უფრო დამთმობი ვარ, უფრო ხელშემწყობი, ვფიქრობ, რომ მეტი დამოუკიდებლობა ვასწავლე ჩემს შვილს პატარა ასაკიდან. სულ მქონდა ის ფიქრები და შიში, რომ არავის ეთქვა, რანაირი შვილი გაზარდეს მარინამ და კაკომო. ანგარიშს სულ ვუწევდი მათ, რაც თავისთავად გასაგებია, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს ისე, რომ ადამიანმა არჩევანი და პიროვნული თვისებები დაკარგოს. მე სულ ანგარიშის გაწევაში ვიყავი და ეს ძალიან არასწორია.
მე ვარ დამთმობი დედა, გარკვეულ ფარგლებში, ცხადია. იმდენად დიდხანს მიწევდა საკუთარი სურვილების მიჩქმალვა, სხვების აზრის გათვალისწინება, რომ არ მინდა ჩემი შვილიც ასე იყოს. ამიტომ სრულ თავისუფლებას ვაძლევ სურვილებში.
დედისგან განსაკუთრებით სახასიათო რა გახსენდებათ?
დედაჩემის კისკისი მესმოდა დილიდან. სულ ვფიქრობდი, დილიდანვე ასეთ კარგ ხასიათზე რანაირად არის-მეთქი.
შთაბეჭდილებასაც ტოვებდა, რომ ძალიან ლაღი და ხალისიანი ადამიანი იყო.
იყო ძალიან ენერგიული. ბევრ რამეს ასწრებდა და ყველაფერს დიდი ხალისით აკეთებდა. მოწყენილი, სევდიანი არ მინახავს. სულ ეძებდა პოზიტივს და ეს მეც მასწავლა. თუმცა მე ამ უნარის გამომუშავებას სულ ახლახან მივაღწიე. იცით, ყოველთვის შეიძლება მონახო ის, რაც დაგეხმარება, დღე მარტივად დაასრულო.
როცა მარინამ გაიგო, რომ მისი გზის გაგრძელებას აპირებდით, როგორი რეაქცია ჰქონდა?
დედა აბსოლუტურად არ იყო წინააღმდეგი, მამისგან განსხვავებით. მამას არ უნდოდა თეატრალურზე ჩამებარებინა და ორი წელი არც მაბარებინებდა. ამბობდა, ეს ურთულესი პროფესიაა, რომელიც იღბალზე არის დიდწილად დამოკიდებულიო და მართალიც იყო. დამთხვევებზე, გამართლებაზეა, რომ გამოჩნდე, როგორც ნიჭიერი მსახიობი. ამას დრო სჭირდება და ადვილი არ არის.
ძალიან ლამაზი ქალი იყო მარინე თბილელი. როგორ უვლიდა თავს, გახსოვთ?
არანაირად არ უვლიდა. დედაჩემმა სახეზე კრემის წასმა რა იყო, საერთოდ არ იცოდა. უყვარდა მხოლოდ პომადა. პრაქტიკულად, სხვას არაფერს ხმარობდა. ძალიან ადრე გავიდა პენსიაზე, 64 წლისა. მერეც თამაშობდა და მოგზაურობდა, მაგრამ ამით მაგალითი მისცა კოლეგებს, რომ ახალგაზრდებისთვის დაეთმოთ გზა. დედამ, თავისი წასვლით, გაათავისუფლა შტატი, რომელიც მაშინ არსებობდა თეატრში და დღეს აღარ არის. დღეს მსახიობები თავისუფლები ვართ, შეგვიძლია მოძრაობა, თეატრის, როლის არჩევა, მაშინ არ იყო ასე. მე პირადად 7 წელი შტატგარეშე მსახიობი ვიყავი.
კინო უფრო უყვარდა თუ თეატრი?
თეატრი, რა თქმა უნდა. საეტაპო როლი იყო კეკელა ხუხლიაშვილი მარჯანიშვილის თეატრში, მანამდე უფრო ლამაზი, ეფექტური ქალების როლებს თამაშობდა, როგორიც თავად იყო. ისეთი გარდატეხა მოახდინა ამ როლით, რომ თავიდან აღმოაჩინეს დედა, როგორც მსახიობი. შემდეგ იყო რუსთაველის თეატრი, სადაც საკმაოდ ასაკოვანი, 53 წლისა გადავიდა. ასეთ ასაკში თეატრის შეცვლა რთულია. ძალიან იღბლიანი ქალი იყო, ზოგადად, და ამას თავადაც აღნიშნავდა. შემდეგ იყო „კავკასიური ცარცის წრე“ და „რიჩარდ მესამე“. კიდევ უნდა გავიხსენო სპექტაკლი „დასაწყისი“, სადაც ბუღალტერი ქალის პატარა როლს თამაშობდა, თუმცა საკმაოდ სახასიათო, ნაფიქრი, კარგი როლი იყო.
ტექსტი: თაკო გვაზავა
ფოტო: ალექსეი სეროვი, პირადი არქივიდან