2026 წელი მოდის მოყვარულებს ბევრ მოულოდნელ ტენდენციას ჰპირდება. მოდის სამყაროს კვალდაკვალ, სილამაზის ინდუსტრია მინიმალიზმს შორდება და ახალ ესთეტიკასა და ტენდენციებს ითვისებს. კერძოდ, მანიკურის მიმართულებით, შთამბეჭდავი დიზაინი, მკვეთრი ფერებისა და ხაზების ნაზავი გველის. ჩვენ უკვე შევადგინეთ 8 ძირითადი ტენდენცია, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ.
პრინტები

2026 წლის მანიკურის ტრენდი მდიდარი იქნება სხვადასხვა პრინტით. ზოგი, მაგალითად, შოტლანდიური ორნამენტი 2025 წელსაც ტრენდული იყო და მომავალ წელსაც გაგრძელდება. იგივე ეხება მარადიულ კოპლებსაც.
რძისფერი

რძისფერი მარადიული კლასიკაა, თუმცა, 2026 წელს ის განსაკუთრებულ აღმავლობას განიცდის, რადგან Pantone Color Institute-მა თეთრი ელფერი – Cloud Dancer 2026 წლის ფერად დაასახელა.
გამოიყენეთ ის დამოუკიდებლად და სხვადასხვა კომბინაციაში. შეუხამეთ რძის ფერი კოპლებიან ტრენდს, ფრჩხილებზე თეთრი წერტილები დაამატეთ, მოდური კრისტალები დაიმაგრეთ ან ბოლო წლების კლასიკას – მარგალიტის ეფექტს მიმართეთ.
ნარინჯისფერი

ეს ფერი განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს. წელს ნარინჯისფერმა წარმოუდგენლად დიდი პოპულარობა მოიპოვა, ამიტომ ეს ფერი 2026 წელს მაკიაჟსა და, რა თქმა უნდა, მანიკურში ყველგან იქნება. (გაიხსენეთ ტიმოთი შალამესა და კაილი ჯენერის ბოლო ფოტოები).
ამჟამად ყველაზე მოდური ფერია Portofino Orange Glitter – ზუსტად ის, რომელიც ტეილორ სვიფტმა The Life of a Showgirl-ის გარეკანზე გამოიყენა. შეგიძლიათ შეუხამოთ ის უფრო მშვიდ ტონებს, როგორიცაა ნაცრისფერი, პასტელის ვარდისფერი, იასამნისფერი ან თეთრი.
მინიმალისტური ბრჭყვიალა

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მოდა ამჟამად გარდამავალ ეტაპზეა და მინიმალიზმიდან გლამურს უბრუნდება. თუ თამამი დიზაინისთვის ჯერ მზად არ ხართ, გირჩევთ, Nude ფერს ბრჭყვიალა ქვები დაამატოთ. მოკლედ, ყველაფერი გააკეთოთ იმისათვის, რომ თქვენი ფრჩხილები ბრილიანტზე მეტად ელავდნენ.
„მშვიდი ფუფუნება“

კიდევ ერთი ტენდენცია, რომელიც „მშვიდი ფუფუნების“ მიმდევრებს აღაფრთოვანებს, არის ღრმა ტონების ტენდენცია. ტრადიციული ღვინისფერი წითელი ფერები ახლა გამჭვირვალე და თითქოს გადღაბნილი ხდება. მუქი ლურჯი, ზურმუხტისფერი და იისფერი ტონები ბრუნდება და რაც მთავარია, შავი, რომელიც ბოლო წლებში უსამართლოდ დაივიწყეს.
„მყვირალა ფუფუნება“

ახლა მინიმალისტები და მშვიდი ტონების მოყვარულები ეკრანს უნდა მოშორდნენ, რადგან „მყვირალა“ ფერებსა და boom boom-ზე უნდა ვისაუბროთ. როგორც Pinterest-ი ვარაუდობს, მალე ყველა Glamoratti-ის ესთეტიკაში ჩავეფლობით, რომელიც 80-იანი წლებითა და იტალიური დოლჩე ვიტათი არის შთაგონებული.
აქედან, მანიკურში გამოჩნდება კაშკაშა ოქროსფერი აქცენტები, დიდი ქვები, მარგალიტები, კუს ნიჟარის ნიმუშები და 3D დეკორაციები – ან ყველა ერთად. სხვათა შორის, უმჯობესია, ასეთი ფრჩხილები დიდი რაოდენობით ბეჭდებს შეუხამოთ.
არატრადიციული ფრანგული მანიკური

მომავალ წელს ყველასთვის საყვარელი ფრანგული მანიკური შეიძლება ყველანაირი იყოს, ოღონდ მოსაწყენი არა: მკვეთრი ნეონის ფერები, მეტალისფერი და სხვადასხვა ზოლები. ამიტომ, გირჩევთ, ჩვეულებრივი თეთრი ზოლები დაივიწყოთ და თქვენი კრეატიულობა მაქსიმალურად გაზარდოთ.
გაიკეთეთ ფრანგული მანიკური ჩვენს მიერ ჩამოთვლილი ნებისმიერი ტენდენციით (განსაკუთრებით კოპლებიანი და ჭადრაკული ნიმუშებით), მიაწებეთ კრისტალები და მძივები ან ოქროსფერი აქცენტები დაამატეთ. ზემოთ მოცემულ ფოტოზე კიდევ ერთი უჩვეულო ვარიანტი შეგიძლიათ იხილოთ – ფრანგული მანიკური შექმნილია „კატის თვალის“ კონტრასტული ტონების გამოყენებით.
დიზაინების სიმრავლე

ალბათ მიხვდით, რომ 2026 წელს მაქსიმალიზმი დომინირებს. მანიკურის ტენდენციების მრავალფეროვნებას შორის, განსაკუთრებით ორი გამოირჩევა: ჟელესებრი ფრჩხილები და ფუტურიზმი.
Pinterest-ის ექსპერტებმა უკვე დაწერეს, რომ ეს ორი ტენდენცია სილამაზის ინდუსტრიაში წამყვანი გახდება. ანალიტიკოსების აზრით, 2026 წელს განსაკუთრებით კოსმოსური თემებით და ქრომის დიზაინით დავინტერესდებით, რომელიც თხევად ლითონს წააგავს.
რაც შეეხება jelly -ის მანიკურს, ეს აზიელი ფრჩხილის მხატვრების უკვდავი ტრენდია, რომელიც პოზიციებს არ თმობს.
ასევე დაგაინტერესებთ











