საცალო ბანკინგი ის სივრცეა, სადაც ფინანსური გადაწყვეტილებები ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებას ყველაზე მეტად ეხება. სწორედ აქ იკვეთება ნდობა, პასუხისმგებლობა და რეალური გავლენა – არა მხოლოდ ციფრებში, არამედ ადამიანების არჩევანსა და უსაფრთხოებაში. „ლიბერთი ბანკის“ საცალო საბანკო მიმართულების დირექტორი, ნინო ჩადუნელი გვიყვება, როგორ იქცევა ლიდერობა სტრატეგიად, ადამიანი – სისტემის ბირთვად, ხოლო ნდობა – განვითარების მთავარ კაპიტალად. ეს არის ინტერვიუ ქალზე, რომელიც არღვევს სტერეოტიპებს, დებს რეალურ შედეგებს, ემსახურება ღირებულებებსა და გრძელვადიან ხედვას.
როგორც საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი საცალო საბანკო მიმართულების დირექტორი, ხელმძღვანელობთ სფეროს, რომელიც ყველაზე ახლოს დგას ადამიანებთან. რა მთავარი პრინციპები და გამოცდილება დააგროვეთ ამ გზაზე და როგორ აისახება ეს დღეს თქვენი მიმართულების განვითარების გეგმებზე?
ყოველდღიურად ვმართავ სფეროს, რომელიც ყველაზე ახლოს დგას ადამიანებთან – მის ყოველდღიურ საჭიროებებსა და მიზნებთან.
საცალო ბანკინგი ჩემთვის მხოლოდ პროდუქტის შექმნა და გაყიდვა არაა. ეს არის ნდობის არქიტექტურა, რომელიც თითოეული მომხმარებლის ცხოვრებაში უხილავად, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება მაჩვენებს, რომ წარმატებული საცალო მიმართულება სამი ფუნდამენტური პრინციპის ერთობლიობაზე დგას: კლიენტის ნდობა, პროდუქტისა და პროცესის სიმარტივე და ადამიანი.
ფინანსურ სექტორში ნდობა არ არის აბსტრაქტული ცნება – ეს არის გადაწყვეტილება, რომელსაც მომხმარებელი ყოველდღიურად იღებს. ის ჩვენს პროფესიონალიზმსა და ეთიკაზე აკეთებს არჩევანს. სწორედ ამიტომ, ჩემი სტრატეგიის საფუძველი აგებულია პასუხისმგებლობასა და გამჭვირვალე, გრძელვადიანი ურთიერთობების შენებაზე.
თანამედროვე მომხმარებელი სწრაფი და ციფრული სამყაროს ნაწილია. მათ სჭირდებათ პროცესები, რომლებიც ინტუიციურია და არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. სწორედ ამიტომ, ჩვენი განვითარების სტრატეგიაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ციფრულ ტრანსფორმაციას, პროცესების ოპტიმიზაციასა და მომსახურების ერთიანი სტანდარტის დანერგვას ყველა არხში.
მესამე და ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პრინციპი არის ადამიანი. ნებისმიერ ორგანიზაციაში წარმატებას ადამიანები ქმნიან. ჩემი ლიდერული ხედვაა გუნდის გაძლიერება, პასუხისმგებლობების გაზიარება და ინიციატივების წახალისება.
მჯერა, რომ წარმატება არ იზომება მხოლოდ ფინანსური მაჩვენებლებით. ის იზომება – რამდენად ეფექტურად შევძელით მომხმარებლის ცხოვრების გაუმჯობესება, გუნდის გაძლიერება და ბაზარზე სანდოობის შენარჩუნება. ეს ღირებულებები განსაზღვრავს დღეს ჩვენი მიმართულების სტრატეგიას და სწორედ ეს იქნება საფუძველი ჩვენი მომავალი ნაბიჯებისაც.

საცალო საბანკო სფერო სწრაფად იცვლება – ციფრული ტრანსფორმაცია, მომხმარებლის მოლოდინები, ახალი თაობის ფინანსური ქცევა. თქვენი ხედვით, რა ცვლილებები იქნება გადამწყვეტი უახლოეს წლებში და როგორ ემზადება თქვენი გუნდი ამ გარდამავალ ეტაპზე ლიდერობის შესანარჩუნებლად?
დღეს ბანკები სამი ძირითადი მიმართულებით ვითარდებიან:
ციფრული ეკოსისტემების ჩამოყალიბება. პერსონალიზაცია და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები და ნდობის ახალი ფორმატი, რადგან მომხმარებელი სულ უფრო სენსიტიური ხდება პირადი ინფორმაციის მიმართ.
შესაბამისად, „ლიბერთიც“ ამ მიმართულებით ვითარდება. ვაძლიერებთ ტექნოლოგიურ მიმართულებებს, გადაწყვეტილებების მიღებისას ვიყენებთ ხელოვნურ ინტელექტს და მონაცემებზე დაფუძნებულ ანალიტიკის მოდელებს, რომელსაც კიდევ უფრო მეტად ვავითარებთ. ეს გვეხმარება მომხმარებლის ქცევითი მოდელების იდენტიფიცირებაში, რისკების შეფასებასა და ინდივიდზე მორგებული შეთავაზებების ფორმირებაში.
ბანკის წარმატება ხშირად ციფრებით იზომება, მაგრამ რეალური ნდობა ადამიანებთან ურთიერთობით ყალიბდება. რა როლს თამაშობს ადამიანური ღირებულებები, ემპათია და პასუხისმგებლობა თქვენი მართვის სტილში?
დიახ, ბანკის წარმატება იზომება ფინანსური მაჩვენებლებით – ზრდით, მოგებიანობით, ბაზრის წილით. თუმცა ციფრები შედეგია და არა საფუძველი.
ჩემთვის ადამიანური ღირებულებები არა დამატებითი ელემენტია, არამედ ბირთვი. ფინანსური ინსტიტუტი ყოველდღიურად ეხება ადამიანის ყველაზე მნიშვნელოვან და მგრძნობიარე გადაწყვეტილებებს – დანაზოგს, ვალდებულებებს, უსაფრთხოებას. ასეთ შემთხვევაში ემპათია მხოლოდ რბილი უნარი არ არის, სტრატეგიული აუცილებლობაა.
როდესაც გუნდს რეალურად ესმის მომხმარებლის საჭიროება, მოლოდინი, გამოწვევა – გადაწყვეტილებაც უფრო პასუხისმგებლიანი და გრძელ ვადაზე ორიენტირებული ხდება.
ლიდერობა ჩემთვის არ ნიშნავს მხოლოდ მიმართულებების განსაზღვრას. ის ნიშნავს მაგალითის მიცემას. როდესაც გუნდი ხედავს, რომ ღირებულებები რეალურად მოქმედებს და არამხოლოდ დეკლარირებულია, იქმნება კულტურა, რომელიც მდგრადია კრიზის დროსაც. ციფრები შეიძლება შეიცვალოს, ბაზარი შეიძლება მერყევი იყოს, მაგრამ თუ ორგანიზაციის შიგნით ადამიანური საფუძველი მყარია, ნდობა შენარჩუნდება.
„ლიბერთიში“ დასაქმებულები უმეტესად ქალები არიან. ალბათ დიდია პასუხისმგებლობა მათ წინაშე. უნდა იყოთ ხელმძღვანელი, მაგალითი, მენტორი – როგორ აბალანსებთ ამას?
ის ფაქტი, რომ გუნდის დიდი ნაწილი ქალია, პოზიტიური მოცემულობაა. ეს ნიშნავს, რომ ორგანიზაციაში თავმოყრილია ძლიერი პროფესიონალები და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანები. თუმცა ჩემთვის არსებითი ის არის, რომ წარმატების განმსაზღვრელი სქესი არ არის – განმსაზღვრელია კომპეტენცია, შრომა და ღირებულებები.
ვცდილობ შევქმნა გარემო, სადაც თითოეული თანამშრომელი, მიუხედავად სქესისა, ხედავს თანაბარ შესაძლებლობას ზრდისა და განვითარებისთვის.
მნიშვნელოვანია ადამიანები ფასდებოდნენ შედეგებით, პროფესიონალიზმითა და გუნდური დამოკიდებულებით.
ჩემი როლი ამ პროცესში არის სტაბილურობის, სამართლიანობისა და მხარდაჭერის უზრუნველყოფა.
მინდა „ლიბერთი“ იყოს სივრცე, სადაც ქალებიც და კაცებიც ერთნაირად ხედავენ კარიერულ პერსპექტივას, იღებენ პასუხისმგებლობას და ქმნიან წარმატებას – იმიტომ, რომ ლიდერობას სქესი არ აქვს, მას აქვს ღირებულებები და შედეგები.
როგორ ხედავთ ქალების როლს არა მხოლოდ ორგანიზაციის შიგნით, არამედ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში და აქვს თუ არა ბანკს ამ მიმართულებით გრძელვადიანი ხედვა?
„ლიბერთისთვის“ მნიშვნელოვანია, რომ ქალებს ჰქონდეთ დასაქმების შესაძლებლობა არა მხოლოდ ბანკში, არამედ ლიდერობის, ფინანსურ გადაწყვეტილებებში ჩართულობისა და მეწარმეობის შესაძლებლობები.
ვმუშაობთ ისეთ პროდუქტებსა და პროგრამებზე, რომლებიც მხარს უჭერს ქალ მეწარმეებს ფინანსურ განათლებასა და პროფესიულ ზრდაში.
ჩვენი გრძელვადიანი ხედვაა „ლიბერთი“ იყოს პლატფორმა, რომელიც ქალებს აძლევს რესურსს საკუთარი იდეების რეალიზებისთვის. ჩვენი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიაც განათლების გარშემო ერთიანდება და ძალიან ხშირად ქალებისთვის ახალი ცოდნის მიწოდებასა და შესაძლებლობების შექმნას მოიცავს, განსაკუთრებით რეგიონებში.

როგორია თანამედროვე ძლიერი ქალი?
თანამედროვე ძლიერი ქალი საკუთარ თავს არ განსაზღვრავს სტერეოტიპებით – ის მრავალფეროვანია. მას შეუძლია იყოს ლიდერი, პროფესიონალი, მეწარმე, დედა ან ამ როლების კომბინაცია.
თანამედროვე ძლიერი ქალი არის პროფესიონალი, რომელიც საკუთარ შესაძლებლობებს აცნობიერებს და პასუხისმგებლობას იღებს როგორც გადაწყვეტილებებზე, ისე შედეგებზე. მისი ძალა ეფუძნება განათლებას, კომპეტენციასა და ღირებულებებზე დაფუძნებულ ლიდერობას.
იყო დედა და იყო კარიერულად რეალიზებული – როგორ ათავსებთ ერთმანეთთან? როგორ მოხვედით დღევანდლამდე?
დედობა და პროფესიული რეალიზაცია ორი ძლიერი როლია და სწორი პრიორიტეტების მუდმივ განსაზღვრას მოითხოვს.
დედობამ მასწავლა დროის უფრო მკაფიოდ მართვა, მოთმინება და გრძელვადიან შედეგზე ფოკუსირება. კარიერამ კი სტრატეგიული აზროვნება, პასუხისმგებლობა და გადაწყვეტილების სიმტკიცე.
ეს არის გაცნობიერებული არჩევანი, მხარდაჭერის სისტემის შექმნა და საკუთარ თავთან გულწრფელობა. ერთის არჩევა მეორის უარყოფას არ ნიშნავს, რეალიზაცია შესაძლებელია ორივე მიმართულებით.
ჩემთვის დედობა და კარიერა კონკურენტი სფეროები არ არის. ისინი ერთმანეთის გამაძლიერებელია. ერთი მაძლევს სიღრმეს და ემპათიას, მეორე – მასშტაბებსა და სტრატეგიულ ხედვას. სწორედ ამ ბალანსზე დგას ჩემი პირადი და პროფესიული იდენტობა.
დღევანდელ პოზიციამდე გზა იყო შრომით, სწავლის მუდმივი სურვილითა და გამოწვევების მიღებით სავსე. მჯერა, რომ კარიერული ზრდა არ ხდება ერთი ნახტომით – ეს არის გამოცდილების დაგროვების, შეცდომებიდან სწავლის და ღირებულებების ერთგულების შედეგი.
მიჩნეულია, რომ ციფრები ქალის საქმე არაა. ეთანხმებით თუ არა, რომ არსებობს ქალის საქმე და კაცის საქმე?
თანამედროვე პროფესიულ სამყაროში წარმატების განმსაზღვრელი არის კომპეტენცია, შრომა და პასუხისმგებლობა და არა სქესი.
ფინანსური სექტორი მოითხოვს ლოგიკურ აზროვნებას, დისციპლინასა და სისტემურ ხედვას. ეს უნარები არ არის გენდერულად განსაზღვრული.
ჩემი გამოცდილებით, ყველაზე ძლიერი გუნდები იქმნება მრავალფეროვნებით – როდესაც სხვადასხვა ხედვა, გამოცდილება და აზროვნება ერთ სივრცეში ერთიანდება. სწორედ ამ მრავალფეროვნებაში იბადება ინოვაცია და მაღალი შედეგი.
ამიტომ ჩემთვის კითხვა არ დგას ასე – არის თუ არა ციფრები „ქალის საქმე“. კითხვა არის – გაქვს თუ არა პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობისთვის მზადყოფნა? გავმეორდები – ლიდერობას სქესი არ აქვს. მას აქვს ღირებულებები, უნარები და შედეგი.

დღეს რომ ყველაფერი თავიდან დაგეწყოთ, იმავე გზას გაივლიდით?
დიახ. რადგან ეს გზა მხოლოდ კარიერული წინსვლა არ იყო – ეს იყო სწავლა, ზრდა და საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენა. თითოეულმა გამოწვევამ მასწავლა პასუხისმგებლობა, თითოეულმა სირთულემ – სიმტკიცე.
რას ურჩევდით ქალებს, ვინც ახლა დგამენ პირველ ნაბიჯებს კარიერაში?
პირველ რიგში, საკუთარ შესაძლებლობებაში ეჭვი ნაკლებად შეიტანონ. კარიერის დასაწყისში ყველაზე დიდი დაბრკოლება ხშირად შინაგანი გამბედაობაა და არა გარემო.
მეორე – ცოდნა არის ყველაზე ძლიერი კაპიტალი, რომელიც ღირებულებას არასოდეს კარგავს.
დაბოლოს – არასდროს შეადარონ საკუთარი უნიკალური გზა სხვებისას. მნიშვნელოვანია თანმიმდევრულობა და საკუთარი ღირებულებების ერთგულება.
ტექსტი: მაიკო წერეთელი
ფოტო: ზუკა კაკუტაშვილი












