ჩემს რესპონდენტს რომ ვკითხე, თავისუფლება როგორ გესმის-მეთქი, დაფიქრდა და მიპასუხა: „ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა. და ძალიან ახლოს დგას ჭეშმარიტებასთან – ამიტომაც ადამიანი მუდმივად ისწრაფვის მისკენ. ჩემთვის თავისუფლება არის საკუთარ თავზე, საკუთარ მოთხოვნებზე მაღლა დგომა. ფართო ცნებაა ძალიან, რომელზეც მუდამ უნდა ვიფიქროთ, რათა შევიგრძნოთ“. ბოლო დროს, იმდენად დიდია ფასეულობების რღვევა მსოფლიოში და არამხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, რომ თითქოს მოვლენებშიც მუდამ ჭეშმარიტებას დავეძებთ და ცნებებშიც ეჭვი შეგვაქვს… ჰოდა, ერთი რამ არის ნათელი, რომ სადაც აბსოლუტური ჭეშმარიტებაა, იქ ყველაფერი ცხადზე ცხადია… და აი, ჩემს რესპონდენტს თუ მივუბრუნდები, დიახ, ჭეშმარიტებაა, როცა საკუთარ თავს გრძნობ და პასუხისმგებელი ხარ შენს ქმედებებზე. ამ და სხვა ბევრ საინტერესო თემაზე ვსაუბრობ მსახიობ ანდრო ჭიჭინაძესთან, სპეციალურად თქვენთვის − OK!-ის მკითხველთათვის.
მიუხედავად იმისა, რომ ამ პროფესიას ჩვენს ქვეყანაში დიდი მომავალი არ აქვს, რატომ გადაწყვიტეთ მსახიობობა?
სიმართლე გითხრათ, შეკითხვაზე − ეს არჩევანი რატომ გავაკეთე, გააზრებული პასუხი არ მაქვს, რადგან, რაც ვარ, მუდამ მსახიობობა მინდოდა. ეს არც მსახიობი დედის გავლენა ყოფილა და არც ბიძის.
თეატრი თუ კინო?
მე დღეს თეატრისა და კინოს მსახიობი მქვია, მაგრამ სწავლის პერიოდში კამერა თვალითაც არ მინახავს, მუშაობაზე რომ აღარაფერი ვთქვა. შესაბამისად, მსახიობისთვის კინო უფრო რთულია, რადგან პრაქტიკა არ გვაქვს. მიუხედავად ამისა, მე ძალიან გამიმართლა − დავასრულე თუ არა უნივერსიტეტი, ბევრ ფილმში მოვხვდი. რაც შეეხება თეატრში მუშაობას, აქამდე ამის გამოცდილება არ მქონია. სულ ახლახან, რეჟისორ მიშა ჩარკვიანთან ერთად დოკუმენტური მასალისგან შექმნილ თემებზე პერფორმანსი გავაკეთეთ და ძალიან საინტერესო პროცესი იყო. კინოს თავისი სპეციფიკა აქვს, ძალიან ჩამთრევი და ძალიან საინტერესო. უნდა ისწავლო ემოციების მართვა და ყურადღების მოკრება, ეს კინოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ როცა პრაქტიკა არ გაქვს, ეს უზომოდ რთულია.
თქვენი ნათამაშები ფილმებიდან, გნებავთ როლებიდან, გამოყოფდით ერთ-ერთს?
ბოლო ფილმი იყო დიტო ცინცაძის. ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე სამუშაო პროცესისგან. დიალოგები გადასაღებ მოედანზე იწერებოდა და ეს იმდენად საინტერესო, ცოცხალი და ჩვენი გახდა, რომ ბოლომდე შევისისხლხორცე, შევიგრძენი… ჩემთვის უზომოდ საინტერესო აღმოჩნდა ამ როლზე მუშაობა.
ანდრო, ყოფილა მომენტები, როცა საქართველოდან წასვლაზე გიფიქრიათ?
რა თქმა უნდა, მიფიქრია. იმის მიუხედავად, რომ მე გამიმართლა – საქმეც მაქვს და იმასაც ვაკეთებ, რაც მიყვარს, მინდა მაინც ვცადო უცხო გარემოში საკუთარი თავი.
რომ არ ყოფილიყავით მსახიობი, ვინ იქნებოდით? და საერთოდ, რამდენად განვითარებულია ჩვენს ქვეყანაში კინოინდუსტრია?
ეს სფერო ზუსტად ისაა, სადაც თავს ვგრძნობ კომფორტულად და მაშინ, თუ არა მსახიობი, ალბათ, რეჟისორი ვიქნებოდი. კინო ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა ჩემს ცხოვრებაში. კინომ ბევრი მომცა, ახლა კი მე ვუბრუნებ. რაც შეეხება კინოინდუსტრიას, ნელ-ნელა ამ მიმართულებით დადებითი ძვრებია. გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც მსახიობებს საზღვარგარეთ „გაყიდვაში“ ეხმარებიან. ამ სფეროში ძალიან ბევრი კონტაქტებია საჭირო და ეს მნიშვნელოვანია კინოინდუსტრიის გასავითარებლად.
ჰოლივუდის თქვენც გჯერათ?
ამერიკა − დიდი შესაძლებლობების ქვეყანაა. მსახიობს აქვს ყველანაირი შესაძლებლობა გამოხატოს თავისი თავი. აქ მთავარია მსახიობი და მისი შესაძლებლობები. ამიტომ მგონია, რომ ჩემთვის ამერიკა უფრო საინტერესოა.
თქვენი აზრით, რა განსაზღვრავს ქართული ფილმის წარმატებას?
ფული რომ არა, ეს ფაქტია. ჩვენ რა წარმატებაც გვაქვს დღეს ამ სფეროში, მართლა წარმოუდგენელი რამ არის, იმდენად მწირი თანხებით იღებენ ფილმებს. გულწრფელობა, ხშირ შემთხვევაში საფესტივალო კონიუნქტურაზე უარის თქმა, და, ნიჭიერი რეჟისორები, რომლებსაც აქვთ თავიანთი ხედვა და ამ ხედვის შესაბამისი კინოენით ქმნიან ფილმებს. დღეს კინოს აქვს პატარა კრიზისი, თითქოს ახალი ფორმების ძიებაშია. ქართული კინოც ამ პროცესშია.
როგორია ახალი თაობა − თქვენი გადმოსახედიდან?
ხშირად მიფიქრია, რატომ არის მენტალური აცდენები ჩვენსა და მამების თაობებს შორის. ცოტა ხნის წინ მეგობარმა მირჩია ძალიან საინტერესო ავტორი − სვეტლანა ალექსიევიჩი. თითქოს ამ ადამიანის შემოქმედებამ პასუხი გამცა ამ შეკითხვაზე. იმ პერიოდში საბჭოთა სოციალურმა, „კულტურულმა“ და ეკონომიკურმა ფონმა ღრმა კვალი დატოვა იმ ადამიანთა ფსიქიკაში, რომლებიც იქ დაიბადნენ და გაიზარდნენ. ეს იყო 70-წლიანი დასვენების პერიოდი, როცა საქართველოს ომში, გაუგებრობაში და თვითგადარჩენაში ყოფნა აღარ უწევდა, წამოწვა და ფეხი-ფეხზე გადაიდო. აი, დავისვენეთ და ამ დასვენებამ პასუხისმგებლობის შეგრძნება გააქრო. მერე უცებ, როცა მოვიპოვეთ თავისუფლება, შეიძლება ითქვას, რომ ამან დაგვღუპა, რადგან არ ვიყავით ამისთვის მზად, როგორც მერაბ მამარდაშვილი ამბობდა, თუმცა იმ დროს, როდესაც დამოუკიდებლობა უნდა გადაწყვეტილიყო, ამაზე აქცენტი არ მგონია სწორი ყოფილიყო. ხანდახან აბსოლუტური სიმართლის თქმაც შესაძლოა დამაზიანებელი იყოს. შესაბამისად, როგორც კი კრიზისული სიტუაციის წინაშე დავდექით, ომი დავიწყეთ ერთმანეთთან და ეს თავისუფლება დავკარგეთ. ამ პერიოდში კიდევ ვერც ერთმა ინსტიტუციამ თავისი საქმე ვერ გააკეთა, რამაც ნიჰილიზმს შეუწყო ხელი და ზოგი ეკლესიაში წავიდა თავის გადასარჩენად,ზოგმა ნარკოტიკში იპოვა ხსნა და ზოგიც, უბრალოდ, ვერ მოვიდა ჩვენამდე. ძალიან დიდ პატივს ვცემ უფროს თაობას, უამრავი რამ აქვთ გამოვლილი, პირველ ყოვლისა არაერთი ომი, რაც სულ სხვა კვალს ტოვებს ადამიანების ცხოვრებაში და სხვადასხვა გზით მტკივნეულად ვლინდება მომავალში. მინუსები ჩვენს თაობასაც აქვს, ისევე, როგორც პლუსები, და მათაც.
ჰოდა, თავისუფლება რა არის თქვენთვის?
ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა. და ძალიან ახლოს დგას ჭეშმარიტებასთან, ამიტომაც ადამიანი მუდმივად ისწრაფვის მისკენ. ჩემთვის თავისუფლება არის საკუთარ თავზე, საკუთარ მოთხოვნებზე მაღლა დგომა, რომელიც მიუღწევადია, მაგრამ სწრაფვას ყოველთვის აქვს აზრი.
მთავარი გამოწვევები, რომლის წინაშე თქვენი და ახალი თაობა დგას…
დღეს, ნებისმიერ სფეროში შეგიძლია თავი დაიმკვიდრო, დისტანციურადაც კი, რადგან ძალიან შორს არის ტექნოლოგიური განვითარება წასული. ძალიან დიდი თვალსაწიერია ჩვენ წინაშე და ეს, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ამან ერთმანეთი არ უნდა დაგვაკარგვინოს.
სამომავლო გეგმები…
რამდენიმე პროექტს ველოდები, შემოდგომაზე ვფიქრობ ამერიკაში წასვლას, ერთი თვით. სამსახიობო კურსების გავლა მინდა − უფრო იმიტომ, რომ იქაურ გარემოს შევეჩვიო და ენის თვალსაზრისითაც პრაქტიკა მივიღო. ასევე, მე და ჩემმა მეგობრებმა დავაარსეთ საქველმოქმედო ფონდი „სიცილით თერაპია“ − ჩვენ შემოგვაქვს ექიმი ჯამბაზის პროფესია საქართველოში, რომელიც გულისხმობს სპეციალურად გადამზადებული მსახიობებისა და ფსიქოლოგების სტუმრობას ჰოსპისებსა და ჰოსპიტლებში, რათა პაციენტ ბავშვებს დაეხმარონ განკურნების პროცესში. აქტიურად ვმუშაობთ, რომ ეს პროფესია გახდეს საქართველოში სისტემატური.
საქართველო თქვენთვის როგორი ქვეყანაა?
ძალიან დიდი კულტურის მქონე ქვეყანაა, რომელიც ცოტა დაძველდა და ეძებს საკუთარ თავს. დარწმუნებული ვარ, იპოვის.
ბოლო დროს იმდენად უკულტუროები გავხდით შინაგანად… თქვენი აზრით, ჩვენს ქვეყანაში კულტურას მომავალი აქვს?
კულტურა არის მხატვრული სტილის ერთიანობა ხალხის ცხოვრებისეულ გამოვლინებაში-ო, ზუსტად ამ ინტერვიუს ჩაწერამდე მოვისმინე. ჰოდა, ნებისმიერ კულტურას აქვს მომავალი. მთავარია სადამდე მიგვიყვანს, იმიტომ, რომ „ფაშიზმიც“ კულტურის „მონაპოვარია“ და რენესანსიც. ამიტომ ის კულტურული გამოცდილებები, რომელიც ჩვენ გვაქვს, არ ვიცით საით წაგვიყვანს. ხელოვნება, რომელიც ამ კულტურის შემადგენელი და მნიშვნელოვანი ნაწილია, რეფლექსირებს აწმყოზე და ყოველთვის აკვირდება იმ გარემოს, სადაც უნდა გაჩნდეს. ჩემი ღრმა რწმენით, ხელოვნება ცვლის სამყაროს უკეთესობისკენ. ხელოვნება გრძნობს სად უნდა გაჩნდეს და როგორ… ადამიანი პოლიტიკური არსებაა, შესაბამისად, ნებისმიერ რამეს, რასაც ადამიანი აკეთებს თუ ქმნის, არის პოლიტიკა. ამით იმის თქმა მინდა, რომ თავიდან ბოლომდე ჩვენზეა დამოკიდებული კულტურის პოლიტიკა, ანუ ყველაფერი.
რა არ უნდა დავკარგოთ ჩვენ და რაზე შეგვიძლია მარტივად ვთქვათ უარი? ტრადიციები თუ ფასეულობები, რომლებიც მოგვწონს და არ მოგვწონს.
უარი არაფერზე არ უნდა ვთქვათ და არ უნდა დავკარგოთ. უბრალოდ, ძალიან მნიშვნელოვანი მგონია გავიაზროთ ეს ფასეულობები და ტრადიციები, ეს ყველაფერი ხომ ისტორიიდან მოდის. მე არ მახსენდება არც ერთი ისტორიული მოვლენა, თუნდაც უახლესი წარსულიდან, რაზეც შევთანხმდით და ფაქტს თავისი სახელი დავარქვით. უახლეს ისტორიაზეც კი ვერ ვთანხმდებით, აქედან გამომდინარე, სანამ არ ვისწავლით რაღაცების გადაფასებას, გააზრებას და სწორი აქცენტების დასმას, საქართველოს, როგორც ერს, ღირსება არ ექნება.
დაბოლოს, სპორტული გატაცება…
ბოლო ორი წელია აქტიურად ჩავერთე ჩოგბურთის თამაშში. ეს არის განსაკუთრებული სპორტი. თავიდან ბოლომდე ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ ფსიქოლოგიურად როგორ ხარ განწყობილი და რისთვის ხარ მზად. ზამთარში − თხილამურები. ჩემთვის ეს ორი სახეობაა ყველაზე კარგი განტვირთვის გზაც და საშუალებაც.
ფოტო: მაკა მეგრელიძე
პროექტის ავტორი: ნიკა გომართელი
ტექსტი: მარიამ გაბედავა
ლოკაცია: UNFOUND DOOR; 111 D.Agmashenebeli Avenue