ამბობენ, შემოდგომის სეზონი კულინარიის აკვანია. განსაკუთრებული მრავალფეროვნებით გამოირჩევა ქართული სამზარეულო, რომლის ცვალებადი ხასიათი და იდენტობა საუკუნეებს ითვლის. შემოდგომის, როგორც გარდამავალი სეზონის მშვენიერებაც, ხომ ამაში მდგომარეობს? იგი სრულყოფილია თავის გემოებთან, ფერებთან და სურნელებთან ერთად. საბედნიეროდ, ქართული კულინარია დღეისათვის მოწოდების სიმაღლეზეა და ყოველ ნაბიჯზე ახალ-ახალი აღმოჩენებით გვანცვიფრებს, მაგრამ ამასთანავე, ინარჩუნებს უძველეს კულტურას. როგორც იტყვიან, ყველაფერი ახალი – კარგად დავიწყებული ძველიაო…
ჟურნალი OK! კვლავ განაგრძობს საკუთარი მკითხველის განებივრებას და ამჯერად გასტროპროექტის ფარგლებში, საქართველოს ახალგაზრდა შეფმზარეულთა ასოციაციის დამფუძნებელი − პრეზიდენტი საბა იჩქიტიძე გვმასპინძლობს. იგი წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა წამყვან შეფთან − როგორც ქართველებთან, ისე უცხოელებთან. გაიარა არაერთი პროფესიული გადამზადების კურსი, მათ შორის გერმანიასა და ავსტრიაში. ამჟამად მუშაობს წიგნზე მის კოლეგებთან ერთად, ცდილობს ხელი შეუწყოს ახალგაზრდა, დამწყებ თუ პროფესიონალ მზარეულებს განვითარებასა და წინსვლაში. როგორც პროფესიონალი შეფი, ქმნის განსხვავებულ კონცეფციებს, ატარებს რეგიონულ მასტერკლასებს ქართული ტრადიციული, უძველესი სამზარეულოს მიმართულებით და სწორედ რომ ამ გამოცდილებას დღეს ჟურნალ OK!-ის ერთგულ მკითხველებს გაუზიარებს.
როგორც ყოველთვის, ჟურნალმა OK! ნოემბრის საშემოდგომო ნომრისთვის განსაკუთრებული პარტნიორები შეარჩია, რომელთა მთავარი ნიშა ქართული სულისკვეთება და იდენტობაა. სრულიად ქართული წარმოების პროდუქციის მქონე კომპანიები − „ოჯახური“ და „ხემსი“, ასევე, რესტორანი „ქვევრი“, რომელთა კულტურულ ღირებულებებზე თვით კომპანიათა სახელწოდებებიც მეტყველებს.
საბამ საშემოდგომო თემატიკის აბსოლუტურად ქართული კერძები გაგვიზიარა და ამ ყოველივეს მოსამზადებლად ჩვენი რჩეული კომპანიის პროდუქტები გამოიყენა.
ხემსი
სრულიად ქართული წარმოების კომპანია „ხემსი“ ჩვენი პროექტის ერთგული მხარდამჭერია და უკვე ყველასთვის ცნობილია, რომ „ხემსი“ გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის სწრაფი კვების ჯანსაღ პროდუქციას, კონსერვანტებისა და დანამატების გარეშე. დღევანდელ კერძში შეფმა „ხემსის“ გოგრის გულის კარაქი გამოიყენა, რომელიც შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ერთადერთია ბაზარზე. იგი ერთგვარი ანტიოქსიდანტია, რომელიც ორგანიზმში არსებულ თავისუფალ რადიკალებს ებრძვის და იცავს იმუნურ სისტემას, ორგანიზმს რიგი ქრონიკული დაავადების განვითარებისგან და თქვენი ორგანიზმისთვის შემდეგი სარგებლის მომტანია: აქვს ძვლების რეგენერაციის უნარი, ზრდის სასუნთქი გზების წინააღმდეგობის უნარს ინფექციების მიმართ, ხელს უწყობს ძვლების, კანის, თმის, კბილებისა და ღრძილების ჯანმრთელობას.
ოჯახური
შპს „დაბი“, სავაჭრო ნიშნით „ოჯახური“, დაარსდა 2010 წელს. მისი მიზანია საქართველოს მოსახლეობას, და არამხოლოდ, მიაწოდოს ეკოლოგიურად სუფთა, ნატურალური, უსაფრთხო სუნელ-სანელებლები. კომპანია „ოჯახური“ აწარმოებს 80-მდე დასახელების არომატულ სანელებლებს. ქართული ნატურალური პროდუქცია ექსპორტზე 10-მდე ქვეყანაში გადის: ჩეხეთი, აზერბაიჯანი, საბერძნეთი, კანადა, უკრაინა, რუსეთი, ლატვია, გერმანია და ა.შ.
„ოჯახური ტრადიციები თანამედროვე შეფუთვაში“ − სლოგანმა მალევე დაიპყრო ქართველი მომხმარებლების გულები და ასორტიმენტის მრავალფეროვნებით ქართულ ბაზარზე უკვე წლებია უკონკურენტო ლიდერია.
რესტორანი „ქვევრი“
პროექტის ფარგლებში, ქართულმა რესტორანმა სახელწოდებით „ქვევრი“ გვიმასპინძლა. რესტორანი 2019 წელს დაარსდა და მისი გამორჩეულად ქართული ტრადიციული გარემო, უგემრიელესი კერძებით, გულგრილს ნამდვილად არ დაგტოვებთ. „ქვევრი“ აერთიანებს საქართველოს თითოეული კუთხის მთავარ კერძებს და ქმნის მრავალფეროვან მენიუს. შემოდგომის გრილი დღეების კიდევ უფრო გასალამაზებლად, რესტორანი „ქვევრი“ საუკეთესო ვარიანტია. აქ პროფესიონალი შეფმზარეულები და მათი გუნდი ნამდვილ ქართულ სამზარეულოს გაზიარებთ.
ბოღლიწო
ინგრედიენტები:
ქვევრის საფერავი − 200 გრ;
პური − 200 გრ (კახური შოთი);
გუდის ყველი − 20 გრ;
ნიორი − 10 გრ;
გაწურული მაწონი − 30 გრ.
მომზადების წესი:
კახურ შოთს (სასურველია, მეორე დღის) ვჭრით ან ვტეხთ ხელით სასურველ ზომებზე და ვაწყობთ ოთახის ტემპერატურაზე (+23 +24C), შემდეგ კი ყველა მხრიდან შემთბარ ღვინოში ვავლებთ (3-4 წამით), რათა კარგად დაინამოს და გადმოგვაქვს ჭურჭელზე.
კრემ-სოუსის მომზადება:
მთლიან, გაურჩეველ ნიორს ვაცხობთ 220 გრადუსზე 12-14 წუთით, ვაჭრით მხოლოდ ფესვის მხარეს, რათა გამოცხობის შემდეგ ღრმა ჭურჭელში მარტივად გადმოვიტანოთ;
გუდის ყველს ხელით ვტეხთ ამავე ჭურჭელში და ვამატებთ გაწურულ მაწონს.
ჩანგლით, კოვზით ან საჭყლეტის მეშვეობით, ინგრედიენტები მიგვყავს ერთგვაროვან, სქელი კრემის მასამდე.
ბოლო ეტაპია სერვირება სურვილისამებრ:
უგემრიელეს შოთს გადავადოთ ნივრის კრემ-სოუსი და ჩვენი ბოღლიწოც მზად არის.
ღანძილის სალათა კარალიოკით და ცოცხალი მწვანილით
ინგრედიენტები:
ღანძილი − 250 გრ;
ქინძი − 30 გრ;
ოხრახუში − 30 გრ;
ნიახური − 10 გრ;
კარალიოკი − 140 გრ;
გაწურული მაწონი − 50 გრ;
„ხემსის“ წარმოების გოგრის გულის კარაქი − 15 გრ;
ჩურჩხელა − 80 გრ.
მომზადების წესი:
ღანძილი ამ შემთხვევაში გამოყენებულია მწნილის სახით, თუმცა შესაძლებელია სურვილისამებრ მისი გასუფთავება, მოწალვა ადუღებულ წყალში 4-5 წუთით.
კარალიოკს ვჭრით ასევე სასურველ ფორმებად და ვასუფთავებთ კურკისგან; თეთრ ბადაგში ამოვლებულ ჩურჩხელას ვჭრით 2-3 სანტიმეტრი სისქის ნაჭრებად. დამატებით, ცოცხალი მწვანილის სახით, ვიყენებთ ქინძს, ოხრახუშს, ნიახურს − შედარებით მსხვილ ნაწილებად.
სალათას ვაწყობთ ფენა-ფენა: ჯერ მწვანილი, შემდეგ ღანძილი, კარალიოკი, და ბოლოს – ჩურჩხელა. მეტი საინტერესო გემოსთვის შეფი დამატებით ინგრედიენტად გვირჩევს გამოვიყენოთ გუდის ყველი და „ოჯახურის“ საუცხოო სუნელები.
დრესინგი:
გაწურული მაწონი და ქინძი
დრესინგისთვის ვიყენებთ გაწურულ მაწონს და მცირე რაოდენობით ცოცხალ ქინძს. ვჭრით წვრილად და ვურევთ. ბოლო, და ყველაზე საინტერესო შტრიხი კი კომპანია „ხემსის“ მიერ შექმნილი ქართული წარმოების გოგრის გულის კარაქია, რომელიც შეგიძლიათ შეურიოთ მოცემულ ინგრედიენტებს და გახადოთ კერძი კიდევ უფრო საუცხოო.
ცხვრის ხორცის ჩანახი შებოლილი ბოსტნეულით
ინგრედიენტები:
ხახვი − 400 გრ;
წითელი ბულგარული − 400 გრ;
ბადრიჯანი − 400 გრ;
პომიდორი − 550 გრ;
ცხვრის ბეჭი − 1400 გრ;
რეჰანი − 20 გრ;
ხმელი რეჰანი − 3 გრ;
ხმელი პიტნა − 3 გრ;
ნიორი − 15 გრ;
მარილი − 5 გრ;
ცხვრის დუმა − 150 გრ;
კახური მზესუმზირას ზეთი − 30 გრ.
მომზადების წესი:
ცხვრის ბეჭის რბილობს ვჭრით სხვადასხვა ზომისა და ფორმის ნაჭრებად, ვაცვამთ შამფურზე ცხვრის დუმასთან ერთად, ვამარილებთ და ვდებთ გაღვივებულ ნაკვერჩხალზე ან წალამზე. ამ შემთხვევაში, მეტად სასიამოვნო ბოლის გემოსთვის გამოვიყენეთ წალამი.
ჩანახის ერთ-ერთი მთავარი იდეაა ხორცთან ერთად მომზადებული ბოსტნეული. კლასიკურ ვარიაციაში ბოსტნეული იხარშება, ხოლო შეფი ამავე ტექნიკით ბოლავს მას − ცხიმი იწვის და მეტი ინტენსიური ბოლის სახით ედება ბოსტნეულს. მოგრძო ნაჭრებად ვჭრით ბადრიჯანს და ვაცვამთ შამფურზე, წითელ ბულგარულთან, იისფერ ხახვთან და პომიდორთან ერთად. ასე, მარტივად ვამზადებთ ყველაფერს ერთად, მომზადებული ინგრედიენტები გადაგვაქვს წინასწარ გაცხელებულ თიხის ჭურჭელზე, შემწვარ პომიდორს ვკეპავთ დანით, და ვიწყებთ კერძის საერთო შეკმაზვას (ან შესუნელებას) შემდეგი ინგრედიენტებით: გამოვიყენოთ კომპანია „ოჯახურის“ მიერ მოწოდებული სანელებლები − ხმელი რეჰანი, ხმელი პიტნა, ხმელი ქინძი, წითელი დაღერღილი წიწაკა და მცირეოდენი მარილი. საბოლოო შტრიხად, სერვირებისას დავამატოთ ცოცხალი რეჰანი და კახური ზეთი.