Amazon-ის დამფუძნებელ ჯეფ ბეზოსს კვირას დაგეგმილი ქორწილის ერთ-ერთი ლოკაციის შეცვლა მოუწია. მილიარდერის გადაწყვეტილება ვენეციაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს უკავშირდება. ადგილობრივი მოსახლეობა კატეგორიულად წინააღმდეგია, რომ ქორწილი მათ ქალაქში ჩატარდეს.
ჯეფ ბეზოსისა და ლორენ სანჩესის ქორწილი საზოგადოების აქტიური განხილვის თემაა. გავრცელებული ინფორმაციით, Amazon-ის მფლობელს სამდღიანი წვეულება დაახლოებით 48 მილიონი დოლარი დაუჯდება. მოწვეულ სტუმრებს შორის არიან: კიმ კარდაშიანი, კრის ჯენერი, კეტი პერი, ევა ლონგორია, ოპრა უინფრი, მიკ ჯაგერი, ივანკა ტრამპი, დონალდ ტრამპი და სხვები.
ვენეციელები შიშობენ, რომ ვარსკვლავებით სავსე ღონისძიება ქალაქში ტურისტების მოზღვავებას გამოიწვევს. ადგილობრივებს მიაჩნიათ, რომ ეს ადამიანის უფლებების შეზღუდვაა. რიალტოს ხიდზე გამოკრულია დიდი ბანერი წარწერით: „აქ ბეზოსის ადგილი არ არის“, ხოლო სან ჯორჯო მაჯორეს ბაზილიკის კოშკზე ბეზოსის გვარი წითლად არის გადახაზული. ამასთან, იგეგმება იმ ადგილების ბლოკირება, სადაც საზეიმო ღონისძიებები უნდა ჩატარდეს.
გავრცელებული ინფორმაციით, საბოლოოდ, ბეზოსს ქორწილის ერთ-ერთი ლოკაციის შეცვლა მოუწია. თავდაპირველად, დიდი წვეულება Scuola Grande della Misericordia-ში უნდა გამართულიყო, თუმცა ქალაქის შედარებით მოშორებულ რაიონში, კანარეჯოში გადაიტანეს.
ცნობილია, რომ ბეზოსმა უკვე დაიქირავა აშშ-ის ყოფილი საზღვაო ქვეითებისგან შემდგარი დაცვის გუნდი. ისინი მილიარდერს, მის საცოლეს და მოწვეულ სტუმრებს დაიცავენ, რომ მათთვის ზიანის მიყენება ვერავინ შეძლოს.
„საუკუნის ქორწილს“ Lanza & Baucina Limited აორგანიზებს. კომპანიის წარმომადგენელმა გამოცემა Page Six-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქორწინო ცერემონიალი ადგილობრივ მოსახლეობას უხერხულობას არ შეუქმნის.
საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთი აქტივისტი, ფედერიკა ტონინელო, გამოცემა The New York Times-თან ამბობს:
„ბეზოსი Misericordia-ში ვერასდროს შევა. ჩვენ ქუჩებს მივადგებით, არხებს გადავკეტავთ სამაშველო რგოლებით, ნავებითა და ბადეებით“.