ჯანსაღი ცხოვრება ჯანმრთელობაა, როცა თავს გრძნობ ძალიან კარგად და გაბედნიერებს ყველაფერი, რაც შენ გარშემო ხდება. როცა საკუთარ თავს კარგად იცნობ და იცი, რომ ცხოვრება უამრავ ახალ შესაძლებლობას გთავაზობს. მთავარია, შენ იყო საკუთარ თავთან ჰარმონიაში და შემდეგ იმასაც შეძლებ, რომ სხვა ადამიანებს მიანიჭო ბედნიერება. „ჯანსაღი ცხოვრების წესი ჩემთვის არის გაწონასწორებული ცხოვრება, სადაც ყველაფერი გაქვს დაბალანსებული: სამსახურიც, სწორი კვებაც, სპორტიც, ჰობიც, და ყველაფერს თანაბრად უთმობ დროს“, − მითხრა ტელეწამყვანმა ნინუცა ორჯონიკიძემ, უფრო ვრცლად კი OK!-ის ინტერვიუში ვისაუბრეთ.
რას ნიშნავს თქვენთვის ჯანსაღი ცხოვრების წესი?
ჯანსაღი ცხოვრება არ არის მხოლოდ სწორი კვება და ვარჯიში. ჯანსაღი ცხოვრების სტილი ბევრ რამეს მოიცავს: ჰიგიენის დაცვიდან დაწყებული, ძილის რეჟიმით დასრულებული. უნდა მიირთვა ის საკვები, რომელიც შენთვის სასარგებლოა. შეარჩიო ვარჯიშის ის სტილი, რომელიც სიამოვნებას განიჭებს და ეს მოიტანს სწორ შედეგს. გარდა ამისა, აუცილებელია, დრო ასევე განსატვირთად გამოვძებნოთ: ზოგს ხატვა ანიჭებს სიამოვნებს, ზოგს ფეხით სეირნობა უყვარს… ეს საჭიროა ჩვენი მენტალური ჯანმრთელობისთვის. ჯანსაღი ცხოვრების წესი ჩემთვის არის გაწონასწორებული ცხოვრება, სადაც ყველაფერი გაქვს დაბალანსებული: სამსახურიც, სწორი კვებაც, სპორტიც, ჰობიც, და ყველაფერს თანაბრად უთმობ დროს. ნაკლები გაჯეტები, რათა გონებას ჰქონდეს საშუალება მოდუნდეს და მშვიდად დაიძინოს.
როდის მიხვდით, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი იყო თქვენთვის მნიშვნელოვანი − როგორც ჯანმრთელობის მხრივ, ისე სულიერი სიმშვიდისთვის?
ერთ მშვენიერ დღეს არ მიმიღია გადაწყვეტილება, რომ ჯანსაღად უნდა მეცხოვრა. ბავშვობიდან მუდამ მქონდა წონის პრობლემა, ძალიან მიყვარდა არაჯანსაღი პროდუქტები: ჩიფსები, ტკბილეულობა, შოკოლადები. მთელი დღის განმავლობაში შესაძლოა საკვები საერთოდ არ მიმეღო და მხოლოდ ტკბილეულით და ყავით ვყოფილიყავი. ამან კი, ჩემი ჯანმრთელობა დააზიანა. ინგლისში რომ ვცხოვრობდი, დღეში 2-3 საათი ფეხით დავდიოდი. მაშინ მივხვდი ერთ ამბავს: ფიზიკურად აქტიურად როცა ხარ, ტვინიც იკვებება და შენც სხვანაირად იწყებ აზროვნებას. რაც კი ესეები მქონდა დასაწერი და სხვადასხვა საკითხზე საფიქრალი, ყველაფერთან მიმართებაში სწორი აზრები და იდეები სეირნობისას დამბადებია. ამიტომაც ჯანსაღი ცხოვრება, როგორც ფიზიკური, ისე მენტალური ჯანმრთელობისთვის არის აუცილებელი.
პირადად მე, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა ნელ-ნელა დავიწყე: ჯერ შაქარი ამოვიღე, შემდეგ გადავწყვიტე, რომ კვირაში სამჯერ აუცილებლად უნდა ვივარჯიშო და ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ მივედი არსებულ ცხოვრების წესამდე. ბოლო დროს ახალი წესი მაქვს: საღამოს საათებში ტელეფონს აღარ ვეკარები, რათა გონებამ დაისვენოს და ძილი იყოს მშვიდი.
შესაძლოა თუ არა, მხოლოდ ჯანსაღი ცხოვრების წესით შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა და წონის ბალანსი?
მხოლოდ ჯანსაღი კვებით − არა. ხანდახან თვითონაც არ ვიცავ იმ წესებს, რომელიც საკუთარი თავისთვის მაქვს დაწესებული. თუ მინდა წონის კლების პროცესი წავიდეს, ან უბრალოდ, მჭირდება ბევრი მუშაობა, საკვებს ვამცირებ და უფრო სხარტი ვხდები, უფრო ენერგიული. ჩემი წესები ასეთია: 18-საათიან ინტერვალს ვიცავ, თეთრი, გადამუშავებული შაქარი რაც არის, ამოღებული მაქვს. ტკბილეულობა, შოკოლადი თავისთავად, და მარილის რაოდენობასაც ვამცირებ, იმიტომ, რომ მე ძალიან მარილიანი საკვები მიყვარს. ცომეულს უგლუტენოს მივირთმევ − დღის პირველ ნახევარში. რძის პროდუქტებს ვერიდები იმიტომ, რომ ლაქტოზის აუტანლობა მაქვს და მვნებს. თუმცა, მუდმივად ყველა ამ წესის დაცვა რთულია, რადგან ჩვენც ადამიანები ვართ. დღესასწაულებზე − ახალი წელს, აღდგომას თუ დასასვენებლად ყოფნის დროს გინდა ჭამო, სვა, გაერთო და ა.შ. ამ დროს, მხოლოდ კვების იმედად თუ ხარ, ვერასდროს იღებ სასურველ შედეგს. პირიქით, ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშაც კი აღმოჩნდები. ამიტომ ჯანმრთელობისთვის, წონის რეგულაციისთვისაც, და ნაადრევი დაბერების პრევენციისთვის საუკეთესო გზაა ვარჯიში. ამაზე კარგი მართლა არაფერი არსებობს. შესაძლოა, სულაც არ მოგწონდეთ დარბაზში ვარჯიში და ველოსიპედით სეირნობა, ან თუნდაც უბრალოდ ფეხით სიარული გიყვარდეთ − არ აქვს მნიშვნელობა, ადამიანის სხეული უნდა იყოს ფიზიკურად აქტიური, რათა გონებამაც კარგად იმუშაოს და ჯანმრთელი ორგანიზმიც გვქონდეს.
ფიზიკურ აქტივობას რა დროს უთმობთ ხოლმე?
ჩემი სამსახური ცოტა ისეთია, რომ არასდროს ვიცი წინასწარ, როგორი განრიგი მექნება. მე მყავს მეგობრები, რომლებიც სტაბილურად ერთსა და იმავე დროს ვარჯიშობენ. ჩემთვის იდეალურია, 4-5 დღე ვივარჯიშო. აქედან, ორი დღე დავუთმო იოგას და სამი დღე ფუნქციურ ვარჯიშს. ზაფხულში ამას ემატება ერთი საათი სეირნობისთვის.
ყველაზე მეტად სპორტის რომელი სახეობა გიყვართ?
მე, რომელსაც სპორტი საერთოდ არ მიყვარდა და შევძელი, ჩემს თავს ეს შევაყვარო, დამიჯერეთ − ყველა შეძლებთ. განსაკუთრებულად მიყვარს თხილამურებით სრიალი და იოგა.
ვარჯიში ხელს უწყობს სულიერ სიმშვიდეს?
არაერთი სტატია წამიკითხავს ამ საკითხზე და ბოლომდე ვიზიარებ აზრს, რომ ვარჯიში ხელს უწყობს ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას, ასევე − სულიერ სიმშვიდეს. როცა ადამიანი ფიზიკურად ვარჯიშობს, უფრო აქტიურია ყველა სფეროში.
როგორ უნდა მივიდეთ იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ვიცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით? ეს გარკვეულწილად რომელიღაც ტიპის შეზღუდვებთანაც ხომ არის დაკავშირებული, რომელსაც საკუთარ თავს ვუწესებთ?
ყველამ იცის, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი არის სწორი. მაგრამ ხშირად ადამიანებს უჭირთ „საჭიროა“-ს პრინციპით მოქცევა. აი, საჭიროა და გავაკეთებ. მე ვიცი ადამიანები, რომლებმაც ერთ დღეში ხისტად მიიღეს გადაწყვეტილება და შეცვალეს თავიანთი ცხოვრება. მე მეორე კატეგორიის ადამიანი ვარ: ნელ-ნელა ვაპარებ ჩემს თავს ამ ყველაფერს. აი, დღეს ამას გავაკეთებ, ხვალ იმას დავუმატებ. რადიკალური ცვლილებების უნარი არ მაქვს. უპირველესად, საკუთარ თავთან უნდა მიიღო გადაწყვეტილება. ერთი თვე, ორი თვე შესაძლოა გაგიჭირდეს, მაგრამ შემდეგ თავს იგრძნობ გაცილებით უკეთ. აქ შენ თვითონ უნდა მიიღო გადაწყვეტილება, ვერავინ დაგაძალებს და ვერავინ დაგარწმუნებს. აზრისა და სურვილის ინიციატორი და შემსრულებელიც შენ უნდა იყო. პასუხისმგებლობა საკუთარ ცხოვრებაზე თავად უნდა აიღო.
მიგაჩნიათ თუ არა, რომ მოვლილი ქალი უფრო მშვენიერია, ვიდრე მხოლოდ ლამაზი?
როდესაც ხარ 17-18 წლის, ეს ისეთი განსაკუთრებული სილამაზეა, რომ ამის გამეორება შეუძლებელია. უკვე, 25 წლის შემდეგ როგორ გამოიყურები, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ უვლი საკუთარ თავს. არ შეიძლება ღამეები ათენო, ბევრი ალკოჰოლი მიიღო, სიგარეტი მოწიო, არ ივარჯიშო და მაინც იყო კარგ ფორმაში. ამიტომაც, მოვლილი ქალი ძალიან მომხიბვლელია. სილამაზის მიმართაც ჩემი შეხედულებები მაქვს: არ მომწონს სილამაზის ერთი სტანდარტი, რომელიც ძალიანაა თავს მოხვეული სხვადასხვა ტელეარხებისა თუ ჟურნალ-გაზეთების მიერ. თუმცა, ბოლო 3-4 წელი იგრძნობა, რომ „ანჯელინა ჯოლის“ ტიპის სილამაზის სტანდარტი უკვე ნელ-ნელა იცვლება. ყველა ქალი მას ხომ ვერ დაემსგავსება?.. ყველას თავისი სტილი აქვს, ყველას საკუთარი შარმი აქვს და სილამაზის აღქმაც, მეჩვენება, რომ იცვლება. აქაც მგონია, რომ ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდამ თავისი როლი შეასრულა.
როგორ ფიქრობთ, თავის მოვლას და ჯანსაღი ცხოვრების წესს რა კავშირი აქვს ერთმანეთთან?
მე არ გამოვირჩევი სალონში ხშირი სიარულით და აპარატურული პროცედურების კეთებით. ვცდილობ თვითონ ვივარჯიშო და ასე ვაკონტროლო წონა. სახის კანის მოვლას დიდი როლი მიუძღვის. აქ მთავარია სწორად დაბანა და დილა-საღამოს მისი დატენიანება, რათა სახის კანი ნაადრევად არ დაბერდეს.
ყველა ქალისთვის ერთი რჩევის მიცემა რომ შეგეძლოთ, რას ეტყოდით?
რთულია… უნდა გიყვარდეს შენი თავი, როგორიც ხარ, მაგრამ ყოველთვის უნდა ისწრაფოდე იმ იდეალების მიმართ, რაც გულში გაქვს. არასდროს უნდა უღალატო საკუთარ თავს და იარო იმ გზით, რომელიც ნამდვილად შენი არჩევანია. ყველაფერი უნდა გააკეთო იმისთვის, რომ იქ აღმოჩნდე, სადაც ძალიან გინდა. არასდროს უნდა გეთაკილებოდეს შრომა და იმის თქმა, რომ რაღაც ძალიან გსურს და ყველაფერს გააკეთებ იმისთვის, რათა ამას მიაღწიო.
საკუთარი თავით კმაყოფილებას როგორ მივაღწიოთ?
ამაზე გამიჭირდება პასუხის გაცემა. მე ჩემი თავით მუდამ უკმაყოფილო ვარ − ყოველთვის უფრო მეტს ვთხოვ საკუთარ თავს და ეს ნორმალური მგონია. ზოგჯერ არის მომენტები, შენს თავს რომ აჯობებ, გიხარია და ეს შეგრძნება რამდენიმე დღე გრძელდება. შემდეგ ისევ ახალი მიზანი, ახალი მოტივაცია და ახალი ძალისხმევა, რათა ამ მიზანს მიუახლოვდე, და ასეა ყოველთვის. შესაბამისად, მე მგონი ეს შეკითხვა ჩემთვისაც შეკითხვად რჩება…
ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია?
არ ვიცი, ხანდახან არც ისეთ ლამაზ სხეულში უმშვენიერესი სული იმალება და პირიქით. ბოლო დროს სამყაროში ისე შეიცვალა ღირებულებების მიმართ დამოკიდებულება, რომ უკვე მგონია დღევანდელ სამყაროში ჯანსაღი სულისა და მშვენიერი შინაგანი სამყაროს მქონე ადამიანებს უფრო და უფრო იშვიათად ვხვდებით.
ტექსტი: მარიამ გაბედავა
ფოტო: მაკა მეგრელიძე