ყველას გვინახავს მხიარული საახალწლო ფილმი, სადაც სახლში მარტო დარჩენილი კევინი პოლიციას მის სახლში შეპარული ქურდების დაჭერაში დაეხმარა. რამდენიმე დღის წინ ნიუ-იორკის შტატის ქალაქ მედფორდში დაახლოებით იგივე ისტორია განმაორდა. კევინ მაკკალისტერის როლში ამჯერად, 12 წლის ტრისტენ ტეილორი აღმოჩნდა, რომელიც პოლიციას მის სახლში შეპარული ქურდის დაჭერაში დაეხმარა – ამის შესახებ New York Post იუწყება.

23 დეკემბერს, შუადღისას, ტრისტენი სახლში მარტო დარჩა. ის თავის ოთახში იმყოფებოდა, როდესაც სამზარეულოდან მინის ჩამსხვრევისა და ნაბიჯების ხმა გაიგო. ტეილორი თავისი საძინებლის ფანჯრიდან ეზოში გადახტა და დაინახა, რომ მისი სახლის ოთახებში უცნობი მამაკაცი დადიოდა. ბიჭმა მაშინვე 911-ზე დარეკა და პოლიცია გამოიძახა.
სამართალდამცავები ადგილზე სამი წუთის შემდეგ მივიდნენ და ქურდი დააკავეს. ის 53 წლის უსახლკარო კრისტიან გარსია აღმოჩნდა.
როცა ყველაფერი დასრულდა, ტეილორმა დედას დაურეკა და მომხდარის შესახებ აცნობა.
„ის ძალიან მშვიდი იყო და თავიდან მეგონა, რომ ხუმრობდა. შემდეგ ტელეფონი პოლიციელს გადასცა და მივხვდი, რომ საქმე სერიოზულად იყო“, – თქვა ემბერ ტეილორმა.
![]()
ქალის თქმით, ქურდი სახლში სამზარეულოს ფანჯრიდან შევიდა. სახლის სათვალთვალო კამერების ჩანაწერიდან ჩანს, როგორ მოძრაობს გარსია სახლში და ემბერის დედის საძინებელში კამერასაც კი თიშავს.
ვიდეოში პოლიციის მიერ ეჭვმიტანილის დაკავების მომენტიც მოჩანს.
ტრისტენის დედის თქმით, მისი მეშვიდეკლასელი შვილი თავს მშვენივრად გრძნობს.
„ის ნამდვილი გმირია და ჩვენ ყველანი ძალიან ვამაყობთ. ტრისტენს უბრალოდ სურდა დარწმუნებულიყო, რომ საშობაო საჩუქრები უსაფრთხოდ იქნებოდა“– განაცხადა ემბერ ტეილორმა.
„გარსია ნამდვილი გრინჩი აღმოჩნდა“, – დაამატა ტრისტანის ბებიამ, ტიმოთეამ.
კრისტიან გარსიას ბრალი ქურდობისა და იარაღის შენახვისთვის წაუყენეს.
ასევე დაგაინტერესებთ
#OK! 2026 წლის ფინანსური ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის












