დღეს ესთეტიკური მედიცინა დიდწილად დაფუძნებულია ნდობაზე, ხარისხსა და პროფესიონალიზმზე. არსებულ მაღალკონკურენტულ გარემოში რთულია დაიკავო ნიშა, რომელიც რაღაცით მაინც გამოგარჩევს. ნატალიამ, ექიმ-კოსმეტოლოგმა და „Dr. Natalia Aesthetics“-ის დამფუძნებელმა, თავისი მრავალწლიანი გამოცდილებითა და თითოეულ პაციენტზე მორგებული ინდივიდუალური მიდგომით არაერთი კმაყოფილი მომხმარებელი შეიძინა. ჟურნალ OK!-სთან ინტერვიუში ნატალია უთრუგაშვილი გვიყვება თავის თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილ მრავალფეროვან ესთეტიკის ცენტრზე და გვიზიარებს პროფესიულ რჩევებს.
ნატალია, ცოტა ხნის წინ გახსენით განახლებული სივრცე. გაგვიზიარეთ, რა სახის მომსახურებას სთავაზობთ თქვენს პაციენტებს?
დეკემბერში გაიხსნა ახალი სივრცე და „ნატალია ესთეტიკსი“ ამ ეტაპზე წარმოდგენილია ორი ფილიალით, შარტავას 43 ნომერსა და მიცკევიჩის 46-ში. ორივე ლოკაციაზე მომხმარებელს შეუძლია მიიღოს ყველა ის მომსახურება, რაც კანის მოვლას ეხება – ინიექციური და არაინიექციური პროცედურები. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ მაღალ ხარისხს როგორც პრეპარატების შერჩევის, ასევე მომსახურების მხრივ. ორივე კლინიკაში დაგხვდებათ მაღალკვალიფიციური ექიმი-კოსმეტოლოგები, პრემიუმ ხარისხის პროდუქცია და სასიამოვნო გარემო. შარტავას ფილიალში შეგიძლიათ ისარგებლოთ ლაზერული ეპილაციის მომსახურებით, უახლესი თაობის ისრაელის ორიგინალი აპარატით – InMode Diolaze, Morpheus8 (მიკრონემსებიანი ერეფი) – კანის გაახალგაზრდავების უალტერნატივო ტექნოლოგიით, Lumeca – კუპეროზის, როზაცეის, კაპილარებისა და ლაქების სამკურნალო პროცედურითა და GMV Plexr Pro, რომელიც კანის კეთილთვისებიანი წანაზარდების მოსაშორებლად გამოიყენება და ბლეფაროპლასტიკის ერთადერთი უოპერაციო ალტერნატივაა. აქვე მომხმარებლებს დახვდებათ MCT აპარატი, რომლის ტექნოლოგიის წყალობითაც ხდება ქსოვილების რეგენერაციის დაჩქარება და სისხლიდან საკუთარი ეგზოსომების მიღება, ხოლო განახლებულ მიცკევიჩის ფილიალში ტარდება ყველა კოსმეტოლოგიური პროცედურა, გარდა აპარატურულისა და ფუნქციონირებს „ნატალია ესთეტიკსის“ კოსმეტოლოგიის აკადემია, სადაც ამ სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებს შეუძლიათ სრულფასოვნად და ხარისხიანად შეისწავლონ ეს პროფესია.

რას საქმიანობდით მანამ, სანამ საკუთარ კლინიკას გახსნიდით? რა გამოცდილება დააგროვეთ ამ ხნის განმავლობაში და თვლით თუ არა, რომ დღეს სწორ ადგილას ხართ?
ესთეტიკურ სფეროში 2013 წლიდან ვსაქმიანობ. მანამდე ვმუშაობდი ერთ-ერთ ცნობილ ქსელურ ესთეტიკურ კლინიკაში. იქ გატარებული 9 წელი და მიღებული გამოცდილება, რა თქმა უნდა, დამეხმარა პროფესიონალად ჩამოყალიბებაში, თუმცა რაღაც ეტაპზე განვითარების ახალ საფეხურზე გადასვლის დრო დადგა. პანდემიის პერიოდში, 2021 წელს, დავემშვიდობე ძველ სამსახურს და დავაარსე „ნატალია ესთეტიკსი“. ვფიქრობ, ეს ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო ჩემს ცხოვრებაში, რადგან აქ მე ვარ სრულყოფილი, ვმუშაობ იმ გარემოში, რომელიც ჩემთვის იდეალურია, მყავს სანდო გუნდი და პაციენტებს ვთავაზობ მომსახურებას, რომელსაც მე, როგორც მომხმარებელი, ვისურვებდი მიმეღო.
ზოგიერთი ფიქრობს, რომ ინიექციური პროცედურებით ადამიანი კარგავს ინდივიდუალიზმს. რას ფიქრობთ ამ საკითხზე?
ყველაფერი დამოკიდებულია ექიმის ხედვაზე, პრეპარატის რაოდენობასა და სწორად ჩატარებულ პროცედურაზე. გოგონები სილამაზისკენ სწრაფვაში ხანდახან კარგავენ ზომიერების შეგრძნებას. ჰგონიათ, რომ ყოველი პროცედურა უფრო და უფრო გაალამაზებთ, მაგრამ, სამწუხაროდ, პირიქით ხდება, რადგან ზედმეტი ფილერი ძალიან ხელოვნურად გამოიყურება და უკარგავს სახეს ბუნებრიობასა და ინდივიდუალიზმს. ასეთ დროს ექიმმა უნდა გამოიჩინოს ზომიერება და მინიმალური ჩარევით აუმაღლოს გოგონებს თვითშეფასება.
დღეს ბევრი წარმატებული სპეციალისტია, ხოლო ესთეტიკური მედიცინა – სწრაფად მზარდი და განვითარებადი სფერო. რა დაგეხმარათ ასეთ მაღალკონკურენტულ გარემოში წარმატების მიღწევაში?
როგორც ყველა სფეროში, ესთეტიკურ მედიცინაშიც მნიშვნელოვანია ფეხი აუწყო თანამედროვე ტენდენციებს. სოციალური პლატფორმები, მომხმარებლებთან უშუალო და გახსნილი კომუნიკაცია, სიახლეებისა და განვითარებისკენ სწრაფვა – ალბათ ეს იყო ის, რაც დამეხმარა გავმხდარიყავი ცნობადი, მოთხოვნადი და წარმატებული ჩემს სფეროში.
ზოგჯერ პაციენტებს არარეალური მოთხოვნები აქვთ თავიანთ გარეგნობასთან დაკავშირებით. რა მიდგომა გაქვთ ასეთ შემთხვევაში?
ვცდილობ, ყველა პაციენტს დეტალურად და დასაბუთებულად ავუხსნა ამა თუ იმ პროცედურის შესაძლებლობები და სავარაუდო შედეგი, რომელსაც უნდა ელოდონ. ხშირად მომმართავენ ქალბატონები უკვე რთული ხარისხის ფტოზით, რაც ინიექციური ჩარევით ვერ სწორდება და მიწევს უარის თქმა, რათა შემდეგ იმედგაცრუებულები არ დარჩნენ, თუმცა რაც არარეალური გვეჩვენება ახლა, შეიძლება სულ მალე რეალური გახდეს, სფეროს მზარდი პროგრესიდან გამომდინარე.

ნატალია, რამდენიმე რჩევა მიეცით მათ, ვინც გეგმავს ინიექციურ პროცედურებს. როგორ შეარჩიონ სწორი ადგილი და სპეციალისტი?
ზოგადად, ძალიან რთულია იპოვო ექიმი, ვისაც ჯანმრთელობას ანდობ. ქალებისთვის კი ორმაგი გამოწვევაა კომპეტენტური სპეციალისტის შერჩევა, რადგან საქმე მათ სახესა და სხეულს, ანუ გარეგნობას ეხება. ამას, რა თქმა უნდა, ვაანალიზებ და უზარმაზარ პასუხისმგებლობას ვგრძნობ თითოეული პაციენტის მიმართ. პროცედურამდე ალბათ ყველაზე დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ ექიმის კვალიფიკაციას, პროფესიონალიზმს, პრეპარატების ხარისხსა და სამუშაო სივრცის შესაბამისობას საერთაშორისო სტანდარტებთან. აუცილებლად დაათვალიერეთ ექიმის ნამუშევრები, არა მხოლოდ ფოტოებში, არამედ რეალურადაც, თქვენი გემოვნება და შეხედულებები აუცილებლად უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს. ალბათ თავად სპეციალისტის გარეგნობასაც აქვს მნიშვნელობა, რადგან ეს მისი გემოვნებისა და ზომიერების მაჩვენებელია.
ტექსტი: მარიამ მათიაშვილი
ფოტო: ალექსეი სეროვი












