21 ნოემბერს მსოფლიო ტელევიზიის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს გადაწყვეტილება 1996 წლის ნოემბერში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ მსოფლიო სატელევიზიო ფორუმზე მიიღეს.
ქართული ტელევიზიის ისტორია კი 1953 წლიდან იღებს სათავეს. 1956 წ-ს შემდეგ, ტელევიზიამ უდიდესი პროგრესი განიცადა. ტელევიზია იქცა ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად და იგი კვლავაც რჩება ინფორმაციის მიწოდებისა და გადაცემის მთავარ საშუალებად. თუმცა დღეს, 21-ე საუკუნეში ტელევიზია სრულიად ახალი გამოწვევების წინაშე დგას, ინტერნეტის ეპოქაში როდესაც ადამიანებს ინფორმაციის მიღების და გავრცელების სხვა გაცილებით მარტივი შესაძლებლობები აქვთ რთულია კვლავ დარჩე ინფორმაციის მთავარი წყაროდ და შეინარჩუნო აუდიტორია.
რა უფრო მნიშვნელოვანია ღირებული ქონთენთის შექმნა თუ რეიტინგულის? როგორ უნდა შეინარჩუნო ბალანსი, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ სატელევიზიო ეთერებიდან ისმოდეს ხალხის ხმა, რამხელა ძალა აქვს სიტყვას და რატომ მოექცნენ დღევანდელი ტელევიზიები პოლიტიკური ძალთა გადანაწილების ეპიცენტრში თუ სათავეში, ამაზე ტელევიზიის გამორჩეულ სახეებს, იმ ადამიანებს ვესაუბრეთ რომლებმაც შექმნეს ქართული ტელევიზია და დღემდე მოიტანეს. ესენი არ არიან მხოლოდ ის ადამიანები ვისაც ჩვენ ყოველდღიურად ეკრანზე ვხედავთ, ესენი ასევე არიან ისინი ვინც კადრს უკან დღედაღამ მუშაობს, ვინც ვიტყოდი, რომ წარმოადგენს ტელევიზიის მთავარ ბირთვს და ვისაც ფართო მასები ნაკლებად იცნობენ. ხშირად თითქოს დაუფასებელიც კია მათი შრომა, მაგრამ ვინ თუ არა მათ, ყველაზე კარგად იციან რამდენად საჭირო და ღირებულ პროფესიას ემსახურებიან.
ნუგზარ რუხაძე − ჟურნალისტი
9-10 წლის ვიყავი, მეზობლის სახლში ძალიან პატარა ეკრანზე ვუყურებდით ხოლმე ტელევიზორს, შემდეგ ნელ-ნელა გაიზარდა ეს ეკრანი და ცოტა დიდეკრანიან ტელევიზორად იქცა, რომელსაც, მახსოვს, ერქვა „რუბინი“. და ძალიან პრივილეგირებული ოჯახი იყავი, თუ გქონდა „რუბინი“. ახლა ერთმა პატარა ჩიპმა დაიტია უკიდეგანო ინფორმაცია. შეიძლება ითქვას, სრულიად შეცვალა ჩვენი ცხოვრება.
ტელევიზია ადამიანისთვის ასრულებს სამ ძირითად ფუნქციას: ეს არის ინფორმაცია, გართობა და განათლება. კარგი ტელევიზია ამ სამივე ფუნქციას თანაბრად უნდა ითავსებდეს. კამერა, რომელიც გიყურებს, ისეთი თვალია, რომელმაც უნდა „მოგდოს“ დანარჩენ სამყაროს. ამ „მოდებაში“ როდესაც შენი სიტყვა ვრცელდება დანარჩენ სამყაროში, ან წაგებული ხარ, ან მოგებული. ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა.
საქართველოში ტელევიზია არ გამოიყურება სხვანაირად, ვიდრე გამოიყურება ის სხვა ქვეყნებში. მე ვიტყოდი, რომ ხშირად გაცილებით ნიჭიერი, უფრო მოხერხებული, უფრო კარგად საყურებელი სიუჟეტი შეიძლება ნახო აქ, ვიდრე იმავე ამერიკაში ან ევროპაში, და თუ ვფიქრობთ, რომ ქართული ტელევიზია პოლარიზებულია, ასევეა პოლარიზებული ამერიკულიც. მაგალითად, „ფოქსი“ და „სიენენი“ სულ სხვადასხვა სამყაროს გვაჩვენებენ. რა თქმა უნდა, ვართ პოლარიზებული, რაც, ვფიქრობ, აბსოლუტურად არ აკნინებს ქართულ ჟურნალისტიკას.
ტელევიზიას აქვს საოცარი მიჯაჭვულობის ძალა. ამ ძალამ მიაჯაჭვა მთელი სამყარო მას და ტელევიზიის გამარჯვების ერთ-ერთი ნიშანი სწორედ ისაა, რომ აჯობა დანარჩენ ყველაფერს.
პაატა იაკობაშვილი − „მთავარი არხი“, ჟურნალისტი, წამყვანი
ჟურნალისტად მუშაობა 1995 წელს დავიწყე, გაზეთებში. სულ რაღაც 2 თვის შემდეგ ქუჩაში ვიდექი და გავიგონე, რომ ადამიანები ჩემს სტატიაზე საუბრობდნენ. მაშინ 20 წლის ვიყავი. იმ დღეს მივხვდი, თურმე მე რომ ფურცელზე რაღაცას ვწერ, ამან შესაძლოა ვიღაცის ცხოვრება რეალურად შეცვალოს. ამ ფაქტმა მნიშვნელოვნად განსაზღვრა ჩემი ჟურნალისტური განვითარება.
ჩემი სატელევიზიო კარიერა „იმედში“, 2003 წელს დაიწყო. მახსოვს, ეს ერაყში ომის დაწყებას დაემთხვა, სადაც მე ვიყავი რეპორტიორი. რეპორტიორი თვითონ არის მოვლენების ეპიცენტრში. ეს საოცარი ადრენალია – შევძლო ისე გადმოვცე ამბავი, რომ ადამიანები თვალს ვერ წყვეტდნენ ტელევიზორს. ტელევიზია ჩემთვის ცხოვრების წესია, ჩემი ცხოვრება უფრო თავისუფალი და ძალიან მრავალფეროვანი გახადა. მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიური სამუშაო პროცესი ყოფით, თითქოს მომაბეზრებელ პროცესად იქცევა ხოლმე, ტელევიზიას და კამერას აქვს თავისი განსაკუთრებული მიზიდულობა, მომაჯადოებლობა და ამას მუდმივად ინარჩუნებს.
მიხარია, ჟურნალისტები, მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს განსხვავებული აზრები, თუნდაც პოლიტიკურ მოვლენებზე, მაინც შედარებით გუნდური და მეგობრული საზოგადოება ვართ. ყველამ ძალიან კარგად ვიცით განსხვავებული აზრის ფასი და გვესმის, რომ განსხვავებული აზრის არსებობა და მედიაპლურალიზმის შენარჩუნება არის ძალიან მნიშვნელოვანი, ერთმანეთის მიმართ პატივისცემას ყოველთვის ვინარჩუნებთ და იმედი მაქვს, მომავალშიც შევინარჩუნებთ.
ნიკა ლომიძე − ტელეკომპანია „პირველი“, წამყვანი
პირველ კურსზე ვიყავი, როდესაც მეგობარს წავყევი ტელევიზიაში. ჩემთვის ბავშვობიდან საოცნებო შენობაში შესვლისას, ისე მოხდა, რომ დავრჩი. დავიწყე ჯერ ასისტენტობით, შემდეგ ვიყავი ოპერატორი და შემდეგ უკვე იყო „მაესტრო“… მაესტრო გახლდათ წარმოუდგენელი ენთუზიაზმი, ვმუშაობდით, რომ რაღაც ახალი მოგვეფიქრებინა, ახალი შეგვექმნა და 24 საათი ვშრომობდით ამისთვის.
ტელევიზია არის ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი. ის არის შემოქმედებითად სწორად დახარჯვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება. ტელევიზიას წარმოუდგენლად დიდი ძალა აქვს, ამ ძალის გამოყენება არის ძალიან საფრთხილო და საპასუხისმგებლო.
ძალიან გული მწყდება, რომ დღეს ტელევიზია განიცდის კატასტროფულ დეგრადაციას. ძალიან მიყვარს და თან აქვე მაქვს უსუსურობის შეგრძნება, რომ ვერ ვცვლი იქით, საითაც წესით უნდა იყოს, საითაც მიმაჩნია, რომ სწორია…
სატელევიზიო ქონთენთი შესაძლოა „მაესტროს“ დროსაც არ იყო ძალიან ღირებული, თუმცა იმ დროისთვის ახალი გახლდათ. ჩვენ ვქმნიდით ახალს, რაც ფასეული იყო.
თუ მკითხავ, რეიტინგული თუ ღირებული? − ცალსახად გეტყვი, რომ ღირებული. მესმის, ძნელია ასეთ დროს იარსებო და გადარჩე, მაგრამ ის ღირებული ოდესღაც გახდება რეიტინგული, მოთხოვნადი და აუცილებლად მოიტანს შემოსავალს. შესაბამისად, ადამიანების ცნობიერებაც, გემოვნებაც და აზროვნებაც შეიცვლება, ესაა ტელევიზიის როლი − პასუხისმგებლობიანი ტელევიზიის როლი ნამდვილად ეს უნდა იყოს.
ნინო არაზაშვილი − ტელეკომპანია „პირველი“, წამყვანი, პროდიუსერი
ერთი თვის წინ გახდა 30 წელი მას შემდეგ, რაც ტელევიზიაში ვმუშაობ. ბავშვობიდან მქონდა გადაწყვეტილი, რომ ტელეჟურნალისტობა მინდოდა, თუმცა ერთმა სიტყვამ მნიშვნელოვნად განაპირობა ჩემი პროფესიული არჩევანი.
ქალბატონმა, რომელიც ჟურნალისტიკაზე თეორიას ასწავლიდა (მაშინ მე სკოლის მოსწავლე ვიყავი), მკითხა, დღიურებს ხომ არ წერო? არა-მეთქი, ვუპასუხე. „აფსუს, დღიურებს რომ წერდე, შენგან კარგი ჟურნალისტი გამოვიდოდაო“. მთელი ცხოვრებაა ამ ქალს ვუმტკიცებდი და ახლაც მუდამ ვუმტკიცებ, რომ დღიურების წერა აუცილებელი თურმე საერთოდ არ ყოფილა. 30 წელი რადგან ვმუშაობ და ზუსტად 20 წელია კადრში ვარ, შესაბამისად ვხვდები, რომ ცხოვრებაში სწორი არჩევანი გავაკეთე.
ყველაფერი ვისწავლე „მეორე არხზე“, მეგობრებთან ერთად, რომლებთან ერთადაც შემდეგ სტუდია „მაესტრო“ გავაკეთეთ. შემდეგ იყო „რუსთავი 2“, სადაც 8-წლიანი გამოცდილებით, მაგრამ მაინც კონკურსით მოვხვდი და 17 წელი ვიმუშავე.
მე ვარ ერთგვარი შუამავალი იმ ადამიანებისთვის, რომელთა პრობლემებიც უნდა ჟღერდეს, რათა შემდეგ გადაწყვეტილების მიმღებმა ორგანოებმა თუ პირებმა, ეს ხმა გაიგონონ და რეაგირება მოახდინონ. ყველაზე მეტად გამარჯვებული მაშინ ვრჩები, როდესაც რომელიღაც გადაცემიდან რამდენიმე დღის თავზე ვიგებ, რომ ჩემი ეთერის შემდეგ ამ ადამიანებისთვის პრობლემების მოგვარების პროცესი დაიძრა. ამ დროს შენ ხვდები, რა მნიშვნელოვანი როლი გაკისრია. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა.
მინდა ყველას, ვინც მედიაში მუშაობს, ვუსურვო, რომ ჩვენ უბრალოდ კი არ ვსაუბრობდეთ გარკვეულ თემებზე, არამედ კონკრეტული სარგებელი მოგვქონდეს ადამიანებისთვის და მათი უფლებები იყოს დაცული.
იმაში, რომ მედიას უდიდესი ძალა აქვს, ყოველდღიურად უფრო და უფრო ვრწმუნდები.
ლიზა წიკლაური − საქართველოს პირველი არხი, საინფორმაციო გამოშვების წამყვანი
ტელევიზიაში სრულიად შემთხვევით, მე-2 კურსის ბოლოს, პრაქტიკებზე აღმოვჩნდი. საინფორმაციო სამსახურში კულტურის მიმართულებით ვმუშაობდი. მალევე მოხდა ისე, რომ ახალი სეზონი იწყებოდა და გამოცხადდა კასთინგი. მე არ მიფიქრია მონაწილეობის მიღება, რადგან არ დამიშვია, რომ ასე მალე შემეძლო ეთერში დაჯდომა. არ მქონია მაშინ ამის ამბიცია. საკმაოდ კრიტიკულიც ვარ და მომთხოვნიც საკუთარი თავის მიმართ, თან მქონდა საერთოდ სხვა გეგმები, რომელიც საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებას უკავშირდებოდა, მაგრამ მაშინდელმა საინფორმაციოს უფროსმა შემომთავაზა და ძალიან სწრაფად გადავწყვიტე, რომ ტელევიზიაში დარჩენა მერჩივნა წასვლას და შემდეგ არასოდეს მინანია ჩემი ეს გადაწყვეტილება.
გულწრფელად მიმაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი, პირველი არხი, არის ის სივრცე, სადაც შეგიძლია აკეთო ნამდვილი ჟურნალისტიკა და არა სენსაციაზე ორიენტირებული.
ჩვენი საინფორმაციო სამსახური, ვფიქრობ, არის ნეიტრალური, დამოუკიდებელი და დაბალანსებული.
ჩემი აზრით, ღირებული შინაარსობრივი მხარე გაცილებით მნიშვნელოვანი უნდა იყოს, როდესაც გაქვს პრეტენზია, რომ ხარ ღირებული მედიასაშუალება. ტელეარხები ქმნიან მოთხოვნას, რომელსაც შესთავაზებ მაყურებელს, მასზე გააჩენ მოთხოვნას. შესაძლოა, ეს დროში ცოტათი უფრო გაწელილი პროცესია, მაგრამ ეს უნდა იყოს მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული.
ტელევიზიას ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უჭირავს. მის გარეშე ვერ წარმომიდგენია ყოფნა. მქონია ცხოვრებაში მომენტები, როდესაც მიფიქრია სხვა სფეროში ძალების მოსინჯვა, მაგრამ ტელევიზიიდან წასვლის გადაწყვეტილება ვერასოდეს მივიღე.
ტელევიზია მაძლევს უზარმაზარ ენერგიას და მანიჭებს უზომოდ დიდ ბედნიერებას.
ტელევიზია არის ადგილი, სადაც ყველაზე კარგად აღიქვამ წამის მნიშვნელობას.
აკაკი გოგიჩაიშვილი − აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, ჟურნალისტი
პროფესიით გეოლოგი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ვიყავი, ერთ დღეს მივხვდი, რომ ეს არ იყო ჩემი საქმე. ეს პერიოდი დაემთხვა გასული საუკუნის 90-იან წლებს, განუკითხაობას, უსამართლობას, კორუფციას. საშინელი პროტესტი დაგროვდა ჩემში და ვიფიქრე, რომ მედია და ჟურნალისტიკა იყო ის გზა, სადაც შევძლებდი პროტესტის გამოხატვას. გამოხატვის ეს ფორმა კი აღმოჩნდა მაშინ ჩემთვის ყველაზე მისაღები და დავიწყე წერა გაზეთ „რეზონანსში“.
შემდეგ იყო აშშ, სადაც ჟურნალისტიკის შესასწავლად წავედი. როდესაც დავბრუნდი, დავურეკე ეროსი კიწმარიშვილს „რუსთავი 2“-ში და პირდაპირ ვუთხარი, რომ მინდოდა მათთან მუშაობა. ასე აღმოვჩნდი „კურიერში“. გადაცემა „60 წუთი“ კი იყო ყველაზე სწორ ადგილას სწორი ფორმატი. ხალხი მზად იყო ამისთვის.
დღევანდელი ქართული მედია, კონკრეტულად კი ტელევიზია, მთლიანად მოქცეულია პოლიტიკური გავლენების ქვეშ. რასაც ახლა ვხედავთ, ეს არის მედიისა და ტელეკომპანიების სრული ბიპოლარიზაცია, მიღებული აქვს პარტიული აგიტაციისა და პროპაგანდის ფორმა. ეს აისახა კვლევებზეც. სანდოობის მხრივ, მედია ყოველთვის იყო სამეულში, ეკლესიისა და ჯარის შემდეგ, ახლა კი მე-10, მე-12 ადგილზეა, რაც ძალიან სამწუხაროა.
ამ ფონზე საზოგადოებრივი მაუწყებელი აღმოჩნდა ყველაზე დაბალანსებული მედიუმი, რომელიც ყველაზე თავისუფალია ამ წნეხებისგან, ერთგვარი კუნძულია თავისუფლების. თუ პროცესები ასე გაგრძელდა, მართლა მხოლოდ ინტერნეტის იმედად თუ დავრჩებით, სადაც, ვიმედოვნებ, მეტად თავისუფალი და ხარისხიანი ინტერნეტ-ქონთენთი შეიქმნება.
ზაზა შენგელია − „ბრავო რეკორდსის“ პრეზიდენტი
ძალიან მეამაყება, რომ გასული საუკუნის 90-იანების დასაწყისში საქართველოში პირველი დამოუკიდებელი ტელეკომპანია „იბერვიზიის“ და ასევე, 21-ე საუკუნის დასაწყისში საქართველოში საზოგადოებრივი მაუწყებლობის შექმნა ჩემი და ჩემი თანამოაზრეების სახელებს უკავშირდება. ჩემი, როგორც ამ სფეროში 30-წლიანი გამოცდილების მქონე ტელემენეჯერის, ხედვა ასეთია: ტელევიზიის ძირითადი არსი და მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ რაც შეიძლება მეტმა მაყურებელმა თქვას: „ეს ჩემი არხია!.. სწორედ ამ არხზე მესმის და ვხედავ, რომ საუბრობენ იმ პრობლემებზე, რომლებიც მე ყოველდღიურად მაწუხებს“.
მომრავლებული ტელეარხების მხრიდან კონკურენციის პირობებში მთავარი აქცენტი უნდა გაამახვილონ სატელევიზიო ქონთენთზე და მის ხარისხზე. ხარისხიან, მოთხოვნად და მიმზიდველ სატელევიზიო პროდუქტს მაყურებელი ყველა შემთხვევაში მოძებნის და უერთგულებს, რომელ პლატფორმაზეც უნდა იყოს ის განთავსებული. ტელემენეჯერებმა დღესვე სერიოზულად უნდა იფიქრონ ტრადიციული სატელევიზიო რეკლამის მოზიდვის მიღმა, ტელეკომპანიების კომერციალიზაციისა და ტელეპროდუქციის მონეტარიზაციის სხვა გზებზეც. მხედველობაში მაქვს ხარისხიანი ტელესერიალების, შემეცნებითი პროგრამების წარმოება და მათი ლიცენზიების გაყიდვა საზღვარგარეთ, ექსკლუზიური ქონთენთით ფასიანი სუბპლატფორმების შექმნა, პოპულარულ ტელეპროდუქციასთან ასოცირებული მერჩანდაიზინგის (სამახსოვრო ნივთები, ტანისამოსი, სუვენირები) გაყიდვა და ა.შ.
ვფიქრობ, „ყუთის“ გარეშე ადამიანების ცხოვრება ძალიან მოსაწყენი და ერთფეროვანი იქნებოდა.
ნათია ლაზაშვილი − „რუსთავი 2“, წამყვანი
ისე მოხდა, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად მე მომიწია ახალი ამბების პირდაპირ ეთერში გაყვანა, ჯერ „იბერვიზიაში“, შემდეგ იგივე განმეორდა „რუსთავი 2“-ში, როდესაც ტელეკომპანიამ უკვე თბილისიდან დაიწყო მაუწყებლობა და შემდეგ „მე-9 არხზე“, როცა არხი კვლავ დაბრუნდა ეთერში. ესაა საქმე, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს და ალბათ გამომდის კიდეც, რადგან ამდენი წელია ამ სფეროში ვარ.
როდესაც ჩემი თაობის ჟურნალისტები ვიწყებდით კარიერას, სრულიად სხვა ენთუზიაზმი, სხვა ჟურნალისტური სტანდარტი და სხვა პროფესიული პრიორიტეტები იყო.
ცალკე საკითხია საზოგადოების დაკვეთა…
ტელევიზია ქვეყნისა და საზოგადოების სარკეა. თუ საკუთარი თავი არ მოგვწონს, ნუ დავაბრალებთ, რომ სარკეა მრუდე. ის ზუსტი ანარეკლია ჩვენი საზოგადოების.
პასუხისმგებლობიან ჟურნალისტიკას მეტი სიღრმე, ცოდნა და კვლევა სჭირდება. ინფორმაცია მაყურებლამდე უნდა მიიტანო ისე, რომ დაუტოვო არჩევანისა და გადაწყვეტილების მიღების საშუალება. შესაძლოა გქონდეს საკუთარი აზრი, შენი მიდგომები, შენი პოლიტიკური შეხედულებებიც კი, მაგრამ არსებობს სტანდარტი და უნდა ეცადო, არ გახვიდე ამ ჩარჩოებიდან.
ხშირად ვამბობ, რომ არსებობს ქვეყნისთვის სამი ძალიან მნიშვნელოვანი პროფესია: ექიმი, ჯარისკაცი და მასწავლებელი. ეს ის პროფესიებია, რომლებსაც შეხება აქვთ სიკვდილ-სიცოცხლესთან და მომავალთან.
მგონია, რომ არანაკლები დატვირთვა და პასუხისმგებლობა აქვს ჟურნალისტიკასაც.
როგორც ექიმის შეცდომა შეიძლება დაჯდეს ძალიან ძვირი, ასევე, ჟურნალისტის შეცდომამაც შესაძლოა გამოიღოს გამოუსწორებელი შედეგი. ამიტომ აქვს ჩვენს სიტყვას დიდი ძალა და ამიტომ არის ეს გზა ბეწვის ხიდი.
გიორგი თარგამაძე − ტელეკომპანია „ფორმულა“, ჟურნალისტი, გადაცემა „დროების“ ავტორი და წამყვანი
ჩემს სატელევიზიო კარიერაში არის რამდენიმე ეტაპი:
პირველი − ეს არის პირდაპირი გაგებით ბავშვური. 1987 წელს საბჭოთა კავშირის დროს, მაშინდელ სახელმწიფო ტელერადიოკომიტეტის მაუწყებლობაში იყო გადაცემა „თვალსაწიერი“, გადაცემა უფროსკლასელებისთვის და მე ვიყავი ამ გადაცემის წამყვანი. როდესაც გამოცდებს ვაბარებდი ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, ლექტორები და თანატოლები „თვალსაწიერის ბიჭს“ მეძახდნენ, ყველა ამ გადაცემიდან მიცნობდა.
შემდეგ ეტაპი უკვე საბჭოთა კავშირის ნგრევას და თანამედროვე ქართული ტელეჟურნალისტიკის გაჩენის ფაზას ემთხვევა. ჩემი სრულფასოვანი სატელევიზიო დებიუტი შედგა ტელეკომპანია „იბერვიზიაში“.
ტელეოპერატორის ოჯახში დავიბადე და სიმბოლურია, რომ მამაჩემი ერთ-ერთია იმ ჯგუფიდან, რომლებმაც ძველი ქართული ტელევიზია პირველად გაიყვანეს ეთერში. სიმბოლურია ასევე, რომ ისინიც მთაწმინდის სატელევიზიო ანძიდან გავიდნენ ეთერში და „იბერვიზიაც“ სატელევიზიო ანძის ეზოდან გაეშვა.
თუმცა, რაც ზუსტად ვიცი, ისაა, რომ პროფესიულ, ეთიკურ ჟურნალისტიკაზე მოთხოვნა აუცილებლად უნდა გაიზარდოს, თუ ჩვენ გვინდა უკეთესი სატელევიზიო პროდუქტები გვქონდეს.
კარგი ქართული ტელევიზია არის სივრცე, სადაც საზოგადოება თავის თავს ესაუბრება და დასკვნები გამოაქვს.
ბედნიერი ვარ, რომ ტელეჟურნალისტისთვის ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი, მდიდარი და საინტერესო სატელევიზიო ცხოვრებით მომიწია ცხოვრება, რასაც ნებისმიერი მსოფლიო ტელეჟურნალისტი ინატრებდა.
ნინო ხარაზიშვილი − საზოგადოებრივი მაუწყებელი, ხმის რეჟისორი
მახსოვს, ძალიან პატარა ვიყავი, როცა მამამ პირველად მიმიყვანა ტელევიზიაში, სადაც ზღაპრული გარემო დამხვდა: ქალბატონ ლამარა ჭყონიას ჩაწერა მიმდინარეობდა. ეტყობა ამან ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, რომ საბოლოოდ ჩემი ცხოვრება ტელევიზიას დაუკავშირდა − სკოლა დავასრულე თუ არა, მაშინვე ტელევიზიაში აღმოვჩნდი და როგორც შემდეგ გავიგე, ის სტუდია, რომელმაც ჩემზე ასეთი შთაბეჭდილება მოახდინა, პირველი სტუდია იყო საქართველოს ტელესივრცეში.
ტელევიზიაში ჩემი ცხოვრების ნახევარზე მეტი გავატარე. საკუთარი მეუღლეც იქ გავიცანი. იქაურობა ჩემი სახლის გაგრძელებაა. ამაყი ვარ, რომ ვიცნობდი იმ ხალხს, რომლებმაც პირველი ქართული ტელევიზია ეთერში გაიყვანეს. შემიძლია ვთქვა, რომ იქაურობა თავისებური „უნივერსიტეტი“ იყო, სადაც არა მხოლოდ იმას სწავლობდი, თუ როგორ ყოფილიყავი საკუთარ პროფესიაში საუკეთესო, არამედ იმასაც, თუ როგორ ყოფილიყავი უკეთესი ადამიანი − უფრო მეტი სიკეთით, სიყვარულითა და ურთიერთპატივისცემით სავსე. ძალიან მწყდება გული, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა, რომელმაც უამრავი ქარტეხილი და ქარცეცხლი გაიარა, მალე აღარ იქნება… რა თქმა უნდა, ტელევიზია სხვა შენობაში გადავა და იქ ახალი ისტორია დაიწერება, მაგრამ ეს კედლები და იმ ადამიანების მოგონებები, რომლებიც დღეს ცოცხლები აღარც კი არიან, უბრალოდ, აღარ იარსებებს…
სოსო გულბანი − საზოგადოებრივი მაუწყებელი, ოპერატორი
18 წლიდან ტელევიზიაში ვმუშაობ. უკვე 55 წელია. ვერც წარმომიდგენია ამის გარეშე ცხოვრება. აქაურობამ ბევრი რამ მასწავლა, ყველაზე მნიშვნელოვანი კი − ადამიანებთან ურთიერთობა. წარმოიდგინეთ, ტელევიზიაში რომ დავიწყე მუშაობა, ერთი წლის გახსნილი იყო. ძალიან ბევრ სატელევიზიო დადგმაზე ვიმუშავე და ეს უზომოდ საინტერესო იყო. განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე ბატონ გელა ქოქიაშვილის სატელევიზიო პროექტმა „საქართველო არის ესე“. მიძინებულ ტაძრებს ვიღებდით. ბევრჯერ ფეხითაც კი გვივლია უამრავი კილომეტრი იმისათვის, რომ ეს ადგილები გვენახა. დაახლოებით 100 ფილმი მაქვს გადაღებული მთელ საქართველოში. ამ პროექტმა ჩემი ქვეყანა ხელახლა აღმომაჩენინა. თქვენ სწორად ბრძანეთ − ეს კედლები ძალიან ბევრ ისტორიას ინახავს. მიმუშავია ბევრ საინტერესო ადამიანთან, ალბათ ყველას ვერ ჩამოვთვლი, მაგრამ რამდენიმე მათგანს გამოვყოფ: ბატონი თემურ ჩხეიძე, ქალბატონი ქეთი დოლიძე, ბატონი ოთარ კობერიძე, ბატონი მიხეილ თუმანიშვილი. ბევრ დოკუმენტურ ფილმზე ვიმუშავე − თბილისიდან დაწყებული, ამერიკის შეერთებული შტატებით დასრულებული. ამ ტელევიზიამ მომიტანა ღირსების ორდენიც.
წარმოიდგინეთ − მთელი ჩემი ცხოვრება, ღირსებაც კი, ამ ტელევიზიასთან არის დაკავშირებული. ჩემთვის ძალიან რთულია იმაზე ფიქრი, რომ შენობა, რომელშიც 55 წელი გავატარე, ცოტა ხანში აღარ იქნება − ჩემ თვალწინ დაინგრევა…
დუდუ კურდღელია − ტელეკომპანია „რუსთავი 2“, ტექნიკური დირექტორი
ის ყველაფერი, რაც კადრში ჩანს, კეთდება კადრსმიღმა. ეს არის ადამიანების ზურგზე გადატანილი დიდი შრომა, რაც არ ჩანს და არა ერთი და ორი ადამიანის, არამედ დიდი გუნდის შრომის შედეგია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ადამიანები იყვნენ შეკრულები, რადგან ტელევიზია არის გუნდური მუშაობის შედეგი. ერთი კაცის უკან ათეულობით და ასეულობით ადამიანი შეიძლება იყოს და ის, რაც კადრში ჩანს, იყოს საუკეთესო, ძალიან ძნელია.
ჩემთვის ტელევიზია არის მუდმივი გამოცდილება და ადგილი, სადაც ცხოვრების ნახევარზე მეტი გავატარე. 50 წლის ვხდები და 25 წელზე მეტია, რაც ტელევიზიაში ვმუშაობ. თან ერთ ტელევიზიაში. სხვაგან მუშაობის გამოცდილება არ მაქვს. დავიწყე „რუსთავი 2“-ით და დღემდე აქ ვარ. თუ ტელევიზია არის, ის ჩემთვის „რუსთავი 2“-ია.
ჩემთვის ტელევიზია არის მუდმივი გამოცდილება და ადგილი, სადაც ცხოვრების ნახევარზე მეტი გავატარე. 50 წლის ვხდები და 25 წელზე მეტია, რაც ტელევიზიაში ვმუშაობ. თან ერთ ტელევიზიაში. სხვაგან მუშაობის გამოცდილება არ მაქვს. დავიწყე „რუსთავი 2“-ით და დღემდე აქ ვარ. თუ ტელევიზია არის, ის ჩემთვის „რუსთავი 2“-ია.
როცა მე დავიწყე მუშაობა, აქაურობა იყო ყველაზე საინტერესო მოვლენების გამტარი. 1997 წლიდან დაწყებული, შევარდნაძის ტერაქტიდან, გაეროს დამკვირვებლების გატაცებით… სულ-სულ ყველა მოვლენის ეპიცენტრში იყო „რუსთავი 2“. აქედან წასვლა წარმოუდგენელია. ჩემთვის ეს ტელევიზია ჩემი ცხოვრებაა − საკუთარი მეუღლე ამ ტელევიზიაში გავიცანი. ჩემი მეგობრებიც აქ არიან. ახლაც, ბექში ვინც მუშაობს, არის ის ხალხი, რომლებიც ჩვენი ტელევიზიის ბირთვი იყვნენ. ეს ადამიანები იმდენი წელია მუშაობენ ჩვენთან, რამდენი წლისაც „რუსთავი 2“-ია. ამ ადამიანების უკან უზარმაზარი გამოცდილებაა. ტელევიზია, უპირველესად, უნდა ემსახურებოდეს სიმართლეს, ესაა ყველაზე მთავარი ფასეულობა.
ტექსტი: სალომე სიხარულიძე, მარიამ გაბედავა
ფოტო: ნანო თენოშვილი