ქართული OK! წარმოგიდგენთ ცნობილ ტანმოვარჯიშეს, ულამაზეს ქეთი ხატიაშვილს. ქეთის ცხოვრებაში ძალიან სასიხარულო სიახლეა. ის და მისი ცხოვრების პარტნიორი, მორაგბე დავით კაჭარავა სულ მალე პატარას ელოდებიან. ქეთის დედობის სამომავლო ბედნიერებაზე და უკვე არსებულ გამოცდილებაზე სასაუბროდ შევხვდით. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.
ქეთი, გაიხსენეთ, როგორი ბავშვობა გქონდათ?
ჩემი ბავშვობა ორად იყოფოდა, რადგან მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ, მამა აქ, საქართველოში და დედა – უკრაინაში. მიუხედავად იმისა, რომ მშობლები გარკვეული პერიოდი ერთად არ იყვნენ, მე და ჩემს დას მაინც ძალიან ბედნიერი ბავშვობა გვქონდა. მშობლები, ბებია-ბაბუები მაქსიმუმს აკეთებდნენ, რომ განვვითარებულიყავით და თავი კარგად გვეგრძნო. მოგვიანებით სწორედ ამ მიზნით შერიგდნენ დედა და მამა, რათა შვილები ერთ მთლიან ოჯახში გავზრდილიყავით. ამისთვის დღემდე მადლიერი ვარ, რომ დედამ, რომელსაც ახლაც უჭირს აქ ცხოვრება, არც ენა იცის, მაქსიმუმი გაიღო ჩვენ გამო და საქართველოში ჩამოვედით.
სპორტით ბავშვობიდან იყავით გატაცებული?
ღრმა ბავშვობიდან მომწონდა სპორტი. დედა მიყვება, რომ მხატვრულ ტანვარჯიშზე ჩემი შეყვანის მომენტიდან, როცა 4 წლის ვიყავი, ყველამ და პირველ რიგში, მე, ვიცოდით, რომ სპორტი იყო ის სფერო, სადაც 100%-ით კარგად ვგრძნობდი თავს და გამომდიოდა. არსად მომიყოლია ეს ისტორია: 9 წლის ასაკში ცენტრიდან ძალიან შორს, დიდ დიღომში ვცხოვრობდით. ბევრ სირთულეს ვაწყდებოდი, რომ ვაკეში ტანვარჯიშზე ყოველდღე მევლო, მაგრამ ეს ცუდად არ მახსენდება, ამ ფაქტმა მხოლოდ გამაძლიერა. ერთხელ, დიდ დიღომში, სკოლაში სტუმრად ოლიმპიელები გვეწვივნენ. მაშინ მე-3 კლასში ვიყავი და მათთვის საჩვენებლად ნომერი გავაკეთე. ერთ-ერთმა ჩემპიონმა, ბატონმა რობერტ შავლაყაძემ დამიძახა, შემაქო და გაუკვირდა, როცა გაიგო, რომ დიდი დიღმიდან ბაგებში დავდიოდი სავარჯიშოდ. საათ-ნახევარი გვჭირდებოდა გზაში და 2 ტრანსპორტს ვიცვლიდი. იმ ოლიმპიურმა ჩემპიონმა მაშინ სტიპენდია დამინიშნა, რაც უდიდესი მოტივაცია იყო ჩემთვის. 9 წლისამ ავიღე პირველი ხელფასი, რომლითაც დედა პიცერიაში დავპატიჟე და ის სიხარული არასდროს დამავიწყდება. დარჩენილი თანხით ასევე სპორტისთვის საჭირო ინვენტარი შევიძინე. ხშირად იხსენებენ, რომ ბავშვობაში დაბადების დღეებზე, ექსკურსიებზე წასვლაზე უარს ვამბობდი და სავარჯიშოდ მივდიოდი დარბაზში. არ მინდოდა ვარჯიშის გაცდენა. შემიძლია ვთქვა, რომ კარგი ბავშვობა მქონდა. იქ ვიყავი, სადაც ყოფნა მსიამოვნებდა.
ქეთი, როგორ ფიქრობთ, სპორტსმენებად იბადებიან?
ან უნდა დაიბადო, ან იპოვო თავი ამ საქმეში. მე გამიმართლა, იქ მოვხვდი, რაც 100%-ით ჩემი იყო. მჯერა, რომ ამ სიყვარულის გამომუშავებაც შეიძლება. უამრავ წარმატებულ სპორტსმენს კარიერის დასაწყისში საკმაოდ უჭირდა, რთული ბავშვობა ჰქონდათ. ხშირად მოგვისმენია, რომ ერთი ფეხსაცმლისა ან ერთი შორტის მეტი ტანსაცმელი არ გააჩნდა. არ ჰქონდათ სავარჯიშოდ საჭირო პირობები, მაგრამ მაინც მიაღწიეს წარმატებას.
რა არის ამ წარმატების მიზეზი?
ზაზა ფაჩულიას ინტერვიუს ვუყურებდი ცოტა ხნის წინ და იმავეს ჰყვებოდა. ჰკითხეს, ბავშვობაში რა გაკლდათო და უპასუხა, ბოტასიო. სულ ერთი ბოტასი ჰქონია და ამით დადიოდა და ვარჯიშობდა კიდეც. ასე მგონია, როცა მხოლოდ ის ერთი გაქვს, განსაკუთრებით აფასებ, უფრთხილდები და იმას აღიქვამ შენს ცხოვრებისეულ შანსად, შესაძლებლობად, რომ წინ წახვიდე. თუმცა სტანდარტი არ არსებობს. არიან ბავშვები, რომლებიც კარგ პირობებში იზრდებიან და კარგი სპორტსმენები გამოდიან. ისე, სტატისტიკურად ასეა, უმეტეს წარმატებულ სპორტსმენს რთული ბავშვობა აქვს გამოვლილი.
როგორია თქვენი და დედას ურთიერთობა?
მე და დედა მეგობრები ვართ. ბავშვობაში ძალიან მკაცრი იყო, ზედმეტადაც. ზოგადად ცივი ადამიანია, მაგალითად, ჩახუტება, მის კალთაში ჩაჯდომა იშვიათად მახსოვს, მაგრამ ჩემი უახლოესი ადამიანია. რაც დრო გადის, უფრო მეტად ვაფასებ ჩვენს ურთიერთობას. ჩემი ცხოვრების ნებისმიერ გარდამტეხ პერიოდში მომცემდა რჩევას და დააყოლებდა: როგორც გინდა ისე მოიქეცი, ყველა შემთხვევაში მე შენთან ვარ. იცოდა, რომ შემეშლებოდა, მეტკინებოდა, ვინანებდი, მაგრამ 14-15 წლიდან ჩემს გადაწყვეტილებებში არ ერეოდა. თმას შავად შევიღებავდი თუ გადავიპარსავდი, მეტყოდა, როგორც შენ გინდა, ისე მოიქეცი, არა უშავს, ისევ გაგეზრდებაო. ბავშვი დედისგან, მშობლებისგან იღებს ფუნდამენტურ ღირებულებებს. ხომ ასეა? დიახ, ჩემს შემთხვევაში ასეა, მით უმეტეს, ამის ფუნდამენტი დედაა. დანარჩენი უკვე ადამიანს თვითონ შეუძლია გამოიმუშაოს. დედამ ჩვენ – მე და ჩემს დას 360 გრადუსით სამყაროს დანახვის შესაძლებლობა მოგვცა, მკაცრი კი იყო, მაგრამ არასდროს არაფერში გვზღუდავდა. იყო რაღაც თვისებები, მიმართულებები, რაც მინდოდა ჩემში გამომემუშავებინა და ამისთვის ვიშრომე, ვიმოგზაურე, ვისწავლე, ვნახე… მაგრამ მთავარი ფასეულობები დედისგან მოდის.
შენ როგორი დედა ხარ? პოულობ დედაშენის თვისებებს შენში?
რა თქმა უნდა. ზოგადად, ძალიან ვცდილობ თბილი დედა ვიყო. ამაზე ვიმუშავე, თუმცა ანასტასია ამბობს, რომ დედა მკაცრია. ერთ-ერთ გადაცემაში განაცხადა. მე მაინც მგონია, რომ ის, რაც მე, როგორც შვილს, მაკლდა, შევავსე, როგორც დედამ. ფსიქოლოგთანაც გავიარე ამაზე კონსულტაციები, მომცა ძალიან სასარგებლო დარიგებები, რაც გავითვალისწინე. რას ნიშნავს იყო კარგი დედა? მთავარია, ბავშვს თავისუფლება არ შეუზღუდო. სხვა დანარჩენი ყველაფერი აქვთ მათ 21-ე საუკუნის სამყაროში. ზღვა ინფორმაციაა ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი, თავად გადაწყვეტენ, რა აინტერესებთ, რა მიმართულებით სურთ განვითარება და მე მინდა, რომ ამაში მაქსიმალურად ხელი შევუწყო. ჩემი მთავარი ვალია, სითბოში გავზარდო და ვაჩვენო მრავალი ცხოვრებისეული არჩევანი. მთავარია, ბავშვი იყოს თავისუფალი, ოღონდ არ ვგულისხმობ ფუფუნებას და რაც გინდა იმის კეთებას. განათლებული უნდა იყოს, ზრდილობიანი და სითბოში იზრდებოდეს. დისციპლინაც აუცილებელია, ეს ყველაფერშია საჭირო.
შვილზე ოცნებობდით, სანამ გეყოლებოდათ?
რა თქმა უნდა, თუმცა პირველ ქორწინებისას ინერციას მივყევი. სტერეოტიპულად: გავთხოვდი და, რა თქმა უნდა, შვილი გავაჩინე. ახლა სულ სხვანაირადაა. ეს პატარა დიდი ხნის ნანატრი ბავშვია. დიდხანს ვერ გადავდგი ეს ნაბიჯი. ანასტასიამ რთულად გადაიტანა ჩემი და მამის დაშორება და ამიტომ ძალიან ვფრთხილობდი ხელმეორედ ამ ნაბიჯის გადადგმას. შვილი კიდევ მინდოდა, მაგრამ მეშინოდა. გადაწყვეტილების მიღების შემდეგაც გარკვეული პერიოდი ვერ დავფეხმძიმდი. მერე ვიმკურნალე, საკმაოდ გაიწელა ეს პროცესი და აი, ახლა ასეთ სასიამოვნო მდგომარეობაში ვარ. მეუბნებოდნენ, რომ უნდა მოვდუნებულიყავი, სტრესი მომეხსნა და ცოტა ხნით დამევიწყებინა ეს პრობლემა. ასეც მოვიქეცი, გადავყარე წამლები, ტესტები და ახალი შეგრძნებებიც მალევე გაჩნდა. აღმოჩნდა, რომ ფეხმძიმედ ვარ.
განსაკუთრებული პრინციპები თუ გაქვთ, როგორც დედას?
ჩემი პრინციპები მაქვს და მიმაჩნია, რომ ბავშვებს შეზღუდვები უნდა ჰქონდეთ. მათთვის თავისუფლების მიცემა არ ნიშნავს იმას, რომ ისინი არაფერში იყვნენ შეზღუდულები. ბავშვებს ყველაფრის დაფასება, მადლიერება უნდა შეეძლოთ. დათო როგორც ზრდის ნიკოლოზს, ესეც ძალიან მომწონს. არ მიყვარს ბავშვის ზედმეტად გათამამება, განსაკუთრებით ძვირადღირებული ნივთებით.
ანასტასია როგორ ელოდება ოჯახის ახალ წევრს?
უხარია, ერთი სული აქვს, უყიდოს ტანსაცმელი. ორივე, ანასტასია და ნიკოლოზი მოუთმენლად ელიან პატარას.
სახელი შეარჩიეთ?
ჯერ არ შეგვირჩევია, არც გენდერ-ფართი გაგვიკეთებია. სქესის გაგებასაც დიდად არ ვჩქარობდი.
ფოტო: ნანო თენოშვილი
პროექტის ავტორი: ნიკა გომართელი
ვიზაჟი: სოფია საენკო
ტექსტი: ნიკა გომართელი, თაკო გვაზავა