ჟურნალი OK! ჭრელი აბანოს შესახებ გიამბობთ, რომლის ისტორია საუკუნეებს ითვლის. გამორჩეული, მდიდრული და ელეგანტური ადგილი თბილისის გულში. ისევ ამბიციურად დაჰყურებს აბანოთუბანს და დუღს ლეგენდარული „ჭრელი აბანო“, საუკუნოვანი ისტორიის განახლებული სახე. როგორია მისი ისტორია, რა სახის მომსახურებებს სთავაზობს საზოგადოებას და სხვა საინტერესო შეკითხვებზე „ჭრელი აბანოს“ დირექტორი ჯაბა მამაცაშვილი გვიამბობს.
გვიამბეთ „ჭრელი აბანო & სპას“ შესახებ.
XVII-XIX საუკუნეებში თბილისში, სადაც ცნობილი იყო ერეკლეს, ბებუთას, მელიქის და კიდევ უამრავი სხვა გოგირდის აუზი, ჭრელი აბანო ამაყად ამშვენებდა ქალაქს.
ჭრელი აბანოს შენობა ირანული არქიტექტურის გავლენითაა შექმნილი. ოდითგანვე თბილისში, აბანოს, გარდა ჰიგიენური და სამკურნალო დანიშნულებისა, საზოგადოებრივი თავშეყრის სივრცის ფუნქციაც ჰქონდა, დღეს კი ტურისტებისთვის თბილისში მთავარ მიზიდულობის წერტილსაც წარმოადგენს. ინტერნეტში საქართველოსა და თბილისის შესახებ ინფორმაციის სხვადასხვა ენაზე მოძიებისას, მრავლად შეხვდებით ჭრელი აბანოს ფოტოებსაც, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ისტორიული იერსახის შენარჩუნების წყალობით ჩვენი აბანო თბილისის ერთგვარ სახედ იქცა. ქვეყნის ტურიზმში ჩვენს როლზე ისიც მეტყველებს, რომ მხოლოდ 2022 წლის პირველ ნახევარში მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნიდან გვეწვივნენ. ჩვენი მხრივ კი საუკეთესო ხარისხის მომსახურებით ვცდილობთ საქართველოზე კარგი წარმოდგენა შევუქმნათ ყველა სტუმარს.
რა სახის მომსახურებებს სთავაზობთ მომხმარებლებს?
აქ მოსულ სტუმრებს ტრადიციული გოგირდის აბანოების გარდა, უამრავ სხვა მომსახურებას ვთავაზობთ − ტრადიციული ქისიდან დაწყებული, სხვადასხვა ტიპის მასაჟით დამთავრებული.
ასევე უნდა ითქვას, რომ ჩვენთან მომხმარებლებს დახვდებათ „თოვლის ოთახი“, რომელიც წლის ნებისმიერ დროს დაფარულია ბუნებრივი თოვლის ანალოგით და სადაც ტემპერატურა მუდმივად მინუს 25 გრადუსია. ყოველივე ეს უნიკალური სპაპროცედურების ჩატარების საშუალებას იძლევა.
სპაპროცედურებისას ჩვენი სპეციალისტები იყენებენ საუკეთესო ხარისხის ევროპულ ნაწარმს, რომელიც მაქსიმალურ სიამოვნებას ანიჭებს მომხმარებლებს. მეტი კომფორტისთვის მომხმარებლებს ნომრიდან გაუსვლელად შეუძლიათ შეუკვეთონ სხვადასხვა სასმელი და წასახემსებლები ჩვენი მენიუდან.
აღსანიშნავია ისიც, რომ წელს ჩვენ დავიწყეთ გოგირდოვანი კოსმეტიკის წარმოება, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს გოგირდის სასარგებლო თვისებები ჩვენთან სტუმრობის შემდეგაც გამოცადონ.
რა სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა თქვენთან მიღებული მომსახურებები?
თბილისის გოგირდის წყლის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ის მუდმივი ქიმიური შემადგენლობით, მუდმივი დებეტითა და t°-ით ეკუთვნის გოგირდ-ტუტოვან თერმებს, რის გამო წარმატებით გამოიყენება სხვადასხვა ქრონიკული დაავადების მკურნალობის დროს. განსაკუთრებით სასარგებლოა ართრიტული ტიპის, გულისა და ნერვული სისტემის დაავადებებისთვის. ასევე, სასარგებლოა კანისთვის, განსაკუთრებით კი სხვადასხვა ტიპის მასაჟის პროცედურებთან ერთად, რომელთა ჩატარება ჩვენთან შეუძლიათ. „თოვლის ოთახი“, ფინური და თურქული საუნები კი მომხმარებელს საშუალებას აძლევს ჩაიტაროს გამაჯანსაღებელი პროცედურები. აღსანიშნავია, რომ ჩვენთან მომხმარებელს შეუძლია როგორც აღმოსავლურ კულტურებში გავრცელებული, ასევე დასავლური მეთოდებით შემუშავებული მასაჟის პროცედურების ჩატარება, რომლებიც როგორც გასაჯანსაღებლად, ასევე სარელაქსაციოდაც იდეალურია.
გვესაუბრეთ „ჭრელი აბანო & სპას“ ნიშასა და პრიორიტეტებზე.
ჭრელი აბანოს ნიშა არ არის მხოლოდ სპამომსახურებები. ჩვენ უპირველესად მომხმარებელს ვთავაზობთ იმ „უნიკალურ გამოცდილებას“, რომელიც თბილისთან ასოცირდება ამ ქალაქის ყველა სტუმრისთვის. იმის თქმაც კი საკმარისია, რომ ჭრელი აბანო ყველაზე ძველი ფუნქციონირებადი აბანოა და ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული ისტორიული შენობაა. ჩვენი პრიორიტეტია, რომ ისტორიული გამოცდილება, რომელსაც ასწლეულებია ამ კედლებში იღებდნენ ადამიანები, კიდევ უფრო კომფორტული სახით მივაწოდოთ მომხმარებელს, რათა თავად გამოცადონ რას ნიშნავს ძველი თბილისური აბანოს კულტურა.
როგორც ჩვენთვის ცნობილია, აბანო გამოირჩევა ესთეტიკური ღირებულებებითაც. გვიამბეთ ამის შესახებ.
აბანო გამორჩეული, ძველი და ელეგანტური ადგილია, რომელიც შემონახულია ისეთი სახით, როგორიც ის თავდაპირველად აიგო. შენობის თითოეული ნაწილისა თუ დეტალის აღდგენა სპეციალისტებისა და მეცნიერთა მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობს, რათა შევძლოთ და შევინარჩუნოთ ის ისტორიული იერსახე, რომელიც მას ჰქონდა.
თუ მაგალითად უცხოელი ბლოგერების რეკომენდაციებს დააკვირდებით, საქართველოში აუცილებლად სანახავ ადგილებს შორის ყოველთვის ხვდება ჭრელი აბანო. მართლაც, მგონი არავის ეგულება თბილისში ნამყოფი ისეთი ტურისტი, რომელსაც ეს სილამაზე არ უნახავს და ბევრი მათგანის სოციალურ ქსელებსაც ამშვენებს ჩვენთან გადაღებული ფოტოები. შეიძლება ითქვას, რომ ჭრელი აბანო ისტორიული თბილისის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სახეა ტურისტებისთვის.
გვესაუბრეთ სპეციალისტებზე.
ჩვენ ძალიან დიდ როლს ვანიჭებთ როგორც ჭრელი აბანოს სტუმრებს, ასევე თითოეულ თანამშრომელს. ყოველი მათგანი საუბრობს რამდენიმე ენაზე, რათა მაქსიმალურად კომფორტული გარემო შევქმნათ თითოეული სტუმრისთვის. უნდა ითქვას, რომ ჭრელ აბანოში გრძელდება ტრადიციული ქისის კულტურა. ჩვენი სპეციალისტები სწორედ ტრადიციულ მეთოდებს იყენებენ. ჩვენი მასაჟისტები კი ფლობენ როგორც აღმოსავლური, ასევე დასავლური მასაჟის ტექნიკებს. აბსოლუტურად ყველა თანამშრომელი პროფესიონალიზმის მაღალი ხარისხითა და სტუმრის მიმართ პასუხისმგებლობით გამოირჩევა.
პანდემიის პერიოდში განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევდით სივრცეების დეზინფექციასა და თანამშრომელთა უსაფრთხოებას, რეგულარულად ტარდებოდა ტესტირებები და შემუშავებული იყო სპეციალური ცვლები, რათა მუშაობა შეუფერხებლად გაგვეგრძელებინა და შეგვენარჩუნებინა ყველა თანამშრომელი.
რატომ „ჭრელი აბანო“?
ამ შეკითხვაზე პასუხი ძალიან მარტივია − იმიტომ, რომ ჭრელი აბანო არის ისტორიული და თანამედროვე, საუკეთესო ხარისხის სპაპროცედურების გამაერთიანებელი სივრცე, სადაც საუკეთესოდაა შემონახული ძველი თბილისური აბანოების სიკეთეები და თანამედროვე გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა თუ პროცედურები. საუკუნეებია, რაც ჩვენი აბანო აღაფრთოვანებს თბილისის სტუმრებს და ყველას სურს ამ ისტორიული გამოცდილების საკუთარ თავზე გამოცდა.
ბოლოს, სამომავლო გეგმები გაგვიზიარეთ.
ჭრელი აბანოს სამომავლო გეგმები უკავშირდება როგორც ჩვენი ლოკაციის სხვადასხვა საინტერესო აქტივობებისა და ღონისძიებებისთვის გამოყენებას, ასევე გოგირდის შემცველი კოსმეტიკური პროდუქციის ასორტიმენტის გამრავალფეროვნებას. მიუხედავად იმისა, რომ თბილისში ერთ-ერთი უძველესი დაწესებულება ვართ, არასდროს განვიცდით სიახლეების ნაკლებობას და მომავალშიც ბევრ საინტერესო სიახლეს ვპირდებით ჩვენს მომხმარებლებს. რა თქმა უნდა, არ ვივიწყებთ წარსულს, მაგრამ მუდმივად ვზრუნავთ სიახლეების დანერგვაზე, რათა მაქსიმალურად კომფორტული და სასიამოვნო გამოცდილება შევთავაზოთ ჩვენს სტუმრებს. ჭრელი აბანო ხომ თბილისის ერთგვარი სახეა? ამიტომ გვინდა, რომ მასზე ყველას საუკეთესო წარმოდგენა შევუქმნათ.
აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს ერეკლეს აბანოს რესტავრაციის პროცესი. ეს არის აბანო, რომელიც ასევე იქნება მუზეუმი და საინფორმაციო კულტურული კერა, სადაც წარმოვადგენთ ისტორიულ მონეტებს, ძველი პერსონალის ეკიპირებას, კედლის დეკორაციებს და სხვა დეტალებს, რაც თითოეულ სტუმარს საშუალებას მისცემს, ერეკლე მეფის ეპოქაში იმოგზაურონ.