არიან ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებულ ემოციას, ფერებს სძენენ ქალაქს, ადამიანები, რომლებიც მუდმივად პოზიტიურ ენერგიას უგზავნიან ირგვლივ მყოფებს, სამყაროს, მათ უყვართ თავად სიყვარული და სხვებსაც მოუწოდებენ, რომ იცხოვრონ ბედნიერების შეგრძნებით, დატკბნენ ყოველი დღით და აუცილებლად უყურონ სამყაროს ისეთ საოცრებას, როგორიც მზის ჩასვლა და ამოსვლაა, რომელიც არასდროს ჰგავს ერთმანეთს. თვლის, რომ, თუ გიყვარს საკუთარი თავი, ესე იგი, გიყვარს შენს ირგვლივ არსებული გარემო. სწორედ ამიტომ, არასდროს აძლევს თავს მოწყენის საშუალებას. მიაჩნია, რომ ძლიერია ის ადამიანი, რომელსაც დიდი ტკივილის დროსაც გაღიმება შეუძლია. ამინდის პროგნოზში არასდროს ცდება, ამბობს, რომ არც ადამიანებში, რადგან ზუსტად შეუძლია მათი შინაგანი ბუნების, ემოციების წაკითხვა. რომელ ფილმში გადავიდოდა საცხოვრებლად და რას ეტყოდა გარდაცვლილ ძმას – OK! ბათუმის ფურცლებიდან უფრო ახლოს გაეცანით მეტეოროლოგსა და ჟურნალისტს, კობა ფარტენაძეს.
რა არის ის, რაც ყველაზე მეტად გენატრებათ ბავშვობიდან?
ჩემი სახლის ეზო გორგილაძის ქუჩაზე. მაშინ სულ მინდოდა საკუთარი ბინა მქონოდა, დღეს მაქვს, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ვერაფერი შემიცვლის იმ განცდებს და ემოციებს, რაც იმ ეზოსა და ჩემს ბავშვობას უკავშირდება. სხვათა შორის, ჩემი პროფესიული განვითარებაც სწორედ იმ ეზოდან დაიწყო. ამინდის დაკვირვების ჩემეული ხერხები მქონდა. ასევე, მენატრება ჩემი მოყვანილი ხილისა და ბოსტნეულის გემო, სურნელი. მენატრება კადრები, როცა ჩემი ძმა, რომელიც გარდაცლილია, ვარჯიშობდა ეზოში. ეს მომენტები სულ თვალწინ მიდგას და ალბათ, ვერაფერი დამავიწყებს…
რამ განაპირობა თქვენი მეტეოროლოგიით დაინტერესება?
ჩემს სურვილს, მეტეოროლოგი გავმხდარიყავი, მხოლოდ დედა უჭერდა მხარს, სხვა ყველა მეუბნებოდა, რომ არასოდეს მექნებოდა მაღალი ხელფასი. თუმცა, ეს სტერეოტიპი იმ მხრივ დავანგრიე, რომ დღეს ვარ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მეტეოროლოგი, საკმაოდ კარგი ანაზღაურებით. როცა გიყვარს ის საქმე, რომელსაც აკეთებ, რომელშიც მთელ ძალას, ენერგიასა და სიყვარულს დებ, ამავდროულად ცდილობ მუდმივ განვითარებას, წარმატებასთან ერთად, აუცილებლად მოგიტანს ნორმალურ ანაზღაურებას. პროფესიული გზის დასაწყისში, ვსწავლობდი, მთელი მსოფლიოს მეტეოროლოგები როგორ წერდნენ პროგნოზს და ვცდილობდი მიახლოებითი ფორმებით გადმომეტანა ჩვენ რეალობაში, რადგან, ზუსტად იგივენაირი ტერმინებით რომ გამოაცხადო ჩვენთან პროგნოზი, როგორც, მაგალითად, იტალიელები წერენ, შეიძლება წყევლა, ლანძღვა და გინება მიიღო. როცა ვაცხადებ თუნდაც მოსალოდნელ წყალდიდობას, საქართველოში, შემაშფოთებლად აღიქვამენ ამას და არა პრევენციად, თითქოს ჩემი ბრალი იყოს ეს, ჩემზე გადმოდიან იერიშით. ამიტომ, ვცდილობ მკვეთრი მეტეოროლოგიური ტერმინებისგან თავი შევიკავო.
თქვენს მიერ გამოცხადებულ პროგნოზს ყოველთვის ენდობა საზოგადოება, როგორ მოახერხეთ ეს…
პირველ რიგში, მადლობა, რომ აღნიშნეთ, რადგან, მიმაჩნია, ეს მართლაც ასეა. ყოველ წუთს ვგრძნობ ნაცნობი თუ უცნობი ადამიანების სიყვარულს, ბევრი მწერს სოციალურ ქსელში და ნდობას მიცხადებს. ინტერნეტ სივრცეში უმეტესად ძალიან აბსურდული პროგნოზი წერია ხოლმე, არადასაყრდნობი. შესაბამისად, ადამიანები, როგორც აჭარიდან, ასევე საქართველოს არაერთი რეგიონიდან, მიკავშირდებიან როდესაც მნიშვნელოვანი ღონისძიებების ღია სივრცეში ჩატარება სურთ, და ჩემგან იგებენ ზუსტ პროგნოზს. არ მახსოვს შემთხვევა, როცა რაღაც დიდი წვეულება დაიგეგმა ჩემი რეკომენდაციით და ამინდის გამო ვერ შედგა. შესაბამისად, ეს ყველაფერი იწვევს ნდობას.
ამინდზე დამოკიდებული ადამიანები…
ვფიქრობ, რამდენადაც გიყვარს საკუთარი თავი, იმდენად გიყვარს შენს ირგვლივ არსებული გარემო, ყოველი ცვლილება, რომელიც შენს ირგვლივ ხდება. არანაკლებად მშვენიერია წვიმაში ყვავილები, არანაკლებად მშვენიერია ზაფხულის ხანმოკლე წვიმა, თუ რაღაც სევდასთან არ ასოცირდება, თუ 500 კაციანი წვეულება არ ჩაგიშალა ამინდმა. ახლა, როცა მე და თქვენ ინტერვიუს ვწერთ, მზის ჩასვლა ახლოვდება და ერთი სული მაქვს როდის ვნახავ, რადგან, ყოველი მზის ჩასვლა მახსენებს იმას, რომ დასასრულიც შეიძლება იყოს ძალიან მშვენიერი. თუ ვინმე არ დაგვიფასებს რაიმე ცხოვრებისეულ მოვლენას, აქაც ბუნება გვეხმარება, ის, რომ მზის ამოსვლა ძალიან ლამაზია. როცა არანაირი პოზიტიური მხარე არ გააჩნია, შეიძლება იმ ამინდს ვუწოდოთ მხოლოდ ცუდი, ეს არის ღვარცოფი, მეწყერი, სეტყვა და ა.შ. სხვა შემთხვევაში, წვიმაც, ქარიც ბუნებისთვის საჭირო და ხშირად აუცილებელია. ცუდი ამინდიც, რაც ხანდახან თავს გვატყდება, ადამიანივით, ბუნების განტვირთვაა, რადგან მასაც სჭირდება მრისხანებისგან დაცლა და თუ დაკვირვებიხართ, როგორი სიმშვიდეა შემდეგ… ამინდზე მუდმივი პრეტენზიები გამოწვეულია, ალბათ, იმ განუხორციელებელი მიზნებით, რომლებსაც ადამიანები ვერ ვახორციელებთ ცხოვრებაში. სხვათა შორის, გარემომცველ სამყაროზე აღქმის უნარით მე შემიძლია 5 წუთში მივხვდე, როგორ ადამიანს ვესაუბრები. ამინდთან დამოკიდებულების მიხედვით ჩვენ შეგვიძლია დავადგინოთ ადამიანის ცხოვრების სტილი, აღქმის უნარი და ის, თუ როგორ უყვარს მას სამყარო.
ბათუმი უყვართ…
პიველ რიგში იმიტომ, რომ ადამიანის ბუნებაა ასეთი, რაც არ უნდა ძლიერი და ქაოსური იყოს ის, აქვს რაღაც მომენტი, როდესაც საკუთარ თავთან რჩება და უნდა მარტო, ოღონდ არა სახლში. მას უნდა ბუნებასთან ახლოს, ამავდროულად სიჩუმეში. მუხედავად იმისა, რომ ახლა ბევრი ტურისტი გვყავს ქალაქში, თუ გინდა სიჩუმე, შეგიძლია შენი წილი სიჩუმე იპოვო, ან პირიქით. ამ ქალაქმა ადამიანების სიყვარული შეინარჩუნა, რომელიც დღემდე არ გამქრალა. ამიტომაცაა, ბათუმში ბინებს ყიდულობენ დედაქალაქელები, გამოურბიან იქაურ ქაოსს. ბულვარი, ბოტანიკური ბაღი, ბევრი ადგილი აქვს ბათუმს, სადაც შეგვიძლია წავიდეთ და სულიერად განვიტვირთოდ. და სულ რომ არაფერი, ზღვა გვაქვს, ენერგიის უშრეტი წყარო, რომლის ნაპირზე რამდენიმეწუთიანი ყოფნის შემდეგ, ყველანაირი დაღლილობა უკან რჩება. ძალების აღდგენისთვის ძალიან ძლიერი ქალაქია ბათუმი, ქუჩაში გამოსულს ერთი-ორი ისეთი ნაცნობი შეგხვდება, ისეთ ემოციას და ღიმილს გაჩუქებს, უკვე ბედნიერი ხარ. ჩემი წილი ბათუმი ფიონურ ამინდში სეირნობაა, ფიქრი, ადამიანების ნახვა, ძალიან გვიან შევდივარ ასეთ დროს სახლში, იმიტომ რომ, ამ დროს ყველანაირი ბედნიერება იფრქვევა ჩემში. დეკემბერში, როცა 23-25 გრადუსი გვაქვს, ამას ემატება თბილი ფიონი და ჩვენ შეგვიძლია ისევ ქუჩაში, სახლების გარეთ ჩავეხუტოთ ერთმანეთს.
როგორია თავის მოვლის თქვენეული საიდუმლო?
თავის მოვლის საშუალებებს შორის ჩართული მაქვს ძალიან ბევრი დამატენიანებელი საშუალება, ყოველთვის ვიყენებ ფრანგულ და ისეთ გამოცდილ კოსმეტიკას, რომელიც არ დამაზიანებს. სხვათა შორის, ფასს მნიშვნელობა არა აქვს, მთავარია, ვენდობოდეთ იმ ბრენდს, რომლის კოსმეტიკურ საშუალებებსაც ვიყენებთ. ფრანგულ ხაზებშიც არის ძალიან ხელმისაწვდომი ფასი. ხშირად კომპანიები მჩუქნიან თავიანთ პროდუქტს, მე კი იმ ადამიანებს ვჩუქნი, ვისაც არ აქვს მათი ყიდვის შესაძლებლობა. აღსანიშნავია, რომ ბევრმა აფთიაქმა დანერგა სააპლიკაციო სისტემა, ყველა შაბათ-კვირას აქვთ, როგორც ქალბატონების, ასევე მამაკაცის ხაზში, ფასდაკლება. თუმცა, რაღაც სტერეოტიპი მაინც არსებობს მამაკაცებისთვის. თავის მოვლის საშუალებების შესაძენად, მამაკაცები თავიანთ ცოლებს ან მეგობარ ქალბატონებს აგზავნიან აფთიაქში, თავად არ ჩნდებიან ხოლმე, თუმცა, წინგადადგმული ნაბიჯია, რომ დაიწყეს თავის მოვლა.
გამოირჩევით განსაკუთრებული, განსხვავებული და ფერადი ჩაცმულობით, რაც თქვენ ხასიათს და შინაგან მრავალფეროვნებას უსვამს ხაზს…
უნდა ვაღიარო, ცოტა შენიშვნებს მაძლევენ ტელევიზიაში, მაუწყებლისთვის შეიძლება ეს ზედმეტი სიფერადეა, მაგრამ რა გავაკეთო, ვარ ისეთი, როგორიც ვარ, ასეთი შემიყვარა ხალხმა. კი, ეს ყველაფერი ჩემს ხასიათს უსვამს ხაზს, რაც არ უნდა ხდებოდეს, შეუძლებელია მე არ დავიჭირო პოზიტივი და ეს ყველაფერი არ გადმოვიტანო ტანსაცმელში. დილის გადაცემა რადიოში 8 საათზე მეწყება, საღამოს ტელევიზია მაქვს, შესაბამისად, არ მინდა დილა უარყოფითად დავიწყო, ამიტომაც, საღამოს ყოველთვის ვიცი რას ჩავიცვამ დილით. ერთ-ერთი ფაქტორი რამაც შეიძლება შემიშალოს ხელი ხვალინდელ ჩაცმულობასთან დაკავშირებით, ამინდია, მაგრამ რადგან ეს ყველაფერი უკვე ვიცი, საკითხიც გადაჭრილია. ადამიანი უნიკალური არსებაა, შესაბამისად, მან ტანსაცმლით უნდა გამოხატოს მისი ბუნება და არა დაწერილი კანონებით. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება უნიკალური იყოს, მე არ მომწონს, როცა ის რამდენიმე ადამიანს აცვია ერთდროულად. შენ თუ გემოვნებიანად ჩაიცვამ ეს იქნება ყველაზე მოდური ამ სამყაროში, ყველაზე კომფორტულადაც იქნები და ყველაზე ბედნიერი ადამიანიც, იმიტომ რომ, არც შენნაირი ეცმევა არავის და არც ერთგვაროვან ხაზზე ივლი ყოველდღიურად. სხვათა შორის, არც ერთ ტანსაცმელში, რომელიც მაქვს, არ გადამიხდია ძვირი, ძირითადად არის შეკერილი, არასოდეს არ ვყიდულობ შარვალს, ყოველთვის ვიკერავ. რაც შეეხება ზედა ტანისამოსს, უმეტესად ვყიდულობ, ვიწერ რამდენიმე საიტიდან. თვითონ ადამიანი ამშვენებს ტანსაცმელს, ოღონდ სრული პასუხისმგებლობით და შინაგანი გამოცდილებით ვამბობ. ადამიანი თვითონ ანათებს, თუნდაც მის მზისფერ მაისურს. როცა ჭირისუფალს აცვია შავი, ის იმდენად ტირის შინაგანად, რომ ის შავიც ბრწყინავს, ანათებს და სევდაც მშვენიერია ამ სიტუაციაში. ღიმილი სევდიანობის დროს არის ყველაზე მშვენიერი და ყველაზე ძლიერი ადამიანია ის, ვისაც ეს შეუძლია.
ადამიანი ადამიანისთვის…
იმდენად არის საჭიროა, რომ სწორედ ამის ნაკლებობამ ადამიანებში ძალიან დიდი დეპრესია გამოიწვია. თუ ავიღებთ ევროპისა და ამერიკის ქვეყნებს, ყველაზე დიდი რაოდენობით იყიდება ანტიდეპრესანტი საშუალებები, ეს ყველაფერი კი გამოწვეულია იმით, რომ ადამიანი იმდენად დაშორდა ადამიანს, რომ თავის ენერგიას, თავის სასაუბრო თემას ვეღარ უზიარებს ერთმანეთს. საქართველოში ცოტა უფრო სხვა სიტუაციაა, ასე თუ ისე, შევინარჩუნეთ თბილი დამოკიდებულება, ერთმანეთის გვერდში დგომის უნარი. ერთადერთი, ვინც შეიძლება ადამიანი ჩაანაცვლოს შენში, ეს არის ღმერთი, მაგრამ, თუ ღმერთამდე ვერ მიხვედი და შენთვის ღმერთია ადამიანი, იმ ადამიანის გარეშე ვერ გაძლებ, ცხოვრების სურვილს დაკარგავ, შენთვის არც ერთი ცხოვრებისეული გამოწვევა არ იქნება ის, რაც გაგაბედნიერებს. ყველა ბედნიერებაში იპოვი იმ სევდას, რაც შეიძლება იქ საერთოდ არ უნდა იყოს. ამიტომაც, ერთმანეთის გარეშე ვერც ერთი ადამიანი, რაც არ უნდა უმაღლეს წერტილს წარმოადგენდეს, ვერ იქნება სრულყოფილი. ალბათ, ჩემი გახსნილობა, ჩემი ხმის თბილი ტემბრი იწვევს უცხო ადამიანებშიც კი, ნდობას, რადგან რასაც შინაგანად დავატარებ, იმას სხეულის ენით გადმოვცემ. მიმაჩნია, რომ სითბო ისევ ჩემი და იმ ადამიანების დამსახურებაა, ვინც მესაუბრება, ვინაიდან თუ თვითონაც არ არის ასეთი, მაშინ ვერ გამიგებს. ყველა ადამიანის ირგვლივ ისეთი ადამიანები არიან, როგორც ცხოვრობს, როგორი ადამიანებიც მოსწონს და როცა ამბობენ, რომ ერთხელ არ გაუმართლა, ორჯერ და რვაჯერ, ესე იგი, შენ გაქვს რაღაც შესაცვლელი საკუთარ თავში. შეიძლება თვლიდე, რომ შენ არ იმსახურებდი იმ ადამიანს, მაგრამ აქაც შენზეა დამოკიდებული, შენ შეგიძლია წახვიდე წინ, გაიხედო გვერდზე, არავინ არ არის ვალდებული მეორე ადამიანის ზედმეტი ტვირთი იტვირთოს. ადამიანობის ნორმალური საქციელის სფეროს სცდება ის, რომ ვიღაც გინდა გგავდეს, ან ისეთი იყოს, როგორიც შენ ხარ. მე შეიძლება შენი საქციელი არ მომწონს, მაგრამ, შენი მესმოდეს, გიგებდე. სამწუხაროდ, ემპათიის გრძნობის ნაკლებობას განვიცდით საქართველოში.
როცა გიყვარს…
ძალიან დიდი ხანია მივხვდი, რომ მათემატიკური ქანქარის პრინციპით არც იქეთ გადავარდნა ვარგა და არც აქეთ. ჩემს შეყვარებულთან, ან საყვარელ ადამიანთან, ვინც გინდა იყოს, შეიძლება განსაკუთრებულად ვიყო, მაგრამ არა რადიკალურად შეცვლილი. ყოველთვის ვიღაც მიდის, სტერეოტიპები, წარმოდგენები, ფიქრები იცვლება, და რაღაც პერიოდის შემდეგ გრძნობები ნელდება, ამ ცის ქვეშეთში არაფერი არ არის სამუდამო. არც ერთი დღეს, 365 დღე, მზე არ ამოდის ერთი ადგილიდან, მით უმეტეს ადამიანი, მზისგან განსხვავებით უფრო ქაოსური, ცვალებადი და არასტაბილურია. როცა ჩვენი ცხოვრებიდან ნებისმიერი საყვარელი ადამიანი მიდის, ვეძებთ ჩვენს თავს მასში, რაც იმ მომენტისთვის აღარ გაგვაჩნია, შემდეგ გვიბრუნდება და ყველაფერი აღდგენას ექვემდებარება. ამიტომაც, მაგალითი მოვიყვანე იმის საპირწონედ, რომ შეყვარებულთანაც და საყვარელ ადამიანებთანაც შეიძლება ვარ ცოტათი უფრო თბილი, რადგან ურთიერთობა იმსახურებს, სტატუსი იმსახურებს, თუმცა იმდენად არ ვეყრდნობი, გვერდზე რომ გაიწიოს, წავიქცე.
რომელ ფილმში გადახვიდოდით საცხოვრებლად, ან რომელი პერსონაჟის ცხოვრებით იცხოვრებდით რამდენიმე დღით…
ამ ფილმის სიყვარულით მე ვერ ვიქნები ვერანაირად გამორჩეული, იმიტომ რომ, ბევრს უყვარს, ეს არის „ტკბილი ნოემბერი“. ამ ფილმის ყურების დროს კონკრეტულად არ მახსოვს ვიყავი შეყვარებული თუ არა, მაგრამ საოცრად შემიყვარდა თვითონ სიყვარული. ალბათ, სევდიანი ფილმის პერსონაჟად ყოფნა იმიტომ ავირჩიე, რომ მე თვითონ დადებითი ემოციებით სავსე, ბედნიერი ადამიანი ვარ და სევდიანი ფილმი მაბალანსებს, ძალიან რომ არ გავფრინდე. ასევე, მიყვარს ფილმი „ლოცვა ბობისთვის“. იქ არის ბიჭი, რომელიც ერთ დღეს აღმოაჩენს, რომ არ მოსწონს გოგონები. ამ ფილმში გარკვევით ჩანს საზოგადოების დამოკიდებულება მათგან განსხვავებული ადამიანების მიმართ. ფილმში ასევე ჩანს მორწმუნე დედამ როგორ მიიყვანა იმ მდგომარეობამდე შვილი, რომ ის ხიდიდან გადახტა და დაიღუპა, რის შემდეგაც მთელი ცხოვრება დედამ და ოჯახის სხვა წევრებმა სრულ ტრაგედიაში გაატარეს. ბოლოს კი დედა გახდა ამ მოძრაობის აქტივისტი და ძალიან ბევრ კონფერენციაზე სინანულით აღნიშნავდა, რომ დამნაშავე იყო შვილთან მიმართებაში. ფილმში არ არის საუბარი მხოლოდ სექსუალურ უმცირესობაზე, აქ არის საზოგადოებრივ დამოკიდებულებაზე და იმაზე, სტერეოტიპული შეხედულების გამო როგორ შეუძლია საზოგადოებამ გარიყოს ადამიანი. შინაგანად ძალიან ძლიერი უნდა ოყო ამ მასას და მის შემოტევას რომ გაუძლო.
რას ეტყოდი გარდაცვლილ ძმას, დღეს რომ თქვენს წინ იჯდეს და ყავას მიირთმევდეთ ერთად…
ჩემს ძმას ამ წუთას ვეტყოდი, რომ ის ახლაც ბედნიერი ადამიანია, იმიტომ რომ, ძალიან მოკლე პერიოდში დაწერა მნიშვნელოვანი ისტორია. ჩემს ძმას გიგლეჯიას ეძახოდნენ, სანამ ცოცხალი იყო მაღიზიანებდა ეს ზედმეტსახელი, სადაც მიდიოდა ყველგან ჩხუბი ტყდებოდა, თუმცა ძალიან სამართლიანად. ჩემი ძმის შემდეგ, ვფიქრობ, რომ ჩხუბი ყოველთვის არ არის დანაშაული, იმიტომ რომ, არსებობენ შეუგნებელი ადამიანები, რომლებსაც არ ესმით ადამიანური საუბარი, რამაც შეიძლება მოთმინება დაგაკარგვინოს. ამ წუთას მიხარია და მეამაყება, რომ გიგლეჯიას ძმა ვარ. მინდა ვუთხრა, რომ ის ძალიან ბედნიერი ადამიანია, მიუხედავად იმისა, რომ ვერ იცხოვრა დიდხანს. თუმცა, ისე იცხოვრა, რომ მისი გამოწვდილი ხელი დარჩა გამოწვდილად ჩემ მიმართ, იმიტომ რომ, ის ძალიან ბევრ რამეში მეხმარებოდა და მეხმარება დღემდე. ჭილაძის არ იყოს, უმისოდ ჩემი ხელები ჰგვანან უნავოდ დარჩენილ ნიჩბებს. მიუხედავად იმისა, რომ დაგვტოვა, სიყვარული ერთი წუთით არ განელებულა. დედაჩემს ვეტყოდი, ბედნიერი დედაა, რომ ასეთი შვილი ჰყავდა. დღემდე დედაჩემის მაგალითით შემიძლია ვთქვა, ადამიანის გარდაცვალების შემდეგ ამ სამყაროში არ არსებობს ადამიანი, რომელიც განიცდიდეს მეორე ადამიანის დაკარგვას ისე, როგორც ამას დედა განიცდის. დედაჩემს ვეტყვი, რომ იყოს მხნედ, მას დარჩა შვილი. მინდა დიდხანს იცოცხლოს და უხაროდეს ყოველი დღე, იმიტომ რომ, ცხოვრება გრძელდება და ჩვენ შეგვიძლია ჩვენი სიყვარულის ობიექტი ჩვენს გულში მოვაქციოთ და სხვა ურთიერთკავშირი გვქონდეს.
ამ ქვეყნად მოსვლა იმისთვის ღირდა…
რომ ჩვენ ვიღაცისთვის ხელი გაგვემართა და ღირდა იმდენად, რამდენადაც ჩვენ ეს ბევრჯერ გავაკეთეთ. არ ვიცით რა იქნება ხვალ, ამიტომ, არ უნდა დავკარგოთ იმ უნიკალური შესაძლებლობების ხილვა, მიღება, შეგრძნება, რასაც სამყარო გვთავაზობს. ხვალისთვის არ უნდა გადავდოთ არაფერი, ახლა უნდა გავაკეთოთ ის, რაც გვინდა. რაღაცები დავიტოვოთ იმისათვის, რომ ვიოცნებოთ, და რაღაცები არ ვთქვათ მხოლოდ თქმისთვის. ძალიან მიყვარს ფრაზა, კარგი რაღაცა ყოველთვის თქვი, ცუდი არა, იმიტომ რომ, იქნებ რაიმე შეიცვალოს. ცუდის თქმა ყოველთვის დროში დავაყოვნოთ, ეს იქნება ჩემი ბოლო პატარა რჩევა ჩვენი მკითხველისთვის და თქვენი ჟურნალისთვის, რომელსაც ყოველთვის ძალიან კარგი რესპონდენტები ჰყავს. მინდა ამ სამყაროში დაბადებულ ყველა ადამიანს წარმატება და ბედნიერება ვუსურვო.
ტექსტი: ნანა აბულაძე