„ახალი სკოლა“ გახსნის დღიდან ზრუნავს იმაზე, რომ ახალგაზრდებმა მიიღონ თანამედროვე სტანდარტის შესაფერისი განათლება და მომავალში იყვნენ წარმატებულნი. მიუხედავად პანდემიისა, სკოლა კვლავაც აგრძელებს პროგრესისკენ სწრაფვას და სხვადასხვა ეროვნების ბავშვებს აძლევს საშუალებას, მიიღონ მაღალ სტანდარტს მორგებული ცოდნა საქართველოში. დეტალური ინფორმაციისთვის OK! გაესაუბრა „ახალი სკოლის“ დამფუძნებელსა და დირექტორს, ქალბატონ მარინა ჟღენტს.
გვიამბეთ „ახალი სკოლის“ ისტორია.
ჩვენი ისტორია გასული საუკუნის 90-იანებში დაიწყო. 70-წლიანი საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, თავისუფლება სუფთა ჰაერივით შემოვარდა. იმ წლებში ჩვენ ვოცნებობდით სტაბილურ დემოკრატიულ ინსტიტუციებზე, ტერიტორიულ მთლიანობაზე, ძლიერ და ინკლუზიურ სამოქალაქო საზოგადოებაზე, სიღარიბის დაძლევაზე, თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ ინსტიტუციებში გაერთიანებაზე.
ჩემთვის და ჩემი მეუღლისთვის, ირაკლი თოფურიასთვის, ამ ოცნებებისკენ მიმავალი გზა საერთაშორისო განათლებაზე გადიოდა, რადგან მთელი ჩვენი ცხოვრება განათლებასთან იყო დაკავშირებული. ამავე დროს, ჩვენი უმცროსი ქალიშვილი სკოლაში უნდა შესულიყო, შესაფერისი სკოლა ვერ მოვნახეთ და ამანაც დააჩქარა ჩვენი გადაწყვეტილების განხორციელება − 1999 წელს დავაარსეთ „ახალი სკოლა“. პირველ წელს ჩვენი სკოლა რამდენიმე ოთახში იყო განთავსებული, სულ 40 მოსწავლე და ენთუზიაზმით აღსავსე რამდენიმე მასწავლებელი გვყავდა. მომდევნო ორი-სამი წლის განმავლობაში მოსწავლეთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. 2003 წელს ჩვენ ბაგებში გადმოვედით და დავიწყეთ საერთაშორისო ბაკალავრიატის პროგრამების დანერგვა. საერთაშორისო ბაკალავრიატის ორგანიზაცია წარმოადგენს საგანმანათლებლო ფონდს, რომლის შტაბბინა ჰააგაშია. ეს ორგანიზაცია გვთავაზობს მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამებს, რომლებიც გამიზნულია 3-დან 19 წლამდე მოსწავლეებისთვის. ეს პროგრამებია PYP(Primary Years Programme)-დაწყებითი კლასების პროგრამა, MYP (Middle Years Programme)-საბაზო სკოლის პროგრამა და DP (Diploma Programme)-სადიპლომო პროგრამა (მე-11 და მე-12 კლასები). ამ პროგრამებით დღესდღეობით 5 500 სკოლა მუშაობს მსოფლიოს 159 ქვეყანაში. ამ ორგანიზაციაში გაწევრიანება გულისხმობს მასწავლებელთა რეგულარულ გადამზადებას, საგანმანათლებლო სფეროში უახლესი მიღწევების დანერგვას, უახლეს საგანმანათლებლო რესურსებთან წვდომას და მუდმივ მხარდაჭერას ორგანიზაციის მხრიდან. საერთაშორისო ბაკალავრიატის სადიპლომო პროგრამის კურსდამთავრებულები იღებენ საერთაშორისო ბაკალავრიატის დიპლომს, რაც მათ უხსნის მსოფლიოს ყველა უნივერსიტეტის კარს. სკოლაში ორი განყოფილებაა − ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი. ამ ეტაპზე სკოლაში 40 სხვადასხვა ეროვნების მოსწავლე სწავლობს, ინგლისურ განყოფილებაში მოწვეული გვყავს პროფესიონალი მასწავლებლები დიდი ბრიტანეთიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ესპანეთიდან, იტალიიდან, გერმანიიდან და ა.შ. მოსწავლეები, მშობლიურის გარდა, სწავლობენ ინგლისურ ენას და შეუძლიათ აირჩიონ ფრანგული, იტალიური, გერმანული ან ესპანური, როგორც მესამე ენა.
ამ ყველაფერმა განაპირობა ის, რომ ევროკავშირმა სწორედ „ახალი სკოლა“ შეარჩია უპრეცედენტო „აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის“ საპილოტე პროგრამის განსახორციელებლად. აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბურ სამუშაო გეგმაში, რომელმაც რეალური შედეგები უნდა მოუტანოს საქართველოს მოქალაქეებს, აღმოსავლეთ პარტნიორობის „ევროპული სკოლის პროგრამა“, „ახალ სკოლაში“, 10 წარმატებულ მიღწევათა შორის მე-7 მიღწევად იქნა დასახელებული.
პროგრამის ფარგლებში ტესტირებისა და გასაუბრების გზით ვარჩევთ საუკეთესოთა შორის საუკეთესო მოსწავლეებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში (საქართველო, მოლდავეთი, უკრაინა, ბელარუსი, სომხეთი, აზერბაიჯანი) და საერთაშორისო ბაკალავრიატის სადიპლომო პროგრამაზე სასწავლებლად ჩვენს სკოლაში ჩამოგვყავს. მოსწავლეები ორი წლის განმავლობაში ცხოვრობენ ამ პროექტისათვის საგანგებოდ აშენებულ საერთო საცხოვრებელში და სწავლობენ ჩვენს სკოლაში. პროექტი 2018 წლიდან ხორციელდება და წელს უკვე მოსწავლეების მეოთხე ნაკადი მივიღეთ.
ნებისმიერი სკოლის წარმატება მისი კურსდამთავრებულების წარმატებით იზომება. წელს, ჩვენმა 14-მა საერთაშორისო ბაკალავრიატის სადიპლომო პროგრამის კურსდამთავრებულმა 100%-იანი დაფინანსება მიიღო მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში, ბევრმა მოსწავლემ კი ნაწილობრივი დაფინანსება, რაც ერთობლიობაში, 900 000 აშშ დოლარს გაუტოლდა.
დღემდე რამდენ მოსწავლეს მასპინძლობს „ახალი სკოლა“?
ამ ეტაპზე ჩვენს სკოლაში 850 მოსწავლეა. სულ ჩვენი სკოლა დღემდე 700-მდე მოსწავლემ დაამთავრა, უკლებლივ ყველამ მიიღო უმაღლესი განათლება როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, და თითოეული მათგანი წარმატებულია.
გვესაუბრეთ თქვენთან წარმოდგენილი პროგრამების სპეციფიკურობასთან დაკავშირებით.
დაწყებით საფეხურზე 5 წლიდან 11 წლამდე სწავლება საერთაშორისო ბაკალავრიატის დაწყებითი კლასების პროგრამით (PYP-Primary Years Programme) მიმდინარეობს. ბავშვები სწავლობენ მათემატიკას, მშობლიურ, ინგლისურ, ფრანგულ ენებს, საზოგადოებრივ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს, ხელოვნებას; აქვთ სპორტის გაკვეთილები. აგრეთვე, დაწყებითი კლასების პროგრამის ყველაზე მნიშვნელოვან და განსაკუთრებულ თავისებურებას წარმოადგენს გლობალური მნიშვნელობის ექვსი ტრანსდისციპლინური თემა, რომლებიც წარმოქმნის ჩარჩოს კვლევა-ძიებისა და სწავლისათვის. რა თქმა უნდა, დიდ ყურადღებას ვუთმობთ ბავშვების აღზრდას.
საბაზო საფეხურის პროგრამა (MYP-Middle Years Programme) გამიზნულია 11-დან 16 წლამდე მოსწავლეებისთვის. პროგრამის მიზანია განავითაროს მოსწავლეებში სწავლისადმი პოზიტიური დამოკიდებულება, რომელიც მათ მთელი სიცოცხლის განმავლობაში გაჰყვება.
პროგრამა ხელს უწყობს მოსწავლეებს, ჩამოყალიბდნენ შემოქმედებით და კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანებად.
საერთაშორისო ბაკალავრიატის სადიპლომო პროგრამა (DP-Diploma Programme) წარმოადგენს აკადემიური გამოწვევებით აღსავსე საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც 16-დან 19 წლამდე მოსწავლეებს ამზადებს წარმატებული უმაღლესი განათლებისა და შემდგომი ცხოვრებისთვის. პროგრამა ორწლიანია და აღიარებულია მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების მიერ.
მთავარი ნიშა, რომელიც „ახალ სკოლას“ გამოარჩევს.
- საერთაშორისო ბაკალავრიატის სამი პროგრამა.
- მაღალი კვალიფიკაციის მქონე ქართველი და უცხოელი მასწავლებლები.
- მასწავლებელთა მუდმივი გადამზადება-კვალიფიკაციის ამაღლება საერთაშორისო ბაკალავრიატის ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ სემინარებზე.
- ერთი ჰექტარი ულამაზესი, გამწვანებული ტერიტორია ქალაქის ცენტრში, ბაგებში.
- საერთაშორისო სტანდარტების საკალათბურთო დარბაზი, ორი გადახურული საცურაო აუზი, ღია სპორტული მოედანი.
საერთაშორისო სტანდარტების მოსწავლეთა საერთო საცხოვრებელი.
- ჯანსაღი და მრავალფეროვანი კვება სკოლის ორ კაფეში.
- მდიდარი საგანმანათლებლო რესურსები.
ორი ბიბლიოთეკა − დაწყებითი და უფროსი კლასებისთვის.
- სკოლაში მუშაობს ორი ფსიქოლოგი და ერთი სპეცმასწავლებელი, რომლებიც ყოველთვის მზად არიან დაეხმარონ მოსწავლეებს, თუ ამის საჭიროება გაჩნდა.
- სკოლაში მუშაობს ორი პედიატრი და ერთი სპორტული ექიმი.
- „კოვიდ“-სიტუაციიდან გამომდინარე, სკოლის საერთო საცხოვრებელში სისტემატურად (24/7) მორიგეობს ერთი ექიმი.
როგორ მოერგო „ახალი სკოლა“ პანდემიისგან გამოწვეულ სიტუაციას?
რა თქმა უნდა, სკოლაში „კოვიდ“-რეგულაციების შემოღება დაგვჭირდა: პირბადე, დისტანცია, ჰიგიენის წესების დაცვა, ვაქცინაცია, მასწავლებელთა რეგულარული ტესტირებები. მოგვიწია სწავლების დისტანციურ მოდელზე გადასვლა, რისთვისაც სკოლის თითოეული კლასი აღიჭურვა დისტანციური სწავლებისთვის საჭირო უახლესი ტექნოლოგიებით; მოვიძიეთ და შევიძინეთ ძალიან საინტერესო პროგრამები; სექტემბრისთვის გვსურს „მწვანე სკოლის“ სტატუსი მოვიპოვოთ, რათა მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი მოსწავლეებისა და თანამშრომლების ჯანმრთელობა.
„ახალი სკოლის“ სამომავლო გეგმები.
ჩვენი მომავალი გეგმები ძირითადად, უკავშირდება სწავლების ხარისხის მუდმივ გაღრმავებას და სწავლის პირობების, რესურსების პერმანენტულ გაუმჯობესებას.
ტექსტი: მარიამ მთივლიშვილი
ფოტო: თათა მეტივიშვილი