• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Travel

#OK! აღმოაჩინე მოლდოვა

April 18, 2023
საკითხავი დრო: 1 min read

პირდაპირი რეისი თბილისი-კიშინიოვი და 2 საათში ახალ ქვეყანაში აღმოჩნდებით. მოლდოვა მართლაც აღმოჩენა იყო პირადად ჩემთვის – უზარმაზარი პოტენციალის მქონე ქვეყანა საუკეთესო ღვინითა და სამზარეულოთი, დიახ, ქართველს რომ გაუკვირდება, ისეთით. ამ მოგზაურობაში OK! საქართველოს გამყვანი ტურისტული ასოციაციის – GOTA-ს მიპატიჟებით გაემგზავრა. მოლდოვას მხრიდან ტური დაგეგმა და დააფინანსა მოლდოვის კულტურის სამინისტრომ და ასოციაციამ APIT – მოლდოვის რესპუბლიკის ტურიზმის ინდუსტრიის პატრონატის ასოციაცია. ასევე უდიდესი მადლობა საქართველოს ელჩს მოლდოვაში, ბატონ ლევან დიასამიძეს.

 

ვიკიპედიური ფაქტები:

მოლდოვა აღმოსავლეთით ესაზღვრება უკრაინას, დასავლეთით – რუმინეთს.

მოლდოვის უმეტესი ნაწილი ორ მდინარეს – დნესტრსა და პრუტს შორის მდებარეობს. ქვეყნის დასავლეთ საზღვარს დუნაის შესართავი მდინარე პრუტი წარმოადგენს. ქვეყნის აღმოსავლეთში მიედინება მოლდოვის მთავარი მდინარე დნესტრი, რომელიც ქვეყანას მთელ სიგრძეზე – ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ კვეთს.

იმის მიუხედავად, რომ მთელი ქვეყანა ბორცვიანია, ზღვის დონიდან უმაღლესი წერტილის სიმაღლე 430 მეტრს არ აღემატება. მოლდოვის ბორცვები მოლდოვის ზეგნის ნაწილია, რომელიც გეოლოგიურად კარპატებისგან წარმოიშვა. მოლდოვის ტერიტორიაზე ზეგნის ნაწილს წარმოადგენს დნესტრის ბორცვები, მოლდოვის დაბლობი და ცენტრალური მოლდოვის ზეგანი.

მოლდოვის მთავარი ქალაქებია ქვეყნის ცენტრში მდებარე დედაქალაქი კიშინიოვი, დნესტრისპირეთის მთავარი ქალაქი ტირასპოლი.

მოლდოვის შავ ზღვასთან სიახლოვე მას რბილ და მზიან კლიმატს სძენს.

მოლდოვა დაყოფილია ოცდათორმეტ რაიონად, სამ მუნიციპალიტეტად და ორ ავტონომიურ რეგიონად (გაგაუზია და დნესტრისპირეთი).

 

კიშინიოვი

მოლდოვის დედაქალაქი კიშინიოვი, იგივე კიშინეუ პირდაპირი გაგებით ვინტაჟური ქალაქია, სადაც ჯერ კიდევ წინა საუკუნეში გამოშვებული ტროლეიბუსები მოძრაობენ. აქ ნაკლებად შეხვდებით საცობებსა და დიდ, ნაცრისფერ, ბეტონის თანამედროვე შენობებს. ქალაქში ბევრი სიმწვანე და ლამაზი სკვერია, რომელიც გაზავებულია თანამედროვე ელემენტებით. ცოტაა ბრენდული სასტუმრო და ქსელური დაწესებულებები, რაც კიშინიოვის თვითმყოფადობას მეტად მკვეთრს ხდის. მაღაზიებში აუცილებლად უნდა მოძებნოთ ადგილობრივი ნაწარმი და ნამდვილად გაგაოცებთ უმაღლესი ხარისხის ქსოვილი, დახვეწილი ნაკეთობები, ფერები…

 

Milesti Mici.

მოლდოვის 220 ღვინის მწარმოებლიდან მხოლოდ Milesti Mici შევიდა გინესის რეკორდების წიგნში თავისი უნიკალური ღვინის კოლექციითა და მიწისქვეშა გალერეის სიგრძით. გვირაბში ყველა ქუჩას სხვადასხვა ღვინის სახელი ჰქვია: კაბერნე, ალიგოტე, ფეტეასკა… ორიგინალური არქიტექტურა ძველი ფეოდალური ციხესიმაგრეების სტილშია გადაწყვეტილი. ექსკურსიის მარშრუტის გავლა შესაძლებელია სპეციალური ელექტრომანქანით ან ფეხით. გალერეების საერთო სიგრძე 200 კმ-ია, საიდანაც დაახლოებით 55 კმ (ფართი 182 ათასი მ²) გამოიყენება ტექნოლოგიური მიზნებისთვის.

დარჩით სადილად, არ ინანებთ. აქაური ღვინის დეგუსტაცია ნაციონალური, ცოცხალი მუსიკის ფონზე არასდროს დაგავიწყდებათ. აუცილებლად გასინჯეთ აქ დამზადებული ბლინის დესერტი – მართლაც საოცრებაა.

 

Cricova

კრიკოვას ღვინის მარნები სიდიდით მეორე მარანია მოლდოვაში და მსოფლიოში უდიდესია Milestii Mici-ის შემდეგ. ეს კირქვის გვირაბები მე-15 საუკუნიდან არსებობს, მაგრამ 1950-იან წლებში გადაკეთდა მიწისქვეშა ღვინის ქალაქად. აქაც ქუჩები სხვადასხვა ღვინის დასახელებებითაა აღნიშნული.

კომპანია ოპერირებს მეღვინეობის ყველაზე დახვეწილი ტექნოლოგიებით, მრავალფეროვანი ღვინოების წარმოების ხელოვნებით და აკმაყოფილებს ყველაზე დახვეწილ გემოვნებასა და ბაზრის მოთხოვნებს. Cricova ბრენდი არის მოლდოვის რესპუბლიკის ღირებული ბრენდი, რომელიც კარგად არის ცნობილი მის საზღვრებს მიღმა.

Cricova ამზადებს უნიკალურ ცქრიალა წითელ ღვინოს, კოდრინსკოე-ცქრიალა, დამზადებული კაბერნე სოვინიონის მარაგებისგან.

„კრიკოვას დიდი მარნები“ შეიცავს ღვინოების მრავალფეროვან კოლექციას, მათ შორის, უნიკალურ ექსპონატებსაც, რომელთა ღირებულება საკმაოდ მაღალია. ამ ბრენდის ღვინოებს უამრავი საერთაშორისო ჯილდო აქვს მიღებული და ნამდვილი ეროვნული სიამაყეა.

 

 

Mimi Castle

მდიდარი ფეოდალის მიერ აშენებული მეცხრამეტე საუკუნის ციხესიმაგრე დღეს ფრანგულ შატოსავით გამოიყურება. უზარმაზარი გაშლილი ტერიტორიიდან ულამაზესი სანახაობები იშლება. აქ ძალიან საინტერესო მაღაზიაა, სადაც შეგიძლიათ უიშვიათეს ღვინოებთან ერთად ულამაზესი ხელნაკეთი ნივთებიც შეიძინოთ.

ძალიან შთამბეჭდავია ინტერაციული მაგიდა, რომელიც სასახლის შემქმნელის, კონსტანტინე მიმის ისტორიას გიყვებათ. აუცილებლად შეიძინეთ ღვინის დეგუსტაციის პაკეტიც. სხვათა შორის, მოლდოვაში აქტიურად იყენებენ ყურძნის ქართულ ჯიშს – საფერავს.

 

 

Petru Costin მუზეუმი

აუცილებლად სანახავი მუზეუმი. მეპატრონე აგროვებს ყველაფერს – დაწყებული მონეტებიდან, დამთავრებული ცხენის ნალებით. სამ სართულზე განთავსებული დაწესებულება სავსეა მეოცე საუკუნის ჩათვლით წარმოებული ნივთებით: ძველი ტელევიზორები, რადიოლები, სხვადასხვა ქვეყნის მესაზღვრეთა ქუდები, ხატები და საეკლესიო აქსესუარები, ძველებური იარაღი, საბჭოთა ფული, მეომრების სამოსი, რომელთა შორის ცნობილი დიზაინერების უნიფორმებსაც იოლად იპოვით, გასაღებები, სკოლის მერხები და დაფები – მოკლედ ყველაფერი, საბჭოთა ვერტმფრენებიც კი.

ცხენის ნალების კოლექცია კი გინესის რეკორდების წიგნში უკვე მესამედ შევიდა როგორც ყველაზე მრავალრიცხოვანი კოლექცია. 11 ათას ნალზე მეტი კედლებზე სიმეტრიულადაა განთავსებული.

რაღა დაგიმალოთ და, ცოტა უცნაური შეხვედრა იყო საბჭოთა წარსულთან, ოთახი, სადაც საბჭოთა ბელადების ქანდაკებებისა და სხვადასხვა საბჭოთა აქსესუარების კოლექცია დაგვხვდა, კედლებზე საბჭოთა მაღალჩინოსნების ფოტოებიდან ჩვენი ორი თანამემამულე – სტალინი და ედუარდ შევარდნაძეც გვიმზერდნენ.

 

 

ორგეევი

მოლდოვის ყველაზე მოდერნიზებული, ამავე დროს საკმაოდ ძველი ქალაქი. აქ ქუჩებში სეირნობისას ბევრი საინტერესო და ძველი შენობა შემოგხვდებათ. აღსანიშნავია კათოლიკური ტაძარიც, რომლის არქიტექტურა რადიკალურად განსხვავდება დანარჩენი ნაგებობებისგან.

აუცილებლად მოინახულეთ ღვთისმშობლის უძველესი ეკლესია. მისი და მოლდოვის ისტორია ძალიან მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული. უამრავი ლეგენდაა, რომელსაც ადგილობრივები თავად გიამბობენ, მე კი გეტყვით, რომ აქ საოცარი ენერგეტიკა ტრიალებს, რასაც აუცილებლად იგრძნობთ.

„ძველი ორგეევი“ – მუზეუმების კომპლექსია, რომელიც ულამაზესადაა გაშლილი გორაკებზე. გარდა ისტორიასთან ზიარებისა, ულამაზესი ფოტოების გადაღებაც შეგეძლებათ.

აუცილებლად უნდა აღვნიშნო ყველაზე შთამბეჭდავი ადგილი – Eco Resort – უძველესი, საოცარი, ფერადი სახლები და უსაყვარლესი ვინტაჟური რესტორანი, სადაც ძირითადად ადგილობრივი პროდუქტით გიმასპინძლდებიან. აქ ჩვენი ფოტოგრაფი, ზაქარია ჭელიძე კინაღამ დავკარგეთ, ისე მოიხიბლა ადგილობრივი სიძველეებით.

ახლოსაა საინტერესო რესტორანი გამოქვაბულში Epoca de piatra – სიტყვასიტყვით ითარგმნება როგორც ქვის ხანა და მთელი კონცეფცია სწორედ ამ ესთეტიკაზეა აწყობილი.

სადილისთვის ტურისტულ კომპლექსში Codru-ში გადაინაცვლეთ, სადაც ნამდვილად ისიამოვნებთ გემოვნებიანი, თანამედროვე ინფრასტრუქტურით, უგემრიელესი სადილით. აქ დარჩენა დაღლილზე ძალიან კარგი აზრია – სპა, აუზი, სასიამოვნო გარემო კარგი დასვენების წინაპირობაა.

 

პრიდნესტროვიე და ციხესიმაგრე „ბენდერი“

პრიდნესტროვის მოლდოვის რესპუბლიკა არის არაღიარებული სახელმწიფო აღმოსავლეთ ევროპაში. მდებარეობს ძირითადად დნესტრის მარცხენა სანაპიროზე, იგი ასევე მოიცავს ქალაქ ბენდერს მარჯვენა სანაპიროზე. ტერიტორიის უმეტესი ნაწილი მოლდოვის რესპუბლიკის ნაწილია, როგორც ავტონომიური ტერიტორიული ერთეული, მეორე ნაწილი მოლდოვის ნაწილია, როგორც ბენდერის მუნიციპალიტეტი.

ბენდერი ცნობილია ასევე სახელით „ტიგინა“, მდებარეობს მდინარე დნესტრის დასავლეთ ნაპირზე, რუმინეთის ისტორიულ რეგიონში, ბესარაბიაში.

1538 წელს ოსმალეთის სულთანმა სულეიმან დიდებულმა დაიპყრო ქალაქი მოლდოვიდან და დაარქვა მას ბენდერი. ოსმალეთმა იგი გამოიყენა მოლდოვაზე ზეწოლის შესანარჩუნებლად. ციხესიმაგრე ძალიან საინტერესო ისტორიული ძეგლია, საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება. მდინარე დნესტრი კი საოცარ პეიზაჟს ქმნის.

 

 

 

ქალაქი ტირასპოლი

აქ ვერცერთ საერთაშორისო ბრენდს ვერ შეხვდებით, მაგრამ ეს ფაქტი საერთოდ არ შეგიშლით ხელს, ისიამოვნოთ ადგილობრივი სამზარეულოთი, ისეირნოთ განიერ, ულამაზეს ქუჩებში და იშოპინგოთ ბუტიკებში, რომლებიც ძირითადად იტალიიდან მარაგდება. ასევე ძალიან საინტერესოა ადგილობრივი დიზაინერების სამოსი.

 

KVINT

ტირასპოლის ღვინისა და კონიაკის ქარხანა KVINT-ის ისტორია 1897 წელს იწყება.

დღეს 125-წლიანი ისტორიის მქონე საწარმო ლიდერია მოლდოვის რეგიონში ალკოჰოლური სასმელების წარმოებაში. უნიკალური კლიმატი, ნიადაგის სიმდიდრე, რელიეფის სირთულე და მდინარე დნესტრის სიახლოვე ქმნის ხელსაყრელ პირობებს ეკოლოგიურად სუფთა ბუნებრივი ნედლეულის მისაღებად; თანამედროვე აღჭურვილობა, მოწინავე ტექნოლოგიები, რეცეპტების ორიგინალობა, მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების ერთგულება და KVINT ოსტატების შრომა შესაძლებელს ხდის, მოამზადოს შესანიშნავი სასმელები, რომლებიც კონკურენციას წარმატებით  უწევს მსოფლიოს პრესტიჟულ ქარხნებსა და საწარმოებს.

მას მერე, რაც საფრანგეთმა სიტყვა „კონიაკი“ დააპატენტა, ამ ტიპის სასმელს აქ Divin-ს უწოდებენ.

KVINT 11 მილიონ ლიტრ აბსოლუტურ ალკოჰოლურ დისტილატებს ფლობს, რომელთა დაძველება 1-დან 60 წლამდეა. დისტილატების არსებობა ასეთ ფართო ასაკობრივ დიაპაზონში საშუალებას აძლევს წარმოების სპეციალისტებს, შეიმუშაონ დივინების ახალი ბრენდები. კომპანია ყოველწლიურად აწარმოებს დაახლოებით 20 მილიონ ბოთლ ღვინოს, კონიაკს და ალკოჰოლურ სასმელს, მათ შორის 3-დან 60 წლამდე ასაკის 30-ზე მეტ სახეობას, ასევე ჩვეულებრივ და დაძველებულ ღვინოს, არაყს, ჯინს, კონიაკს.

KVINT-ის პროდუქციის ხარისხს ადასტურებს საერთაშორისო და რეგიონთაშორის დეგუსტაციებსა და შეჯიბრებებზე მოპოვებული მრავალი ჯილდო: 10 სუპერ გრან პრი, 30 გრან პრი და 300-ზე მეტი ოქროს და ვერცხლის მედალი.

 

ზუთხის კომპლექსი „აკვატირი“

წარმოიდგინეთ რამდენიმე ათეულ ჰექტარზე გაშენებული ზუთხის ფერმა, სადაც ზრდასრული თევზის წონა 100 კილომდეა და სადაც მსოფლიოში საუკეთესო ხიზილალას აწარმოებენ.

ეს გახლავთ ზუთხის კომპლექსი „აკვატირი“ – თანამედროვე საწარმო ზუთხის მოშენების სფეროში უახლესი მიღწევებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით, რაც კომპლექსს სრულყოფილსა და ეკომეგობრულს ხდის.

ზუთხის ჯანმრთელობისა და სტაბილური პროდუქტიულობის შესანარჩუნებლად აქ მხოლოდ მაღალი ხარისხის საკვებს იყენებენ, რომელიც შეიცავს ყველა საჭირო მიკროელემენტს და ვიტამინს. არ იყენებენ ჰორმონებს, ანტიბიოტიკებს და გენმოდიფიცირებულ საკვებს.

ხიზილალის სპეციალური დამუშავების მეთოდებით ნარჩუნდება ველური თევზის ხიზილალის დამახასიათებელი გემო და სასარგებლო თვისებების უნიკალური კომბინაცია.

აქ ჰყავთ ალბინოსი ზუთხები, რომელთა ოქროსფერი ხიზილალა უდიდეს იშვიათობას წარმოადგენს და ფასი ათასობით დოლარია.

 

 

ტექსტი: მაიკო წერეთელი

ფოტო: ზაქარია ჭელიძე

ასევე გაეცანი

#OK! ნინას შოპი – გამორჩეული დიზაინის სამოსი ქალბატონებისთვის
ბლოგი

#OK! ნინას შოპი – გამორჩეული დიზაინის სამოსი ქალბატონებისთვის

March 29, 2025
#OK! გმირი ქართველი ქალების მარტი
ბლოგი

#OK! გმირი ქართველი ქალების მარტი

March 19, 2025
#OK! ქალი საქართველოს სიძლიერის სიმბოლო
Uncategorized

#OK! ქალი საქართველოს სიძლიერის სიმბოლო

March 11, 2025
#OK! პირველი ქართველი ქალი…
ბლოგი

#OK! პირველი ქართველი ქალი…

March 19, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! WeCrashed-ის გადაღებები გრძელდება: ენ ჰეტევეის და ჯარედ ლეტოს ახალი ფოტოები გადასაღები მოედნიდან

#OK! WeCrashed-ის გადაღებები გრძელდება: ენ ჰეტევეის და ჯარედ ლეტოს ახალი ფოტოები გადასაღები მოედნიდან

September 13, 2021
#OK! როგორ ვიბრწყინოთ ახალ წელს – H&M-ის ბრჭყვიალა კოლექცია სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად

#OK! როგორ ვიბრწყინოთ ახალ წელს – H&M-ის ბრჭყვიალა კოლექცია სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად

December 26, 2022
#OK! შექმენით თქვენი დაუვიწყარი ისტორია „მალიბუსთან“ ერთად

#OK! შექმენით თქვენი დაუვიწყარი ისტორია „მალიბუსთან“ ერთად

March 13, 2025
#OK! ვარსკვლავური დედა-შვილი: ანჯელინა ჯოლის და ზაჰარას უახლესი ფოტოები

#OK! ვარსკვლავური დედა-შვილი: ანჯელინა ჯოლის და ზაჰარას უახლესი ფოტოები

February 28, 2023

კვირის ჰიტები

#OK! წელის დაწვრილება – საშიში ტენდენცია, რომელიც მსოფლიოში გავრცელდა

#OK! წელის დაწვრილება – საშიში ტენდენცია, რომელიც მსოფლიოში გავრცელდა

June 19, 2025
#OK! ,,ვფიქრობ, რომ 2026 წელს ხელოვნური ინტელექტი ადამიანზე ჭკვიანი იქნება” – ილონ მასკი

#OK! ,,ვფიქრობ, რომ 2026 წელს ხელოვნური ინტელექტი ადამიანზე ჭკვიანი იქნება” – ილონ მასკი

June 16, 2025
#OK! ბარაკ ობამას 4 რჩეული წიგნი

#OK! ბარაკ ობამას 4 რჩეული წიგნი

June 19, 2025
#OK! დემნა გვასალია – მოდის ქართველი რევოლუციონერი სოხუმიდან

#OK! დემნა გვასალია – მოდის ქართველი რევოლუციონერი სოხუმიდან

June 18, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები