ადრიანო ჩელენტანო იუბილარია – ლეგენდარული იტალიელი მომღერალი, მსახიობი და რეჟისორი 88 წლის გახდა. ის მსოფლიოში მუსიკალური და კინოკარიერის გარდა, გამორჩეული ცხოვრების სტილითაც ცნობილია. ჩვენ გიამბობთ როგორ აირჩია მილიონობით ქალის კერპმა თავისი ცხოვრების ერთადერთი ქალი და როგორ გაატარა მასთან ნახევარ საუკუნეზე მეტი.

მიუწვდომელი
ადრიანო ჩელენტანო და კლაუდია მორი ერთმანეთს 1962 წელს, ფილმის „უცნაური ტიპი“ გადასაღებ მოედანზე შეხვდნენ. იმ დროისთვის ჩელენტანო უკვე საკმაოდ ცნობილი იყო – მუსიკალურ ფესტივალებში გამარჯვებული ბიჭის სიმღერებს თითქმის ყველა იტალიურ ოჯახში უსმენდნენ. ამასთან, სადებიუტო ფილმში ის თავად ფედერიკო ფელინიმ მიიწვია. ჩელენტანოს ერთი დანახვით შეუყვარდა შავგვრემანი, კატის თვალებიანი გოგონა, რომელიც ამ დროს მხოლოდ დამწყები მსახიობი იყო – გოგონამ ლუკინო ვისკონტის ფილმში „როკო და მისი ძმები“ დამლაგებლის ეპიზოდური როლი შეასრულა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია, რომ აბეზარი თაყვანისმცემლისთვის მტკიცე „არა“ ეთქვა.

კლაუდია ადრიანოს პირდაპირ ანიშნებდა, რომ არასერიოზულ ადამიანად მიაჩნდა და მასთან ურთიერთობა არ აინტერესებდა, თუმცა ერთმა შემთხვევამ ყველაფერი შეცვალა. კლაუდიას გადასაღებ მოედანზე, ელექტრო სადენებზე წყალი დაექცა, რამაც მოკლე ჩართვა და ნათურების გასკდომა გამოიწვია. ნათურის ნამსხვრევებმა ჩელენტანოს სახე დაუზიანა და როდესაც კლაუდიამ ჰკითხა, როგორ შეძლებდა დანაშაულის გამოსყიდვას, მან პაემანი დაუნიშნა. მორიმ, რომელიც მომხდარში თავს დამნაშავედ გრძნობდა, ამჯერად უარი ვეღარ თქვა..
ადრიანო გრძნობდა, რომ კლაუდია იძულებითი პაემნის შემდეგაც ცივად ექცეოდა. მალე ის ტურნეში გაემგზავრა და კლაუდიაც მიიწვია, მაგრამ უარი მიიღო. ტურნედან დაბრუნების შემდეგ მან გოგონა თავის კონცერტზე დაპატიჟა და სცენიდან სიყვარულში გამოუტყდა. ამის შემდეგ დაიწყო რომანი, რომელიც 60 წელზე მეტია, გრძელდება.

იტალიური ქორწილი
პაპარაცების კამერები და ცნობისმოყვარე თვალები რომ აერიდებინათ, შეყვარებულებმა ქორწილი 1964 წლის ივლისში, დილის 3 საათზე დაგეგმეს. სტუმრები იხსენებდნენ, რომ ქორწილი საკმაოდ ხმაურიანი გამოდგა და კინაღამ ჩაიშალა, რადგან პატარძალს სასიძოს ჰალსტუხი არ მოეწონა. საბედნიეროდ, შეყვარებულების ჩხუბი მარადიული სიყვარულისა და ერთგულების დაპირებებით დასრულდა.

შეშლილი წყვილი
დაქორწინების შემდეგ ადრიანო და კლაუდია განუყრელ წყვილად იქცა, რომელიც ყველაფერს ერთად აკეთებდა. ისინი ერთად მღეროდნენ, ფილმებს ერთად იღებდნენ და შვილებს ერთად ზრდიდნენ. სიმღერამ „ვინც არ მუშაობს, მას არ უყვარს“, რომელიც ადრიანომ კლაუდიასთან ერთად შეასრულა, სან-რემოს ფესტივალზე გაიმარჯვა. მორი მთავარ როლს ასრულებდა ყველა ფილმში, რომელსაც ჩელენტანო იღებდა, თუმცა ამას ხელი არ შეუძლია, რომ კლაუდიას ქალიშვილები -როზალინდა და როზიტა და ვაჟი – ჯაკომო ერთმანეთის მიყოლებით გაეჩინა.

როდესაც კლაუდია რთული არჩევანის წინაშე დადგა – კარიერა გაეგრძელებინა თუ თავი ოჯახისთვის მიეძღვნა, მან მეორე აირჩია. შრომისმოყვარეობამ და გამჭრიახობამ ის საკუთარი ქმრის საუკეთესო პიარ-მენეჯერად და აგენტად აქცია. კლაუდია საოცარ სარეკლამო კამპანიებს ქმნიდა, რათა ჩელენტანოს ეპატაჟური იმიჯი შეენარჩუნებინა.

ერთხელ ჟურნალისტები ბრიანცას სარკინიგზო სადგურზე ასეთ სცენას შეესწრნენ – რელსებზე ადრიანო ჩელენტანო იწვა, მისკენ კი მატარებელი გუგუნით მიდიოდა. იქვე მდგარი კლაუდია ქმარს თან ლანძღავდა და თან ტირილით ევედრებოდა თვითმკვლელობა გადაეფიქრებინა. როცა მატარებელა და მსახიობს შორის მანძილი რამდენიმე მეტრამდე შემცირდა, ჩელენტანო წამოხტა და ცოლისკენ გაიქცა. ფოტოგრაფებმა ცოლ-ქმრის ვნებიანი კოცნა დააფიქსირეს და შვებით ამოისუნთქეს.

კრიზისი
ურთიერთობაში რთული პერიოდები ყველაზე იდეალურ წყვილსაც კი აქვს. ადრიანოსა და კლაუდიასთვის ასეთი პერიოდად ფილმის „ჭირვეულის მორჯულება“ გადაღებები გახდა. ადრიანო გადაღებებზე პარტნიორებთან ფლირტს არასოდეს ერიდებოდა, თუმცა კლაუდია მის ხანმოკლე რომანებზე ყოველთვის თვალს ხუჭავდა. როდესაც ახალ პარტნიორთან, ლამაზმან ორნელა მუტისთან ურთიერთობა ფლირტიდან ვნებიან რომანში გადაიზარდა, ორნელა ქმარს გაშორდა, კლაუდიამ კი დიდი სკანდალი მოაწყო და ბავშვებთან ერთად სახლიდან წავიდა.

პრესა ჩელენტანოს საპასუხო ნაბიჯს სუნთქვაშეკრული ელოდა. ერთთვიანი დუმილის შედეგ განქორწინებაზე განცხადების ნაცვლად, ჩელენტანომ მეუღლეს პატიება საჯაროდ სთხოვა და ბრძენმა კლაუდიამ აპატია.. ქალი სახლში შვილებთან ერთად, ზედმეტი ხმაურის გარეშე დაბრუნდა.
„მსოფლიოს ყველაზე ლამაზი წყვილი“
მადლიერების ნიშნად ადრიანომ მეუღლეს სიმღერა – „მსოფლიოს ყველაზე ლამაზი წყვილი“ მიუძღვნა. 1992 წელს ჩელენტანომ თავისი ბოლო ფილმი „ჯეკ–პოტი“ გადაიღო და განაცხადა, რომ კინოს ტოვებდა. მოგვიანებით მან თავისი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ კინობიზნესში მისთვის საინტერესო სცენარები აღარ არსებობდა. მას შემდეგ ადრიანო და კლაუდია საკუთარ ვილაზე, განმარტოებით ცხოვრობენ. შვილები გაიზარდნენ და კარიერას კინოსა და ტელევიზიაში აგრძელებენ, ხოლო ადრიანო და კლაუდია სიმშვიდით ტკბებიან. მათ უყვართ გემრიელი კერძების მომზადება, მეზობლებთან სტუმრობა, ცხენზე ჯირითი და უბრალოდ ერთად დროის გატარება. ჩელენტანოს თქმით, ის „ცოლის მორჩილია“ და მეუღლის თანხმობის გარეშე ნაბიჯსაც არ დგამს.

კლაუდია მორი კარგი მსახიობი იყო, მაგრამ მეუღლისა და დედის როლში ნამდვილად გენიალური აღმოჩნდა – მათი ქორწინება ნახევარ საუკუნეზე მეტია გრძელდება და ეს მისი უდიდესი დამსახურებაა.
ოქროს ქორწილში, სტუმრების მოწვევის ბარათებზე ბედნიერმა ცოლ-ქმარმა დაწერა – „და დღესაც ჩვენ კვლავ გვიყვარს ერთმანეთი!“


ასევე დაგაინტერესებთ
#OK! 2026 წლის სასიყვარულო ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის












