პროექტმა „სტუმრად სტომატოლოგთან“ საზოგადოების მხრიდან მოკლე დროში დიდი სიყვარული მოიპოვა. OK! გაესაუბრა აღნიშნული გადაცემის წამყვანსა და სტომატოლოგ ანი ბოკუჩავას მის მიერ განვლილი გზის, საქმიანობისა და ამ პროექტის შესახებ. მან, აგრეთვე, იმ საჭირო რჩევებზეც ისაუბრა, რომელთა გათვალისწინება თითოეულ ჩვენგანს დაგვეხმარება ჯანსაღი კბილების შენარჩუნებაში.
გვიამბეთ თქვენი პროფესიისა და საქმიანობის შესახებ.
ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც უამრავი პროფესიიდან უნდა აირჩიოს ერთ-ერთი. ამ გადაწყვეტილების სისწორე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული პიროვნების ცხოვრებისეულ გზაზე, საკუთარი საქმიანობით კმაყოფილებაზე, შრომით საქმიანობასა და კარიერაში წარმატებებზე. სამუშაო მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადამიანის ცხოვრებაში და დიდ გავლენას ახდენს პიროვნების განწყობაზე. წარმატებები პროფესიულ საქმიანობაში, შრომითი მოტივაცია და კმაყოფილების დონე მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია პროფესიის გააზრებულად არჩევაზე. ჩემი პირველი პროფესია სტომატოლოგიაა. ამ არჩევანის გაკეთებაში დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს ბებიას. მეორე პროფესია PR-ისა და მარკეტინგის სფეროა. სტომატოლოგიური სფეროს დაუფლებას ძალიან დიდი დრო და ენერგია დავუთმე, ვსწავლობდი ევროპის წამყვან უნივერსიტეტებსა და კოლეჯებში, რამაც ძალიან დიდი გამოცდილება მომცა. წლებია სტომატოლოგიურ სფეროში ვსაქმიანობ არაპრაქტიკული მიმართულებით. ძალიან მიყვარს ჩემი სფერო, ჩემი კოლეგები, საკუთარი პროფესია. პირველი წარმატება თურქეთში საერთაშორისო კონფერენციაზე მოვიპოვე, ამას მოჰყვა დანარჩენი, პირველ ადგილზე გასული სერტიფიკატები. როდესაც საქართველოში ჩამოვედი, ჩემს უკრაინელ კოლეგებთან ერთად განვახორციელე პირველი ქართულ-უკრაინული, საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესი, რომლის ორგანიზატორი და იდეის ავტორი მე გახლავართ. ყოველ წელიწადს უკრაინელი და ქართველი სტომატოლოგების შეხვედრას ორგანიზებას ვუწევდი, სადაც ხდებოდა ინფორმაციის გაცვლა კოლეგებს შორის. სასიამოვნოდ მახსენდება ეს პერიოდი. დღეს ვსწავლობ დოქტორანტურაზე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. ვმუშაობ საქართველოს ერთ-ერთ უდიდეს კომპანია PSP-ში, პირის ღრუს მოვლის კატეგორიის მენეჯერად. მიხარია, რომ ამ დიდი და წარმატებული გუნდის ნაწილი ვარ და ჩემი წვლილი შემაქვს მომხმარებელზე ზრუნვის ისტორიაში, რომელიც თითქმის ჩემი ასაკისაა − მე და PSP თითქმის ტოლები ვართ. ჩვენს გუნდთან ერთად, ყოველდღიურად ვცდილობთ ვიზრუნოთ ჩვენი მომხმარებლის პირის ღრუს ჯანმრთელობაზე. ღიმილი ხომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ემოციაა ჩვენს ცხოვრებაში. ზოგადად, სილამაზე და თავის მოვლა პირის ღრუდან იწყება. სწორედ ჩვენი კბილები მეტყველებს ჩვენს ჰიგიენაზე, ჯანმრთელობასა და სოციალურ სტატუსზეც კი. ვფიქრობ, დიდი პასუხისმგებლობაა, როდესაც ისეთ კომპანიაში მუშაობ, რომელსაც ყოველთვიურად 2 მლნ მომხმარებელი ირჩევს.
გვესაუბრეთ იმ პროექტების შესახებ, რომლებზეც მუშაობთ.
დღეს ვმუშაობთ ბევრი მიმართულებით. პირველი − ეს გახლავთ გავხადოთ უფრო კომფორტული და ხელმისაწვდომი მომხმარებლისთვის პირის ღრუს მოვლის კატეგორია. ამისთვის მუდმივად ვაფართოებთ პროდუქციის არჩევანს. 20 წელზე მეტია, PSP-ს ასორტიმენტში პირის ღრუს მოვლის სხვადასხვა ბრენდია, მაგრამ თანამედროვე სიახლეების კვალდაკვალ, მუდმივად, მსოფლიოში ცნობილ ახალ პროფესიულ ბრენდებს ვამატებთ. ჩემი ყოველდღიური საქმიანობაა, მივაწოდოთ უფრო მეტი ინფორმაცია საზოგადოებას, თუ როგორ უნდა მოუარონ კბილებს და რაოდენ მნიშვნელოვანია პირის ღრუს ჯანმრთელობა. სიამაყით მინდა აღვნიშნო PSP-ს ახალი პროექტი − „სახელობითი ჯაგრისები“, რომელიც სულ ახლახან გამოჩნდა საქართველოში. ეს გახლავთ იტალიურ ბრენდ „პიავეს“ და PSP-ს საერთო პროექტი, რომელიც ვფიქრობ, უკვე წარმატებულია. მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს პატარებისთვის და საყვარელი ადამიანებისთვის ინდივიდუალურად სახელობითი ჯაგრისი.
გვესაუბრეთ პროექტის „სტუმრად სტომატოლოგთან“ შესახებ.
სტომატოლოგია ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული დარგია, რომელიც მუდმივად წინ მიდის. დღეს ცოტამ თუ იცის, რომ ჩემს სფეროში გაჩნდა თანამედროვე მიმართულებები და მკურნალობის უმტკივნეულო მეთოდები. მაგალითად: სტომატოლოგიური მკურნალობა მიკროსკოპით, მკურნალობა „მალხენი აირით“, ნარკოზით, 3D-სტომატოლოგია და სხვა. „სტუმრად სტომატოლოგთან“ 2017 წელს შეიქმნა. ეს გახლდათ პირველი სტომატოლოგიური youtube-გადაცემა. აღნიშნული გადაცემით მსურდა მეტი ინფორმაცია მიმეწოდებინა საზოგადოებისთვის. დღეს „სტუმრად სტომატოლოგთან“ კვლავ აქტუალურია, ვინაიდან განვაახლე გადაცემა, რომელიც PSP-სა და რადიო „ენერჯის“ მხარდაჭერით გადის ყოველ ოთხშაბათს, ოთხ საათზე. მოგეხსენებათ, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში COVID 19-ის შემთხვევებმა იმატა, საქართველოს მთავრობამ კარანტინი გამოაცხადა და საზოგადოებას შინ დარჩენისკენ მოუწოდა. რა თქმა უნდა, მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ, რომელმაც თვითიზოლაციაში გაატარა გარკვეული პერიოდი. სწორედ აღნიშნულ პერიოდში გამიჩნდა იდეა, ინსტაგრამ-პლატფორმაზე გამეკეთებინა ცოცხალი ეთერები წამყვან სტომატოლოგებთან. პირველი აღმოვჩნდი, რომელმაც ინსტაგრამ-პლატფორმაზე სტომატოლოგიური მიმართულება გაააქტიურა. მინდა აღვნიშნო, რომ ჩემს ცოცხალ ეთერებში მონაწილეობა მიიღეს მსოფლიოში წამყვანმა სპიკერებმა და პროფესორებმა, რისთვისაც მათ ძალიან დიდ მადლობას ვუხდი. მახსოვს, ძალიან ბევრმა ჩემმა კოლეგამ სწორედ ამ პერიოდში შექმნა ინსტაგრამ-პროფილი, რათა ჩართვები ეხილათ.
სამომავლო გეგმები.
სამომავლო გეგმების დიდი სია მაქვს, რომელსაც ამ ეტაპზე საჯაროდ ვერ გავაჟღერებ. რა თქმა უნდა, ეს ეხება PSP-ს პირის ღრუს მოვლის კატეგორიას, თუმცა გეტყვით, რომ უამრავ ახალ პროექტზე ვმუშაობთ და წინ ბევრი სასიამოვნო სიახლე გელოდებათ.
საინტერესოა, თავად ანი ბოკუჩავა რომელ პროდუქციას ანიჭებს უპირატესობას და როგორია პირის ღრუს მოვლის მისი რუტინა?
კარგი შეკითხვაა. ერთი შეხედვით, ყველა ფიქრობს, განა რა არის პირის ღრუს, კბილების მოვლა? გაისვი-გამოისვი ჯაგრისი, გადაანერწყვე, გამოივლე სავლები და მორჩა. კბილების გამოხეხვა ერთგვარი ხელოვნებაა, რომელიც საჭიროებს ცოდნას. გარდა ამისა, რატომღაც გავრცელებულია მოსაზრება, რომ რაც უფრო მაგარია ჯაგრისი, მით კარგად უმკლავდება ნადებს. ეს ასე არ არის. მაგარი ჯაგრისი ვერ აღწევს რთულად მისადგომ ადგილებში და შესაბამისად, ზედმეტი ძალის გამოყენების შემთხვევაში, ვაზიანებთ ჩვენს მინანქარს. ბევრი ნიუანსი არსებობს პირის ღრუს მოვლის რუტინაში. თუნდაც კბილის პასტების შემთხვევაში, აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ კბილის პასტები უნდა ვანაცვლოთ. აუცილებლად უნდა შევარჩიოთ ინდივიდუალურად. გაგიზიარებთ ჩემს რუტინას: სტანდარტულად, რა თქმა უნდა, დღეში მინიმუმ 2-ჯერ ვატარებ პროცედურას, დილა-საღამოს. კბილის ჯაგრისებში უპირატესობას ვანიჭებ „ბიორეპაირის“ საშუალო სიხისტის ჯაგრისს (ჩემი კბილებიდან გამომდინარე). როგორც კი გამოჩნდა სახელობითი ჯაგრისები, რა თქმა უნდა, მეც შევიძინე „სილვერ ქეას“ ჯაგრისი, მაქვს ასევე ელექტროჯაგრისი, რომელსაც ვანაცვლებ მანუალურ ჯაგრისს. რაც შეეხება პასტებს, მოვიხმარ „ბიორეპაირის“ კომპლექსურ დაცვას დილით, რომელსაც ვანაცვლებ „ბლანქსის“ ქოქოსის მათეთრებელი პასტით და საღამოს, ძილის წინ მოვიხმარ „ბიორეპაირის“ ღამის პასტას. რუტინაში აუცილებლად მაქვს კბილთაშუა ჯაგრისები და ირიგატორი. დღის განმავლობაში ჩემი თანამგზავრია „სილვერ ქეას“ ფლოსი (კბილის ძაფი). აქვე აღვნიშნავ ჩემი პატარების საყვარელ პროდუქციას − „ბიორეპაირის“ მარწყვის კბილის პასტა და „სილვერ ქეას“ სახელობითი ჯაგრისები, რომელიც ჩემს შვილებს ძალიან მოსწონთ.
ტექსტი: მარიამ მთივლიშვილი
ფოტო: ალექსეი სეროვი