OK! ბათუმის სტუმარი ამერიკაში მოღვაწე წარმატებული იურისტი – ნატალია ვაშაკიძეა, ქალი, რომელსაც უსმენ და გრძნობ: რამდენი ტკივილი, რამდენი მოთმინება, რამდენიშრომა და რწმენა შეიძლება დაიტიოს ემიგრაციაში მყოფი ერთი ქართველი ქალის გულმა. მისი გზა – ბრძოლის, რწმენისა და მადლიერების გზაა. დღემდე ვერ უსმენს ქართულ სიმღერას ცრემლების გარეშე, დღემდე საქართველოში მცხოვრები სოციალურად დაუცველი არასრულწლოვნების ტკივილი დააქვს გულით და დღემდე ყველა გადაწყვეტილებას სამშობლოს უძღვნის. მისთვის საქართველო მხოლოდ მიწა არ არის, ეს არის მიზანი, წყარო, იმედი, მადლი – ის ძალა, რომელზეც დგას. მისი სურვილი მარტივი და ამავე დროს უზარმაზარია – შეცვალოს საქართველოში მცხოვრები სოციალურად დაუცველი არასრულწლოვნების ცხოვრება ისე, რომ არც ერთ ბავშვს არ შეეშინდეს მომავლის, არ გაიუფერულოს სიცოცხლე, არ მოაკლდეს სითბო და გვერდში მდგომი ადამიანის ხელი.
OK! ბათუმის ფურცლებიდან გიყვებით ქალის ისტორიას, რომელიც უცხო მიწაზე ტკივილითაც, სითბოთიც და პროფესიული გამოცდილებითაც ქმნის გზას, რომელსაც ერთხელ აუცილებლად დაუბრუნდება, თავისი ქვეყნის შვილებისთვის, თავისი ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის. ქალზე, რომლის ყოველი ნაბიჯი, ყოველი ფიქრი და ყოველი გამარჯვება ისევ და ისევ საქართველოს უკავშირდება.
როგორ დაიწყო თქვენი ამერიკული ისტორია და რა იყო ყველაზე მთავარი გამოწვევა პირველ წლებში?
პირველად, ჰარვარდის კვლევით ცენტრში გავაგზავნე თემა, სადაც, ძირითადად, გაუთვითცნობიერებელ ბულინგზე ვსაუბრობდი. მოულოდნელი იყო მათგან დადებითი პასუხის მიღება. ხომ წარმოგიდგენიათ რამხელა სიხარული ვიგრძენი, რადგან ჩემი ბავშვობის, ჩემი ცხოვრების ოცნება იყო სწორედ ამ უნივერსიტეტში შემედგა ფეხი. ეს აღიარება ჩემთვის მართლაც განსაკუთრებული ბედნიერება იყო, ემოციებს სიტყვებით ვერ გადმოგცემთ. მსგავსი განცდა მაშინაც მქონდა, როცა ლომონოსოვის უნივერსიტეტში, ასპირანტურაში ჩავაბარე. მახსოვს, ვფიქრობდი, ღმერთო, მე ხომ ჩემი ოცნების უნივერსიტეტში ვსწავლობ. 90-იანი წლები იყო, მაშინ საზღვრები არ იყო გახსნილი და ჰარვარდზე ვერც ვიფიქრებდი. თუმცა, ამერიკა მაშინაც ჩემი ოცნების ქვეყანა იყო. ლომონოსოვის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში პირველად მოვხვდი ამერიკაში. ლექციებს მიკითხავდა ჯონ კლერი, იყო ასეთი მეცნიერი, იურისტი, პროფესორი, რომელმაც ჩაატარა კონკური, რის შედეგადაც აღმოვჩნდი სან-დიეგოში, ჯეფერსონის უნივერსიტეტში. სწორედ იქ სწავლისას გამიჩნდა სურვილი მეორეჯერ ჩავსულიყავი ამერიკაში. დიდება უფალს, რომ ამის შესაძლებლობა მომეცა.
რა გამოცდილებამ ჩამოგიყალიბათ პროფესიული მიმართულება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში?
არასრულწლოვანებთან მუშაობის პირველი გამოცდილება ჯეფერსონის უნივერსიტეტში მქონდა. ასპირანტურის მესამე კურსის სტუდენტი, პრაქტიკაზე სან-დიეგოს არასრულწლოვანთა კოლონიაში გამანაწილეს. აღფრთოვანებული დავრჩი მათი მუშაობის სტილით. ყველა მსჯავლდებულთან ფსიქოლოგი ინდივიდუალურად მუშაობდა. სივრცე ისე იყო მოწყობილი – დაფა, ბიბლიოთეკა, სალოცავი, ვერც იფიქრებდით, რომ არასრულწლოვანთა კოლონია იყო. სხვათა შორის, აქვე შედარება მინდა გავაკეთო. თუ არ ვცდები თბილისის მეთექვსმეტე დაწესებულებაში, სადაც ჩემი მეგობრის შვილია, თითქმის გადატანილი აქვთ ამერიკული სტანდარტი. ბავშვმა უნივერსიტეტში ჩააბარა, ყველა პირობა აქვს იმისთვის, რომ ისწავლოს. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ციხეების მდგომარეობა გაუმჯობესებულია, რაც მისასალმებელია. აქ, ამერიკაში, ურთიერთობა მაქვს ბავშვებთან, სკოლებთან, ვხვდები სხვადასხვა კატეგორიის სპეციალისტებს, მაქვს ტრენინგები მათთან და მართლა ძალიან კარგი და სწორია ამათი მეთოდიკა. თუნდაც არის სისტემა, პოლიცია შედის სკოლაში კვირაში ერთხელ, იგებს ბავშვების დამოკიდებულებებს, იმას თუ რაზე არიან ორიენტირებული. ეს ყველაფერი ხდება იმისთვის, რომ ბავშვი გამოსწორდეს და აღარ ჰქონდეს კრიმინალური მიდრეკილება. დიდი სურვილი მაქვს, შეძლებისდაგვარად, ეს პრაქტიკა საქართველოში გადმოვიტანო.

იმისათვის, რომ არასრულწლოვანებში პოლიციამ ნდობა მოიპოვოს, რა ეტაპების გავლაა საჭირო და აქვე გკითხავთ, რამდენად რეალისტურად გეჩვენებათ ამერიკული გამოცდილების ქართულ კონტექსტში გადმოტანა?
მჯერა, საქართველოში ბევრად უფრო მაღალი შედეგების მიღება შეგვიძლია – ჩვენი სოციალური რეალობიდან გამომდინარე. უამრავი ქართველი დედა ემიგრაციაშია, სხვადასხვა მიზეზით შვილებთან საკმარის კომუნიკაციას ვეღარ ახერხებს. როცა მოზარდს დედა გვერდით არ ჰყავს, სახელმწიფოს შეუძლია და უნდა შეავსოს ეს სიცარიელე.
ამერიკული სისტემა ბავშვებთან მეგობრულ, რბილ, სწორ კომუნიკაციაზეა აგებული. პოლიციელი უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც საუბარი შეუძლია ისე, რომ ბავშვი არ გააღიზიანოს. ბავშვები მათ ეუბნებიან ყველაფერს, უყვებიან ჩხუბზე, კონფლიქტებზე, ბულინგზე, იმიტომ, რომ იციან: მათ არ დასჯიან, დაეხმარებიან. ყოველდღიურად ვხედავ როგორ ამართლებს ეს სისტემა. ბავშვები, რომელთა დედებიც ძალადობის მსხვერპლი არიან, ხშირად აგრესიას ავლენენ ირგვლივ. ჩვენ მათ ვუხსნით, რატომ ხდება ეს და როგორ მართონ ეს ემოცია.
თქვენი რწმენით, რა არის ის მთავარი ფაქტორი, რაც არასრულწლოვანში დანაშაულს ამცირებს?
ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოში სტატისტიკური მონაცემებით უფრო რთულადაა საქმე, დედების ემიგრაციაში წასვლასთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში ბავშვს სჭირდება ვინმე, ვისთანაც თავის პრობლემაზე ისაუბრებს. ჩემი სუბიექტური აზრია და კარგი იქნება თუ სკოლებში შევა მამაო. ვფიქრობ, ისინი მოიპოვებენ ბავშვის ნდობას და შეეცდებიან აუხსნან, თუნდაც რელიგიური კუთხით, რამხელა ცოდვაა კრიმინალური გზით სიარული, სხვისი დაჩაგვრა თუ ბულინგი. როცა ადამიანს ღვთის შიში აქვს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის ცუდ გზას დაადგეს. აი, მაგალითად, ვფიქრობ ერთ-ერთი პრევენციის სახეა სოციალურად დაუცველი არასრულწლოვნების ჩართვა მევენახეობა-მეღვინეობაში. ძალიან კარგი პროექტი მაქვს ამასთან დაკავშირებით დაწერილი. მაგრამ ეს ვალდებულება სკოლამ უნდა აიღოს, სკოლაზე ძალიან ბევრია დამოკიდებული. მე ასევე მაქვს პროექტი, რომლის მიხედვითაც უნდა დავატრენინგოთ თავად პედაგოგებიც. ხშირად არის შემთხვევა, როცა პედაგოგის მხრიდან გაუცნობიერებელ ბულინგს აქვს ადგილი. ძალიან კარგი იქნება თუ პედაგოგები გაითვალისწინებენ – ბავშვი, რომელსაც ამა თუ იმ მიზეზის გამო, ფსიქიკა აქვს დარღვეული, წაახალისონ, თუნდაც ნიშნებით, მეტი ყურადღება მიაქციონ, მოხდეს ამ ბავშვის დაინტერესება და ჩართულობა სხვადასხვა წრეებში. ვფიქრობ, სოციალურად დაუცველი არასრულწლოვნების ჩართულობა მევენახეობა-მეღვინეობაში ერთ-ერთი კარგი პრევენციაა და თუ გაკეთდება საქართველოში, დარწმუნებული ვარ, რომ კარგ რეზულტატს მივიღებთ.

რა იქნება პირველი პრიორიტეტი მაშინ, როდესაც თქვენს ჩანაფიქრს შეასრულებთ და ქართულ პოლიციასთან, ასევე განათლების სისტემასთან საინტერესო და საჭირო პროექტებით ითანამშრომლებთ?
ჩემი დიდი სურვილია, როცა ჩამოვალ მქონდეს შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან, შემდეგ განათლების მინისტრთან და შინაგან საქმეთა მინისტრთან. ამ ინსტიტუტებმა უნდა ითანამშრომლონ ერთმანეთთან, სხვანაირად, უბრალოდ, არ გამოვა არაფერი. პროექტები უკვე მზად მაქვს და შემიძლია, როგორც განათლების სამინისტროს, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს ვესაუბრო თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათი კოლაბორაცია და ამერიკული მიდგომების დანერგვა.
მოგვიყევით თქვენს ღვინოზე – რა ფილოსოფია დევს მის ხარისხზე ორიენტირებულ მიდგომაში?
არასრულწლოვანთა პრევენციასთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობისას ვიფიქრე: რატომ არ შეიძლება ბავშვები მევენახეობა-მეღვინეობაში ჩავრთოთ? საქართველოში არიან ვეტერანი მეღვინეები, რომლებიც შესანიშნავად გაუძღვებიან ამ პროცესს. ერთ დღეს, კოვიდის პერიოდში, მანქანა გავაჩერე, პროექტზე ვფიქრობ და ღვინის დახურულ მაღაზიას ვხედავ – თითქოს მან მიმასწავლა გზა. მაშინვე მივხვდი, რომ რაჭაში უნდა დამეწყო ჩემი ღვინის წარმოება. მეორე დღესვე დავიწყე მიწების ყიდვა. ხუთ წელიწადში კი 20 ტონა ხვანჭკარას მოსავალს ველოდები.
ჩემი ღვინო იმ საქმეს უნდა ემსახურებოდეს, რისთვისაც შეიქმნა – ბავშვებს, მათ განვითარებასა და კრიმინალისგან მოშორებას. ამ ღვინის დამზადების ტექნოლოგია კი ჩემი დედამთილის დედის, ჟუჟუნა მახალდიანის საიდუმლო რეცეპტია.

რატომ უნდა აირჩიოს მომხმარებელმა თქვენი ღვინო „მახალდიანი“, რა განსაკუთრებული თვისებებით გამოირჩევა?
ზოგადად, ცნობილია, რომ ხვანჭკარა ხელს უწყობს ონკო გენების დათრგუნვას, მაგალითად, დედაჩემს ჰქონდა სიმსივნური წარმონაქმნები და ამ ღვინომ უშველა. ვისაც ვუგზავნი ჩემს ღვინოს, ბევრი მეუბნება, რომ ძალიან კარგი შედეგი აქვთ ჰემოგლობინზე, წნევაზე. იმიტომ უნდა შეიძინონ ჩვენი ღვინო, რომ ის დაეხმარება არასრულწლოვნებს. სწორედ ჩემი პროექტის გამოძახილით შეიქმნა ის და არა კომერციული კუთხით. ამ ღვინიდან აღებული თანხა მოხმარდება ბავშვებს, არასრულწლოვნებს იმისთვის, რომ განვითარდნენ და აცდნენ კრიმინალურ გზას, რომ მოხდეს მათი ჩართულობა მეღვინეობა-მევენახეობაში. მე მჯერა ჩემი პროექტის და მჯერა იმისაც, რომ საქართველოს მხარდაჭერით ჩემს ჩანაფიქრს სისრულეში მოვიყვან.
მევენახეობაში, ვინ დგას თქვენს უკან, როგორც ძალა და მხარდაჭერა?
გოგიტა მიქიაშვილი, ადამიანი, რომლის გარეშე ვერაფერს შევძლებდი. ის უვლის ვენახებს, ის არის ჩემი მარჯვენა ხელი. მადლიერი ვარ მისი უდიდესი შრომისა და რწმენის, მართლა ღვთისნიერი ადამიანია, რომელმაც იცის რას ემსახურება. ვაზის ახალი ჯიშები გამოჰყავს, სურვილი აქვს ააშენოს თავისი მარანი და ხელი შეუწყოს აღნიშნული კულტურის განვითარებას საქართველოში. მჯერა, უფლის და კეთილი ადამიანების დახმარებით, შეძლებს აიხდინოს ყველა ჩანაფიქრი. სიტყვები არ მყოფნის ამ ადამიანის მიმართ მადლიერების გამოსახატავად.

როგორია ძლიერი, მიზანდასახული ემიგრანტი ქალის ყოველდღიურობა, რა სირთულეებსა და შესაძლებლობებს აწყდებით ამერიკაში?
ეს ქვეყანა მართლა არის ოცნების ქვეყანა, ქვეყანა, რომელიც გაძლევს შესაძლებლობას მოახდინო შენი ცოდნის რეალიზაცია და ამაში შესაბამისი ანაზღაურება მიიღო. ეს ის ქვეყანაა, რომელიც ძალიან ბევრ ოჯახს ეხმარება, არაერთი მათგანი გადაარჩინა შიმშილს. მადლობა ამერიკას. ძალიან მადლიერი ვარ უფლის, სამყაროსი და ამ ქვეყნის. ამ ქვეყანაში რომ არ მოვხვედრილიყავი ვერანაირად ვერ ვიყიდდი მიწებს, ვერ ვაწარმოებდი ჩემს ღვინოს და ვერ შევძლებდი იმ პროექტებზე ფიქრს, რომელიც ჩემს ქვეყანაში, ჩემი ქართველი არასრულწლოვნებისთვის მაქვს ჩაფიქრებული. ჩემთვის სირთულეა ის, რომ ჩემი შვილები აქ არ მყავს ჩამოყვანილი. ჩემი გოგონა სწავლობს ევროპის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში. სხვათა შორის, ასპროცენტიანი გრანტი მოიპოვა. ჩემი ბიჭი კი წარმატებული ფეხბურთელია, 15 წლისაა და როგორც მისმა მწვრთნელმა მითხრა, ძალიან დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. ყველა ემიგრანტი ქალის ცრემლების მიზეზი შვილების მონატრებაა. ბავშვები ჩემთვის ძალიან სენსიტიური თემაა. იცით რა მინდა? ისეთი ცხოვრება დადგეს საქართველოში, რომ არც ერთ დედას შვილი არ ენატრებოდეს. ამას ვთხოვ დედა ღვთისმშობელს. სიტყვებით ვერ აგიწერთ რა არის ეს და ამ მხრივ როგორი რთული გზები გავიარე. დანარჩენი პრობლემა მართლა არაფერი მქონია, ამ ქვეყანაზე მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. მადლობა უფალს, რომ ამერიკაში მოვხვდი და მომეცა საშუალება მომავალში დავეხმარო ჩემს ქვეყანაში მყოფ არასრულწლოვნებს.
როგორია ამერიკიდან დანახული საქართველო? რა გენატრებათ ყველაზე მეტად?
ყველაზე მეტად ჩემი ქვეყანა მენატრება. მუსიკასაც ვერ ვუსმენ, რომელიც საქართველოზეა, მაშინვე მეცვლება სუნთქვა… ვფიქრობ, მსოფლიოში ერთადერთი ერი ვართ ქართველები, რაც არ უნდა კარგად ვიყოთ სხვა ქვეყანაში, ყველას გვინდა ბედკრულ საქართველოში დაბრუნება. ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა, ვერასდროს ვსაუბრობ მასზე ცრემლების გარეშე. ერთი რამ მინდა გითხრათ, ჩემი ქვეყანა არის ჩემი მამოძრავებელი ძალა, მიზანი, აქ მუშაობის მიზანიც სწორედ ჩემი სამშობლო – საქართველოა.
თქვენი პირადი განსაზღვრებით – რა არის ბედნიერება?
ბედნიერება არის შინაგანი მდგომარეობა. ბედნიერი ხარ მაშინ, როცა ცხოვრობ შენს ოჯახთან ერთად, იქ, სადაც დაიბადე და გაიზარდე. ბედნიერებაა საქართველოში ცხოვრება. ბედნიერებაა ცოდნით ვემსახურო სხვებს და ვხედავდე მათ კმაყოფილებას.
პროფესიის მიღმა, როგორი ცხოვრება გაქვთ, რა არის ის საქმე, ჰობი ან რიტუალი, რომელიც ყველაზე მეტ შინაგან სიმშვიდეს და სიამოვნებას განიჭებთ?
ძალიან მიყვარს ლამაზი ჩაცმა, მე თვითონ ვქმნი ჩემი ტანსაცმლის დიზაინს. დიზაინერი მყავს, რომელსაც ისეთ უცხო რაღაცებს შევაკერინებ ხოლმე, ყველა მეკითხება რომელი ბრენდია, რომელ მაღაზიაში შევიძინე. მახსოვს, ბოსტონში ვიყავი, მეგობართან ერთად, გუჩის მაღაზიაში შევედით და იქ ვიღაცებს ეგონათ, რომ გუჩის ახალი დიზაინის პალტო მეცვა, არადა ჩემი დიზაინით იყო შექმნილი. ასევე დიდ სიამოვნებას მანიჭებს შოპინგი.
მას ვეტყოდი რომ…
მე ვმუშაობ ძალადობის მსხვერპლ ქალებთან ამერიკაში, შესაბამისად, ძალადობის მსხვერპლ ქალებისადმი მექნება გზავნილი. ქალბატონებო, თქვენი ბედნიერება თქვენს ხელშია და ამ ბედნიერებას სჭირდება განვითარება. თუ განვითარდებით, ვერავინ ვერ დაგჩაგრავთ, ვერავინ იძალადებს თქვენზე. ქალბატონებო, ეძებეთ თქვენს თავში დაფარული ტალანტი და შემდეგ მოახდინეთ ამ ტალანტის რეალიზება. არ შეეპუოთ არავის, რადგან ერთხელ მოვდივართ ამ ქვეყანაზე და თქვენი თავი თქვენვე გეკუთვნით. არავინ არ უნდა იყოს არავის მონა. ქალი, დედა, ყველაზე ძლიერია. დაისახეთ ცხოვრებაში მიზანი და ამ მიზნისთვის ყველაფერი გააკეთეთ – შეგიძლიათ რომ გააკეთოთ, უბრალოდ, გამოფხიზლდით, ილოცეთ და ყველაფერი გამოგივათ. რომ ვერ წარმოგიდგენიათ, ისეთ მწვერვალებს დაიპყრობთ.
როგორს წარმოიდგენთ საკუთარ თავს რამდენიმე წლის შემდეგ – როგორც პროფესიონალს, როგორც ქალს და როგორც ადამიანს?
ხშირად მიფიქრია, რომ საქართველოში შევქმნა კომპანია, სადაც ჩემს გამოცდილებას სხვებს გავუზიარებ. რომ მოვხუცდები, მინდა ეს კომპანია არ გაუქმდეს, ჩემს საქმეს სათავეში ჩაუდგნენ კეთილსინდისიერი ადამიანები, გააგრძელონ ის გზა, რომლითაც ძალიან ბევრ ბავშვს და დედას გააბედნიერებენ.
ბათუმი, რა ემოციას აღძრავს ეს ქალაქი თქვენში?
ბათუმი ჩემთვის სიყვარულის ქალაქია, ძალიან ლამაზი და დახვეწილი. აჭარიდან შემოვიდა პირველად ქრისტიანობა და ხომ წარმოიდგინეთ როგორი დალოცვილი მიწაა. ძალიან მიყვარს ეს ქალაქი იქ მცხოვრები ხალხით. ისე მიყვარს აჭარული აქცენტი, ვერ წარმოიდგენთ.
ამერიკაში არაერთი ქართველი ცხოვრობს, როგორ აძლიერებთ ერთმანეთს და მინდა კონკრეტულად მითხრათ რამდენიმე სიტყვა ადამიანზე, ან ადამიანებზე, რომლებსაც თვლით, რომ ჩვენი მკითხველი აუცილებლად უნდა იცნობდეს.
ამერიკაში მცხოვრები ქართველები ყოველთვის ვცდილობთ ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ მათგანს, ჩემს მენეჯერ ნანა მჭედლიშვილს – მუდმივი მხარდაჭერისთვის. ასევე მინდა იცნობდეთ დიანა ბაგრატიონს, ქალბატონს, რომელიც უანგაროდ ეხმარება ყველას და აქ, ამერიკაში, ქართველი ხალხის ხერხემალია. ჩემთვის ძალიან დიდი ფიგურაა ქალბატონი დიანა, უდიდეს პატივს ვცემ, მიყვარს და ვფიქრობ, მას აუცილებლად უნდა იცნობდეს OK! ბათუმის მკითხველი.

დიანა ბაგრატიონის ფონდი – სხვის ცხოვრებაში სინათლის, იმედის სხივი…
მისი ძალა ტკივილთან ბრძოლაში გამოიკვეთა და შემდეგ სხვების გადარჩენის გზად იქცა. მის თითოეულ ნაბიჯში იგრძნობა შეუპოვრობა, სინათლე და ის უჩინარი მზრუნველობა, რომელიც მძიმე დიაგნოზს – გადარჩენის იმედად აქცევს. მისი ფონდი სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს უწვდის ხელს – ზედმეტი ხმაურის გარეშე, კეთილშობილურად და უდიდესი სიყვარულით. OK! ბათუმის ფურცლებიდან გაიცანით კიდევ ერთი ძლიერი ემიგრანტი ქალი, დიანა ბაგრატიონი, რომელსაც სამშობლო გულით დააქვს.
ქალბატონო დიანა, თქვენი ფონდი უკვე წლებია როგორც ამერიკაში, ასევე საქართველოში სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს ეხმარება, რას ნიშნავს იმის ცოდნა, რომ თქვენს ძალისხმევას პატარის სიცოცხლის გადარჩენა ან მისთვის იმედის დაბრუნება შეუძლია?
მე თავად დამისვეს უმძიმესი დიაგნოზი… დღესაც ვებრძვი სენს, რომელიც სიცოცხლისთვის საშიშია და რა გასაკვირია, რომ დავეხმარო სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს? სწორედ ჩემმა შეუპოვარმა ბრძოლამ შთამაგონა „დიანა ბაგრატიონის ფონდის“ შექმნა. ვეხმარები ბავშვებს საქართველოში, საფრანგეთში, ისრაელში, ამერიკაშიც. მაბედნიერებს ის ფაქტი, რომ თუნდაც ერთი ბავშვის სიცოცხლე ვიხსნა სიმსივნური დაავადებისაგან, თუნდაც ერთ პატარას ვაჩუქო ან გავუხანგრძლივო სიცოცხლე… ამ თემაზე მიჭირს ლაპარაკი. რა კარგად ამბობდა ჩვენი ბრძენი წინაპარი: სიკეთე ქმენ ქვაზე დადეო… 2012 წელს შევქმენი ეს ფონდი საქართველოს უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით. შემდგომ წლებში მისი მადლობის სიგელიც დავიმსახურე. „დიანა ბაგრატიონის ფონდი“ ბევრ საქველმოქმედო ღონისძიებას ატარებს და შემოწირულობები ისევ სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს ხმარდება.

არ არის ადვილი ამდენ ტკივილთან შეხება… როგორ ინარჩუნებთ შინაგან ძალას, ბრძოლის, არდანებების მოტივაციას….
ეს ჩემი მისიაა – დანიშნულება, ამ ქვეყნად მოვლენისა… ყველაფერი უფლის ნებით ხდება… ტკივილთან ერთად მაქვს სიხარულის, ბედნიერების დღეებიც. მყარად ვდგავარ ამერიკის მიწაზე, რომელიც ჩემი სამშობლოსავით მიყვარს. ჩემი მეუღლე, რომელიც უფალმა მომიძღვნა გასაბედნიერებალად, ჩემი შვილები, შვილიშვილები, ჩემი ოჯახი ჩემი ციხე-სიმაგრეა. გვერდში მიდგანან, მამხნევებენ, სიმტკიცეს მმატებენ. მგონია გადმოგეცით ჩემი 30 წლიანი ისტორია, რომელიც სავსეა უამრავი ფიქრით, სიხარულით, ბედნიერებით, ნაკლები სევდით, წარმატებით და როგორც თქვენ თქვით – სხვის ცხოვრებაში სინათლის, იმედის შეტანით… და რაც ძალზე მნიშვნელოვანია, სურვილით, ნატვრით, რომ ჩემი ქვეყანა იყოს დემოკრატიული, წარმატებული, გაერთიანებული… და რომ ემიგრანტები ძლიერები, ღირსეულები დაუბრუნდნენ ჩვენს ქვეყანას.
როცა ასე შორს ხართ სამშობლოდან, რა გენატრებათ ყველაზე მეტად საქართველოდან, რა არის ის სითბო არომატი თუ ჟინი, რომელიც მუდამ გაგრძნობინებთ, რომ თქვენი ფესვები სწორედ საქართველოდანაა…
30 წელიწადია ამერიკის შეერთებულ შტატებში ვცხოვრობ, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ შორს ვარ სამშობლოდან… სამშობლო ჩემს გულშია, მუდამ ჩემთან არის, ყველგან, ყოველთვის და ყველა დროს. მე ქართველი ვარ, მეამაყება ჩემი ქართველობა. მე ამ ულამაზეს, უძველესი კულტურისა და ხელოვნების მქონე ქვეყანაში დავიბადე, გავიზარდე. ჩემი მშობლები წარმატებული მუსიკოსები იყვნენ, მამა ირაკლი გიგაური იყო ცნობილი კომპოზიტორი, დედას, სვეტლანა გიგაურს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია ჰქონდა დამთავრებული და ფორტეპიანოს დამსახურებული პედაგოგი გახლდათ. როგორც მშობლები მეუბნებოდნენ, მეტყველებასთან ერთად დამიწყია სიმღერა. მხიარული, ლაღი ბავშვობა მქონდა. მუსიკალურ ოჯახში გაზრდამ ჩემი მომავალი პროფესიაც განაპირობა… პროფესიით მუსიკოსი ვარ… ვიყავი ფილარმონიის სოლისტი…. არომატიც, ჟინიც და სითბოც საქართველოს გულწრფელი სიყვარულია, უზარმაზარი ჩირაღდანივით რომ მინთია გულში და ეს ნათება მიკვალავს გზას სხვადასხვა წარმატებისკენ, მეხმარება ნოსტალგიის დაძლევასა და პრობლემების გადაჭრაში ოკეანის გაღმა. და კიდევ იცით რა არის არომატი? ქართული მიწა, რომელიც ჩემს ოჯახში საეკლესიო კუთხეში მცირე ჭურჭელით მაქვს დავანებული, ლოცვის დროს ხელით ვეხები, ვეფერები… ზოგჯერ ცოცხალი არსებასავით ვესაუბრები კიდეც… ის ჩემს მეგობრებს ჩამოაქვთ საქართველოდან. მე მათ ვაბარებ, ვთხოვ, დალიონ ჩემი მონატრებული ქართული კამაკამა, უგემრიელესი წყალი, მოეფერონ ქართველი გმირების სისხლით გაჟღენთილ მიწას, ღრმად ჩაისუნთქონ ჩემი წილი ჰაერიც…მოეფერონ ყველას…

ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაღრმავებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობთ. თქვენი აზრით, რა წარმოადგენს ამ კულტურებს შორის ყველაზე ძლიერ, შემაერთებელ ძალას და როგორ ხედავთ თქვენ წვლილს ამ თანამშრომლობის გაძლიერებაში?
როგორც გითხარით, პროფესიით დიპლომატი ვარ და ვმუშაობ ნიუ-იოკის ქალაქის მერიის კულტურის განყოფილებაში. ყოველთვის დიდი სურვილი მქონდა ისეთი საქმე წამომეწყო და პროექტი მომემზადებინა, რომ საშუალება მქონოდა ოფიციალურ დონეზე ქართული ხელოვნება, კულტურა გამეცნო ამერიკელებისთვის. მერიაში მუშაობის დროს შესალებლობა მომეცა და 2019 წელს, 22 სექტემბერს, ქალაქის მერთან(მაშინ პრეზიდენტი ერქვა), ერიკ ადამსთან ერთად დავაფუძნე ქართულ-ამერიკული მემკვიდრეობის დღე. მას შემდეგ ყოველ წელიწადს გრანდიოზულ ღონისძიებას ვაწყობთ. ქართულ-ამერიკული მემკვიდრეობის დღეს ვზეიმობთ. ღონისძიებას ესწრებიან სენატორები, მერიის თანამშრომლები, დეპუტატები, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ასევე წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყებიდან. პროექტის მიზანიც ეს იყო – გამეცნო, დამეახლოვებინა სხვადასხვა ქვეყნების კულტურა და მემკვიდრეობა, რა თქმა უნდა, ქართული უდიდესი და ულამაზესი მემკვიდრეობის, ტრადიციების ფონზე. ეს დღე ასევე მიზნად ისახავს ქართველი ემიგრანტების სხვადასხვა სფეროებში მიღწეული წარმატებების გაცნობას, წახალისებას, დაჯილდოებას. ჩემი როლი ის გახლავთ, რომ მე ინიციატივა გამოვიჩინე, დავაარსე ეს ლამაზი დღე. მთელი წლის მანძილზე ვემზადებით, ვსწავლობთ, ვეცნობით, მერე ყველაფერს ვუზიარებთ ერთმანეთს და, რაც მთავარია, ერთობით, ერთად დგომით ვმუშაობთ მიმდინარე პროექტებზე. ყოველ 22 სექტემბერს, ნიუ-იორკის მერიის თავზე, ამერიკის დროშასთან ერთად, ჩვენი სამშობლოს დროშაც ფრიალეს. ქართულ-ამერიკული მემკვიდრეობის დღესასწაულზე ვაჯილდოებთ ქართველ ემიგრანტებს, რომლემაც წარმატებას მიაღწიეს ხელოვნების, მეცნიერების, კულტურის სფეროში, ქართული იდენტობის, სულიერების შენარჩუნებასა და განვითარებაში.
ფოტო: ქეთი ჯიბლაძე












