მოგესალმებით, ძვირფასო მკითხველებო, თავის მოვლის გურუებო!
ზამთრის ბოლო თვეა. სიცივე, კანის სიმშრალე და გამოკვება კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. ამიტომ გადავწყვიტე, თებერვლის ბიუთი სარედაქტორო ბლოგი მივუძღვნა მშრალი კანის მოვლას და როგორც კოსმეტოლოგმა, კონკრეტული რჩევები მოგაწოდოთ.
მაშ ასე, როგორ ვუვლით მშრალ კანს?
იხილეთ მოვლის თითოეული ეტაპი დაწვრილებით.
მშრალი კანის მოვლის რუტინა
დატენიანება, დატენიანება და კიდევ ერთხელ დატენიანება
გამწმენდი ფორმულა
დილით მშრალი კანის გასასუფთავებლად იდეალური არჩევანია დასაბანი ქაფით სახის ჩამობანა. ქაფი მსუბუქია, ნეიტრალური, არააგრესიული და შესაბამისად, დილის ფაქიზი წმენდისთვის შესანიშნავ პროდუქტს წარმოადგენს არა მხოლოდ მშრალი, არამედ ყველა ტიპის კანისთვის, ცხიმიანის გარდა.

საღამოს რუტინაში წმენდის საფეხური, რა თქმა უნდა, ბევრად ინტენსიური და ქმედითი უნდა იყოს. პირადად ჩემთვის, რადგან მაკიაჟს ვიყენებ, საღამოს რუტინაში, უბრალოდ, შეუცვლელია ჰიდროფილური ზეთი და ვფიქრობ, რომ ეს უკანასკნელი იმ თითზე ჩამოსათვლელ უნივერსალურ პროდუქტთა შორისაა, რომელიც მართლა პასუხობს ერთი შეხედვით მარტივ და ამავდროულად ამბიციურ წარწერას all skin types (ყველა ტიპის კანისთვის). შესაბამისი ტიპისთვის განკუთვნილი ჰიდროფილური ზეთის გამოყენება თანაბრად სასარგებლოა ყველანაირი კანისთვის. ის, ფაქტობრივად, სრულად თავსებადია კანის მჟავა-ტუტოვან ბალანსთან, არ იწვევს კანის გამოხატულ გამოშრობას, საკმაოდ კომფორტული მოსახმარია, ჩამობანის შემდეგ კანზე რჩება სიამოვნების და არა სიმშრალის განცდა და რაც მთავარია, თამამად ვიყენებთ მთლიან სახეზე, თვალებისა და ტუჩების ჩათვლით (სხვათა შორის, ტუშსაც არაჩვეულებრივად აშორებს).
როგორ გამოვიყენოთ ჰიდროფილური ზეთი?
მარტივად: მშრალ ხელისგულებზე დაისხით ზეთის საკმარისი პორცია (2-3 დაწოლა პულვერიზატორზე) და კარგად შეიზილეთ ასევე მშრალ სახეზე, დაიმასაჟეთ რამდენიმე წამის განმავლობაში. შემდეგ ოდნავ დაისველეთ ხელები და კვლავ დაიმასაჟეთ სახის კანი. ჩამოიბანეთ. კანი იდეალურად სუფთაა.
ტონიზირება
მნიშვნელოვანია, რომ მშრალი კანისთვის შევარჩიოთ კონკრეტულად ამ ტიპის კანისთვის განკუთვნილი დამატენიანებელი ეფექტის მქონე ტონერი, უფრო მეტად ჰიალურონის მჟავათი, გლიცერინით გამდიდრებული, რომელიც წმენდის შემდეგ კანს მსუბუქად დაატენიანებს, დაატონიზირებს და მოამზადებს მსუყე დატენიანების ეტაპისთვის.
დატენიანება
მშრალი და ძალიან მშრალი კანის დატენიანებისთვის განკუთვნილი კრემები ყოველთვის მსუყე კონსისტენციისაა და როგორც წესი, გაჯერებულია ჰიალურონის მჟავათი, E ვიტამინით, მკვებავი ზეთებით, შიის კარაქით, ცხიმოვანი მჟავებით – მნიშვნელოვანი ინგრედიენტებით, რომელიც უზრუნველყოფს მშრალი და ძალიან მშრალი კანის სრულყოფილ დატენიანებას.
მშრალი კანის დამატენიანებელს ხშირად ეძახიან მკვებავ კრემს, ზოგჯერ მიაჩნიათ, რომ მკვებავი სხვაა და დამატენიანებელი სხვა, ამიტომ მაინც გავუსვამ ხაზს, რომ სინამდვილეში მსუყე დამატენიანებელს ვეძახით მკვებავს, სულ ესაა. თანამედროვე სილამაზის ბაზარზე მკვებავები ანუ ძლიერი დამატენიანებლები უკვე „დამატენიანებელი ბალმის“ ან „კანის კარაქის“ სახელწოდებით არის წარმოდგენილი სხვადასხვა ბრენდის თაროებზე.
კრემი ყოველთვის ოდნავ ნოტიო კანზე წაისვით, არ დაელოდოთ ტონერის ბოლომდე შეშრობას, რადგან ტენიან ეპიდერმისში უფრო ღრმად შეაღწევს კრემი და მისი მოქმედებაც უფრო სიღრმისეული იქნება.
ნიღაბი
ნიღაბი რუტინის დამატებითი, მაღალი საფეხურია და მიუხედავად იმისა, რომ საბაზისო თავის მოვლაში არ განვიხილავთ, საკმაოდ დიდი როლი აკისრია კანის სრულყოფილ მოვლაში. ალბათ ყველას მოგეხსნებათ, რომ არსებობს სხვადასხვა ფუნქციის მქონე ნიღბები, რომლებიც სხვადასხვა კანის ტიპის საჭიროებების მიხედვით გამოიყენება. როცა ნიღაბს მშრალი კანისთვის ვარჩევთ, რა თქმა უნდა, აქაც მთავარი ორიენტირი მაქსიმალური დატენიანებაა. მშრალი კანისთვის განკუთვნილი კრემისებრი ნიღბები სქლად ისმება კანზე, დაახლოებით 10 წუთის შემდეგ ერთჯერადი ქაღალდის ხელსახოცის სახეზე ნაზად, უბან-უბან მიჭერით შეიმშრალეთ კანზე შერჩენილი ნიღაბი. რასაც კანი შეიწოვს, დაიტოვეთ დილამდე (ასეთ დროს დამატენიანებლის წასმა აღარ არის საჭირო, ნიღაბს პირდაპირ ტონერის შემდეგ წაისვამთ).
ასევე, ბევრმა თქვენგანმა იცით, რომ არსებობს მშრალი კანის მკვებავი ნაჭრის ნიღბები, რომლის მთავარი კონცენტრატის როლში ჰიალურონის მჟავა, კოლაგენი, ნიაცინამიდი (ვიტამინი B3), C ვიტამინია. სითხეში (კონცენტრატში) გაჟღენთილი ნაჭერი მოირგეთ მთელ სახეზე, 15 წუთით გაიჩერეთ, მოიხსენით და გადააგდეთ, რადგან ნაჭრის ნიღაბი ერთჯერადია. სახეზე დარჩენილი სითხე არ მოიშოროთ, ზედვე შეიშრეთ და ისე დაიძინეთ.
ნაჭრის ნიღბები ნამდვილი ხსნაა მათთვის, ვისაც ხშირი ფრენა უწევს. თვითმფრინავში კანის გამოშრობა განსაკუთრებით შესამჩნევი და უსიამოვნოა, მით უფრო, თუ ხანგრძლივი ფრენა გიწევთ. ამიტომაც იქონიეთ ხელჩანთაში 1-2 ნაჭრის ნიღაბი, რომელსაც იქვე, თქვენს სავარძელში მჯდარი მოირგებთ და უმარტივესად მოიხსნით კანის სიმშრალის დისკომფორტს. რაკი ფრენის თემას შევეხეთ, კიდევ ერთი რჩევა: ეცადეთ ფრენამდეც მოამზადოთ კანი და რეისამდე რამდენიმე საათით ადრე დაიდოთ სახეზე დამატენიანებელი ნიღაბი, ასე კანი ნაკლებად დაისტრესება ფრენის დროს.
ნიღბების გამოყენება რეკომენდებულია კვირაში 1-2-ჯერ, უფრო მეტად საღამოს რუტინაში.
შრატი
შრატი რუტინის კიდევ ერთი დამატებითი, მაღალი საფეხურია. ეს გახლავთ კრემ-ემულსია, თხელი კონსისტენციის პროდუქტი, რომელსაც აუცილებლად რაღაც კონკრეტული ფუნქცია და მიზანი გააჩნია. თუკი დამატენიანებელი ყოველთვის მხოლოდ ატენიანებს კანს და ეს არის მისი უნივერსალური ფუნქცია, შრატი შეიძლება იყოს: დამატენიანებელი, ასაკსაწინააღმდეგო, ლაქებისთვის განკუთვნილი, ცხიმიანობის დამარეგულირებელი, გამონაყარის პრევენციის, ანტიოქსიდანტი და ა.შ. სხვადასხვა ფუნქციური შრატები, სადაც, როგორც წესი, ერთ რომელიმე ინგრედიენტს აქვს წამყვანი როლი. ასე მაგალითად, მშრალი კანისთვის ძალიან სასარგებლოა ჰიალურონის შრატი (ღრმა დატენიანება), E ვიტამინის (დატენიანება, ანტიოქსიდანტი, ჯანსაღი ტექსტურა), C ვიტამინის (კოლაგენის სინთეზი, ნაოჭებისგან პრევენცია), ვიტამინ B5 (კანის აღდგენითი, გამაახალგაზრდავებელი, ღრმა დატენიანება) შრატები.
შრატი ყოველთვის დამატენიანებლის წინა ეტაპია. ტონიზირების შემდეგ ვისვამთ შრატს, ხუთიოდე წუთს ვაცდით, რომ კანმა კარგად შეიწოვოს და ამის შემდეგ გადავისვამთ დამატენიანებელს.
შრატის გამოყენების ინტენსივობა დამოკიდებულია მის ფუნქციასა და შემადგენლობაზე. შედარებით ნეიტრალური, არააგრესიული შემადგენლობის შრატები ყოველდღე იხმარება, ხოლო უფრო სპეციფიკური, ძლიერმოქმედი შრატები კვირაში ერთხელ ან ორჯერ.
კანის ზეთი
კანის ზეთი მშრალი/ძალიან მშრალი კანის რუტინის დამატებითი საფეხურია, რომელიც მაშინ ერთვება საქმეში, როცა კანის სრულყოფილი დატენიანება ვერ ხერხდება მხოლოდ დამატენიანებლის (მათ შორის, ბალმის ან კარაქის) საშუალებით. კანის ზეთი დამატენიანებლის წინა საფეხურია, ანუ შეიძლება შრატის როლშიც კი განვიხილოთ. ისიც შეიძლება, იმდენად მოგეწონოთ და გესიამოვნოთ კანის ზეთით დატენიანება, რომ დამატენიანებელი კრემი ამოაგდოთ რუტინიდან საერთოდ ან კვირის ზოგ დღეებში, სურვილის მიხედვით.
მშრალი კანისთვის განკუთვნილი სახის ზეთები, როგორც წესი, დამზადებულია ქოქოსის, ნუშის, შიის, ჟოჟობას, ლავანდას, ზეთისხილის ზეთებისგან, და შესაბამისად, გამდიდრებულია ცხიმოვანი, ომეგა მჟავებით, ვიტამინებით და რა გასაკვირია, რომ ასეთი სასარგებლო და ეფექტურია მშრალი კანის სრულყოფილი დატენიანებისთვის.
სახის ზეთის გამოყენების სიხშირეს თქვენ თავად ადგენთ, კომფორტისა და საჭიროების მიხედვით.
ესეც თქვენი მშრალი კანის სრულყოფილი რუტინა.
თქვენი თაკო
თაკო გვაზავა
ჟურნალი OK!-ს ბიუთი რედაქტორი












