საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა გუნდმა წარმატებით დაასრულა გამოსვლა 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებზე, რომელიც იტალიის ქალაქებში — მილანსა და კორტინა დ’ამპეცოში გაიმართა. ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშები 22 თებერვალს საზეიმოდ დაიხურება.
საქართველო ოლიმპიურ ასპარეზზე სპორტის ორ სახეობაში – ფიგურულ ციგურაობასა და სამთო თხილამურობაში — რვა სპორტსმენით იყო წარმოდგენილი. ფიგურულ ციგურაობაში მონაწილეობდნენ ლუკა ბერულავა, ანასტასია მეტელკინა, ნიკა ეგაძე, ანასტასია გუბანოვა, დიანა დევისი და გლებ სმოლკინი, ხოლო სამთო თხილამურობაში — ნინო წიკლაური და ლუკა ბუჩუკური.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ისტორიული წარმატება ფიგურულ ციგურაობაში: ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას სპორტულმა წყვილმა 221.75 ქულით ვერცხლის მედალი მოიპოვა და ქართული სპორტის ისტორიაში პირველად მოუტანა ქვეყანას მედალი ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე. ეს შედეგი არა მხოლოდ მათი პირადი მიღწევაა, არამედ მნიშვნელოვანი ეტაპი ქართული ზამთრის სპორტის განვითარებისთვის.

საქართველოს ნაკრებმა ღირსეული შედეგები აჩვენა სხვა გამოსვლებშიც. გუნდურმა შემადგენლობამ საერთო ჩათვლაში მეოთხე ადგილი დაიკავა. ინდივიდუალურ ასპარეზობაში ანასტასია გუბანოვა 209.00 ქულით მეცხრე ადგილზე გავიდა, ნიკა ეგაძე 260.27 ქულით მეათეზე, ხოლო გლებ სმოლკინისა და დიანა დევისის წყვილმა 196.02 ქულით მეცამეტე ადგილი დაიკავა. ანასტასია გუბანოვას გამოსვლა დიდი მიღწევაა ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ბოლოს, 2006 წელს ელენე გედევანიშვილის გამოსვლით მე-10 ადგილი ქვეყნის საუკთესო შედეგი იყო.



სამთო თხულამურობაში ლუკა ბუჩუკურის ორივე დაშვების შედეგად (2:48.78) მან 56-ე ადგილზე დაასრულა ასპარეზობა, ნინო წიკლაურს კი ორი დაშვების შედეგად ჯამში 2:31.79 წუთი დაუგროვდა და ასპარეზობა 49-ე ადგილზე დაასრულა.


მილანი/კორტინას ოლიმპიადა საქართველოსთვის ისტორიული აღმოჩნდა. მიღწეულმა შედეგებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქართული სპორტი საერთაშორისო ასპარეზზე კონკურენტუნარიანია და მომავალში კიდევ უფრო დიდ წარმატებებს უნდა ველოდოთ.

ასევე დაგაინტერესებთ











