ივლისი ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი თვეა. სწორედ 1974 წლის ივლისის პაპანაქებაში მოვევლინე ქვეყანას. მას შემდეგ ბევრჯერ გამიმართლა. ბოლოს, 2021 წლის ივნისის ერთ მშვენიერ დღესაც, როდესაც მაიკო წერეთლისგან მივიღე მოულოდნელი შეთავაზება, ვყოფილიყავი ამ თვის Book-ის მოწვეული რედაქტორი. საერთოდ, მიყვარს ცხოვრებაში ყველა შანსის გამოყენება. თუ ჩემ მიერ განვლილ ცხოვრების გზას თვალს გადაავლებთ, მიხვდებით, რომ სხვადასხვა სფეროში მომისინჯავს ჩემი შესაძლებლობები და ამ შემოთავაზებაზეც ვერ ვიტყოდი უარს − მით უმეტეს, ბევრჯერ მიფიქრია: „მე რომ ჟურნალის რედაქტორი ვიყო…“
ბევრი ვიფიქრე, რა გზას დავდგომოდი რესპონდენტების არჩევისას. ჯერ მინდოდა ჩემი Book-ი საკუთარი უახლოესი 10 მეგობრის შესახებ გამეკეთებინა, მაგრამ როდესაც მათ გადავავლე თვალი, მივხვდი, რომ თითოეული მათგანის შესახებ ფართო საზოგადოებამ ისედაც ბევრი რამ იცის. ამიტომ გადავწყვიტე ჩემს Book-ში, რომლის მთავარი თემა ჯანმრთელობა და სილამაზეა, გამეკეთებინა პატარა ჩანახატები იმ ადამიანებზე, რომლებიც თანამედროვე ცხოვრებაში ჩემთვის საინტერესო ყოველდღიურობას თუ ნივთებს ქმნიან. მათ შორის, ზოგი თქვენთვის უცნობი, ზოგიც ნაცნობი პერსონაჟია, მაგრამ შევეცდები ისინი სხვა რაკურსით დაგანახვოთ. მინდა, როდესაც ბევრი წლის შემდეგ ჩავხედავ ამ ჩემს წიგნს, გამახსენდეს, რომ ოდესღაც, ჩემთვის ყველა ეს ნიჭიერი, ნაცნობი თუ უცნობი ადამიანი თავის საქმეს უაღრესად დიდი პატივისცემით ეკიდებოდა − იყო ეს მხატვრობა, კულინარია, ფოტოგრაფია თუ ჯანსაღი ცხოვრების სტილი. სწორედ ამ ნიშნით ავარჩიე ისინი. ხელოვანი და საერთოდ, უბრალოდ ადამიანი ყოველთვის საინტერესო გამოდგება, თუ მუდმივად იქნება ორიენტირებული საკუთარი თავის განვითარებაზე, თანამედროვე ტენდენციებში შეეცდება გარკვევას; დაინტერესებული და გაფაციცებული უნდა იყოს, არ ჩამორჩეს დროს და ფეხი აუწყოს მას, მაგრამ ამავე დროს, არავინ არასდროს არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი ფესვები, წინაპრები, გენები. ეს ის განძია, რომლის გარეშე ვერასდროს შევდგებით სრულფასოვან ადამიანებად, მით უმეტეს − ხელოვანებად.
მოკლედ, აქ შევკრიბე და მინდა თქვენც გაგაცნოთ ჩემთვის პატივსაცემი ადამიანები, რომლებიც სიყვარულით აკეთებენ თავის საქმეს და ამით ჩვენც უდიდეს სიამოვნებას გვანიჭებენ.
დაბოლოს…
ლელა ჯაფარიძე დედამისთან ერთად ქმნის ჩემთვის უნიკალურ, ულამაზეს, იშვიათ ნაკეთობებს. ამ ნივთებს ჩემთვის მხოლოდ მათში არეკლილი ავტორების ნატიფი გემოვნება კი არ სძენს ფასს, არამედ ის უმაღლესი ხარისხის შესრულება, რომლის მიღწევა მარტო რჩეულ ხელოვანთა ხვედრია. მხოლოდ ჭეშმარიტად კეთილშობილ ადამიანს შეუძლია ასეთი შედევრების შექმნა.
არჩილ გელოვანი ჩემი დიდი ხნის მეგობარია. რაც მახსოვს, მუდამ ხელოვნებას, სილამაზეს, შემოქმედებას ემსახურება, ეძებს და რაც მთავარია, ხშირად პოულობს. ისეთი რარიტეტების კოლექციონერია, შეიძლება არც კი დაიჯეროთ. ყველა ნივთი და მათი ისტორია ზეპირად იცის, საფუძვლიანად აქვს გამოკვლეული თითოეული დეტალი, მუდამ მოგზაურობს, მუდამ ძიებაშია. ჯანმრთელ სხეულში ჯანსაღი ადამიანიაო, მასზეა ზედგამოჭრილი ეს გამოთქმა.
სოფო პაპიაშვილი და ვახტანგ გაბუნია − სილამაზესა და ჯანმრთელობასთან ჩემთვის უპირველესად ადამიანი ასოცირდება, ეს ორი ხელოვანი კი ჩემთვის ძალიან საინტერესო უამრავი ადამიანის პორტრეტს ქმნის თავის შემოქმედებით გზაზე. ერთი ფოტოგრაფია, მეორე − ფერმწერი. მათთან საუბარში მინდოდა გამერკვია, როგორ ახერხებენ ასე პერფექციონისტულად გადმოსცენ ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებულ ადამიანთა პორტრეტები.
მე და ზურა შევარდნაძე საქმემ დაგვამეგობრა, მაგრამ დროთა განმავლობაში მასში უამრავი სხვა და მეტად საინტერესო თვისება თუ უნარი დავინახე. სწორედ ამის გამო, დღემდე ერთმანეთისადმი უზომო პატივისცემა გვაქვს, გარდა კარგი მეგობრობისა. ზურას და ბაღის ამბავი ყველამ იცის, მაგრამ იმ საოცარი კოლექციების შესახებ, რომელსაც ათეულობით წელია აგროვებს − ცოტამ. მინდოდა მეტს გცოდნოდათ…
ნინიკო მორბედაძე. დიდი ხანია ჩემს სახლში უამრავ ნახატს შორის საპატიო ადგილი უჭირავს მეტად საინტერესო ფერწერულ ნამუშევარს, რომლის ავტორზე ყველა მეკითხება. ჩემთვის ძალიან საინტერესო და პატივსაცემი ხელოვანია, რომელსაც ინდივიდუალური ხელწერა აქვს და რომლის ნამუშევრებშიც არ არსებობს უმნიშვნელო დეტალი. ყველა დეტალი მეტად მნიშვნელოვან რანგში აქვს აყვანილი.
ხათუნა-გიორგი, სოფო-შალი. მინდოდა ჩემს Book-ში ჯანმრთელ, ლამაზ და ბედნიერ ახალგაზრდებს თავისი შესანიშნავი მშობლებით პატარა ადგილი ჰქონოდათ დათმობილი. ასეთი მშობლები და შვილები ბევრი ჩამოვწერე, მაგრამ ყველა, რა თქმა უნდა, ვერ ჩავატიე ამ პატარა Book-ში.
ნინო თვალავაძეს დღესაც არ ვიცნობ. იგი ჩემი ქალიშვილის, კესარიას მეგობრის − კაწკას დედაა, მაგრამ სამაგიეროდ, ჩემთვის მეტად საინტერესო კონცეფციის ჯანსაღ და ულამაზეს საკვებს ქმნის. სწორედ ამიტომ მინდოდა გამეცნო იგი თქვენთვის.
თბილისში თითზე ჩამოსათვლელი ადგილებია, სადაც თითქმის ყოველდღე „უნდა“ შევიარო. იქ მე ადამიანები „მეძახიან“. ერთ-ერთი ასეთი ადგილია კაფე „ოლივია“, სადაც ვიცი, რომ რა დროსაც უნდა მივიდე, რა გუნებაზეც, ვისთან ერთადაც უნდა ვიყო, დამხვდება საკუთარ საქმეში და ადამიანებზე უზომოდ შეყვარებული ბედნიერი ადამიანი − გიორგი ჯიქური. ამიტომაც აუცილებელია ჩემთვის იქ შევლა…
მარინა ბერიძე ჩემს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია. ბავშვობიდან ვიცნობ, წესით, მისი შვილის მეგობარი ვარ, მაგრამ ეს ზღვარი არასდროს დაუწესებია თვითონ და ამიტომ მეც ვერ ვარკვევ, მარინაა უფრო ჩემი მეგობარი თუ მაია. მუდამ მხიარული, ულტრათანამედროვე და ზედმეტად პირდაპირი ადამიანია. ყველაზე გიჟური იდეების უშრეტი წყარო აქვს ტვინში და მუდამ მზად არის მათ განსახორციელებლად. ძალიან უყვარს ნიჭიერი ადამიანები და ყოველთვის მათ ძიებაშია. მოკლედ, ვაფრენ მარინაზე.
სიმონიკო მაჩაბელი, საოცრად ნიჭიერი, და ასეთი ნიჭიერების ფონზე, გასაკვირად გაწონასწორებული, მოწესრიგებული და თავმდაბალი ხელოვანია. ამ საუკუნისთვის „შეუფერებელი“ წესიერებით, განსაკუთრებულად დახვეწილი სტილით და გემოვნებით, სიმონიკოს ყველა ნამუშევარი იპყრობს ყურადღებას.
OK! Health and Beauty Book-ის მოწვეული რედაქტორი ნინო (ზუზუ) ნოდია.