მე ქეთო ვარ ლომსაძე – ჟურნალისტი, კომუნიკაციის სპეციალისტი და ფსიქოკონსულტანტი. ეს ჩემი ტრანსფორმაციული ბლოგია, რომელიც ეძღვნება რეალურ გამოწვევებს, რაც ჰარმონიულ ცხოვრებაში ხელს გვიშლის. ვეცდები პრობლემური საკითხები სიღრმისეულად დაგანახოთ. მე არ დავსვამ დიაგნოზს და არც იმას გასწავლით, როგორ იცხოვროთ. ეს არის ბლოგი გაცნობიერებისთვის.
კარგი გოგოს სინდრომი
- თუ გიჭირს არას თქმა
- ცდილობ იყო ყველასთვის კომფორტული
- ხარ დამჯერე
- არასოდეს აფიქსირებ საკუთარ მოსაზრებას
- ყველას ეხმარები
- ცდილობ იყო იდეალური
ზემოთ ჩამოთვლილიდან რამდენიმე მაინც თუ რეზონირდა, იცოდე, რომ კარგი გოგოს სინდრომი გაქვს.
კარგი გოგონები არ ამბობენ არას, ეხმარებიან ყველას – თუნდაც ეს მათთვის საზინო იყოს, თავგანწირვით ცდილობენ იყვნენ იდეალურები და თუ არ გამოსდით, დანაშაულის შეგრძნებით იტანჯებიან.
კარგი გოგოს სინდრომის მქონე ქალბატონებს უჭირთ პირადი საზღვრების დაცვა და ხშირად ხდებიან მანიპულატორების სამიზნე. ხშირად სხვების საამებლად საკუთარ თავს აზიანებენ. ცდილობენ მხოლოდ დადებითი თვისებები გამოამჟღავნონ. აქვთ საკუთარი მოსაზრებები, მაგრამ ამბობენ იმას, რაც საზოგადოების უმრავლესობისთვის მისაღებია.
როგორც წესი, კარგი გოგოს სინდრომი ბავშვობიდან ფორმირდება, როცა მშობლები ბავშვისგან მორჩილებას ითხოვენ. ეს არის სიგნალი ბავშვისთვის, რომ სიყვარულს დამსახურება სჭირდება. ბავშვი მალავს საკუთარ მოთხოვნილებებს იმისთვის, რომ მშობლებს ასიამოვნოს. უკვე ზრდასრული კი აღიარებას სხვებში ეძებს, ხოლო ამისთვის მოითმენს ყველაფერს – გაერიდება კონფლიქტურ სიტუაციებს, სხვების ნაცვალად გააკეთებს საქმეს. კარგი გოგო ელოდება სიყვარულს, მადლიერებას და უსაფრთხოებას და იღებს გაუფასურებას, ექსპლუატაციასა და მანიპულაციას.
ასეთი ადამიანები ძალიან მოსახერხებლები არიან გარშემო მყოფებისთვის – არ იცავენ პირად საზღვრებს, ეშინიათ, სხვებს იმედი არ გაუცრუონ, არასოდეს ამბობენ არას და კრიტიკასაც მორჩილად იტანენ. მაშინაც კი, როცა ასეთი ქცევა შემაწუხებელი ხდება, ადამიანები ქცევას არ ცვლიან იმის შიშით, რომ მარტო დარჩებიან.

ყველასთვის მისაღებად ქცევის პროცესში კარგი გოგოები საკუთარ თავს კარგავენ და არ იციან, რა უნდათ. ბოლომდე იხარჯებიან სხვებისთვის და ვერ იღებენ მადლიერებას, რომელიც, მათი აზრით, დაიმსახურეს. თუმცა ღიად ამას ვერ ითხოვენ, ხდებიან პასიურ-აგრესიულები და ტოქსიკურები. საბოლოოდ კი კარგი გოგოს სინდრომი ხელს უშლის ადამიანს გაარკვიოს, რა სურს სინამდვილეში, დაბალია მათი სასიცოცხლო ენერგია.
კარგი გოგოს სინდრომის მოშორება იოლი არაა.
რა შეიძლება გააკეთოთ, თუ კარგი გოგოს სინდრომისგან გსურთ გათავისუფლება:
- აღიარეთ, რომ ხართ კარგი გოგო. მიიღეთ საკუთარი თავი და ნუ გეშინიათ იყოთ ის, ვინც ხართ.
- მიეცით საკუთარ თავს უფლება, იყოთ ცოცხალი. დააკვირდით – როდის იკავებთ ცრემლებს? როდის მალავთ ღიმილით გაღიზიანებას? როდის ივიწყებთ საკუთარ თავს, რომ სხვას არ აწყენინოთ?
- ისწავლეთ პატარ-პატარა არას თქმა იმისთვის, რომ მერე საკუთარ თავს უთხრათ კი.
- არ დათანხმდეთ იმას, რაც არ გსურთ.
- ის, რაც სიყვარული გეგონათ, სინამდვილეში მორჩილებაა.
- ნუ იქნებით მიმნდობი და გულუბრყვილო.
- აღარ მისცეთ ადამიანებს მეორე, მესამე და მეათე შანსი.
- ყოველთვის სამართლიანი ვერ იქნებით, გახდით უფრო ძლიერები.
- დაიცავით პირადი საზღვარი.
- თუ გაწყენინეს, თქვით, რომ გეწყინათ.
- მიიღეთ საკუთარი ბრაზი.
- სხვებზე ზრუნვა ჩაანაცვლეთ თვითზრუნვით.
- ხანდახან მიეცით თავს უფლება, იყოთ ცუდი გოგო.
- თუ ამის გაკეთება გიჭირთ, მიმართეთ სპეცილისტს, რომელიც დაგეხმარებათ დაინახოთ რეალობა, სურვილები და ნამდვილი „მე“.
ტექსტი: ქეთო ლომსაძე
ფოტო: ნია ტაგანაშვილი












