ახალი დრამატული სერიალი, რომელიც ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ წყვილს — ჯონ კენედისა და კაროლინ ბესეტის სიყვარულის ისტორიას ეძღვნება, უკვე გამოვიდა Disney+ – ზე.

სერიალი Love Story: John F. Kennedy Jr & Carolyn Bessette შექმნილია ცნობილი ტელეპროდიუსერის რაიან მურფის მიერ და გვაბრუნებს 1990-იანი წლების ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ რომანში. წყვილი ხშირად ამერიკის „არაოფიციალურ სამეფო ოჯახად” მოიხსენიებოდა: მათი ურთიერთობა 1994 წელს დაიწყო, 1996-ში ქორწილით გაგრძელდა და ტრაგიკულად დასრულდა 1999 წელს, როდესაც კენედი უმცროსის მიერ მართვადი თვითმფრინავი მასაჩუსეტსის სანაპიროსთან ჩამოვარდა.

სერიალი დეტალურად აჩვენებს მათი ურთიერთობის საინტერესო მომენტებს, მუდმივ მედია ყურადღებასა და იმ ზეწოლას, რომელიც საჯარო ცხოვრებას ახლდა. ბესეტი — მოდის ინდუსტრიის წარმომადგენელი და Calvin Klein-ის ყოფილი პიარ მენეჯერი — ნაჩვენებია, როგორც ქალი, რომელიც ძლიერი კენედების ოჯახის სამყაროში შედის. პარალელურად, კენედი ცდილობს გაუმკლავდეს საკუთარი ოჯახის მემკვიდრეობას, პოპულარობასა და პირად გამოწვევებს.

Love Story: John F. Kennedy Jr & Carolyn Bessette Disney+ – ზე 2026 წლის 13 თებერვალს გამოვიდა და ის 9 ეპიზოდისგან შედგება. სერიალში კაროლინ ბესეტის როლს სარა პიჯონი, ხოლო კენედის როლს პოლ ენტონი თამაშობს, რომლისთვისაც ეს პირველი დიდი ეკრანული პროექტია. სერიალში ასევე ჩნდებიან ისტორიული ფიგურები, მათ შორის ჯეკი კენედი – ონასისი და მსახიობი დერილ ჰანა, რაც ამბავს მეტად საინტერესოს ხდის.













