ფრანგმა დიზაინერმა სიმონ პორტ ჟაკმუსმა თავისი ბებია, ლილინ ჟაკმუსი, თავისი ბრენდის პირველ ამბასადორად დანიშნა – ინფორმაციას WWD ავრცელებს. ეს ჟესტი ვარსკვლავების დაქირავების პრაქტიკისგან მკვეთრად გამოირჩევა, თუმცა ბრენდის სარეკლამო კამპანიებში ადრე ჯგუფი Blackpink-ის ჯენი, კენდალ ჯენერი და Bad Bunny მონაწილეობდნენ.
თავის განცხადებაში დიზაინერმა ბებიას მისი ცხოვრების „ყველაზე განსაკუთრებული ქალი“ უწოდა. ლილინ ჟაკმუსი, რომელიც 1946 წელს, პროვანსში, ფერმერების ოჯახში დაიბადა, დიდი ხანია, შვილიშვილის მუზაა და ჩვენებებს რეგულარულად სტუმრობს. ლილინის, როგორც Jacquemus-ის მოდელის დებიუტი 2020 წელს, პანდემიის დროს შედგა. ბრენდმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლილინის „ძალამ, ელეგანტურობამ და ავთენტურობამ“ მოდის სახლის ფილოსოფია ჩამოაყალიბა და დღემდე მის არსს განსაზღვრავს.

„ბებია ძლიერმა მარტოხელა დედამ, მინდვრებში, მზიან და უბრალო გარემოცვაში გაზარდა. ის Jacquemus-ის დაბადებამდეც კი ჩემი შთაგონების წყარო იყო. მისი ძალა, მისი ელეგანტურობა, მისი ავთენტურობა… მან ჩამოაყალიბა ჩემი ხედვა ქალების შესახებ და ის, თუ როგორ წარმომიდგენია ეს მოდის სახლი. ჩვენ გვიყვარს ის, ჩვენ მასზე ვგიჟდებით…“, – დაწერა დიზაინერმა ინსტაგრამში.

ჟაკმუსმა ბებიის, როგორც ბრენდის ამბასადორის ვალდებულებები ხუმრობანარევი ტონით აღწერა:
„ყოველთვის, გამონაკლისის გარეშე, დაიცვას ბრენდის იმიჯი;
შეეგუოს, რომ მაკიაჟის, ვარცხნილობის, ლუქისა და სტილის ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ბოლო სიტყვა მოდის სახლს ეკუთვნის.
თავი აარიდოს ნებისმიერ კოლაბორაციას.
დაესწროს ყველა ჩვენებას ისე, თითქოს ეს ოჯახური ვახშამია – წინა რიგში და არანაირი დისკუსია.
მოერიდოს სხვა მოდის სახლების სახელების ხსენებას.
მოერიდოს სხვა ბრენდების ტანსაცმლის ტარებას.
არასოდეს მოიწონოს სხვა ბრენდების პოსტები.
მოერიდოს სიტყვა „ბრენდის“ გამოყენებას, ამის ნაცვლად თქვას „ოჯახი“.
არ გაიხადოს Jacquemus-ის ნივთები სახლში, ღამით ან ძილის დროს.
არ შეიძლება ბრენდის ამბსადორის ნახვა, გადაღება, დახატვა, ან Jacquemus-ის გარდა რომელიმე სხვა მოდის სახლთან ასოცირება. ამბასადორი ყოველთვის უნდა იღიმოდეს, როგორც ყველა ჩვენგანი“, – დაასკვნა დიზაინერმა.

დიზაინერის ბებია Jacquemus-ის ბოლო ვიდეოში გამოჩნდა, სადაც შვილიშვილმა ბრენდის ახალი ჩანთა აჩუქა, რომელსაც მისი გარდაცვლილი დედის და ლილინის ქალიშვილის – ვალერის სახელი ჰქვია.
Посмотреть эту публикацию в Instagram
ბრენდის 2009 წელს დაარსების დღიდან, Jacquemus ცნობილია თავისი ჩვენებებით, რომლებიც ღია ცის ქვეშ, თვალწარმტაც ადგილებში, მათ შორის ლავანდის მინდვრებში, მარილის მთებსა და ვერსალის სასახლეში იმართება. კვირას, ბრენდი თავისი შემდეგი კოლექციის წარდგენას პიკასოს მუზეუმში გეგმავს.
ასევე დაგაინტერესებთ












