ის, რაც ტურისტებს იაპონიაში ყველაზე მეტად აოცებთ, ქუჩების იდეალური სისუფთავეა, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ნაგვის ურნები და მეეზოვეები თითქმის არსად გვხვდება. ასეთი სისფთავის მთავარი მიზეზი საზოგადოებაში დამკვიდრებული წესებია -იაპონელებს ბავშვობიდან ასწავლიან, რომ თავი უნდა აარიდონ ქმედებებს, რომლებმაც შეიძლება სხვების სიმშვიდე დაარღვიონ. ერთ-ერთი ასეთი ქმედება ქუჩების დანაგვიანებაა.

კოლექტიური პასუხისმგებლობა და საჯარო სივრცის პატივისცემა
იაპონიაში მოსწავლეები საკლასო ოთახებისა და სკოლის ტერიტორიის დასუფთავებაში სკოლის პირველივე კლასიდან მონაწილეობენ , რაც საერთო სივრცის მიმართ პასუხისმგებლობის გრძნობას აყალიბებს.
გარდა ამისა, იაპონურ კულტურაში არსებობს კონცეფცია (勿体ない), რაც რესურსების გაფრთხილებას გულისხმობს. ამ კონცეფციის თანახმად, რაიმეს დაუფიქრებლად გადაგდება სამარცხვინოა. იაპონელები ხშირად მრავალჯერად ჩანთებსა და კონტეინერებს ატარებენ, ნაგავი სახლში მიაქვთ და ახარისხებენ. ფესტივალებისა თუ საჯარო ღონისძიებების დროსაც კი, მონაწილეებს ნარჩენები თან მიაქვთ და ადგილს სუფთად ტოვებენ.

ამრიგად, იაპონიაში ქუჩების სისუფთავე არა სასჯელის შიშის, არამედ შინაგანი რწმენის შედეგია: საჯარო სივრცე პირადი სივრცის გაგრძელებად მიიჩნევა და მისი დანაგვიანება უპატივცემულობის ტოლფასია.
ისტორიული კონტექსტი
ისტორიულად, იაპონია ყოველთვის სისუფთავის ორგანიზების მაღალი დონით გამოირჩეოდა. 1603-1868 წლებში, როდესაც ტოკიო (მაშინდელი ედო) მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ქალაქი იყო, იქ უკვე ნაგვის გადამუშავების სისტემები არსებობდა – საკვებისა და ქაღალდის ნარჩენები სოფლის მეურნეობასა და წარმოებაში ხელახალი გამოყენებისთვის გროვდებოდა.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ურბანიზაციის მაღალი ტემპის გამო, იაპონია ნაგვის პრობლემის წინაშე დადგა, თუმცა კრიზისს რეფორმები მოჰყვა. 1964 წელს ტოკიომ ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლა, რა დროსაც ხელისუფლებამ ქალაქების დასუფთავების კამპანიები წამოიწყო, რათა უცხოელებზე შთაბეჭდილება მოეხდინა.
1970-იან წლებში მინატო-კუს რაიონმა დაუხარისხებელ ნაგავზე ჯარიმები დააწესა, ხოლო 2000-იან წლებში ქვეყანა ნარჩენების გადამუშავებაში მსოფლიო ლიდერი გახდა.
სახელმწიფო პოლიტიკა – კანონები, ტექნოლოგიები და ინფრასტრუქტურა
ქუჩებში ურნების არარსებობა კარგად გააზრებული პოლიტიკის შედეგია. 1995 წელს ტოკიოს მეტროში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, უსაფრთხოების მიზნით, ხელისუფლებამ ნაგვის ყუთები აიღო, თუმცა, ქაოსის ნაცვლად, ამან ნაგვის სახლში წაღების ჩვევა გააძლიერა.
დღეს იაპონიაში ნაგვის დახარისხების მკაცრი წესები მოქმედებს. მაგალითად, კიოტოში ნაგავს 10 კატეგორიად ყოფენ, პლასტმასის თავსახურებისა და კბილის ჯაგრისებისთვისაც კი ცალკეული კონტეინერებია. იაპონიის გარემოს დაცვის სამინისტროს მონაცემებით, პლასტმასის 80% და ალუმინის 98% გადამუშავდება. წესების დარღვევისთვის ჯარიმა 1000 დოლარს აღწევს, თუმცა მთავარი სტიმული სოციალური წნეხია – მეზობლებმა შეიძლება დამრღვევი საჯაროდ შეარცხვინონ.

ქალაქ კამიკაცუში, სადაც პროგრამა „Zero Waste“ მოქმედებს, 2020 წლისთვის ნარჩენების 80% გადამუშავდებოდა. აქ ქუჩები იდეალურად სუფთაა, მიუხედავად იმისა, რომ ურნები თითქმის არსად არის. ისეთი ტექნოლოგიები, როგორიცაა ნაგვის გადამამუშავებელი „ჭკვიანი“ ქარხნები, რომლებიც ნარჩენებს ენერგიად გარდაქმნიან, ნაგავსაყრელებზე დამოკიდებულებას ამცირებენ.
სოციალური ნორმები
იაპონიაში სისუფთავეს მხოლოდ კანონები კი არა, სოციალური ნორმებიც იცავს. „ჰაძის“ (სირცხვილის) კონცეფცია ადამიანებს აიძულებს, მოერიდონ ქცევას, რომელიც საჯარო შერცხვენას გამოიწვევს. მაგალითად, ქუჩაში სიგარეტის ნამწვის დაგდება საკუთარი თავისა და ოჯახის შერცხვენას ნიშნავს. ქვეყნი სისუფთავეში ბიზნესსაც თავისი წვლილი შეაქვს – მაღაზიის მფლობელები დილით თავიანთი დაწესებულებების წინ ტროტუარებს რეცხავენ, რითაც კორპორაციულ პასუხისმგებლობას უსვამენ ხაზს.

იაპონიამ დაამტკიცა, რომ სისუფთავე ურნების რაოდენობაზე კი არა, სისტემურ მიდგომაზეა დამოკიდებული. კულტურული განწყობები, ისტორიული გაკვეთილები, გამჭვირვალე კანონები და სოციალური ნორმები ქმნიან გარემოს, სადაც ნაგვისთვის ადგილი არ რჩება. ეს გამოცდილება მთელი მსოფლიოსთვის აქტუალურია, განსაკუთრებით ეკოლოგიური კრიზისების ეპოქაში.
ასევე დაგაინტერესებთ
#OK! მამაკაცმა მოხუცი მშობლები 160 კილომეტრის მანძილზე ზურგით ატარა












