17 წელია პიარისა და კომუნიკაციების სამყაროში საკუთარი ადგილი დაუღალავი განვითარებით, სიახლეების სიყვარულითა და გულწრფელი ურთიერთობებით მოიპოვა. მისთვის პიარი უბრალოდ სამუშაო არაა, ეს არის ემოციების, ნდობისა და ადამიანებთან ხიდების აშენების ხელოვნება. სწორედ ამიტომ, ტექნოლოგიების სწრაფ ცვლაში „მოდაში ყოფნას“ არასდროს მისდევს, ის, უბრალოდ, არის ნამდვილი,
ცოცხალი და მუდმივად საინტერესო.
OK! ბათუმის სტუმარია ნათია თოფჩიძე, ძლიერი ქალი, რომელიც სტერეოტიპებს ნაბიჯ-ნაბიჯ ანგრევს, იქნება ეს კარიერის შეცვლა ზრდასრულ ასაკში, დედაქალაქში თავიდან დაწყებული ცხოვრება თუ 40 წლის ასაკში პარიზის მოდის კვირეულზე გამოსვლა. მისი პროფესიული გზა კი ერთ რამეს ამტკიცებს: სიძლიერე იბადება იქ, სადაც ამბიცია და სიმშვიდე, ემოცია და გონიერება, პასუხისმგებლობა და თავისუფლება ერთიანდებიან.
წლებია პიარისა და კომუნიკაციების მიმართულებით საქმიანობთ. როგორ შეიცვალა ეს სფერო ამ პერიოდში და როგორ შეუნარჩუნეთ საკუთარ თავს ადგილი ამ დინამიკაში?
ბოლო 17 წლის განმავლობაში პიარი და კომუნიკაციები წარმოუდგენლად შეიცვალა – თუ ერთ დროს მთავარი იყო მხოლოდ ტექსტი და მედია ურთიერთობები, დღეს ეს სფერო ემოციებზე, აუდიტორიის ფსიქოლოგიაზე და იმპულსის სისწორეზეა დაფუძნებული. მე ამ დინამიკაში საკუთარი ადგილი შევინარჩუნე იმიტომ, რომ არასოდეს შემიჩერებია განვითარება. ყოველი სიახლე ჩემთვის შანსი იყო და არა საფრთხე. მომავალს ღიმილითა და ინტერესით ვუყურებ, რადგან პიარი ჩემთვის მხოლოდ პროფესია არ არის, ეს არის ადამიანებთან გულწრფელი კავშირის შექმნის ხელოვნება. როცა საქმეს ემოციით აკეთებ, დრო ვერაფერს გაკლებს – ის მხოლოდ გაძლიერებს.
მნიშვნელოვანია, რომ ამ ყველაფერთან ერთად არ დამიკარგავს მთავარი – ადამიანურობა. ყოველთვის ვამბობ: ჯერ კარგი ადამიანი უნდა იყო და შემდეგ პროფესიონალი. თუ როგორც ადამიანი არ ვარგიხარ, აღარ აქვს მნიშვნელობა, რას მიაღწევ და ვინ ხარ.
პიარმენეჯერის ამპლუა ხშირად უკავშირდება უხილავ შრომას, როგორია „პირველი ხაზის მიღმა“ თქვენი ყოველდღიურობა?
პიარმენეჯერის ყოველდღიურობა ბევრისთვის შეიძლება „უხილავი შრომა“ იყოს, მაგრამ სწორედ ამ უხილავ პროცესში იმალება ყველაზე დიდი ჯადოსნურობა. კამერების მიღმა იქმნება ის ემოცია, ის სილამაზე და შთაბეჭდილება, რითაც ადამიანებს ვამახსოვრდებით. ჩემი დღე სავსეა იდეებით, შეხვედრებით, ტექსტებით და ხანდახან – პატარა ქაოსითაც. სწორედ ამ არეულობაში იბადება კრეატივი. ეს პროფესია გაძლევს შესაძლებლობას იყო ყველა სცენის უკან, მაგრამ გრძნობდე, რომ შენ ქმნი ისტორიას. პიარი ჩემთვის მხოლოდ საქმე არ არის – ესაა ენერგია, ინსპირაცია და ადამიანებთან უხილავი ხიდის გაბმა. როცა ხედავ, როგორ ცოცხლდება შენი იდეა საზოგადოებაში, მაშინ ხვდები, რომ ეს პროფესია უბრალოდ სამუშაო კი არა, ცხოვრების სტილია.
საზოგადოება გიცნობთ როგორც ადამიანურსა და უშუალო პროფესიონალს. თქვენთვის რას ნიშნავს იყო ინფლუენსერი თანამედროვე გაგებით?
ასე ეძახიან ახლა პიარმენეჯერს და არ მომწონს, რადგან არიან ადამიანები, რომლებიც ზედმეტი შრომის გარეშე, უბრალოდ ვიდეოების ნახვების რაოდენობის გამო გახდნენ ინფლუენსერები და ყველაფრის გარეკლამება და რეკომენდაციის გაწევა შეუძლიათ თანხის სანაცვლოდ, ხშირად ატყუებენ ხალხს და მათ მიმართ ნდობის ფაქტორიც ნაკლებია საზოგადოებაში. ინფლუენსერობა ჩემთვის უბრალოდ პოპულარობა ან ფოლოვერების რაოდენობა არ არის – ეს, პირველ რიგში, პასუხისმგებლობაა. თანამედროვე სამყაროში, სადაც ინფორმაცია წამებში ვრცელდება, გავლენა ნიშნავს არა ხმაურს, არამედ იმ ძალას, რომ სწორად ფორმულირებული სიტყვით ან გულწრფელი დამოკიდებულებით სხვისი დღე შეცვალო. ინფლუენსერი ჩემთვის ის ადამიანია, ვინც არ თამაშობს როლს, უბრალოდ, ცხოვრობს გულწრფელად, სჯერა თავის გზის და სხვებსაც შთააგონებს.
თუ გესმის, რომ შენს აზრს ვიღაც მართლა უსმენს, მაშინ გრძნობ პასუხისმგებლობას იყო არა სრულყოფილი, არამედ ნამდვილი.
მე სწორედ ასე ვხედავ ამ გზას – იყავი შენ, მაგრამ ისე, რომ სხვებისთვის სინათლე გახდე, არა შუქურის მსგავსად ზემოდან, არამედ ადამიანის მსგავსად – თანასწორად, გულით.
რამდენად რთულია, თქვენს პროფესიაში იყო მუდმივად საინტერესო და აქტუალური საზოგადოებისთვის?
არ ვცდილობ ვიყო „მოდაში“, უბრალოდ, ვცდილობ ვიყო ცოცხალი. როცა რეალურად გიყვარს შენი საქმე, ხარ მგრძნობიარე სამყაროს ცვლილებების მიმართ, სიახლეები თვითონ გპოულობენ.
საიდუმლო, ალბათ, იმაშია, რომ არასდროს ვცდილობ ვინმეს დავემსგავსო, უბრალოდ ვარ საკუთარი თავი ყველა მდგომარეობაში. და ვფიქრობ, სწორედ ეს სიმართლე იწვევს ადამიანების ინტერესს.
საზოგადოება ყოველთვის გრძნობს გულწრფელ ენერგიას და როცა მას შენს საქმეში დებ, უკვე არ გჭირდება სცენარი, რადგან ბუნებრიობა თვითონ ხდება შენი საუკეთესო პიარი.
როგორია თქვენი წილი ბათუმი? რომელი ადგილების ნახვას ურჩევდით აქ ჩამოსულ სტუმრებს, რომ შეიგრძნონ ბათუმის სული და ხასიათი?
პირველ რიგში, ასე ვიტყვი – ნებისმიერი სახლიც კი, ფასობს არა კედლებით, არამედ ხალხით. ნებისმიერ ქალაქს გაყვარებს ადამიანები, აქედან გამომდინარე, აჭარა ფასობს ადგილობრივებით. იმდენად სტუმართმოყვარე და თბილი ხალხი ვართ, უცნობიც კი გიღიმის, თითქოს ახლობელია. ჩემთვის ბათუმი მხოლოდ ზღვა და სანაპირო არაა – ეს არის ქალაქი, რომელსაც თავისი სუნთქვა და ხასიათი აქვს. ბათუმი ჩემში სულ სხვა ენერგიას აღვიძებს, ის ერთდროულად მშვიდია და ემოციური, მარტივი და გამორჩეული. ჩემი „წილი ბათუმი“ სავსეა დილის ნისლით, ზღვის ხმაურით და იმ ადამიანებით, ვინც ამ ქალაქს სიცოცხლეს აძლევს. ყველაზე მეტად მიყვარს ძველი ბათუმის ქუჩები, სადაც ჯერ კიდევ იგრძნობა ქალაქის სული და სითბო.
ვინც პირველად ჩამოვა, ვურჩევ გაისეირნონ ბულვარში, მაშინ, როცა ქალაქი იღვიძებს, დალიონ ყავა ძველ ქუჩაზე პატარა კაფეში, ნახონ ხელოვნების მუზეუმი, აჭარის მთები. ბათუმის ხიბლი დეტალებშია – იმ მომენტში, როცა ზღვა და ადამიანები ერთმანეთს გრძნობენ.
როგორც ვიცით, ოთხი წელია თბილისში გადახვედით საცხოვრებლად. მოგვიყევით როგორია დედაქალაქის ენერგია თქვენს საქმიანობაში?
ჩემი შვილი, რეზი, 21 წლისაა, სწავლობს საქართველოს უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე. როგორც კი ჩააბარა, მასთან ერთად გადმოვედი დედაქალაქში საცხოვრებლად. მივატოვე ყველაფერი, ბათუმში, რომ ყოველი მისი წარმატებული ნაბიჯი გამეზიარებინა. თან დიდი ქალაქია, ხან რა ხდება, ხან რა და მინდა სულ გვერდით ვეგულებოდე. ჩემი ერთადერთი შვილია და როცა არჩევანის წინაშე ვდგები, პირადი თუ ის, მუდამ შვილს ვირჩევ – უყოყმანოდ. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამ ყველაფერს ხედავს, იაზრებს და მართლა მიფასებს, მაბედნიერებს კარგად სწავლით. მისი სწავლის დროს უსაქმოდ რომ არ ვყოფილიყავი, თავიდან ჩავაბარე გაუში, პიარის ფაკულტეტზე და ბევრი რამეც ვისწავლე, რაც აუცილებელია ჩემს სფეროში. მინდა, როგორც ბათუმში მიცნობენ, თბილისშიც გამიცნონ და დაინახონ ჩემი პროფესიული შესაძლებლობები. ამ ქალაქში არასდროს არის ერთი და იგივე დღე, და ჩემთვის ეს უზარმაზარი პლუსია, რადგან პიარი და კომუნიკაციები სწორედ ცვალებადობაზეა აგებული. თბილისი უზარმაზარი შესაძლებლობების ქალაქია და ნიჭიერებას მარტივად ამჩნევენ, აფასებენ. აქედან გამომდინარე, არ გამჭირვებია თავიდან დამეწყო ყველაფერი. ვცდილობ, ბათუმის სითბო და გულწრფელობა მოვიტანო თბილისურ ტემპში. ვფიქრობ, ამ ბალანსში ვპოულობ ჩემს თავს. სიცოცხლით სავსე ადამიანი ვარ და, აქედან გამომდინარე, მე და თბილისი შესანიშნავი დუეტი ვართ.
მონაწილეობდით პოპულარულ ტელეპროექტებში, ერთ-ერთი მათგანია „შეფების ლიგა“. რა გაკვეთილი მიიღეთ ამ გამოცდილებებიდან?
ტელეპროექტები ყოველთვის საინტერესო თავგადასავლად მექცევა ხოლმე. იქ ხვდები, რომ კამერის წინ ყველაფერი უფრო სწრაფად და ხმაურიანად ხდება, მაგრამ რეალურად სწორედ ასეთ სიტუაციებში სწავლობს ადამიანი საკუთარ რეაქციებსა და ნამდვილ ხასიათს. ამ პროექტშიც ჩემი პროფესიული უნარების გამო მოვხვდი და არა იმიტომ, რომ მზარეული ვარ. როცა იმდენ მონაწილეში მე ამირჩიეს და საუკეთესო თორმეტეულში მოვხდი, ჩემთვის ეს უკვე გამარჯვებაა.. ესე იგი, შემიძლია იქ ვიყო სადაც ვისურვებ. ჩემთვის ეს იყო უდიდესი შანსი წარმომეჩინა ჩემი კუთხე, აჭარა.
საბოლოოდ მივხვდი, რომ ტელეკამერასთან ურთიერთობაც თავისებური ხელოვნებაა – უნდა იყო ნამდვილი, არ იმალებოდე როლების უკან და შეძლო, შენი ხასიათი აჩვენო. ეს გამოცდილება ჩემთვის ერთგვარი შემოქმედებითი ვარჯიში იყო: სითბო, იუმორი და სისწრაფე ერთად.
გაკვეთილი? ალბათ ის, რომ რაც არ უნდა პროფესიული იყოს გარემო, გულწრფელობა მაინც ყველაზე ძლიერი „სცენარია“. როცა ცხოვრებას სიცილით უდგები, ეკრანზეც და რეალობაშიც ზუსტად ეს ბრუნდება – სინათლე და პოზიტივი.
როგორი პროექტები გხიბლავთ, უფრო გასართობი, შემოქმედებითი თუ სოციალური დატვირთვის მქონე?
ჩემთვის ყველაზე საინტერესოა ის პროექტები, სადაც სამი კომპონენტი ერთიანდება – ემოცია, აზრი და შედეგი.
მხოლოდ გასართობი ფორმატი ხანმოკლეა, მხოლოდ სოციალური – ზოგჯერ ზედმეტად მძიმე. მაგრამ, როცა პროექტი ერთდროულად გულსაც ეხება და ფიქრსაც გიჩენს, სწორედ მაშინ იბადება ნამდვილი ღირებულება. მხიბლავს შემოქმედებითი პროცესები, სადაც ადამიანებს შანსი ეძლევათ საკუთარი ისტორია მოყვნენ და მაყურებელმა ამ ისტორიაში საკუთარი თავი ამოიცნოს. ასეთი პროექტები ენერგიასაც მაძლევს და პასუხისმგებლობასაც, რადგან, როდესაც გავლენას ახდენ, უკვე მხოლოდ მონაწილე აღარ ხარ, რაღაც უფრო დიდის ნაწილი ხდები. ჩემთვის ყველა პროექტი გამოწვევაა და სადაც ვარ ყველგან ვცდილობ პოზიტივით გადმოვცე. აქტიურად ვარ ჩართული ევროპა დონასა და ჰოუფის გოგონებთან ერთად ონკოპაციენტ ქალების მხარდამჭერ ღონისძიებებში. ვარ ქალების გვერდით, რომლებმაც დაამარცხეს სიმსივნე და მათთან ერთად უფრო ასმაგად დავაფასე სიცოცხლის ყოველი წამი.
40 წლის ასაკში, პარიზის მოდის კვირეულზე, როგორც მოდელი ისე გამოხვედით და ამ ნაბიჯით თითქოს სტერეოტიპები დაანგრიეთ. რას ეტყოდით ქალებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ რაღაც ასაკში ეს უკვე გვიანია?
ვფიქრობ, „გვიანია“ ყველაზე მავნე სიტყვაა, რაც ქალს შეიძლება ჩასჩიჩინონ. არაფერია გვიან, როცა საკუთარ თავს უსმენ და აღარ გეშინია. პარიზის მოდის კვირეულზე ჩემი გამოსვლა არ იყო ამბიცია – ეს იყო მესიჯი: ასაკი არ ზღუდავს სილამაზეს, ენერგიასა და ოცნებებს.
40 წელი ჩემთვის იყო არა ზღვარი, არამედ ახალი დასაწყისი – როცა საკუთარ თავს უკეთ იცნობ და უკვე ზუსტად იცი, რა გინდა.
ქალებს ვეტყოდი: ნუ დაუჯერებთ სტერეოტიპებს. ცხოვრება არ მთავრდება – ის სწორედ მაშინ იწყება, როცა საკუთარ თავს ნებას დართავთ!
სილამაზე არ არის ასაკში – ის არის სიმშვიდესა და თავდაჯერებაში. არასდროს არ არის გვიანი არც სწავლა და არც ოცნებების ახდენა… აკეთეთ ის, რაც გაბედნიერებთ, ნურასოდეს მოუსმენთ სხვებს ვინც გეუბნებათ, რომ რაღაც არ გამოგივათ ან ვერ შეძლებთ.
ამბობთ, რომ მზად ხართ იყოთ ყველგან აქტიური, სადაც მიგიწვევენ და მაქსიმალურად ბოლომდე დაიხარჯოთ. საიდან მოდის ეს ენერგია და შინაგანი მამოძრავებელი ძალა?
15 წლისას მამა გარდამეცვალა, მაშინ, როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა. ვარ დედისერთა. მე და დედა დავრჩით მხოლოდ ერთამენის იმედად. მამა მეტყოდა ხოლმე – შენ ხარ ჩემი ბიჭიც და გოგოც. ხშირად მეუბნებოდნენ – მამას ჰგავხარ! მივეჩვიე, რომ მხოლოდ საკუთარი თავის იმედად უნდა ვიყო. ბავშვობიდან მქონდა თავდაჯერებულობა, რომ ყველაფერს შევძლებ, ყველაფერი გამომივა. არადა, მქონია ცხოვრებაში ვერგადასატანი დღეები, მაგრამ, მიუხედავად ამისა – როცა გცნობენ როგორც მუდამ პოზიტიურ ადამიანს, უფლება არ გაქვს არ იყო ასეთი. ჩემი ენერგია მოდის სიყვარულიდან – იმის სიყვარულიდან, რასაც ვაკეთებ, ადამიანებისგან, ვისთანაც ვმუშაობ და სამყაროსგან, რომელსაც ყოველდღე ვაკვირდები.
შინაგანი მამოძრავებელი ძალა ჩემში მაშინ იბადება, როცა ვხედავ, რომ ჩემი შრომა სხვებს რაღაც პოზიტიურს ანიჭებს – სიხარულს, შთაგონებას, ან, უბრალოდ, ღიმილს.
მნიშვნელოვანია მხოლოდ ერთი რამ – როცა გიყვარს შენი საქმე და ამას გულით აკეთებ, ენერგია თავისით მოდის. არც კამერა, არც სცენა – ყველაფერს აძლევს მოძრაობის ძალას შენი სითბო.
საქართველოს მოდის კვირეულშიც გეგმავთ მონაწილეობას, რა ემოციით ელოდებით ამ სცენას?
ჩემი მეორე გამოსვლა იქნება საქართველოს მოდის კვირეულზე და წელსაც, როგორც შარშან, მექნება შესაძლებლობა წარმოვაჩინო დიზაინერ ნინი ჯულაყიძის ბრენდ „limas angels“-ის ულამაზესი კაბა. დამეთანხმებით, რომ პიარი საუკეთესო პროფესიააა – ყველგან შეგიძლია იყო ვინც გინდა, თუ კარგად გამოგდის შენი საქმე. პოდიუმი არის ცხოვრება და იქ გიწევს გავლა თითქოს იმ ხალხის წინაშე, ვისაც შენი არ სჯეროდა ან ელოდება შენს შეცდომას, რომ ხელი შენსკენ გამოიშვირონ, ამის შანსი არ უნდა მისცე. ამაყად თავაწეულმა თვალები უნდა გაუსწორო და უთხრა – მიყურე, მე აქ ვარ. სცენა ჩემთვის ყოველთვის იქნება ადგილი, სადაც ემოცია და პროფესიონალიზმი ერთმანეთთან დახვეწილად იკვეთება. ეს არის შესაძლებლობა ადამიანებს დავენახვოთ იმ ენერგიით, რასაც დღემდე ვაგროვებთ და მათაც გავაგებინოთ, რომ ოცნებები არასდროს აქვთ შეზღუდული.
თქვენს მაგალითზე ჩანს, რომ წარმატება მხოლოდ კარიერა არაა, არამედ ცხოვრების სტილია. რას ნიშნავს თქვენთვის იყო წარმატებული ქალი?
ჩემთვის წარმატებული ქალი არ არის მხოლოდ კარიერის მწვერვალზე მდგომი ადამიანი. წარმატება იწყება შინაგან სიმშვიდეში, საკუთარ ღირებულებებზე სწორი არჩევანის გაკეთებაში და იმ სითბოსა და ემოციის გავრცელებაში, რასაც ყოველდღიურად ქმნი გარშემო.
წარმატება ნიშნავს, იცხოვრო სრული გულით, არ დაკარგო სიყვარული და პატივისცემა შენი თავის მიმართ, გახდე ინსპირაცია სხვებისთვის არა მხოლოდ იმით, რაც გაქვს, არამედ იმით, ვინც ხარ.
ჩემთვის წარმატება პროფესიული ზრდაა, ასევე ადამიანებთან ნამდვილი კავშირები, გამოწვევების სიამოვნებით მიღება და სულიერი სიმტკიცე. როცა ამას ასწრებ, უკვე გრძნობ, რომ ცხოვრებას დათმობა არ სჭირდება, არამედ ის შენს სტილში გირჩევს ცხოვრებას. წარმატებული ქალი ნიშნავს ყველა წარუმატებელი დღის, იმედგაცრუების, წაქცევის მიუხედავად წამოდგე და უფრო ამაყად გააგრძელო გზა! არც მე ვარ პირველი და არც უკანასკნელი, ვისაც ოჯახი დაენგრა, ვინც მარტოხელა დედაა, ვინც ცდილობს ყოველგვარი სხვა ხალხის დახმარების გარეშე საკუთარ თავსა და შვილს შეუქმნას საუკეთესო მომავალი! წარმატებული ნიშნავს მოიწმინდო ცრემლები და იყო სხვებისთვის არა სისუსტის და მსხვერპლის მაგალითი, არამედ დაანახვო სხვებს, ვინც ახლა, ამ წამს იგივეს გადის მოტივაცია მისცე, რომ არ ღირს ამ ყველაფერზე ნერვიულობა ყოველი ღრუბლიანი დღის შემდეგ აუცილებლად მზე გამოანათებს და ყველაფერი გაივლის. მე თუ ეს გადავიტანე და ახლა ვიღიმი ან რამეს მივაღწიე, შენც შეძლებ. ჩემს სოციალურ გვერდზეც და ცხოვრებაშიც მინდა ქალები მუდამ იღიმებოდნენ და ბედნიერები იყვნენ.
როგორ ახერხებთ იყოთ ერთდროულად დედა, პროფესიონალი და ქალი, რომელიც საკუთარ სურვილებს არ თმობს?
დედობა ჩემთვის უდიდესი ენერგიის წყაროა – შვილი მაძლევს სითბოს, ინსპირაციას და მადლიერებას. პროფესია კი საშუალებას, რომ საკუთარი თავი გამოვავლინო, შევიგრძნო ჩემი ძალა და შესაძლებლობები. ქალი, რომელმაც საკუთარი სურვილები არ უნდა მიატოვოს, უნდა გიყვარდეს შენი თავი, სიხარული არ უნდა დაივიწყო და ემოციები გახსოვდეს. დედაზეა დამოკიდებული რამდენ დროს უთმობს შვილს, რამდენს ესაუბრება კარგსა და ცუდზე, როგორ ასწავლის ქალის დაფასებასა და პატივისცემას. კარგად აღზრდილი შვილი ცოლისთვის ყველაზე დიდი საყრდენი და ბედნიერებაა, დედისთვის კი სიამაყე და უფლის დალოცვა. ხშირად ვამბობ, რომ უფალს ვუყვარვარ ასეთი შვილით რომ დამასაჩუქრა. მისთვის საუკეთესო საჩუქარი დაბადების დღეზე – წიგნია. ყველა დედა აქებს შვილს, თუმცა ვინც მას იცნობს, იცის, ერთ სიტყვასაც არ ვამეტებ, იმდენად წესიერია,ზრდილობიანია. ყველაზე დიდი გამართლებაა მით უმეტეს, როცა ბიჭი შვილი ორიენტირებულია სწავლაზე და არ დავეძებ ქუჩებში გარჩევებზე. იმდენად მიწყობს ხელს მისი ასეთი კარგი შვილობით, მეც ვბედნიერდები ჩემი პროფესიით. ჩვენ ერთად გავიზარდეთ. 19 წლის ვიყავი, როცა შემეძინა და დღემდე მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. იმდენად ამაყობს ჩემით, ერთხელ გაიზიარა კიდეც როცა გაზეთში დამბეჭდეს, დაასათაურა – ეს გოგო დედაჩემიაო. ამაზე მეტი მამოძრავებელი ძალა და ენერგია რა უნდა იყოს, როცა მიყვება – იცი დეეე, თანატოლები მეუბნებიან დედაშენის გამომწერი ვართ, როგორი ლამაზი, ნიჭიერი და პოზიტიურიაო. მითხარით, როგორ არ ვიყო ბედნიერი
დღეს რომ უკან დაბრუნება შეგეძლოთ – რას ეტყოდით 20 წლის ნათიას?
გიყვარდეს საკუთარი თავი, გაბედე ოცნებები და არასდროს გეშინოდეს საკუთარი გზის არჩევის. შეცდომები შენი საუკეთესო მასწავლებლები იქნებიან, ამიტომ მათი არ გეშინოდეს. იყავი გულწრფელი, იყავი ძლიერი და ყველა ბარიერი, რომელიც გზაზე გაჩნდება, შენივე ენერგიით დაიძლევა. უფალი ყველაფერს ხედავს და მას შენ უყვარხარ.
როგორ ხედავთ საკუთარ მომავალს თუნდაც 5 წლის შემდეგ – უფრო ტელევიზიაში, მოდაში, კულინარიაში თუ სხვა მიმართულებით?
მომავალი ჩემთვის ყოველთვის შესაძლებლობებით სავსეა. ამ ეტაპზე ვგრძნობ, რომ ჩემი თავი შემიძლია ვნახო სხვადასხვა მიმართულებით – ტელევიზიაში, მოდაში, კულინარიაში, მაგრამ მთავარი ნიშანი ჩემთვის იქნება ერთი: აკეთო ის, რაც გულს აგინთებს.
5 წლის შემდეგ მინდა, რომ ჩემი საქმე იყოს მრავალფეროვანი, შემოქმედებითი და ადამიანებთან დაკავშირებული. პროექტები, რომლებიც შთაგაგონებს, გასწავლის და ემოციებს ქმნის – სწორედ ასეთი იქნება ჩემი გზა. მე არ მეშინია ახალი გამოწვევებისა, ვცდილობ, მუდმივად გავზარდო საკუთარი უნარები და დავრჩე ნამდვილი, გულწრფელი…
ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ოჯახია და მაინც ყველაზე დიდი გამართლება სწორი ადამიანის პოვნაა, რომელსაც უყვარხარ წარმატებულიც და წარუმატებელიც. როცა უყვარხარ ნამდვილი, მუდამ გეგულება და შენი საყრდენია. ვისურვებდი ისეთ ადამიანს, რომელიც კი არ დაკომპლექსდებოდა ჩემი წარმატებითა და სიძლიერით, პირიქით, იამაყებდა იმით როგორი ადამიანია მის გვერდით. ერთად მივაღწევდით წარმატებას, პრობლემებს ძალით კი არ შევქმნიდით, არამედ, ამ „ერთი დღის სიცოცხლეს“ მხოლოდ ერთმანეთის გაბედნიერებასა და დაფასებაში გავატარებდით. ნამდვილი და ერთგული სიყვარული მაინც სხვანაირად ალამაზებს და აბედნიერებს ქალს.















