ამერიკული სატელევიზიო არხების ქსელმა HBO-მ ქართველ ჟურნალისტზე თამუნა მუსერიძეზე და საქართველოში დაკარგულ ბავშვებზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო, რომელიც ნამდვილ ისტორიებს ეფუძნება.

დოკუმენტური ფილმი თამუნა მუსერიძის საგამოძიებო საქმიანობისა და დაბადებისას დაშორებული ტყუპი დების შესახებ გვიამბობს, რომლებიც 19 წლის შემდეგ სოციალური მედიის წყალობით შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს. ფილმის სცენარის ავტორი და რეჟისორი მარტინა ვოიცეხოვსკა და იოვიტა ბარანიეცკა არიან.
“მარტინა ვოიცეხოვსკაიასა და იოვიტა ბარანიეცკას დოკუმენტური ფილმი, “მოპარული ბავშვები”, რომელმაც მთელი ევროპა შეაძრწუნა, HBO Max-ზე 12 დეკემბრიდან იქნება ხელმისაწვდომი” – წერს HBO სოციალურ ქსელში.

ფილმის წინასაპრემიერო ჩვენება 5 დეკემბერს, ვარშავაში გაიმართა, ხოლო საჯარო პრემიერა HBO Max-ზე 12 დეკემბერს შედგება.
„მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტური ფილმია, იმდენად ემოციური, ჩამთრევი და გამოძიებული დეტალებითაა გაჯერებული, რომ ვერ მოწყდებით. ძალიან საინტერესო დეტალებია ფილმში. რეჟისორებმა იპოვეს ადამიანი, რომელიც ბავშთა სახლში მუშაობდა და დეტალურად ჰყვება, როგორ ხდებოდა ბავშვთა გაყიდვა; იპოვეს სამშობიაროს თანამშრომლები, რომლებიც აქამდე არ ლაპარაკობდნენ ამ თემაზე, მაგრამ რეჟისორებმა მოახერხეს და ჩაწერეს. იპოვეს იურისტები, ისტორიკოსები… ძალიან მნიშვნელოვანი ფილმია ქალისთვის, რომელიც შვილს ეძებს და ვერ ამტკიცებს, რომ ბავშვი მოპარეს.
ფილმში გორელი ქალების ისტორიაა ისეთი ემოციური, რომ მთელი დარბაზი ტიროდა ამ ქალების საცოდაობით“ – ამბობს თამუნა მუსერიძე “ზმნასთან” ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ თამუნა მუსერიძე BBC-ის 2023 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ქალის სიაში მოხვდა, რომელთა საქმიანობა საკუთარი ქვეყნის ფარგლებს გასცდა. ეს BBC-ის სიაში ქართველი ქალის მოხვედრის პირველი შემთხვევაა, რაც ჟურნალისტის საქმიანობის მიმართ მაღალ საერთაშორისო ინტერესზე მეტყველებს.
ჟურნალისტი თამარ მუსერიძე საქართველოს ტელესივრცეში 18 წლის ასაკიდან მუშაობს. 31 წლის ასაკში, ჟურნალისტმა გაიგო, რომ ნაშვილებია და ამის შემდეგ მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. საკუთარი ბიოლოგიური მშობლების ძიების პროცესში მუსერიძემ შვილად აყვანის შავი ბაზარი აღმოაჩინა, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით არსებობდა და უამრავი ოჯახი დააზარალა. ჟურნალისტმა არასამთავრობო ორგანიზაცია და ფეისბუქ-ჯგუფი „ვეძებ“ შექმნა, რომელიც ადამიანებს ოჯახის წევრების პოვნაში ეხმარება.
“მუსერიძის ორგანიზაცია ასობით ოჯახს დაეხმარა გაერთიანებაში, მაგრამ ის კვლავ ეძებს საკუთარ ოჯახს” – წერდა BBC ქართველ ჟურნალისტზე.

2024 წელს თამუნა მუსერიძისა და საქართველოში უკანონოდ გაშვილებული ჩვილების შესახებ BBC -ის დოკუმენტური ფილმი „ღალატი დაბადებისთანავე: საქართველოს მოპარული ბავშვები“ გამოვიდა.
ასევე დაგაინტერესებთ
#OK! „დედას არ სურს ჩემთან ურთიერთობა, მამამ კი არათუ ჩემი არსებობა, არამედ ორსულობაც კი არ იცოდა…“












