მაიკლ ჯექსონის მემკვიდრეებმა ხუთ ადამიანს, რომლებმაც მომღერალი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულეს, 2025 წლის განმავლობაში, საიდუმლოდ 2,5 მილიონი დოლარი გადაუხადეს – ამის შესახებ გაზეთი Financial Times სასამართლო დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ეს გადახდა 2020 წელს, მომჩივნებთან მიღწეული შეთანხმების ბოლო ნაწილია. შეთანხმების საერთო თანხამ 16,5 მილიონი დოლარი შეადგინა, შესაბამისად, ხუთი მომჩივანიდან თითოეულმა 3,3 მილიონი დოლარი მიიღო.
Financial Times-ის ცნობით, მომჩივნებად სახელდებიან დომინიკ კასკიოს ოჯახის წევრები, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში მაიკლ ჯექსონის ახლო მეგობრებად ითვლებოდნენ. ცოლ-ქმარი კასკიო ამტკიცებს, რომ 2020 წელს შეთანხმებას ხელი ზეწოლის ქვეშ მოაწერეს ისე, რომ მისი პირობები სრულად არ ესმოდათ და ახლა უფრო მსხვილ კომპენსაციას იმედოვნებენ.
სასამართლო დოკუმენტების თანახმად, ოქტომბერში კასკიოს ოჯახის ხუთმა წევრმა განაცხადა, რომ ჯექსონი მათზე სექსუალურ ძალადობას ახორციელებდა იმ დროიდან, როცა ჯერ კიდევ ბავშვები იყვნენ. მომღერლის მემკვიდრეები ამ ბრალდებებს სიცრუესა და გამოძალვის მცდელობად მიიჩნევენ.

2025 წლის განმავლობაში მხარეები მოლაპარაკებებს კერძო წესით აწარმოებდნენ, თუმცა ახლა კასკიოს ოჯახი საქმის საჯარო განხილვას ითხოვს. ამ საკითხზე მოსმენა ლოს-ანჯელესის უმაღლეს სასამართლოში 6 ნოემბრისთვის არის დანიშნული.
როგორც Financial Times-ი აღნიშნავს, საჯარო სასამართლო პროცესმა შეიძლება შეაფერხოს ბიოგრაფიული ფილმის „მაიკლი“ გამოსვლა, რომლის პრემიერაც 2026 წელს არის დაგეგმილი.
კასკიოს ოჯახმა მაიკლ ჯექსონის მემკვიდრეების წინააღმდეგ სარჩელი მას შემდეგ შეიტანა, რაც 2019 წელს HBO-ს დოკუმენტური ფილმი „ნევერლენდის დატოვება“ (Leaving Neverland) გამოვიდა, სადაც უეიდ რობსონმა, დენ რიდმა და ჯეიმს სეიფჩაკმა ისაუბრეს როგორ დაუახლოვდნენ ბავშვობის დროს მაიკლ ჯექსონს და როგორ გახდნენ მისი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი.

ცნობისთვის, ახლახან ამერიკულმა Forbes-მა 2025 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი გარდაცვლილი ვარსკვლავების რეიტინგი გამოაქვეყნა. ამ რეიტინგის თანახმად, მაიკლ ჯექსონი ყველაზე მაღალანაზღაურებადი გარდაცვლილი მომღერალია – ლეგენდარული მუსიკოსის სიმღერებიდან მიღებულმა ჰონორარებმა მხოლოდ 2025 წელს მის მემკვიდრეებს 105 მილიონი დოლარი მოუტანა.
ასევე დაგაინტერესებთ
#OK! მსხვერპლები თუ თაღლითები? – 5 და-ძმა მაიკლ ჯექსონს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს












