ადამიანს აქვს ნებაც, უნარიც და პასუხისმგებლობაც, გააკეთოს არჩევანი. არჩევანი არის შესაძლებლობა – ჩვენი სურვილებისა და მიზნების შესაბამისად, რამდენიმე ალტერნატიული გზიდან ერთ-ერთის არჩევის. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ცხოვრება სწორედ წარსულში მიღებული გადაწყვეტილებებისა და მოქმედების შედეგია. თუმცა ეს მაშინ ხდება, როდესაც არჩევანი გაცნობიერებულია. მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა ჩვენი გადაწყვეტილება ავტომტურ ფიქრებზე, ემოციებსა და ქმედებებზეა დაფუძნებული? როგორ შეგვიძლია გავაკეთოთ გაცნობიერებული არჩევანი და რას გულისხმობს სივრცე მოვლენასა და რეაქციას შორის? – ამ ყველაფერზე ბიზნესკონსულტანტი, Katsman & Friends-ის დამფუძნებელი – საშა კაცმანი გვესაუბრა. აღნიშნულ თემასთან ერთად, საშა კაცმანი გვიზიარებს თავის გამოცდილებას, თუ როგორ მიიღო პოდკასტების შექმნის გადაწყვეტილება. ბიზნესპოდკასტი – სივრცე, სადაც მეწარმეობის სულისკვეთება უპირველესია, ეს არის მცდელობა, ხელი შეუწყოს იმ საზოგადოების ჩამოყალიბებას, სადაც სხვა ადამიანის წარმატება შურის მიზეზი კი არა, შთაგონება ხდება. კაცმანის სხვა პოდკასტი კი უფრო მეტია – ის ემსახურება გაცნობიერებული სამოქალაქო საზოგადოების ზრდას.
პირველი ასოციაცია რა გიჩნდებათ სიტყვა – არჩევანზე…
საშა კაცმანი: ნება, თავისუფლება და პასუხისმგებლობა.
როდის აკეთებს ადამიანი თავის პირველ გააზრებულ არჩევანს?
არჩევანს სულ ვაკეთებთ. გააზრებული არჩევანი როდის იწყება, რთული სათქმელია, ალბათ ასაკიდან და განვითარებიდან გამომდინარე, რაღაც ასაკი დგება, როდესაც ჩვენ ნელ-ნელა ვიწყებთ გააზრებას და ვაკეთებთ არა ავტომატურ და გაუცნობიერებელ არჩევანს, არამედ ნაფიქრს – ეს ხდება მაშინ, როდესაც აბსტრაქტული აზროვნება უჩნდება ადამიანს, როდესაც შეუძლია ვერსიები განიხილოს. ეს იწყება 8 წლის ასაკში, მანამდე ბავშვი არჩევანს ეგოცენტრიკულად აკეთებს, სხვა ხედვა არც აქვს.
ზოგიერთი ადამიანი არჩევანს ინსტინქტურად აკეთებს. იუნგი ამბობდა, ერთადერთი პრობლემა არის ის, რომ ჩვენ არა ვართ გაცნობიერებულები, სხვა პრობლემა არ არსებობს – ყველა სხვა პრობლემა ამ ერთი პრობლემის შედეგიაო.
ზუსტად ამას მიუთითებდა, რომ ჩვენი არჩევანი მეტწილად არის განპირობებული ავტომატური რეაქციებით, რომელიც გვაქვს მოვლენებზე, თუ როგორ ვაკეთებთ ამ მოვლენის ინტერპრეტაციას, რისგან გამომდინარე განვიცდით ემოციებს, ემოციებიდან გამომდინარე კი იმპულსებს, ჰორმონალური პროცესი მიმდინარეობს ჩვენში და მერე ვაკეთებთ არჩევანს. ადამიანი ფსიქოლოგიურად არ ვითარდება თავისი ნების მიღმა, ადამიანი იზრდება სხეულით, მაგრამ ფსიქოლოგიურად ასე არ იზრდება – განვითარების ეტაპები ასაკობრივად წესით და რიგით უნდა გავიაროთ, ბევრი ადამიანი ვერ გადის სრულყოფილად, სწორედ ამიტომ იჭედება რომელიღაც კონკრეტულ ასაკში, დაუხურავი აქვს ეტაპი და იჭედება, შეიძლება 50 წლის ადამიანის სხეულში დავინახოთ 13 წლის ფსიქოლოგიური თინეიჯერი.
როდესაც ვსაუბრობთ არჩევანზე, ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ ავტომატურ არჩევანზე, გვიგროვდება ცოდნა, გამოცდილება, რომელიც გვიმუშავებს ქცევის მოდელებს, რასაც ჩვენ ვეძახით არჩევანს. სინამდვილეში ის არჩევანი არ არის, ის არის ქცევის მოდელი, რომელიც ბევრჯერ გავიმეორეთ და გახდა ჩვევა. პიროვნება ჩვევების ერთობლიობაა.
გაცნობიერებული არჩევანი კი საჭიროებს სხვანაირ განვითარებას. სინამდვილეში არჩევანი აქვს ადამიანს, რომელმაც იცის, თუ რაიმე მოვლენა მოხდება მის ცხოვრებაში, უნდა დააპაუზოს და ვერსიები განიხილოს, შემდეგ ამ ალტერნატივებში აირჩიოს ერთ-ერთი. ეს პროცესი კი მხოლოდ გაცნობიერებულ ადამიანს შეუძლია გააკეთოს, ხოლო გაუცნობიერებელი ადამიანი გადაახტება, ანუ მოვლენასა და რეაქციას შორის სივრცეს ტოვებს, არჩევანს კი სჭირდება სივრცე. გაუცნობიერებელი ადამიანი ავტომატურად რეაგირებს, ანუ რაღაც მოხდა და ამაზე აქვს შემუშავებული გამოცდილებით რეაქცია. სინამდვილეში არჩევანი არ კეთდება, თუ ადამიანს არ აქვს სივრცე გამაღიზიანებელს, ე.წ ტრიგერსა და ადამიანის ავტომატურ ჩვევა – რეაქციას შორის. თუ ადამიანს ამ სივრცის შექმნის უნარი არ გააჩნია, ე.ი. მას ცნობიერი არჩევანის შესაძლებლობა, უბრალოდ, არ აქვს.
აქამდე როგორ უნდა მივიდეს ადამიანი? დაპაუზების სწავლება შესაძლებელია?
ივარჯიშოს, ისწავლოს, ამ ყველაფრის სწავლა შესაძლებელია. ჩვენ დიდწილად განპირობებულები ვართ ჩვენი წარსულით, რაშიც იგულისხმება აღზრდა, განათლება, საზოგადოება, ეთიკა, მორალი, რელიგია, მედია, პროპაგანდა… ძალიან ბევრი რაღაცის ზემოქმედების ქვეშ არის ადამიანი, თუმცაღა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველანი ვართ განპირობებული ჩვენი გამოცდილებით, ადამიანს შეუძლია შექმნას სივრცე არჩევანისთვის. ეს არის პროცესი, რომელსაც სჭირდება სწავლა, უნარების განვითარება. ადამიანმა უნდა ისწავლოს ალტერნატივების განხილვა. ჩვენში ისე ღრმადაა ჩვევები გამჯდარი, რომ თუ ადამიანი ნავარჯიშები არ არის, რეალურად ამ ვერსიებს ვერ დაინახავს და ექნება ყოველთვის ავტომატური რეაქცია, რომელსაც არჩევანს დაარქმევს. ბოლოს კი დაამატებს – მე ასეთი ვარ.
რეალურად ეს ყველაფერი, რასაც მე ვასწავლი, უნდა ისწავლებოდეს სკოლებში. მე რომ ეს ყველაფერი მესწავლა სკოლაში, ბევრად უფრო გაცნობიერებულ არჩევანს გავაკეთებდი ჩემს ცხოვრებაში, ვიდრე გავაკეთე.
კეთილსა და ბოროტს შორის მარტივია არჩევანის გაკეთება?
რა არის ბოროტება? გასაგებია, რომ ადამიანი არ უნდა მოკლა, მაგრამ… დავუშვათ, A ადამიანმა მოკლა B ადამიანი, თქვენ მარტო A და B-ს ჭრილში უყურებთ, ახლა წარმოიდგინეთ, რომ A-ზეც და B-ზეც არის მიბმული ასობით ადამიანი, ანუ A-სა და B-ს შორის მომხდარმა ამბავმა, რომელსაც ჩვენ ვიწროდ განვიხილავთ როგორც ბოროტებას, გამოიწვია A-ს და B-ს ას-ასი ადამიანის ცხოვრებაში ცვლილება, ანუ შექმნა გამოცდილება, გამოწვევა, რომელიც უნდა გაიარო. ვიღაცას ამ გამოცდილებაში ექნება პატიება სასწავლი, ვიღაცას გლოვა, ვიღაცას ბოდიშის მოხდა… და ამ გადმოსახედიდან რომ შეხედოთ, ისევ ბოროტებაა? ყველა გამოცდილება თავისთავად ნეიტრალურია. ერთი კუთხით რომ შევხედოთ მოვლენას, კი, ბოროტებად აღიქმება, მაგრამ ეს ბოროტება როგორ ტრანსფორმირდება და რაში გადაიზრდება, ჩვენ არ ვიცით. ძალიან ვარიდებ თავს, რომ შეფასებები გავაკეთო სწორხაზოვნად და ვიწრო ფოკუსში, ვცდილობ, რომ დიდ სურათში დავინახო, ამ თუ იმ მოვლენას რა შეიძლება მოჰყვეს.
ბოროტებასა და სიკეთეს შორის აირჩიე სიყვარული. თუ დავდგები ამ არჩევანის წინაშე, მე ავირჩევ სიყვარულს, და ამ სიყვარულით ვაკეთებ ჩემს საქმეს.
რატომ გადაწყვიტეთ პოდკასტის შექმნა? პროფესიის შეცვლა?
როცა ჯერ კიდევ ბანკში ვმუშაობდი, მინდოდა ბიზნესისტორიები მომეყოლა არაფორმალურ გარემოში. მაშინ დამკვეთი ვიყავი და ვეძებდი შემსრულებელს, ვის აქვს ასეთი გარემო, სადაც შეუძლია ბიზნესმენს, მივიდეს და მოჰყვეს ნამდვილი ისტორია და არა დავარცხნილი. მაშინ აღმოვაჩინე, რომ ასეთი სივრცე არ არსებობდა. შემდეგ გავიდა წლები, წამოვედი ბანკიდან, შევიცვალე პროფესია და მივხვდი, რომ ისევ ის პრობლემა იყო, არ არსებობდა სივრცე, სადაც მეწარმეობის აზროვნებას და სულისკვეთებას გააზიარებდი. რატომაა ეს მნიშვნელოვანი? იმიტომ, რომ, მე მჯერა, იმისთვის, რომ ქვეყანა გახდეს დამოუკიდებელი, ერთ-ერთი მთავარი დამოუკიდებლობის განზომილება არის ფინანსური დამოუკიდებლობა – ეკონომიკა იყოს ძლიერი და ა.შ. ეს შედეგი რომ მივიღოთ, ამისათვის აუცილებელია ამ ქვეყანას ჰყავდეს ძალიან ბევრი წარმატებული მეწარმე, რომელიც მას გადასახადს გადაუხდის. ვფიქრობდი, როგორ შემეძლო ამაში ჩემი წვლილი შემეტანა და შევქმენი სივრცე, სადაც მომყავს მეწარმეები. თავიდან ძალიან ცნობილები მომყავდა, გავაკეთე ექსკლუზიური ინტერვიუები ისეთ მეწარმეებთან, რომლებიც მედიაში არასოდეს ჩნდებოდნენ, ხანდახან ახალბედა მეწარმეებიც მომყავს. ყველანაირად ვცდილობ ხელი შევუწყო სამეწარმეო აზროვნების და სულისკვეთების პოპულარაზაციას ამ ქვეყანაში. მინდა, ადამიანებს კი არ შურდეთ წარმატებული მეწარმეების, არამედ დაინახონ ცოცხალი ადამიანები წარმატების მიღმა. რომ წარმატება არ არის ის, მემკვიდრეობა ერგო თუ ვიღაცამ ვიღაცას აჩუქა, არამედ ამის უკან დგას შრომა – ადამიანმა გარისკა, ისწავლა და იშრომა. ასე გაჩნდა ბიზნესპოდკასტი. ამის შემდეგ მაინც მქონდა შეგრძნება, რომ რაღაც მაკლდა. სულ ვამბობდი, რომ სხვა პოდკასტიც უნდა გავაკეთო-მეთქი და ასეც დავარქვი – „კაცმანის სხვა პოდკასტი“.
„კაცმანის სხვა პოდკასტი“ ემსახურება გაცნობიერებული სამოქალაქო საზოგადოების ზრდას. ვსაუბრობთ ზოგადსაკაცობრიო თემებზე წარმატებულ ადამიანებთან ერთად. მე მჯერა, რომ ას მთავარ სიტყვაზე თუ შევთანხმდებით (რა არის მეგობრობა, სიყვარული, პატივისცემა, დაფასება, წვლილის შეტანა და სხვ), საზოგადოებაში არანაირი კონფლიქტი, ომი და დაძაბულობა არ იარსებებს.
დღეს ძალიან ბევრს საუბრობენ სულიერებაზე, რამ განაპირობა ეს?
ჩვენ, ადამიანები, ვართ სოციალური არსებები, თანამედროვე ცხოვრების სიკეთემ დაგვტოვა მარტო. მარტოსულები გავხდით. ამან კი მიგვიყვანა სულიერ დეფიციტამდე. გაგვიჩნდა ცოტა დოვლათი, დავიკმაყოფილეთ ბაზისური საჭიროებები, ადამიანის ცნობიერება ამაღლდა და გაგვიაქტიურდა სულიერი საჭიროებები.
სინამდვილეში ყველაფერი, რასაც მე ვაკეთებ, – კურსები, ტრენინგები და პოსდკასტები, –ემსახურება სულიერებას. უბრალოდ, მე არ ვიძახი ამ სიტყვას, რადგან ყველას სხვადასხვანაირად გვესმის ეს სიტყვა. ჩემთვის სულიერი არის ყველაფერი, რაც ადამიანებს კი არ აშორებს, არამედ აერთიანებს და აახლოებს. ჩემთვის სულიერება არის ერთი სიტყვა – ჩვენ. როდესაც ჩვენ, ადამიანები, ვუკავშირდებით ერთმანეთს, მაშინ გვავიწყდება, რომ მე მე ვარ და შენ შენ ხარ, და ჩვენ გავქვს განცდა, რომ ჩვენ ერთობა ვართ. ეგ არის ჩემთვის სულიერების არსი.
ადამიანები მხოლოდ ერთმანეთს დავშორდით თუ ღმერთსაც?
მე მჯერა, რომ ყველა ადამიანში არის ღმერთის ნაწილი. აქედან გამომდინარე, თუ დავშორდით ერთმანეთს, ე.ი. დავშორდით ღმერთსაც. დავესესხები მამა გურამ ოთხოზორიას, „რად მინდა ღმერთი ვეძიო ტაძარში, როცა აგერ წინ მიზის ღმერთი“.
ტექსტი: სოფიო მალანია
ფოტო: ალექსეი სეროვი