„იცის რამე?“ – ეს კითხვა ალბათ კარგად ასახავს განწყობას, რომელსაც სამუშაო გარემოში გენდერულ სტერეოტიპებთან შეჯახებისას შეიძლება გადააწყდე. ავტოსფერო, რომელიც დიდი ხანია მონიშნულია კაცების ტერიტორიად, ადგილს ძნელად უთმობს ქალებს და მათ ხშირად აიძულებს, უარი თქვან საკუთარ ოცნებაზე.
კითხვაზე: აქვთ თუ არა საქართველოში ქალებს შესაძლებლობა, შეუზღუდავად აირჩიონ პროფესია, რომელიც ყველაზე მეტად მოსწონთ? – პასუხი, როგორც წესი, დადებითია, თუმცა სტატისტიკა სხვაზე მეტყველებს: ავტოინდუსტრიაში, ნავიგაციაში, ტექნოლოგიებში ჯერ ისევ ცოტა ქალია.
იმ კომპანიებს შორის, რომლებიც აქტიურად მუშაობენ ქალების გაძლიერების მიმართულებით და გენდერული სტერეოტიპების დასაძლევად, „თეგეტა ჰოლდინგს“ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ქალების მხარდაჭერა კომპანიის კორპორაციული მდგრადობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. „თეგეტა“ სხვადასხვა საავტორო თუ მხარდაჭერილი პროექტით აქტიურად ზრუნავს სამუშაო სივრცეში ქალებისა და კაცების უფლებების თანაბარ დაცვაზე. კომპანიაში სჯერათ, რომ პროფესიულ არჩევანს გენდერი არ უნდა განსაზღვრავდეს. და მაინც, ყველაფერს ქალების სურვილი და ოცნების რეალობად გარდაქმნის მოტივი წყვეტს.
ეს ამბებიც ასეთ ქალებზეა. ჟურნალი OK! გიამბობთ „თეგეტა მოტორსში“ დასაქმებული გოგოების შესახებ, რომლებმაც ერთი შეხედვით „მამაკაცური საქმე“ ცხოვრების მოწოდებად აქციეს… აბედნიერებთ და უდიდეს სიამოვნებას ანიჭებთ. როგორ იპოვეს გზა სასურველ საქმიანობამდე, რა წინაღობები შეხვდათ ამ გზაზე და რას ურჩევდნენ იმ ქალბატონებს, რომლებიც ძიების პროცესში არიან, თავად გვიამბობენ.
დომინიკა ხარხელი
დომინიკა ხარხელი „თეგეტა მოტორსის“ ერთ-ერთი ფილიალის მთავარი მექანიკოსია. მანქანები მის ცხოვრებაში ჯერ საკოლექციო მოდელების სახით შემოვიდა, მოგვიანებით, ავტომობილების ყიდვა-გაყიდვის გზით, შემოსავლის წყაროდ იქცა. საბოლოოდ კი მანქანებს იმდენად კარგად „გაუგო“, რომ პროფესია შეიცვალა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროდან ავტოინდუსტრიაში გადაინაცვლა.
დომინიკა წლების განმავლობაში პროფესიით, ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით მუშაობდა, თუმცა ამბობს, რომ მანქანები ყოველთვის აინტერესებდა. ავტოსფეროში პირველი გამოცდილება მის პირველ ავტომობილს უკავშირდება, რომლის მფლობელიც 16 წლისა გახდა. იხსენებს, რომ მანქანას მუდმივად უფუჭდებოდა დეტალები და ძიების, კითხვის, დაშლის, აწყობის, შეცდომების დაშვებისა და პატარ-პატარა გამარჯვებების გზით ისწავლა მანქანის „ენა“. პარალელურად დაიწყო აუქციონის გზით ავტომობილების შესყიდვა.
„უცხოეთიდან ჩამოსული პირველი ავტომობილის შეკეთება ჩემით ვცადე. რასაც ვერ გავწვდი – სპეციალისტის დახმარებით მივაღწიე. მაშინ აბსოლუტურად თვითნასწავლი ვიყავი. სწორედ ამ პროცესში გამიჩნდა ინტერესი ელექტრობის მიმართ. შემდეგ გავიარე პროფესიული კურსი ძრავის ელექტრობის მიმართულებით. დიპლომი ავიღე და „თეგეტა მოტორსში“ მოსწავლე-მექანიკოსად მივედი საქმის უფრო სიღრმისეულად შესასწავლად. ერთწლიანი სტაჟირების შემდეგ სამსახურში მთავარი მექანიკოსის სტატუსით ამიყვანეს, დიაგნოსტიკა-ელექტრობის მიმართულებით. მანქანების მიმართ ჩემი სიყვარული პროფესიად სწორედ „თეგეტა მოტორსში“ იქცა, სადაც დროის უმეტეს ნაწილს ვატარებ და თავი საკუთარ სახლში მგონია, იმდენად კომფორტული გარემოა“.
ოჯახის წევრებს არ გაჰკვირვებიათ, როცა დომინიკამ პროფესიის შეცვლა გადაწყვიტა – ავტომექანიკოსობა მანქანებით მისი გატაცების ბუნებრივ გაგრძელებად მიიჩნიეს. ამბობს, რომ ოჯახის მხარდაჭერა ყველაზე მეტად დაეხმარა, გამკლავებოდა საზოგადოების რეაქციას, რომელიც არაერთგვაროვანი აღმოჩნდა.
„ახლობლები მუდმივად ხედავდნენ ავტომობილების მიმართ ჩემს სიყვარულს, ამიტომ მათთვის მოულოდნელი არაფერი მომხდარა. რაც შეეხება გარემოცვას, მათი შეფასებები ხშირად კრიტიკული იყო. დამეხმარა ის, რომ მზად ვიყავი, ყველა სირთულეს გავმკლავებოდი. ვიცოდი, ჩემს გადაწყვეტილებას განსხვავებული შეფასებები მოჰყვებოდა, თუმცა გაცნობიერებულ ასაკში დავეუფლე ამ პროფესიას და ვერანაირი შეფასება ვერ იქნებოდა ჩემთვის დაბრკოლება. მართალია, ბევრჯერ მწყენია, საკუთარ თავშიც ჩავკეტილვარ, მაგრამ უარყოფით განწყობას მოვერიე. ზოგადად, ამ სფეროში ქალს გაცილებით მეტს გთხოვენ, ჩასაფრებულის პოზიციიდან გიყურებენ: აბა, ეს თუ იცი, ის თუ იცი… აღარაფერს ვამბობ მომხმარებლებზე, რომლებსაც ხშირად უკითხავთ: რამე იცი? მაშინ როცა აბსოლუტურად ყველა გამოცდა, თეორიული თუ პრაქტიკული, ბიჭებზე მაღალი ქულებით ჩავაბარე. ამით ძალიან ვამაყობ“.
დომინიკა ამბობს, რომ აკეთებს საქმეს, რომელიც აბედნიერებს, უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს და მისი მოწოდებაა. სამომავლოდ განვითარებას ისევ ელექტრობის მიმართულებით ფიქრობს, კერძოდ, ელექტრომობილების განხრით.
„ეს არის განვითარებადი, ძალიან საინტერესო, დინამიკური და სიღრმისეული სფერო. მუშაობის პროცესში რაც მეტ სირთულეს გაართმევ თავს, უფრო მეტის კეთებისა და დაძლევის მოტივაცია გიჩნდება. მინდა დავამტკიცო, რომ ქალები იმაზე ძლიერები ვართ, ვიდრე წარმოუდგენიათ“.
კითხვაზე: რას ურჩევდა ქალებს, რომლებსაც მასავით იზიდავთ ავტოინდუსტრია, მაგრამ ამ სფეროში ძალების მოსასინჯად გამბედაობა არ ჰყოფნით, დომინიკა გვპასუხობს – პროფესიონალი მაშინ ხარ, როცა სასურველ საქმეს აკეთებ, ამიტომ არასოდეს უნდა მიაქციო ყურადღება ფრაზებს: „ის მხარს არ მიჭერს!“ ან „ის ასე ფიქრობს ჩემზე…“ „მე რომ დამინახავენ, არ მოიყვანენ მანქანას“ და სხვა.
ლიკა მაისურაძე
ლიკა მაისურაძეს ავტომობილების მიმართ ინტერესი ჯერ კიდევ ბავშვობაში გაუჩნდა, მაშინ როცა სათამაშო მანქანებით გატაცებით თამაშობდა. ასაკის მატებასთან ერთად, „თამაში“ გართულდა და გაცილებით საპასუხისმგებლო გახდა. ლიკა დღეს „თეგეტა მოტორსის“ ერთ-ერთი ფილიალის მთავარი მექანიკოსია.
პროფესიული ბედი დიდწილად ოჯახურმა ტრადიციამაც განსაზღვრა: ლიკას მამა მექანიკოსია. კითხვაზე: როგორ შეხვდა შვილის ინტერესს ამავე ხელობის მიმართ? – ლიკა გვპასუხობს, რომ არცთუ დიდი სიხარულით, რადგან მამამ ყველაზე კარგად იცოდა საქმის სირთულეც და სხვა წინააღმდეგობებიც, რომელთა გადალახვა გოგოსთვის გარდაუვალი იქნებოდა. საბოლოოდ, დედის რჩევით, ლიკამ იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა, თუმცა ავტოსფეროზე უარი მაინც არ უთქვამს. უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად, მამას სამსახურში დაჰყვებოდა და მანქანასაც საფუძვლიანად სწავლობდა.
„ბავშვობიდან საკუთარი თვალით ვხედავდი, რამდენად შრომატევადი იყო მამას საქმე, მაგრამ ეს დაბრკოლებად არ აღმიქვამს. პირიქით, სირთულის გამო კიდევ უფრო მიზიდავდა ეს პროფესია. თან, როცა ვნახე, რომ კარგად გამომდიოდა, ხალისი და მოტივაცია მომემატა“.
მამა მართალი აღმოჩნდა – ლიკას სხვადასხვა სამსახურში არაერთი იმედგაცრუებისა და სტრესული ეტაპის დაძლევა მოუხდა. არაერთხელ შეეჯახა შეხედულებას, რომ მანქანის მე-ქანიკოსობა ქალის საქმე არაა. მომხმარებლები ხშირად არასერიოზულად აღიქვამდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ გოგო იყო. უნდობლობის გამო გაჰქცევიან კიდეც. რთული იყო, თუმცა შეძლო, ყველა წინააღმდეგობა გამოცდილებად ექცია.
„თეგეტა მოტორსში“ ლიკა მეგობრის რჩევით მივიდა. წლების განმავლობაში ოცნებობდა, ემუშავა მშვიდ, სტერეოტიპებისგან თავისუფალ გარემოში, სადაც აღიარებული და დაცული იქნებოდა გენდერული თანასწორობის პრინციპი. გასაუბრების გავლის შემდეგ ლიკა მოსწავლე-მექანიკოსად აიყვანეს სავალი ნაწილის მიმართულებით. დღეს უფროსი მექანიკოსია და სამუხრუჭე სისტემაზე მუშაობს.
„ბედნიერებაა, მუშაობდე კომპანიაში, რომელიც ხელს გიწყობს განვითარებასა და პროფესიულ ზრდაში; როცა გარემო ჯანსაღია, იქ თანამშრომლის მოტივაციაც მაღალია“.
ავტოინდუსტრიაში შრომა და თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა ბევრ რამეს წყვეტს. ამიტომ ძნელად შესასრულებელი სამუშაო არასდროს აშინებს, უფრო პირიქით – რაც უფრო პრობლემურია მანქანა, მით უფრო კმაყოფილია სირთულეებთან შეჭიდების შესაძლებლობით.
ლიკა ამბობს, რომ შრომისმოყვარეობასთან ერთად, პრინციპულობა და მიზნისკენ ჯიუტად სვლა დაეხმარა, ბავშვობის ოცნება რეალობად ექცია და პროფესიონალი მექანიკოსი გამხდარიყო. მიიჩნევს, რომ პროფესიის არჩევისას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რას ფიქრობს სხვა.
„რთული საქმეა ფიზიკურადაც, ფსიქოლოგიურადაც, მაგრამ მთავარია, გინდოდეს და თუ სურვილი ძლიერია, პრობლემაც არ არსებობს. ნებისმიერი სირთულე შეიძლება გამოწვევად აქციო და მისი დაძლევით სიამოვნება მიიღო. მომხმარებლების კმაყოფილი და ხშირად გაოცებული სახე ჩემთვის საუკეთესო პასუხია იმ ყველაფერზე, რასაც ვაკეთებ“.
ლიკას მეუღლეც მექანიკოსია, მისი მთავარი მხარდამჭერი და თანამოაზრე. კითხვას პროფესიულ მიზანთან დაკავშირებით მარტივად პასუხობს: „მინდა ვიყო საუკეთესო მექანიკოსი საქართველოში“.
სოფო გაბუნია
სოფო გაბუნია „თეგეტა მოტორსის“ ბათუმის ფილიალის მოსწავლე-მექანიკოსია. კომპანიაში საგანგებოდ ქალებისთვის განკუთვნილი პროექტის, „თეგეტა ქალებისთვის – მოსწავლე მექანიკოსების მოსამზადებელი პროგრამა“, მეშვეობით მოხვდა და თან ზუსტად მაშინ, როცა პროფესიისა და მასთან ერთად მთელი თავისი ცხოვრების შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო.
სოფო გაბუნიას მანქანების მიმართ ინტერესი პირველი ავტომობილის შეძენის შემდეგ, მოულოდნელად და თითქმის შემთხვევით გაუჩნდა. მანქანა ძველი იყო, ხელოსანი დასჭირდა და სოფოსთვის უცხო სამყაროს კარი გაიღო.
„ბავშვი რომ სათამაშოს დაშლის და მერე მის აწყობას ცდილობს, რაღაც მსგავსი დამემართა. დამაინტერესა, როგორი აგებულება ჰქონდა მანქანას და აქედან დაიწყო ყველაფერი… დავიხმარე ინტერნეტი, იუთუბი, ვიკიპედია, ვუყურებდი ვიდეოებს, გავიცანი პროფესიონალები, ადამიანები, რომლებიც ავტოფარეხებში აწყობდნენ მანქანებს. საკუთარ ავტომობილს ვშლიდი, ვაწყობდი. შეიძლება ითქვას, რომ ყველა თავისუფალ დღეს ამ საქმეს ვუთმობდი“.
მოგვიანებით სოფომ საჭირო თანხა შეაგროვა, მანქანა მთლიანად დაშალა და კაპიტალური რესტავრაცია თავად ჩაუტარა. სასურველი შედეგის მიღებას დაახლოებით ორი თვე დასჭირდა. სამუშაოს დიდი ნაწილი თვითონ შეასრულა, ნაწილში ხელოსნების დახმარება დასჭირდა.
„სახელოსნოში რომ მიხვალ, სპეციალისტებს ხან არ სცალიათ, ხან ხანგრძლივად ფიქრობენ. ამაში გასაკვირი არაფერია, სამუშაო პროცესია, მაგრამ მახსოვს, გამიჩნდა აზრი, მე რატომ ვერ შევძლებ იმავეს, თუ მოვინდომებ-მეთქი. სწორედ მაშინ გამიმძაფრდა ინტერესი და საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ეს საქმე მომწონდა. ჩემი მანქანის შემდეგ უკვე სხვა ავტომობილების ინტერესიც გამიჩნდა, მათ შორის სპორტულმა მოდელებმა დამაინტერესა. თავიდან თუ მთელ თავისუფალ დროს ჩემს მანქანასთან ვატარებდი, მოგვიანებით უკვე მეგობრებსაც ვეხმარებოდი“.
სოფო იხსენებს, რომ გარდამტეხი მომენტი მის ცხოვრებაში მაშინ დადგა, როცა მეუღლემ ურჩია, მუშაობისთვის თავი დაენებებინა და ის საქმე ეკეთებინა, რასაც მისთვის სიხარული მოჰქონდა. თავდაპირველად აპირებდა, რომელიმე „პროფილაქტიკისთვის“ მიემართა და ცოდნა გაეღრმავებინა, თუმცა სწორედ იმ პერიოდს დაემთხვა პროექტის „თეგეტა ქალებისთვის – მოსწავლე მექანიკოსების მოსამზადებელი პროგრამა“ შესარჩევი კონკურსის გამოცხადება. გასაუბრების შედეგად პროექტში მონაწილეობისთვის სოფოც შეარჩიეს. ერთთვიანი თეორიული პროგრამა გაიარა, რასაც „თეგეტა მოტორსის“ ბათუმის სერვისცენტრში პრაქტიკული კურსი მოჰყვა.
„ყველაფერი, რაც „თეგეტას“ პროექტში მოხვედრამდე ვიცოდი, სახელოსნოებში მქონდა ნასწავლი. მანქანის ბევრი ნაწილი იყო, რისი სახელიც გაგონილი არ მქონდა, მაგრამ დანიშნულებაში ვერკვეოდი. კურსის განმავლობაში ეს ყველაფერი სიღრმისეულად, სტრუქტურირებულად შევისწავლე, არაჩვეულებრივი პედაგოგი გვყავს. კურსის დასრულების შემდეგ კონკრეტული მიმართულება უნდა აგვერჩია, სადაც პრაქტიკას გავაგრძელებდით. მე სავალი ნაწილები მიყვარს, თუმცა ამას დიდი ფიზიკური ძალა სჭირდება. ამიტომ მეუღლისა და მეგობრების რჩევით, სწრაფი სერვისებით – მანქანის ზეთისა და ფილტრის შეცვლით დავიწყე, რაც განსაკუთრებულ ფიზიკურ დატვირთვას არ მოითხოვს. ამ ეტაპზე მინდა, იდეალურად დავხვეწო არჩეული მიმართულება, თუმცა სამომავლოდ, ვფიქრობ, მხოლოდ ამაზე არ შევჩერდები“.
ავტოსფეროს სიღრმისეულად შესწავლის სურვილით ახლობლები არ გაუკვირვებია. მომავალი მეუღლეც ამავე სფეროდან გაიცნო – მას საკუთარი სახელოსნო აქვს და სოფოს მთავარი მხარდამჭერი, მოტივატორია. თუმცა საზოგადოების მხრიდან უსიამოვნო რეაქციებს მაინც ვერ ასცდა.
„ჩვენ ბათუმში ვცხოვრობთ. აქ დღემდე მანქანის ხელოსანი გოგო არ ჰყოლიათ, ამიტომ მომხმარებლის განცვიფრება ჩვეულებრივი ამბავია. თუმცა, ამავე დროს, უნდა აღვნიშნო, რომ ძლიერი უარყოფითი დამოკიდებულება არ მიგრძნია. კარგად მხვდება საზოგადოება, უკვირთ, მაგრამ უფრო დადებით განწყობას ვგრძნობ. ცხადია, არის შემთხვევები, როცა მომხმარებელი ეჭვის თვალით გიყურებს. ისეც ყოფილა, ჩემი მასწავლებლისთვის უთხოვიათ ჩუმად, იქნებ გადაამოწმო, კარგად გააკეთა თუ არაო. ცხადია, სასიამოვნო არაა, მაგრამ, როცა საკუთარ თავში დარწმუნებული ვარ, მსგავს ეპიზოდებზე აღარ ვდარდობ“.
კითხვაზე, რა არის მისი მოტივაცია და მთავარი მიზანი, სოფო პასუხობს: „მინდა მქონდეს ოქროს ხელები!“ მოტივაციას კი ისევ და ისევ საყვარელი საქმე უძლიერებს. ამბობს, რომ ცხოვრებაში პირველად ეჩქარება გათენება, რათა სამსახურში წავიდეს.
ფოტო: ალექსეი სეროვი