რაც მეტად ცუდად ხართ, მეტად გაიღიმეთ. გაუღიმეთ ტკივილს, დაბრკოლებას. ეს მუშაობს.
როდესაც მოვლენებს ვერ ცვლი, შეცვალე დამოკიდებულება მათ მიმართ. არ გეღიმებათ? ესეც ვარჯიშია. არ შეგეშინდეთ თვალების ქვეშ გაჩენილი ღიმილის ნაოჭების. მინახავს შვილმკვდარი დედა, რომელიც იღიმოდა. იღიმოდა მხოლოდ იმიტომ, რომ მეორე შვილისთვის გული გაეკეთებინა, არასდროს ამბობდა – ეს რა დამემართაო. დიდხანს ვერ ჰყვებოდა თავის შვილზე ვერაფერს, უბრალოდ, იღიმოდა. მერე დაიწყო მოყოლა. მხოლოდ იმ კარგი მომენტების – იხსენებდა, რაც სიცოცხლეში გადახდათ. ეს ქალი ჩემი მეგობარია.
წლების მერე მითხრა – ყველაზე იოლია, იყო საცოდავი და უუნარო, მაგრამ ეს ასევე ყველაზე უპასუხისმგებლო საქციელიაო.
ეს სიტყვები მაშინ მითხრა, როდესაც ყველაზე მეტად მჭირდებოდა.
ადამიანებს ერთმანეთის გარეშე არ შეგვიძლია. ალბათ, არავინაა ისეთი თვითკმარი, სხვა ვინმე რომ არ სჭირდებოდეს. მე მდიდარი ვარ – მე ნამდვილი მეგობრები მყავს. ბავშვობიდან ერთად მოვდივართ და არ არსებობს არც წუხილი, არც სიხარული, რომელსაც ერთმანეთს არ ვუზიარებთ. ხშირად ამბების მოყოლაც არ გვჭირდება, ისე ვგრძნობთ. ეს არის აუხსნელი ურთიერთობა – უღალატო და უპირობო, უბრალოდ, არის. ისევე, როგორც მზე ანათებს უბრალოდ, თენდება უბრალოდ, გაზაფხული მოდის უბრალოდ. უბრალო – ყველაზე განსაკუთრებული და მნიშვნელოვანია.
ერთ წამს გაჩერდით, დაფიქრდით და დააფასეთ „უბრალო“ სასწაულები და ნუ დაგწყდებათ გული იმაზე, რომ ვიღაცამ თქვენი სიკეთე ვერ დააფასა, ვერ დაინახა, გული გატკინათ. ის „ვიღაცაც“ ოდესმე დაფიქრდება. არასდროს იძიოთ შური, არ გააკეთოთ რამე სხვის ჯიბრზე, არ ისაუბროთ ნიშნის მოგებით – არ ღირს ცხოვრების ძვირფასი ემოციების დახარჯვა ამ ყველაფერზე.
იპოვეთ ძალა „უბრალო“ ამბების დასაფასებლად.
არავინ შეცვალოთ, თუ გიყვართ, გიყვარდეთ უპირობოდ. არავის ეკამათოთ, უბრალოდ, იმსჯელეთ, გააზიარეთ – ეს მუშაობს. არავინ გადმოიყვანოთ საკუთარ აზრზე, არაა საჭირო.
„გიყვარდეს მოყვასი შენი ვითარცა თავი შენი“ – შეიყვარე საკუთარი თავი ძლიერად და მერე სხვა ადამიანი – ზუსტად ისევე ძლიერად.
წინასაახალწლოდ ზრუნვასა და მეგობრობაზე მოგვინდა დაგვეწერა.
სიყვარულით,
მაიკო წერეთელი
ჟურნალ OK!-ის მთავარი რედაქტორი
ლოკაცია: ჯინჯერ • Ginger