რუბრიკა OK! მენეჯერის კიდევ ერთი გამორჩეული სტუმარი მარკეტერი და “წერტის” მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვერიკო ნანოშვილია. მიაჩნია, რომ მთავარია გულით გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ და გწამდეს საკუთარი თავის. შესაძლოა გარკვეულ ეტაპზე რწმენა შენელდეს, მაგრამ თუკი პროცესზე შეყვარებული ხარ, ყველაფერი გამოვა.
უპირველესად გვიამბეთ თქვენი საქმიანობის შესახებ.
პროფესიით ვარ მარკეტერი და დღესდღეობით ვარ “წერტის” მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ასევე, ბოლო 4 წელია ვმუშაობ “რკოში” და ძალიან მიხარია, რომ ჩემი კარიერა სწორედ ქართულ და ყველასგან განსხვავებულ ბრენდებს უკავშირდება.
გზა, რომელიც დღევანდელ დღემდე გაიარეთ.
2006 წელს დავამთავრე კავკასიის ბიზნესის სკოლა და შემდეგ ლონდონში გავაგრძელე სწავლა MBA პროგრამით. ომი ახალი დამთავრებული იყო, საქართველოში რომ დავბრუნდი და ემოციურად ძალიან გამიჭირდა ჩემს მშობლიურ ქალაქში (გორი) ჩასვლა და სევდიანი ადამიანების და დანგრეული შენობების ნახვა. მაშინ მივხვდი, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო, მაინც საქართველოში მინდოდა ცხოვრება. მას შემდეგ ბევრ სხვადასხა სფეროში გამოვცადე საკუთარი თავი და მუდმივად ვიყავი ძიების პროცესში. ბედნიერი ვარ იმით, სადაც ვარ დღეს.
რა გაძლევთ მოტივაციას?
მოტივაციის ბევრი წყარო შეიძლება გქონდეს. ზოგჯერ შეიძლება მუსიკა, ან კარგი კინოც იყოს მოტივაცია. თუმცა, როგორც სოციალური არსებისთვის, ადამიანები არიან ჩემი მოტივაციის მთავარი წყარო. ამ ადამიანებიდან კი 1 არაჩვეულებრივ ქართველს გამოვყოფდი – ჯუმბერ ლეჟავას, რომლის დამსახურებითაც ჩემმა მშობლებმა ერთმანეთი ვილნიუსში გაიცნეს. ამ ადამიანის ისტორია ყოველ ჯერზე აღმაფრთოვანებს და მარწმუნებს იმაში, რომ შესაძლებლობები უსაზღვროა, თუკი რამე გულით გინდა.
როგორ ფიქრობთ, რა არის მთავარი მიზნების და შემდეგ უკვე წარმატების მისაღწევად?
ვფიქრობ, მთავარია გულით გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ და გწამდეს საკუთარი თავის. გზადაგზა შესაძლოა რწმენაც შენელდეს, მაგრამ თუკი პროცესზე შეყვარებული ხარ, ყველაფერი გამოვა.
რას ურჩევდი მათ, ვინც ახლა იწყებენ კარიერას?
ვურჩევდი რომ კარგად დაფიქრდნენ და გამოერკვნენ საკუთარ პროფესიაში, რადგან თუ პროფესია შინაგანად შენი არ არის, რაც არ უნდა კარიერულ წარმატებას მიაღწიო, ყოველთვის რაღაც დანაკლისი გექნება. ვთვლი, რომ მთავარია ადამიანმა ის აკეთოს, რაც მას უნდა და არა ის, რასაც ოჯახი ან საზოგადოება მოითხოვს მისგან. ასევე, მნიშვნელოვანია გაიაზრონ, რომ ძალიან დიდია კონკურენცია და ამ სწრაფად განვითარებად ეპოქაში მნიშვნელოვანია მუდმივი განვითარება როგორც კარიერული, ასევე პერსონალური კუთხით. Work-life balance არასდროს დაგვავიწყდეს.
როგორია თქვენი მიზნები და სამომავლო გეგმები?
ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის რთული იყო გრძელვადიანი გეგმების დასახვა. ახლაც ძალიან ბუნდოვანია ჩემთვის რა იქნება 3 ან 5 წლის შემდეგ. სად ვიქნებით როგორც სახელმწიფო და როგორი სოციალურ-ეკონომიკური ფონი იქნება ქვეყანაში. ამიტომ, ვცდილობ დღევანდელი დღით ვიცხოვრო და არ დავივიწყო მადლიერება ყოველი გათენებული დღისთვის. მინდა უფრო მეტი წვლილი შევიტანო იმ კომპანიებში სადაც ვმუშაობ და ბევრად გაძლიერებული ვიხილო ქართული ბიზნესები.