კომპანია „კნაუფის“ ორგანიზებით ღია არქიტექტორული კონკურსი „ნუშები“ ჩატარდა. წლებია უკვე, გერმანული კომპანია „კნაუფის“ წარმომადგენლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არქიტექტურულ კონკურსებს ატარებენ. კონკურსის ერთ-ერთი მთავარი მიზანი „კნაუფის“ წარმოებული მასალების პოპულარიზაციაა.
ღია არქიტექტურული კონკურსის მთავარი კრიტერიუმები იყო:
- ადგილის მნიშვნელობისა და პოტენციალის წარმოჩენა;
- ისეთი ადგილის შექმნა, რომელიც იქცევა ადგილობრივი საზოგადოებრივი ცხოვრების მნიშვნელოვან ელემენტად და ერთ-ერთ ცენტრად მის ყოველდღიურობაში, ადგილობრივი მოსახლეობის ინტენსიური ჩართულობის მეშვეობით;
- ადგილის როგორც სამოქალაქო, ასევე კულტურული მნიშვნელობის გაძლიერება;
- ადგილის სამოქალაქო, კულტურული, ტურისტული და სასოფლო-სამეურნეო ხასიათის ჰარმონიაში მოყვანა;
- სოციალური და კულტურული კონტექსტების გათვალისწინება;
- წელიწადის ყველა დროს, 365 დღის განმავლობაში დატვირთული მოქნილი კომპლექსის შექმნა, რომელსაც შეეძლება სხვადასხვა მასშტაბის ღონისძიებების მასპინძლობა;
- ისეთი მდგრადი მიზიდულობის შექმნა, რომელიც გააძლიერებს ადგილის, როგორც კულტურის კერის აღქმას, რაც ადგილის იდენტობას დამატებით შესძენს ხელოვნებისა და კულტურის მოყვარულთა ნავსაყუდელის მნიშვნელობას გამოფენების, შეკრებების, სემინარებისა და ვორქშოფების, ხალხური ფესტივალების, სასმელებისა და ადგილობრივი სამზარეულოს ფესტივალების და სხვ. მეშვეობით;
კონკურსის საუკეთესო ნამუშევრები შვიდკაციანმა ჟიურიმ გამოავლინა და teamtwo-ს პროექტმა – „სასტუმრო კომპლექსი ნუშების ბაღში“ პირველი ადგილი დაიმსახურა. პროექტი, რომელიც მრავალფუნქციურ სასტუმრო და საცხოვრებელ კომპლექსს წარმოადგენს, მრავალფეროვან და დაბალანსებულ გარემოს ქმნის, სადაც საცხოვრებელი და საზოგადოებრივი სივრცეები გამწვანებულ ზონებთან ერთად თანაარსებობს და ერთმანეთს და ლანდშაფტს ჰარმონიულად ერწყმის.
„ვფიქრობთ, კონკურსის შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულ პროექტს ახალი მიზიდულობის ცენტრის შექმნისა და რეგიონის განვითარების სტიმულირების დიდი პოტენციალი ექნება. დიდი იმედი გვაქვს, რომ პროექტი ადგილობრივი საზოგადოების დიდ ინტერესს გამოიწვევს“, – გიორგი ჯაფარიძე, „კნაუფ გიპს თბილისის“ გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორი.
აღსანიშნავია, რომ ტერიტორია პროექტის განსახორციელებლად ქართულ-გერმანულმა აგრარულმა საზოგადოებამ, „აკერმა“ შესთავაზა. კომპანია სოფელ ხირსაში ოპერირებას უკეთებს 230 ჰექტარზე გაშენებულ ნუშის პლანტაციას.
შეგახსენებთ, „კნაუფი“ არის საერთაშორისო კომპანია, რომელიც დაფუძნებულია ოჯახური ბიზნესის საუკეთესო პრინციპებზე და რომელმაც მოახერხა შეენარჩუნებინა ეს პრინციპები, თავისი საქმიანობის გლობალური მასშტაბების მიუხედავად. დღეისათვის საერთაშორისო ჯგუფი „კნაუფი“ მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სამშენებლო მასალების მწარმოებელია. ის ქართულ ბაზარზე ასოცირდება ხარისხთან, სანდოობასთან, და ასევე აერთიანებს პროფესიონალ ადამიანებს, რომლებიც მოწესრიგებულ სერვისს გვთავაზობენ, რაც ასევე აუცილებელია მშენებლობისას. „კნაუფში“ წარმოდგენილი პროდუქცია ყველა კლიმატური პირობის მიმართ მდგრადობით გამოირჩევა და ზუსტად იმავე ხარისხისაა, როგორც ეს ეტიკეტზეა მითითებული.
ტექსტი: სოფიო მალანია
ფოტო: ჯაბა ჩიტიძე