ექიმი-კოსმეტოლოგი ნათია ბერძენიშვილი 9 წელია ინიექცური კოსმეტოლოგიით არის დაკავებული და არაერთი ადამიანის ესთეტიკურ სილამაზეზე ზრუნავს. როგორც თავად გვიყვება, თავიდან ყველაფერი ქუთაისში, ერთი პატარა კაბინეტით დაიწყო, ბევრი შრომისა და განვითარების საფუძველზე კი ქვეყნის საზღვრებსაც გასცდა. მოგზაურობა მისი ცხოვრების რუტინად იქცა, რადგან საქმიანი ვიზიტით იტალიაში, დუბაისა და გერმანიაში ხშირად იმყოფება. ასევე ბათუმში ფლობს Dr.ბერძენიშვილის ესთეტიკური მედიცინის კლინიკას.
თავისი ცხოვრების საინტერესო დეტალებზე, გამოწვევებსა და წარმატების ფორმულაზე ჟურნალ „OK! ქუთაისს“ ნათია ბერძენიშვილი ესაუბრა.
ნათია, უპირველესად, გვიამბეთ, როდის დაინტერესდით კოსმეტოლოგიით და რატომ აირჩიეთ ეს პროფესია?
როცა ჯერ კიდევ 3-4 წლის ვიყავი, სწორედ მაშინ დაიწყო ჩემი ინიექციების მიმართ სიყვარული, რადგან საყვარელი თამაში „ექიმობანა“ იყო. დრო გავიდა, გავიზარდე და სამედიცინო უნივერსიტეტში ჩავაბარე. ამ კუთხით განვითარებას დღემდე დიდი შემართებით და ინტერესით ვაგრძელებ.
როგორია თქვენი გზა წარმატებამდე. რა სირთულეები და გამოწვევები შეგხვდათ და როგორ გაუმკლავდით?
კოსმეტოლოგობა დედას დიდი სურვილი იყო, პირველი ფიქრიც ამ პროფესიაზე მისგან დაიწყო. შემდეგ გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც ჩემი ცხოვრება სრულიად შეცვალა, სწორედ მისი დიდი დამსახურებაა, ვინც ვარ დღეს. ქალბატონი ანჟელა ბაკურაძე, ყველასათვის ცნობილი, საყვარელი პროფესიონალი და ადამიანი, დღემდე ჩემი განვითარების და შემართების წყაროა და ამისათვის უდიდესი მადლიერება, პატივისცემა და სიყვარული მას ჩემგან. ჩვენ ბევრი სირთულე გამოვიარეთ და უდიდეს წარმატებასაც ერთად მივაღწიეთ. არასოდეს მაქვს ოცნებები, მე მაქვს გეგმები, რომლებსაც აუცილებლად ვახორციელებ.
ჩემი აზრით, მოტივაცია, შემართება და რისკი ყველა სფეროში აუცილებელია. ფრაზა „სუსტი სქესი“ ჩემთვის არ არსებობს. ასევე არ არსებობს მიზანი, რომელიც გულით გსურს და ვერ მიაღწიო. მთავარია, არასოდეს დანებდე. იბრძოლე, ვიდრე სასურველ შედეგს არ მიიღებ. ქალები ხომ უნიკალური ქმნილებები ვართ?!
გვიამბეთ სილამაზის სფეროში არსებული ტენდენციების შესახებ. როგორია თქვენი მიდგომა და სამუშაო პრინციპი?
ბედნიერი ვარ, როდესაც ჩემს არაჩვეულებრივ ქმნილებებს ვხედავ, როდესაც თავდაჯერებული სახეები გადიან ჩემი კაბინეტიდან. ჩვენ მხოლოდ ხელს ვუწყობთ მათ სილამაზის წარმოჩენაში, ყველა ქალი თავისებურად ლამაზია. სილამაზის ტენდენციები კი ცვალებადია. ყველა პაციენტი ინდივიდუალურია, მაგრამ მთავარი სიყვარულით მიდგომაა. მე ყოველთვის ბუნებრიობის მომხრე ვარ მცირედი ჩარევით და მაქსიმალურად კარგი შედეგით. და რაც მნიშვნელოვანია, კმაყოფილი პაციენტი.
რა არის თქვენი ნიშა? რა გამოგარჩევთ სხვა კოსმეტოლოგებისგან?
ვინმესგან რამით გამორჩევა არ მიყვარს. ჩემს ყველა კოლეგას უდიდეს პატივს ვცემ, ჩვენ ერთი გუნდი ვართ, ყველანი ხომ ერთად ვზრუნავთ ადამიანების სილამაზეზე, ვხვდებით ერთმანეთს და ერთად ხშირად ვმოგზაურობთ. ასევე აზრებს ვუზიარებთ ერთმანეთს, უმეტეს შემთხვევაში კი ამის საშუალებას კომპანია „ფარმა სთორი“ გვაძლევს. ის ოფიციალურად ოპერირებს საქართველოში, რომლის დახმარებითაც კონფერენციებზე დავდივართ სხვადასხვა ქვეყანაში. ეს კი „ფარმა სთორის“ დამფუძნებლის, ბატონ ივანე ფრუიძის დიდი დამსახურებაა. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო კომპანიას გამორჩეული და მეგობრული დამოკიდებულებისათვის (მადლობა მეგობრობისთვის).
რომელია ყველაზე მოთხოვნადი პროცედურა და თქვენ რამდენად იცავთ ბუნებრივ იერს?
ყველაზე მოთხოვნადი პროცედურა ცხვირისა და ტუჩის კორექციაა. ასევე ბოტულინოტოქსინი, იგივე „ბოტოქსი“, თუმცა არიან პაციენტები, რომლებსაც კონკრეტული მოთხოვნები აქვთ. თუ პროტოკოლის დაცვით ეს შესაძლებელია, მათ მოთხოვნებს კონკრეტულ სიტუაციაში ვაკმაყოფილებთ.
რა რჩევებს მისცემდით ქალებს?
ქალებო, სამყაროს ულამაზესო არსებებო, ყოველთვის გიყვარდეთ, დააფასეთ და არასოდეს გააკრიტიკოთ საკუთარი თავი ამა თუ იმ მოგვარებადი პრობლემის გამო. გახსოვდეთ, ნაკლები სტრესი, მოწესრიგებული ძილი და ბევრი წყალი თქვენი სილამაზის საიდუმლოა.
როგორია ოჯახის წევრების წვლილი თქვენს წარმატებაში?
მყავს ორი არაჩვეულებრივი შვილი – 15 წლის თენგო და 8 წლის ანჯელინა, რომლებიც გაგებით ეკიდებიან იმ ფაქტს, რომ მათთან ნაკლებ დროს ვატარებ, რადგან ხშირად სამუშაო ვიზიტით მიწევს ქვეყნის დატოვება. თუმცა ეს რეჟიმი ჩვენს ურთიერთობას ვერაფერს აკლებს. ჩემი ყველა წარმატება ხომ მათ უკავშირდება.
რა არის თქვენთვის ყველაზე დიდი მოტივაცია?
ჩემი ყველაზე დიდი მოტივაცია ჩემი ცხოვრებაა, გზა, რომელიც გამოვიარე, საკმაოდ რთულია. ერთ დღეს ერთი პატარა უსუსური გოგონა საკმაოდ ძლიერ და რეალიზებულ ქალად იქცა. „ყოჩაღ, პატარა ნათია, შენ ეს შეძელი!“ – ამ სიტყვებს საკუთარ თავს ხშირად ვეუბნები. თუმცა წინ უამრავი გეგმა მაქვს, ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია.
დატვირთული დღის რეჟიმის შემდეგ, როგორ ატარებთ თავისუფალ დროს? გვიამბეთ ჰობის შესახებ.
დატვირთული გრაფიკის შემდეგ თავისუფალ დროს ოჯახის წევრებთან ვატარებ, როცა ამის შესაძლებლობას ვპოულობ.
ჰობის რაც შეეხება, ასეთი დასვენებაა, რელაქსი და ჯანსაღი ცხოვრების წესი, სპა, ცურვა… როცა თავისუფალი დრო მაქვს, სპორტდარბაზში აუცილებლად მივდივარ.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
გეგმები მრავალფეროვანია, მეტი შრომა და წარმატება. ჩემი სასწავლო აკადემიის დაარსება მსურს, რათა ჩემი ცოდნა მომავალ ექიმ-კოსმეტოლოგებს გავუზიარო.
ტექსტი: მარიამ ირემაძე
ფოტო: ლანა ვახტანგაძე